სიყვარულისგან შორს

არის თუ არა „შუშანიკის წამება“ ოჯახური დრამა? ალბათ, არა, მაგრამ მანანას ცხოვრება ნამდვილად ჰგავდა ოჯახურ დრამას კინოსურათში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (2017, რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი და საიმონ გროსი), რომელიც დამსხვრეული სიყვარულის მაგალითია. იგი მიყვება იმ ეტაპებს, რომლის გავლაც უწევთ წყვილებს, რომლებიც მარტო არ ცხოვრობენ. მაშინ, როცა მესამე პირი ერევა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში, ყველაფერი ირევა და ქაოსს ემსგავსება, არეულობიდან კი გამოსავალი არ ჩანს და ასე ირღვევა ის სიყვარული, ერთ დროს მათ რომ აკავშირებდათ.
„ჩემი „ბედნიერი“ ოჯახი“, შესაძლოა, ასეთი ტიპის სათაური უფრო დაამშვენებდა ბილბორდებს, რადგან არსად არ არის ბედნიერება, არცერთი პერსონაჟის ხმაში, არც მათ კავშირში. ეს თითქოს სადღაც გაქრა. ირონია ფილმს სათაურშივე ეტყობა. ჩნდება იმის მოლოდინი, რომ ამბავი ლამაზ, შემდგარ ოჯახზეა, მაგრამ პირველივე კადრში მას ბზარები უჩნდება და მსხვრევას იწყებს. მთავარი გმირი, მანანა ეძებს ბინას ისე, რომ არ ჩანს მიზეზი და არც ის, თუ ვისთვის აკეთებს ამას. იგი იწყებს ახალი ცხოვრების ძიებას. ნელ-ნელა სიუჟეტში ჩნდება სხვადასხვა პერსონაჟი და იმ კითხვაზე პასუხიც, თუ სად და რატომ მიდის მანანა, რომელიც ვერ სუნთქავს, მას არ აცდიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას, არ ითვალისწინებენ მის აზრს, არც უსმენენ. მანანას ისიც კი არ შეუძლია, თვითონ გადაწყვიტოს, რა შეჭამოს დილით. დედა აქტიურად ერევა მის პირად ცხოვრებაში. ნებსით თუ უნებლიე, ეს ხდება ყველაფრის საწყისი. დედის, ლამარას, გარდა სახლში ცხოვრობენ ოჯახის სხვა წევრებიც, თუმცა ისინი მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არიან. სწორედ დედა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა და თითქმის მასზე დგას მთელი ოჯახი. ის ყვირის ყველაფერზე, ერევა ყველგან, სადაც მისი საქმე არ არის იქაც, და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს, ხშირად სხვის მაგივრად.
ფილმი, თითქოს, უშესავლოდ იწყება. ყოველდღიური ამაოებით შეწუხებული ქალის გამოჩენა წარმოშობს კითხვებს: ვინ არის იგი? რატომ ეძებს ბინას? მარტოა? როცა ადამიანი, რომელიც ბინის მოძებნაში ეხმარება, უსვამს მას კითხვას ოჯახის შესახებ, მანანა ჩუმდება. ის მარტოა არა იმიტომ, რომ ოჯახი არ ჰყავს, ის მარტოა საკუთარი თავის გამო. მან არ იცის, სად არის მისი ადგილი, არ არის ბედნიერი. ალბათ, არც არავის უყვარს. მანანამ თავი დაკარგა, მის საძიებლად კი ახალ ბინაში მარტო გადასვლა გადაწყვიტა. ახლა დროა, სურვილებს მოუსმინოს და ბედნიერება იპოვოს. იქნებ, შემდეგ მართლა იყოს ბედნიერი ოჯახის ნაწილი.
თავისთავად, კინოსურათის სხვა პერსონაჟები არიან საინტერესო ტიპაჟები, ურომლისოდაც სიუჟეტი გაცრეცილი იქნებოდა. სოსო, მანანას ქმარი, დანგრეული ურთიერთობის მეორე მხარეს დგას. ის, ერთი შეხედვით, ღირსეული კაცია, რომელიც არ სვამს, ცოლს არ ურტყამს, ქურდი და ნარკომანი არ არის (ლამარას თქმით), მაგრამ მასში ბევრი შეცდომა იმალება. ირკვევა, რომ მოღალატეა. მაშინ სად არის სიყვარული და რატომ არის მანანა ოჯახის დანგრევაში პირველი დამნაშავე? სოსომ უკვე ყველაფერი გაანადგურა და თურმე მანანა კრეფდა ნამსხვრევებს. როცა ქალმა ქმრის ღალატის შესახებ შეიტყო, გაჩუმდა. ყველა ელოდა, რომ იყვირებდა, სოსოს პასუხს მოსთხოვდა, მიზეზებს იკითხავდა, ქმრის საყვარელს სახლში მიუვარდებოდა და იჩხუბებდა, მაგრამ გაჩუმდა და ამ სიჩუმით ყველაზე მაღლა დადგა. თავიდანვე მერყევი და დამთმობი ქალი ამჟამად გაიზარდა და ვერც ნათესავებმა, ვერც შვილის დანგრეულმა ოჯახმა შინ ვერ დააბრუნა.
სად არის ის ბედნიერი ოჯახი, რომელსაც მთელი ფილმის განმავლობაში ეძებს მაყურებელი? თითქმის არსად. იქნებ, კიწისა და ლაშას ოჯახი იყოს ბედნიერი. ლაშა ჩრდილიდან გამოსული ბიჭია. ის სულ უყურებდა სოსოსა და მანანას ურთიერთობას, ხედავდა, როგორ ერეოდა ლამარა მათ ცხოვრებაში. საინტერესოა, თავად როგორ მოექცევა ცოლს, მამამისის შეცდომებზე ისწავლის თუ იგივეს გაიმეორებს?
ფილმში ყველას საკუთარი სიმარტოვე ტანჯავს. ლამარაც მარტოა, ხოლო მისი ქმარი ყოველთვის ჩუმადაა. მას არც ელაპარაკებიან, ყვირის იმიტომ, რათა მოუსმინონ, ცდილობს, არ დაიჩაგროს. არავინ უწყის ლამარას წარსულის შესახებ. ზუსტად ასე ხომ არ ექცეოდნენ მასაც ახალგაზრდობაში და, უბრალოდ, აღარ იცის, სხვანაირად როგორ მოიქცეს. შეიძლება, თვითონაც არასოდეს ყოფილა ბედნიერი და არ უნდა, რომ სხვაც ბედნიერი იყოს. ოთარიც მარტოა. მას სიკვდილი სურს და ამას ხშირად ამბობს ხმამაღლა. იგი გადაიღალა, ამ ქვეყნიდან წასვლა და დასვენება ურჩევნია. ლაშა ოჯახიდან გაქცევას კომპიუტერული თამაშებით ცდილობს. სხვანაირად შესაძლოა გაგიჟდეს კიდეც, ადგეს და ყველაფერი დალეწოს. ან მისთვის რა აზრი აქვს იმას, რომ ხმა ამოიღოს, ლამარა მაინც არავის უსმენს. ნინო, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ჰყავს, მაინც არ არის ბედნიერი. ისიც მარტოა, ერთ პატარა ბინაშია გამოკეტილია და ცალკე გადასვლა აზრადაც არ მისდის თავში. მისი ქმარიც მოღალატეა ისევე, როგორც მამამისი და ეს უკვე ტრადიციადაა ქცეული.
მაინც სად არის გამოსავალი და რა არის ბედნიერი ოჯახისაკენ მიმავალი გზა? რა მოხდებოდა მანანას და სოსოს მარტო რომ ეცხოვრათ? ორივეს ემუშავა და სამსახურიდან დაბრუნებულებს უფრო მონატრებოდათ ერთმანეთი. იქნებ, უბრალოდ, ორივე დაიღალა. სოსომ სიმშვიდე სხვა ქალთან იპოვა, მანანამ კი სკოლაში. და აქამდე თუ ის სახლიდან წასვლით იმუქრებოდა, უნდა წასულიყო კიდეც. ეს იყო ბიძგი ახალი ცხოვრებისთვის. ფილმის დასაწყისში მან კი დაიწყო ბინის ძებნა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მართლა შეიცვლიდა საცხოვრისს.
კინოსურათი ტოვებს რამდენიმე პასუხგაუცემელ კითხვას: როგორ იცხოვრა თითოეულმა პერსონაჟმა და თუ იციან, სად და რატომ დაუშვეს შეცდომები? აღიარებენ თუ არა ისინი ამ შეცდომებს? ყვარებიათ კი ოდესმე ერთმანეთი და იყვნენ კი ოდესმე ბედნიერი? საერთოდ, თუ იციან რა არის ბედნიერება? იაზრებენ, თუ რაოდენ მარტოსული არიან.
მერაბ ნინიძეს, რომელმაც სოსოს როლი განასახიერა, თითქოსდა, ფილმის სიუჟეტი არ ეყო თავის წარმოსაჩენად. ჩნდება შეგრძნება, რომ მან როლი კარგად ვერ გაითავისა, ყველაფერს მესამე თვალიდან უყურებს, ვერ განთავისუფლდა იმ ჩარჩოებისაგან, რომლებიც ახრჩობენ. ოთარიც უფუნქციო პერსონაჟად გამოიყურება და მისი არყოფნით არც არაფერი დააკლდებოდა სიუჟეტს.
ფილმში გადმოცემულ ამბავს მაყურებელი ისედაც ყოველდღე ხედავს – გარშემო ინგრევა ოჯახები, მშობლები მუდამ ერევიან შვილების ცხოვრებაში, ძმები არ უსმენენ დებს, ყოველთვის ჰგონიათ, რომ სწორ არჩევანს აკეთებენ, ასაკში შესულ წყვილში კი თუ დომინანტი ქალია, კაცი ყოველთვის „იჩაგრება“ და ა. შ. შეიძლება ითქვას, რომ ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის კინოსურათი ყოველდღიური ოჯახური პრობლემების გადამღერებაა. არაფერია მასში ახალი და მიმზიდველი. ყველა ოჯახი ბედნიერი არ არის და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. თითქმის ყოველი ადამიანი ისედაც მარტოსულია. და საერთოდ, რა არის ბედნიერება? არარსებული სემიოტიკური სიტყვა, რომელსაც, შეგრძნებებისა და ინსტიქტების გარეშე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაშინ რატომ გადაიღეს ფილმი აქტუალურ და მრავალჯერ გამეორებულ თემაზე? ალბათ, იმიტომ, რომ აუდიტორიის ერთმა ნაწილმა ქაოსიდან გამოსავალი იპოვოს, ხოლო მეორე ნაწილს შეახსენონ, რა ხდება მათ ირგვლივ.

ბარბარე კალაიჯიშვილი
კინომცოდნე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *