დავით ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „მამა“ (2015) ამ რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია. მსგავსი (ან დაახლოებითი) სახელწოდებით მსოფლიოში, ალბათ, ათობით ფილმი გადაღებულა. მამობა ან უმამობა ბევრი ნაწარმოების მთავარი სათქმელია. ასეთი მთავარი სათქმელით შემოვიდა კინოში დავით ფირცხალავაც. თან იმდენად საინტერესოდ, რომ 2015 წელს ლოკარნოს კინოფესტივალის ჟიურიმ მისი ფილმი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა და პრიზიც გადასცა.
ფილმს „მამა“ კი ქვია, მაგრამ, რეალურად, ამბავი უმამობაზეა, უმამობის ტკივილსა და შედეგზე, მისი სახლიდან წასვლის გამო სამყაროს გამრუდებაზე და დაბრუნებით – აღდგენილ მთლიანობაზე.
ქართულ კინოში მანამდე სხვა ტიპისა და გაქანების, ლამის „უკონფლიქტო“ მამაშვილობა არსებობდა. ერის მამა-ბელადებს რომ თავი დავანებოთ, მებრძოლ („ჯარისკაცის მამა“) თუ „საქმოსან“ („როცა აყვავდა ნუში“) მამა-გმირებთან თუ ანტიგმირებთან შვილებს დაპირისპირება არ ჰქონია ან ნაკლებად ჰქონია. უმამობით გაჩენილი კონფლიქტი და ტკივილი პოსტსაბჭოთა დროების გამოძახილი და სათქმელია. მაშინ, როცა კინოში სინამდვილე ბრუნდება.
გასული საუკუნის 90-იან წლებში მამებსა და შვილებს შორის ურთიერთობა სტერილური აღარაა, იგი მრავალმხრივი ხდება – მწარეც, ტკბილიც, წინააღმდეგობრივიც, კრიტიკულიც, მტრული და მეგობრულიც. სხვანაირი ხდებიან მამებიც.
ურჩი, კრეატიული, გმირი, მონუმენტური, ძლიერი, რწმენის ადამიანი და დინების წინააღმდეგ მოძრავი მამების ხაზი წყდება და ჩნდება რწმენადაკარგული, საყრდენგამოცლილი მამები, რომლებიც ომებს, ნარკოტიკებს, სასოწარკვეთას, შემოქმედებით კრიზისს, ახალ დროებასთან გაუცხოებას ეწირებიან და მთელი ათწლეული ღირებულს თითქმის ვერაფერს ან ძალიან ცოტას ქმნიან.
21-ე საუკუნის კინოს თაობას ლამის უმამოდ მოუწია ფეხზე დადგომა. მხოლოდ ბაბუების (ბებიების) და დიდი ბაბუების მაგალითზე. და სწორედ ამ „უმამობის“ ეპოქაში იღებს დავით ფირცხალავა ფილმს მამების დაცემასა და აღზევებაზე, გმირი მამის ხატის გაქრობასა და მის რეაბილიტაციაზე, რაშიც მამებს შვილები ეხმარებიან.
ძმების – ნიკასა და ლადოს (სანდრო კალანდაძე და მამუკა კილაძე) მამა სახლიდან წავიდა და ხუთი წელი არ გამოჩენილა. მამასა და შვილებს შორის დრო და სივრცე შეუვალ, ცივ კედლად ჩამოწვა. შვილების აღზრდა დედას მარტოს მოუწია. დედის სახე ფილმში წესრიგთან, სრულ ურთიერთგაგებასა და პატივისცემასთანაა გაიგივებული. დედა ჰარმონიაშია ბიჭებთან, იგი აჩენს ჰარმონიას ძმებსა და გარე სამყაროს შორისაც.
გაუცხოება და ბუნდოვანება არ არსებობს ძმებშიც. ერთი მშობლის თავდადებამ და მეორეს გაუჩინარებამ მათი ძმობა შეადუღაბა. მაგრამ ეს ბიჭების ცხოვრების ერთი მხარეა. მეორე მხარე ღამეული და ბნელია. ის ცარიელია, უპერსპექტივო, დანის პირზე მოტორტმანე. სწორედ ის უნდა შეევსო მამას, რომელიც გაქრა და წლები არ გამოჩენილა.
ფილმი ბიჭების ხუთი წლის უნახავ მამასთან საუბრით იწყება. განშორებამ გაუცხოების უფსკრული გააჩინა მამასა და შვილებს შორის. სალაპარაკო და საერთო აღარაფერი აქვთ. მამა შვილებს იმდენად დაშორდა, რომ მათი ასაკიც არ ახსოვს. მამას საჩუქრად სათამაშო მოაქვს მისი ზრდასრული ბიჭებისთვის – ფოსფორიანი ვარსკვლავები, რომელთაც, სავარაუდოდ, ვერც თავად შეწვდა და ვერც შვილებს დაეხმარა მათ მიღწევაში.
სათამაშო ვარსკვლავები დამსხვრეული ოცნებების, დასახული მიზნების მიუღწევლობის სევდიან მეტაფორად იკითხება. მამა ვარსკვლავებს ჩუქნის და თითქოს ამით ბუნდოვან რწმენასა და მომავლის იმედს უზიარებს შვილებს, იმ იმედს, რომელიც მასაც არ გააჩნია და იმ მომავალს, რომლის მიმართაც ნიჰილისტურად არიან განწყობილი მისი შვილები. მომავლისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება მათ არჩევანში გამოიხატება. ბიჭები მანქანებიდან მაგნიტიფონების ქურდობით ირჩენენ თავს. მათ ცხოვრებაში ეს „პროფესიაც“ უმამობამ გააჩინა. უმამოდ სამყარო ოცნებების ახდენისთვის სივრცეს თითქოს არ ტოვებს და მხოლოდ ყველა საშუალებით თავის გადარჩენისთვის ბრძოლის ველად გადაიქცევა.
ფილმის მოქმედება დიდი ქალაქის გარეუბანში მიმდინარეობს. მისი ფონი და გარემო (მხატვარი გურამ ნავროზაშვილი) სიღარიბეზე, უმუშევრობასა და არჩევანის ნაკლებობაზე ყვება. თავიდან კინოკამერა (ოპერატორი შალვა სოყურაშვილი) სტატიკურია, ობიექტური, ფილმის გმირების მიმართ ნეიტრალური, ხოლო ფილმის მეორე ნახევარში სუბიექტური და ემოციური ხდება. იგი მთლიანად პერსონაჟების ემოციურ განწყობას იმეორებს. სუბიექტური კინოკამერა კიდევ უფრო რეალურს და დრამატულს ხდის ამბავს. მაყურებელიც თითქოს ბიჭებთან ერთად მოძრაობს. მათ მიყვება მანქანების გასაქურდად. ისიც ამ ფაქტის მონაწილე და თანამზრახველი ხდება. შესაბამისად, ნაკლებად მორალისტი. უფრო მეტიც, მაყურებელს უნებურად უნდა, რომ ლადოს და ნიკას ძარცვის საქმე „წარმატებით“ დასრულდეს.
ფირცხალავა სცენარის ავტორიცაა, მისი დრამატურგიული ხაზი მიზეზ-შედეგობრივია, არსად არ არის მხატვრულ ლოგიკას აცდენილი. როგორც ყველა წესიერ ფილმში, აქაც კადრში შემთხვევით არაფერი ჩნდება. თუკი ვინმეს ვარსკვლავი აჩუქეს, ის აუცილებლად გაანათებს და თუკი საიდანღაც იარაღი გამოჩნდა, ის გაისვრის.
საკვანძო ეპიზოდია ლადოსა და გაქურდული მანქანის პატრონის (ვახო ჩაჩანიძე) დაპირისპირება. მანქანის პატრონთან ერთად კადრში მისი პატარა ბიჭი ჩნდება. ბავშვი, რომელიც ლამის კატალიზატორის ფუნქციას იტვირთავს ფილმში. მაყურებელი მას ხეირიანად ვერც ხედავს, მხოლოდ ხმა ესმის – ქურდებს ემუქრება, მამაჩემს ვერ გადაურჩებითო. ბავშვს გმირი მამების, მამის უძლეველობის სჯერა – მამა ძლიერია, მამა ყველაფერს მოაგვარებს, მამას ვერავინ მოერევა, ის გაასწორებს გამრუდებულ სამყაროს და აღადგენს სამართლიანობას. ამ რწმენას განასახიერებს ბავშვი, იმას, რაც დაკარგეს ფილმის გმირებმა, მანამდე მათმა მამამ და, მათთან ერთად, მთელმა თაობებმა საქართველოში.
მაგრამ ბავშვის მამა სხვაა. იგი, და მასთან ერთად მაყურებელიც ხვდება, რომ პრობლემა მაგნიტოფონში არაა. საქმე ძლიერი მამის სახის შენარჩუნებაშია. ჩაჩანიძის გმირი ცდილობს ბავშვი დიდი იმედგაცრუებისგან იხსნას და მოპარული მაგნიტოფონი შეუპოვარი ბრძოლით ან ამ ბრძოლის იმიტაციით დააბრუნოს, ამიტომ აგრძელებს ქურდების დევნას.
ლადო ცდილობს უმცროსი ძმა დაიცვას და როდესაც მას მანქანის პატრონი გამოუდგება, გაისვრის. ამ ეპიზოდში მაყურებელი ტრაგედიას ელოდება. გმირს, რომელიც იმისთვის მოკვდა, რომ მის შვილს მამის რწმენა არ დაკარგვოდა, თუმცა ფირცხალავა იმაზე ირონიულია, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. რეჟისორი ტრაგედიას მოულოდნელად ფარსით ჩაანაცვლებს. მოწინააღმდეგესთან გმირულად დაცემული მამის მაგივრად, შიშსაგან ჩასველებულ მამას ვიხილავთ.
მამამ (მამებმა) ჩაისველეს. ისინი დამარცხდნენ ბრუტალურ რეალობასთან დაპირისპირებაში. ყველა ილუზია რეალურმა სამყარომ, რეალურმა კონფლიქტმა შთანთქა. მამები კი, როგორც კინოში, ასევე ცხოვრებაში, ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ყოვლისშემძლე მამის ხატი, თუკი სადმე არსებობდა, დავით ფირცხალავას ფილმის ამ ეპიზოდში, მთლიანად ინგრევა. მამა დაცემული და შერცხვენილია. მას რეაბილიტაციის თავი არ შესწევს. მაგრამ არც იმის გაბედულება აქვს, შვილთან თავისი მარცხი აღიაროს. ამიტომ შვილთან ჩასველებულისა და ხელცარიელის გამოჩენას, ისევ დამალვა ურჩევნია. ოჯახებიდან გამქრალი მამები შეიძლება სწორედ ამას – შვილებისაგან საკუთარ ხელმოცარულობას მალავენ.
ლადოს და ნიკას მამაც, შესაძლებელია, ამ შერცხვენას გაექცა. ამას გრძნობს ლადო და სხვის მამაშვილობას მხსნელად ევლინება. იგი მოპარულ მაგნიტოფონს უბრუნებს პატრონს. ამით ძლიერი მამის ილუზიას ძალაში ტოვებს, სახეს უნარჩუნებს. მამა ისევ ყველა პრობლემის მომგვარებელია, ამიტომ მას შეუძლია დაუბრუნდეს შვილს გამარჯვებული.
ლადოს ამ ჟესტით სამყარო მთლიანდება. უფსკრული ივსება. ლადო მამას ურიგდება. კათარზისი იბადება. ბნელ სამყაროში ვარსკვლავები ჩნდებიან. ვარსკვლავები ყველაზე ძალიან ხომ მხოლოდ ბნელში კიაფობენ. კათარზისი კი მარტო ტრაგედიებიდან არ იბადება, იგი თურმე ფარსმაც შეიძლება გააჩინოს.
ეკა კუხალაშვილი,
კინომცოდნე