გახუნებული მზე კონფლიქტის ზონაში

თანამედროვეობის უფერულ სივრცეში გადაშლილი უსამართლობის სახე ერთი სოფლის მკვიდრის ბიბლიურ განზოგადებად შეიძლება თურმე აღვიქვათ, თუ ბედნიერების, კაცთმოყვარების და სიმართლის ჩაგვრის ნამდვილ ამბავს შევქმნით.

რეჟისორისა და სცენარის ავტორის, ბესო სოლომანაშვილის მხატვრული ფილმი, ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (2021) 2008 წლის ომის ტრაგედიას ასახავს. ასეთი კონკრეტული და დრამატული, მთელი თავისი არსით, ადამიანთა უბედურება, როგორც ჩანს, იოლად შეიძლება განზოგადდეს, თუ მხატვრულ ექვივალენტს მოვუძებნით, როგორც ეს ფილმის ავტორმა შეძლო.

მიწის სიყვარული და წრფელი, შეურყვნელი სიყვარული იმისა, საიდანაც მოვდივართ, გამოხუნებული, არეული სივრცის სიმშვიდე, რომელიც მხოლოდ მოჩვენებითი და წამიერია, ჩვენი ქვეყნის ისტორიულად არსებულ ჭრილში ხედვას წააგავს – ამ ჭრილიდან ვხედავთ რობინზონს (დუტა სხირტლაძე), უშუალობით და ბუნებრიობით თითქოს საშვილიშვილოდ ისედაც განწირულ გლეხს, შორს მდგარს ომისგან, კაცთაკვლისგან, ამ მიწაზე გაზრდილს და სიმშვიდეში განწირულს იმისათვის, რომ ტრაგიკულმა ძალადობამ მოგლიჯოს ყველაფერს, რაც ასე უყვარს.

როგორია ეს გმირი? იგი, მართლაც, საინტერესო და ფსიქოპორტრეტული მიმართულებითაც კი მნიშვნელოვანია: რობინზონი მოუხეშავი, კეთილი გლეხია, მოკლე და მახვილი სიტყვით მოუბარი, რომელსაც რეჟისორი პათოსის გარეშე დაატარებს თავის საყვარელ სივრცეში. საერთოდ, ამ ფილმის ნებისმიერ პერსონაჟს თითქოს ყველაზე შეულამაზებელი, რეალისტურად მძაფრი სინამდვილის მკაცრი მხრიდან ვხედავთ: დაბნეულებსაც, მტრის მოლოდინში დამძიმებულებსაც და ბევრი საშინელების ამტანებსაც.

მთავარ გმირს განსაკუთრებული ბმა აქვს ამ სივრცესთან. სრულიად მარტივი, კომპოზიციური ერთიანობით გამოირჩევა მისი პატარა სახლიც, ეზოში შეხუნებულ პეიზაჟზე გადაშლილი ყოფის საგნებიც და სამეურნეო ნაშთებიც. თუნდაც მარტივი ხასიათის ნიშანი და შემთხვევით ყველა ხელის წავლებაზე იქვე აღმოჩენილი თოფიც ხომ ისეთივე წარმოუდგენელია რობინზონის ხელში, როგორც ყუმბარა, რომელიც ,,კარტოფილში შეიძლება აერიოს“?.. რამდენჯერ შეიძლება ეს მრავლისმთქმელი ყოფა და სიკეთე აგრესიამ და უზნეობამ დაანგრიოს და სამუდამოდ შეცვალოს? ძალზე ლოკალური, პატარაა ეს სივრცე – ოპერატორი და რეჟისორი არც ცდილობენ თითქოს წარმოუდგენელი მასშტაბები მოიცვან. ეს ხომ რობინზონის და მისი მსგავსი ადამიანების კუთვნილი, მათთვის ნაცნობი რამდენიმე მტკაველია, გაწოლილი და ხეობაში გარინდებული. რომ არა ძმის წერილი, რომელიც საკუთარი ემიგრაციის მიზეზებსა და პაპისეული სახლის გაყიდვაზე ოდნავი დარცხვენით ატყობინებს, რობინზონისთვის, ალბათ, ამ სამყაროში არაფერი დაანგრევდა წარმოდგენას ერთგულებაზე, არაფერი იქნებოდა ამდენად გულსატკენი. ნოველისტური დრამატული თანმიმდევრობა ტრაგიკულ იერს იძენს თხრობის დასაწყისშივე: მთავარი გმირი – თბილი, კეთილი კაცი ძმამ იოლად გაიმეტა. არათუ ძმამ დათმო საკუთარი ,,მე“, არამედ ტერიტორიაზე მაყურებლად დატოვებული კაცი სამხედრო ოპერაციის დასრულებამდეც ლამის გაიწირა…

საერთოდ, ამ პატარა სივრცეში ნებისმიერი ურთიერთობის მოდელი ძალზე ნათელია: დეიდაშვილი ასლანბეკი, რომელიც დღეს მტრად იქცა, ოფიცრები და უცხოელი ექსპერტი, ვისთვისაც ეს ყველაფერი ,,მხოლოდ სამსახურია“, ჟურნალისტიკა, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, მტრისთვის ბრალის წასაყენებლად, სხვაგვარად მძიმე ტრაგედიას ეძებს. თითო-თითო პერსონაჟი და კრებითი ასოციაციები – რამდენჯერაც ყოველი მათგანი გამოჩნდება გადამწვარ, მზისაგან გამოხუნებული სოფლის პეიზაჟზე, იმდენჯერ გაიზრდება და გაჩნდება ჩვენში ამ ასოციაციებით გამყარებული სინამდვილე.

დუტა სხირტლაძის რობინზონი და მისი გარემოცვა, დაწყებული კახა ბერიძის ოფიცრიდან, რომელსაც ეს სინამდვილე საუბედურო რეალობად აქვს გაცნობიერებული, დამთავრებული ტელეოპერატორით, რომელიც აქ, ამ საოცარ კაცთან ინტერვიუს დროსაც კი დაიძინებს, ვინაიდან არ ესმის, სინამდვილეში რას ისმენს და სად იმყოფება. მთელი ეს რეალობა, ამავდროულად, ჩვენი ყოფის პატარა ნოველისტური პანოა. ,,ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, – და ვაი თქუენდა, რომელნი იცინით“… – ძალაუნებურად, იფიქრებ, რომ ამაზე ნათლად არაფერი არ შეიძლება ითქვას…

და მაინც, ტრაგიკულია ეს ყველაფერიც და სითბოთი სავსეც, მართალთა სიყვარულით მომართული ჩვენსკენ თუ კითხვაჩამდგარი თვალებით. საერთოდ ვხვდებით კი, რომ ყველა ნაფოტის და კაკლის ხის გარინდებაში ჩაკარგულ ბავშვობას როცა დათმობ, გაექცევი, ვერსად რომ ვეღარ წახვალ? ალბათ, ბოლომდე ვერც იმას ვაცნობიერებთ, რომ თუ არა საკუთარი დაჟანგული ჭიშკრის პატივისცემა, დიდი ეზო-კარის ერთგულებასაც ვერცერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს.

შეიძლება ოდნავ მენტორული, ოდნავ რთულად ასახსნელი სენტიმენტალიზმიც ახლავს ამ სიტყვებს და განცდას, რომელსაც აღვიძებს ეკრანზე ხანდახან ზანტი გულუბრყვილობით მომზირალი ეს კეთილი გმირი, სავსე თავისი ბავშვური ერთგულებით სახლისა და მიწისა და უღირსი ადამიანების მიმართაც კი, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ასეთი გრძნობების გამოღვიძება და მათზე საუბრის სურვილი წარმოშვა ამ ნამუშევარმა.

სიღრმეში გადაშლილი სოფლის ქუჩას მკვლელი ხმაურით დაატყდა თავს ომი და ქაოსი. ქუჩის ჭრილში ტანკებმა გაკვეთეს სივრცე და ლითონის ცივი მასა იქვე გაუჩინარდა. უჩვეულოდ მძიმე და მძაფრი რიტმის შეგრძნება ახლავს ყოველივე ამას – ექსპრესიულიც და, ძველი რუნების ტექსტის მსგავსად, ორმაგი სიბრძნით აღსაქმელიც.

სანამ რობინზონის ტრაგედია მოხდებოდა, მასში ბავშვი ცოცხლობდა, მარადიული ბავშვი, თავისი შეურყვნელი რწმენით სიკეთისა და სიყვარულის მუდმივობაში დარწმუნებული და ბედნიერი. რეჟისორის კონცეფციის თანახმად, სავარაუდოდ, სწორედ ეს ბმა, ცოცხალი და ხელშეუხებელი ბმაა ყველაზე მნიშვნელოვანი, მამოძრავებელი თასმა პერსონაჟის ქცევით ჯაჭვში.

ჩვენი საერთო ტრაგედიის თემაზე შექმნილი ფილმების გმირები, ბუნებრივია, საკუთარი წარსულის მატარებელი არიან. ამჯერადაც, განსხვავებული ადამიანია ჩვენს წინაშე: ადამიანი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ ირწმუნა საკუთარი მიწის სიკეთის მიმართ ერთგულება და უკვირს, რომ ეს ყველასთვის გასაგები არ არის. შესაძლებელია მას, უკვე ტრაგედიაგამოვლილს, დასახიჩრებულს, ილუზორული ყურადღებისა აღარ სჯერა, სამაგიეროდ, ამ გამძაფრებულ რწმენას და გაცრეცილ ბრეზენტს შეფარებულს, ნახევრად არეულად მოსაუბრეს, მაინც ვერავინ წაართმევს მის არსში ღრმად ჩამალულ პიროვნებას, რომელსაც აი, ასეთს, შეზღუდული ფიზიკური უნარითაც შეუძლია გაახსენოს ადამიანებს ღირსება!

 

ქეთევან ტრაპაიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *