კინოხელოვნება სხვა დარგებისაგან იმით განსხვავდება, რომ ყველაზე ღია სფეროა ყველას მიმართ. რეჟისორის ამპლუაში ყოფნა ყველას შეუძლია, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს, ეს კი კინოს ისტორიაში სრულიად ჩვეულებრივი რამ არის. ფრანკო ძეფირელი არქიტექტორი იყო, ოთარ იოსელიანი მათემატიკოსი, კრისტოფერ ნოლანი კი ინგლისური ენის ფილოლოგია. ეს ყოველივე იმით აიხსნება, რომ კინოს სჭირდება მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორც მუსიკას. ცნობილი მუსიკოსი, ჯო ზავინული თავის კოლეგებს ეუბნება, რომ რეპეტიციის მაგივრად წავიდნენ ბარში, გაიცნონ გოგოები, გაერთონ… მოკლედ იცხოვრონ, რადგანაც შემდგომ ყოველივე მუსიკაში გადმოიტანონ. ასეა კინოც. რეჟისორმა ისე უნდა იცხოვროს, რომ შემდგომში მოყვეს რაიმე ამბავი საკუთარი გამოცდილებიდან. ამის საპირისპიროდ, კოტე კალანდაძე ფილმით, „დრამერი“ (2022) ცდილობს, მოგვითხროს ამბავი მუსიკოსზე, რომელიც ვერ გვიყვება საკუთარ ცხოვრებას.
ფილმი ახალგაზრდა დრამერ ნიკოზეა, რომლისთვისაც მუსიკა ის საქმეა, რისი კეთებაც ყველაზე მეტად უყვარს, თუმცა არსებობს პასუხისმგებლობა, რომლის გამოც მას უწევს ფაბრიკაში მუშაობა, რათა ფული გამოიმუშავოს და ავადმყოფ მამას მოუაროს. პარალელურად, იგი უკრავს ბენდშიც, სადაც არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს, ჟანრული ჩარჩოების გამო. უმუსიკოდ დარჩენას კი ისევ იმ მუსიკის დაკვრა ურჩევნია, რომელიც არ მოსწონს. ერთი შეხედვით, ფილმში ჩანს პერსონაჟის მისტიკურობა, ინტროვერტი სხეულის უკან მდგარი მეამბოხე მარტოხელა სული, რომელიც ელოდება მომენტს, რათა აღსდგეს ფენიქსივით. მანამდე კი საკუთარი “ამბოხი” ფურცელზე მოთხრობის სახით გადააქვს, რომლის მთავარი პერსონაჟი რონინია. ნიკო რამდენად არის თავისივე გამოგონილი გმირი, ამას ფილმის ბოლოს გავიგებთ, თუ საერთოდ მივხვდებით სიუჟეტის მსვლელობას და მის ლაბირინთებს.
არ ვფიქრობ, რომ ფილმი რთულად აღსაქმელია, უბრალოდ, ყველა ნაწილი მიტოვებულია შუა გზაში. საბოლოოდ კი, რეჟისორი ცდილობს დასაწყისი, შუა და ბოლო ნაწილები რამენაირად დააკავშიროს ერთმანეთთან. იგი ამას კი აკეთებს, თუმცა, მთავარია, რას გვანახებს დანარჩენი კინოსურათის მსვლელობისას. თუ როგორ გახდა მუსიკოსი უნებლიეთ „ბარიგა“, ან როგორ შეუყვარდა მას გოგო, ან როგორ ეტრფის თავის ჭეშმარიტ სიყვარულს, დასარტყამ ინსტრუმენტს, რომლის საყიდელი ფულიც არ აქვს. ვერ მივხვდი, რატომ არ ჩანს ავადმყოფი მამის სიუჟეტური ხაზი, რომელიც რეჟისორმა ფილმის დასაწყისში გვანახა. ამბავი ერთ დიდ აჯაფსანდალს ჰგავს, სადაც ინგრედიენტები კარგად მომზადებული არ არის, თუმცა დაგემოვნებისას მაინც ეტყობა კერძს რისი იმიტაციაა.
ეს ფილმი მართლაც 2000-იანი წლების ქუჩურ კინოს ჰგავს, რა დროსაც რეჟისორები უჩვენებდნენ ისეთ თემებს, სადაც ქუჩის ცხოვრება და კრიმინალი დომინირებდა. ამ კინოსურათშიც ნაჩვენებია ხელოვნის ბედი “ბეტონის ჯუნგლებში”. რეჟისორს ესთეტიკაც ასეთივე აქვს არჩეული. კოსტიუმები, ლოკაციები… რასაც დიალოგებზე ვერ ვიტყოდი. ამ ასპექტში ფილმში აშკარად ჩანს ავტორის სწრაფვა ორიგინალურობისაკენ, რაც გამოსდის. თუმცა იმდენად ორიგინალურია ყველაფერი, რომ ყოველივე ერთ დიდ უგემოვნობაში გადადის. 50 წელს გადაცილებული ასაკის კაცისგან (რომელსაც პოლიცია „ბარიგების“ დასახელებას თხოვს) უადგილოდ მიმაჩნია, როცა ამბობს, რომ „კუ ნინძები შრედერს ოთხი ერთზე იცი რატომ ეჩხუბებოდნენ? იმიტომ რომ მასწავლებელი ყავდათ კრისა“ . მგონი, რეჟისორის გათვლა ამ მომენტში იყო ის, რომ პერსონაჟი აღგვექვა, როგორც 90-იანების ამერიკული პოპ კულტურის მცოდნე და ფრიად განათლებული ადამიანი, მაგრამ საერთო სურათის გათვალისწინებით გამოვიდა ისე, რომ ვხედავთ შუახნის კრიზისში მყოფ მამაკაცს, რომელიც ბავშვობის პერიოდის ნოსტალგიის გამო, მულტფილმებით არის გატაცებული.
რეჟისორის იდეა, რისი თქმა სურდა, ამ ფილმით შეიძლება ითქვას ოთხი სიტყვით – „შემოქმედის ბედი დისტოპიურ სამყაროში“. მასში არის „რაღაც“, რაც ამ სიტყვებზე მეტია. ვგულისხმობ ფილმის მუსიკალურ ჟანრობრივ აგებას. ფილმის კალკულაცია ამ თეზისში რომ მოვახდინოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „დრამერი“ „პოსტ-პანკია“ ჟანრულად. თავქარიანი აგება, თავისუფალი, ტაქტის დაუსრულებლად სხვა სეგმენტში გადასვლა და მუდმივად მეამბოხე, მაგრამ ეს კინოა. შეიძლება ეგზოტიკურადაც მივიჩნიოთ ასეთი გადაწყვეტილება, საჭიროდაც კი, რათა სფერო მეტად მრავალფეროვანი გახდეს, თუმცა უნდა განისაზღვროს, ვისთვის კეთდება ეს. ფილმი რომ ყოფილიყო კინოპროფესიონალებისათვის, გასაგები იქნებოდა მისი ასეთი გადაწყვეტა, მაგრამ როდესაც ფილმი კინოგაქირავებაში ეშვება და რეჟისორს სურს, ნამუშევარი ნახოს ფართო საზოგადოებამ, რომელიც მოწყურებულია ეროვნულ პროდუქტს, იქ უნდა მოხდეს სხვა ასპექტებზე ყურადღების გამახვილება.
ფილმის რეჟისორი კოტე კალანდაძე მუსიკოსია, ამიტომაც შეიძლება მოხდა ისე, რომ სიუჟეტური აურზაური მუსიკალური აზროვნების ბრალია, როდესაც შეიძლება კომპოზიციის ტაქტი შეცვალო მხოლოდ ერთი აკორდით, რაც კინოში ერთ ეპიზოდზე მეტს მოითხოვს. ვიზუალურ თხრობაში თემიდან თემაზე გადასვლას მეტად დიდი შრომა და სიღრმე ჭირდება თუ მისი გაკეთება ერთი ხელის მოსმით, პატარა შტრიხით სურს ავტორს. „დრამერს“ კი ზუსტად ეს აკლია, მეტი სიცხადე ან აზრობრივი სიღრმე, თუ რატომ იცვლება თემები ასე მალე. შეიძლება ეს „საავტორო კინოდ“ მოინათლოს, თუმცა როდესაც ავტორი არაფერს ამბობს ისე, როგორც მთავარი პერსონაჟის სახე ფილმში, რთულია სიუჟეტურ ლაბირინთში შესული მაყურებლისთვის რაიმე აზრის გამოტანა. მუდმივი ბორგვა, მუდმივი ამბოხი ფილმის უარყოფით და, ამავდროულად, დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ. ის ასევე აბნევს მაყურებელს, ფილმს მეტად რთულს და გაუგებარს ხდის, თუმცა ზუსტად ეს აძლევს კინოსურათს მთავარ ესთეტიკას. ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება შემდეგ.
არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილო ნიკოს როლის შემსრულებელზე, ლაშა ცქვიტინიძეზე, რომელმაც პირნათლად შეასრულა საკუთარი საქმე. მან ზუსტად მოახერხა ეჩვენებინა ყველაფრისგან დაცლილი ახალგაზრდას სახე, რომელსაც აღარაფერი დარჩენია იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობს და საბოლოოდ იწყებს ამბოხს. ერთი შეხედვით, მარტივი, თუმცა რთული შესასრულებელი იყო, ერთდროულად, არაფერი და ამ დროს ყველაფერი.
ასევე ძალიან საინტერესოა კინოოპერატორის, ვასილ დოლიძის ნამუშევარი, რომელმაც ძალიან კარგად დაიჭირა იმ „ანდერგრაუნდ“ სამყაროს ესთეტიკა და შეძლო კინოკამერის თვალით მეტად ავთენტური გაეხადა იგი, რომელიც მართლაც არსებობს ჩვენს შორის. მან ასევე არ დაივიწყა 2000-იანების სტილი, რამაც ფილმს მეტი აზრობრივი დატვირთვა მისცა. ოპერატორის დამსახურება კიდევ იმაშია, რომ მან შეძლო სცენარის ყველაზე კარგად გაგება და ჩასწვდა იმ მაგიურ რეალიზმს, რაც დიდი ალბათობით სცენარისტებს: კოტე კალანდაძეს და კეკო ჭელიძეს ჰქონდათ ჩაფიქრებული, რადგანაც ყურებისას, მართლაც, ვერ ვხედავთ განსხვავებას რეალურსა და არარეალურ სამყაროს შორის, რომელიც არა ფილმში, არამედ რეალობაშიც არსებობს.
„დრამერი“ შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი საუკეთესო ბოლო დროის ქართული კინოსურათი თავისი მეამბოხური სულისკვეთებითა და მისწრაფებით, მაგრამ მოხდა ისე, რომ, საბოლოო ჯამში, მივიღეთ დაბალი დონის ფილმი, რომელმაც უამრავი მაყურებელი იმედგაცრუებული დატოვა. ფრანსუა ტრუფოს დავესესხები: „არ არსებობს კარგი და ცუდი ფილმები, არსებობენ ცუდი რეჟისორები“, რაც, სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ მომენტში, მართალია, რადგანაც ამბავი, რაც ფილმში ვითარდება უფრო მეტად საინტერესოდ შეეძლო გადმოეცა რეჟისორს, ყოველგვარი ზედმეტი ორომტრიალის გარეშე.
საბა მახარაშვილი