ყველა დროსა და პერიოდში (რასაც და „ამგვარობას“, დროის დინებასთან ერთად, ისტორიული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა, ლოკალური თუ არალოკალური, პროცესები განსაზღვრავენ), ხელოვნებაშიც ახალი სტილური, მხატვრული ძიებები, გამოხატვის ახალი ფორმების ჩამოყალიბება იწყება, ახალი მიმართულებები, მიმდინარეობები ჩნდება და ახალი ტენდენციები მკვიდრდება.
ბოლო ათწლეულის ქართულ კინოშიც იგივე ხდება. ახალი თემატიკისა და პრობლემების მომცველი, რეალობის ახალ ჭრილში, ახალი რაკურსით ჩვენება, ახალი გმირების ამბებზე გავლით (უფრო მეტად, ახალი თაობის რეჟისორების კინოსურათებში), ახალი ქართული კინოს არსებობაზე ფიქრის საბაბს გვაძლევს.
ყოველი ახალი თაობა და ახალი საზოგადოება განსახვავებულია წინამორბედებისაგან, წლების დისტანციაც ბევრს ცვლის და გარდაქმნის; იცვლება მსოფლმხედელობა, ცხოვრების წესი, აზროვნება, მეტყველება, საფიქრალი.ყოველი ახალი თაობა, თან აგრძელებს „მამების“ გეზს ან პირდაპირ იმეორებს მათ მიღწევებს, თან ბევრი ნიშნითა და თვისებითაც სხვანაირია. შესაბამისად, ახალი ფილმების გმირებიც სხვა ინტერესებით, პრობლემების წინაშე და მიზნებით ცხოვრობენ.
XXI საუკუნის 20-იან წლებშიც, როდესაც ისევ იცვლება დრო და ისევ იცვლება თაობა, მისი ხედვა, აზროვნება, დამოკიდებულება გარესამყაროსა და ყოფის აქტუალური თუ უმნიშვნელო ნიუანსების მიმართაც. „ძველ“ თემებს ახლები ემატებიან და საზოგადოების ინტერესიც ახალი მიმართულებებით წარიმართება. უკვე „ნაცად“ თემებსა და პრობლემებს ახლები „წამოეწივნენ“ და ახალი გმირებიც გაჩნდნენ, რომლებიც, წინამორბედების მსგავსად, მკაფიოდ და აშკარად ატარებენ თავიანთი თაობის მთავარ ნიშნებსა და თვისებებს და თანამედროვეების პორტრეტსქმნიან. უახლესი ქართული კინო არსებობის ახალ ფორმასა და გზებს ირჩევს, საზოგადოებას კი, მორიგი არჩევანისა და ფიქრის საბაბი უჩნდება.
ქართული წარმოშობისა და შვედეთში მცხოვრები ლევან აკინის ფილმი, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (საქართველო-შვედეთი-საფრანგეთი, 2019) XXI საუკუნის ქართული კინოს უკვე ნაცნობი სიტუაციის, აქტიური თემების, პრობლემების, ჩვენი უახლესი ისტორიის ახალი ვარიაციაა. სხვა რაკურსში, კონტექსტსა თუ თემა-პრობლემებით განსხვავებულად წარმოდგენილი. ახალი სურნელით, ახალი ხედვითა და სითამამით, და ისეთი ხაზის შემოჭრით, როგორიც და რომელიც არა მხოლოდ ხელოვნებაში, ცხოვრებაშიც ტაბუირებული იყო (და ნაწილობროვ, დღესაც ასეთად რჩება) – ქვიარ თემაზე.
ფილმის მოვლენების ცენტრში ორი ახალგაზრდის (ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი) სიყვარულის ამბავივითარდება. მშვენიერია ტრადიცია და მშვენიერია, როდესაც შეიძლება, სწორედ ტრადიციაზე გავლით, შექმნა შენი სამყარო, საკუთარი კანონები, საკუთარი „ცეკვა“ და იცეკვო ისე, როგორც არავის არასდროს უცეკვია. იცეკვო მასთან ერთად, „მისთვის“ და მის გარეშეც. გიყვარდეს და იყო ბედნიერი. თუნდაც ცოტა ხანს გაგრძელდეს ურთიერთობაც და ბედნიერებაც. და გიხაროდეს, რომ ახალი დღე იწყება და მას აუცილებლად ნახავ. ხმის გაგონებაც კი გახარებდეს და წამიერი, საბოლოო შეხვედრაც.
მათი ცხოვრება ყოველდღიურ რეპეტიციებში, კონკურსისთვის მზადებასა და ყოფის ერთფეროვნებაში გადის. მათ გარემოცვას, საზოგადოებას ქმნიან ანსამბლის სხვა წევრები, ხელმძღვანელები, მეგობრები, ოჯახები, მეზობლები, რომლებიც ცხოვრობენ საზოგადოებაში, რომელიც არაა შემწყნარებელი, რომელსაც არ უყვარს განსხვავებული (და ამდენად, საერთოდ) ადამიანები, სხვასავით რომ არ იქცევიან, არ ფიქრობენ, არ საუბრობენ, არ გამოიყურებიან.ისინი წარმოადგენენ საზოგადოებას, რომელსაც არ ესმის, არ უნდა დაინახოს და მიიღოს, როდესაც ვიღაც ჩარჩოების რღვევას იწყებს. განსხვავდება თუნდაც იმით, რომ საყურე უკეთია და ჩოხაც აცვია. სწორედ საზოგადოება ქმნის პირობას, რომ ყველამ უნდა იცხოვროს ისე, როგორც „უნდა იცხოვროს“, რადგან ასე ასწავლეს, ასე გაზარდეს.შედეგად, თავადაც ასე ხედავს, საკუთარ თუ სხვათა ცხოვრებას. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს.
თითოეული მათგანის წარსული და აწმყო, რეალობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, სხვა ადამიანური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორების პარალელურად, სახელმწიფოში არსებული რეალობის მეტაფორულ სურათსაც აჩვენებს. უფრო ზუსტად, პირველ რიგში, ამას აჩვენებს.
ყოველი ეპიზოდი მიუთითებს, რომ ამ ადამიანების უმეტესობას, უფროს თაობას ყველაფერი წარსულში დარჩა – ზოგს დიდება, ზოგს – ქონება, ზოგს – ბედნიერად და ერთად ყოფნის სიხარული. ყოფამ და ყოველდღიურობამ აჯობა მათ და აწმყოს საღად აღქმის უნარი და მომავლის იმედი, რწმენა წაართვა. მათაც ამ გარემოებებში, ამ სოციალურ-პოლიტიკურ პირობებში, ამ საზოგადოების ასეთ მორალურ-ზნეობრივი კანონების გარემოცვაში მოუწიათ ცხოვრების გავლა და სხვა პრობლემები, წინააღმდეგობები, ხიფათები წინ ელოდებათ.
მოქმედება სხვადასხვა და განსხვავებულ სოციალურ-საზოგადოებრივი დანიშნულებისა და არსის მატარებელ ადგილებში იშლება. აქ დროის ბევრი ნიშანი, ბევრი სპეციფიკური მახასიათებელია, რაც თანდათან და სხვადასხვა დეტალში კონკრეტდება. საერთო ეზოები და კორპუსები, ძველი, ერთ დროს ფეშენებელური აგარაკები და სარემონტო სარეპეტიციო დარბაზები, ჩაბნელებული ღამის კლუბები და რესტორნები, „საშუალო ფენისთვის“ბაზრობები, ტრანსპორტი და ცირკის „პლეშკა“ და ა.შ. და ა.შ. კადრიდან კადრში ცვლიან ერთმანეთს. თითოეულსთავისი ნიშნები, მნიშვნელობა თუ „ადგილი“ აქვს. ყველგან საკუთარი ცხოვრების წესი, თავისებური ურთიერთობებია. ყველგან მახასიათებელ, სოციალურ, „კუთხურ“თუ „პროფესიულ“ ენაზე მეტყველებენ. ყველგან – კადრში თუ კადრს მიღმა – თავისი ხმები ისმის და „თავისი“ მუსიკა ჟღერს. ასე ავსებს ლევან აკინი სამყაროს სურათს, სცენებით, ეპიზოდებით, მოვლენებით და ქმნის ატმოსფეროს, გაჯერებულ-დამუხტულს მდიდარი ნიუანსებითა და ტონებით.
ფილმის მთავარი გზავნილი, მთავარი ხაზი ახალგაზრდა ადამიანების დრამაა თანამედროვე საზოგადოებაში და ამ საზოგადოებისვე დრამა, რომელიც რთულ პირობებში არსებობს, აწმყოსა თუ წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე.
ქართული კინოს არაერთ ნიმუშში, 80-იანი წლებიდან და დღემდე, ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა ან, ზოგადად, საზოგადოების პრობლემების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – გარემოცვასა და პიროვნების, მშობლებისა და შვილების კონფლიქტური ურთიერთობაა, დაპირისპირება, უსიყვარულობა. მდგომარეობა, როდესაც მშობლებს შვილების არ ესმით, არ თანაუგრძნობენ, მათ სატკივარსა და განცდებს არ იზიარებენ და მხოლოდ პირადი სურვილებიდან, შეხედულებებიდან ან დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების წინაშე ხარკის გაღების „აუცილებლობიდან“ გამომდინარე, მართავენ და ექცევიან მათ (როგორც, ვთქვათ, ალეკო ცაბაძის ფილმებში, „ლაქასა“ და „ღამის ცეკვაში“, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმში „გრძელი ნათელი დღეები“, ან გიგიშა აბაშიძის „უხერხემლოში“, ან სოსო ბლიაძის „ჩემს ოთახში“ ან, პირიქით, როგორც, მშობლების ზღვარგადასული მზრუნველობის შედეგად, ლევან კოღუაშვილის კინოსურათში „შემთხვევით პაემნები“ ხდება).
ლევან აკინის ფილმში არ არიან მშობლები, რომლებიც ებრძვიან შვილებს და ცხოვრებას უმახინჯებენ, რომლებიც სოციალური თუ სხვა მსგავსი, ყოფითი, საზოგადოებრივი თუ პიროვნული პრობლემების მიუხედავად (რაც ყველა ოჯახშია და თითოეული პერსონაჟის ხაზში, თუნდაც, ერთ რეპლიკაში, თუნდაც, ერთ გამოხედვაში იჩენს თავს), „ნორმალური“ მამები, დედები და ბებიები არიან, რომლებიც ზრუნავენ შვილებსა და შვილიშვილებზე და ისინიც სიყვარულითა და მზრუნველობით პასუხობენ მათ.
კიდევ ერთი და თვალშისაცემი თავისებურება, რომელიც ფილმს თანამედროვე კინოფონზე გამოარჩევს, პრობლემების, მწვავე ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობის დრამატიზების, შთამბეჭდავი ეფექტების გარეშე ჩვენებაა. რეჟისორი „საუბრობს“ მსუბუქი, ლაღი და თავისუფალი მანერით, არაფერს ამძაფრებს და ამუქებს. მორალს არავის უკითხავს და არავის კიცხავს. აჩვენებს ცხოვრებას, რომელშიც არაფერია გამოგონილი და არაფერია ყალბი. ყველაფერს მშვიდად და აუღელვებლად უყურებს და პრობლემის გადაჭრის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს. შეგვახსენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც განსაცდელის წინაშე დგები, მაგრამ გაქვს მიზანი, როდესაც იცი, რომ მართალი ხარ – ყოველთვის არსებობს გამოსავალი და რომ ადამიანობის ერთ-ერთ უმაღლესი გამოვლინება – სხვისი განცდისა და ტკივილის გაზიარება და თანადგომაა.
ლელა ოჩიაური