როცა მშობელს კარგავ, ობოლი ხდები, თუ მეუღლეს – ქვრივი, მაგრამ როცა ბავშვი კვდება, ეს იმდენად საშინელია, რომ ხალხმა ამას სახელიც კი ვერ მოუძებნა. ძნელია ამ ტრაგედიის ანალოგის პოვნა და მშობლის ადგილას თავის წარმოდგენა. თინათინ ემირიძე თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით, „შავი ზღვა“ (2021) ცდილობს მაყურებლამდე მიიტანოს ამ ტრაგედიის სრული სიღრმე და მასშტაბურობა.
ეს არის ამბავი ოჯახზე, რომელმაც ტრაგიკულად დაკარგა შვილი. ფილმი გვიჩვენებს ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებასა და დანაკარგს. ტრაგიკული შემთხვევიდან კარგა ხნის შემდეგადაც ოჯახის წევრები გლოვობენ,გაუგებრობით იტანჯებიან, არ სურთ რეალობასთან შეგუება, ერთადერთი ადეკვატურად მოაზროვნე ქალიშვილის განცდებზე არავინ ფიქრობს. მწუხარებამ კი არ დააახლოვა ოჯახი, პირიქით, თითოეულის ყოველი ქმედება მეტად აშორებს მათ ერთმანეთისგან. ერთი ოჯახია, ახლობელი ხალხი, მაგრამ თითქოს სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. მათ არ ესმით ერთმანეთის ტკივილი, რადგან თითოეული მათგანისათვის ტრაგედია განსხვავებულად აღიქმება.
როგორ უნდა აღადგინო ნაწილებად დაშლილი ადამიანი, როგორ გადაიტანო დანაკარგი, როგორ გადაჭრა პრობლემა შვილსა და მშობლებს შორის? სწორედ ამ მგრძნობიარე თემებს გამოკვეთს სიუჟეტი. სულ რაღაც თოთხმეტ წუთში მაყურებელს შეუძლია გმირებთან ერთად განიცადოს ადამიანური ემოციების მთელი სპექტრი.
შეიძლება ამ ფილმის ყურების შემდეგ ბევრი რამე არ შეიცვალოს პიროვნებაში, თუმცა დაეხმარება ფუნდამენტური რამის გააზრებაში, მისცემს ბიძგს, ისევ დაუბრუნდეს იმას, რაც უყვარს და არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში ისე, როგორც ეს ხდება ფილმის გმირების შემთხვევაში. ტკივილის მიუხედავად, იქნებ არის რაღაც, რის გამოც ღირს ცხოვრების გაგრძელება. არა ძველებურად და სრულყოფილად, მაგრამ მაინც, თუნდაც ქალიშვილის ხათრით, რომელსაც ასე სწყურია სიცოცხლე. ფილმი ნებისყოფაზეა, რამდენად მარტივია, თვალი გაუსწორო სიმართლეს. სანამ სუნთქავ და ცხოვრობ ყოველ ამოსუნთქვაზე, უნდა იბრძოლო, როცა სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე ხარ, საჭიროა რაღაც, რაც გეხმარება წინსვლაში.
„შავი ზღვა“ არის მცდელობა, გამოხატო გმირის გრძნობები მინიმალური არტიკულაციისა და მონოლოგების გარეშე. ფილმში არ ისმის ერთი სიტყვაც კი. ის მთლიანად უსიტყვოდ გამოხატულ ემოციებს ეყრდნობა. სიუჟეტი არ გვთავაზობს რაიმე მნიშვნელოვან ორიგინალურობას ემოციების განვითარების კუთხით, მაგრამ მკაფიოდ ჩნდება ფარული ფილოსოფია, რომელიც ჩვეულ ნარატივს აქცევს სანახაობრივად.
შვილის დაკარგვის შემდეგ მშობლების ცხოვრება ჰგავს მოსაწყენ არსებობას, რომელიც დატვირთულია ღრმა ტკივილით. მათ არ აქვთ სუსტი მცდელობაც კი გაითავისონ მომხდარი საშინელება და გააგრძელონ ცხოვრება. მათი ტანჯვა დროსთან ერთად მხოლოდ ძლიერდება. დრო მკურნალია, თუმცა, საერთოდ, შორს არის ამ ოჯახისგან.
ფილმს აქვს სტილი და საკუთარი მხატვრული ღირებულება, რომელიც სათავეს იღებს შინაგანი მონოლოგიდან და შინაარსიდან. ის მიყვება კლასიკურ მოდელს – კაცი, ქალი და ტრაგედია, რომელიც მათ აერთიანებს.
სასოწარკვეთილმა მამამ (ნიკა თავაძე) იმედი დაკარგა. მას არ აინტერესებს ცოლისა და ქალიშვილის განცდები. შვილის სიკვდილმა მისი შინაგანი სამყარო მთლიანად შეცვალა. ერთადერთი სიმშვიდე მისთვის შავი ზღვაა, სადაც ატარებს დროის უმეტეს ნაწილს. მისი ეგოისტური ქცევა უფრო და უფრო ანადგურებს დაშლის პირას მისულ ოჯახს. ცხოვრებაში ყველაფერზე პასუხისმგებელი უნდა იყო – სიყვარულზე, ქორწინებაზე, შვილებზე და საკუთარი თავზე, ყოველთვის უნდა ეძებო შენში ძალა, რომ გააგრძელო და იცხოვრო, თუნდაც მაშინ, როცა ზოგიერთებისათვის ეს ცხოვრება უკვე დასრულებულია. მსახიობმა ოსტატურად გადმოსცა თავისი პერსონაჟის ყველა ემოცია და გამოცდილება. დედა (ნატა მურვანიძე) საოჯახო საქმეებსაც ვერ აკეთებს. ამის დასასაბუთებლად ავტორი ყურადღებას ამახვილებს მოუვლელ საოჯახო ნივთებსა და დასალაგებელ ოთახებზე. მისი ფიქრები შორს არის – ხან გარდაცვლილ შვილთან, ხან კი ზღვაში გასულ მეუღლესთან. ნატა მურვანიძემ კარგად აჩვენა თავისი გმირის გრძნობები, განშორება და შინაგანი სიცარიელე. უპირობოდ გჯერა მისი და თანაუგრძნობ.
ქალიშვილი (ანასტასია ჭანტურაია) და მშობლები ორ განსხვავებულ პოლუსზე ცხოვრობენ. გოგონას სურს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, თუმცა მეორე მხარე ამის შესაძლებლობას არ აძლევს. მშობლებს არ შეუძლიათ დაივიწყონ დანაკარგის სიმწარე და იცხოვრონ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. არ შეუძლიათ თუ არ სურთ? უფრო სწორედ, ეს იქნებოდა სწორი ფორმულირება, რადგან მათ აქვთ ჩასაჭიდებელი ქალიშვილის სახით, რათა გააგრძელონ ცხოვრება, თუმცა მას ყურადღებას არ აქცევენ. გოგონას სრულიად მარტოს უწევს რეალობასთან ბრძოლა. ის ერთადერთია, რომელიც ადეკვატურად აფასებს სიტუაციას. იმისათვის, რათა გაუმკლავდე მწუხარებას, საჭიროა გარკვეული ეტაპების გავლა. ფილმის გმირები ამას ვერ ახერხებენ და უფრო დაუფრო იკეტებიან საკუთარ თავში, რაც შინაგანად ანადგურებთ მათ.
რეჟისორი ოჯახის გაუცხოებას უარყოფით მოვლენად წარმოაჩენს, მაგრამ, ამავე დროს, ის არ ცდილობს მაყურებლის რაიმე მორალით გადატვირთვას, არამედ აძლევს შესაძლებლობას, გააკეთოს არჩევანი, რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუ მწუხარებას დიდი ხნის შემდეგაც ვერ იშორებენ. ამაზე კითხვა დაისვა, თუმცა ნამუშევარში პასუხს ვერ იპოვით.
ფილმს ჰყავს კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟი და ეს არის შავი ზღვა. ის მეტაფორაა, რომელიც მალავს ნაწარმოების დამატებით მნიშვნელობას და აზუსტებს მის ქვეტექსტებს. მართალია, ამას რეჟისორი პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ მისი ამოკითხვა მრავალი კუთხით შეიძლება.
ზღვა ყოველთვის განსხვავებულია, მუდმივად ცვალებადია, რითაც ემსგავსება ცხოვრებას. მას შეუძლია გაანადგუროს, შეცვალოს და განაახლოს ყველაფერი. ის შეიძლება იყოს თავისუფლებისა და უსაზღვროების სიმბოლო, ასევე შეიძლება იყოს საშიში და არაპრონოზირებადი. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიუჟეტის ფორმირებაში, განსაზღვრავს ნამუშევრის რიტმს. ეფექტის გასაძლიერებლად რეჟისორი იყენებს ფერთა ცვლილებას, ზღვა ზოგჯერ შავი და ბობოქარია, ზოგჯერაც – ლურჯი და მშვიდი. გარდამტეხ სიტუაციაში წყლის ფერის შეცვლით ის აძლიერებს გადმოცემულ ემოციას. “შავი ზღვის” ყველა პერსონაჟისთვის ზღვას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.
მამისთვის ზღვა, როგორც მოგონებების გამოღვიძებისა და დროის მეტაფორა, რომელშიც ყველა მოგონება თანდათან იხრჩობა. ერთადერთი ადგილია, სადაც შეუძლია ახლოს იყოს გარდაცვლილ შვილთან. ამ შემთხვევაში, ის ხიდია რეალობასა და არარეალობას შორის.
დედისათვის ის შიშის სიმბოლოა, რომელმაც წაართვა შვილი და ახლა აქვს მუდმივი განცდები იმისა, მეუღლესაც იგივე ბედი არ ეწიოს. იგი ფანჯრიდან გამუდმებით უყურებს ზღვაში შესულ ქმარს და ამოწმებს ქალიშვილს, ხომ სახლშია, რომ არაფერ უბედურებას ეწიოს.
ქალიშვილისათვის შავი ზღვა დაშორებასთან, დანაკარგთან და მონატრებასთან ასოცირდება. მან წაართვა საყვარელი ადამიანი, ახლა ართმევს მამას და ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობას.
ოპერატორის წყალობით შეიქმნა ლამაზი პეიზაჟები, ბუნება, რომელიც, ერთდროულად, ლამაზიცაა და მკაცრიც დაავლენს თავის ყოვლისშემძლეობას. ადამიანი მის წინააღმდეგ არავინაა. კინოსურათში ყველა ნადგურდება ადამიანიდან უზარმაზარ სახლამდე. გმირების საცხოვრებელი სახლი უკვე დანგრევის პირასაა. ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც მისი მეპატრონეები – სურომოდებული გაბზარული კედლები, ფანჯრებში ჩამტვრეული მინები, მოუვლელი ეზო. ეს ატმოსფერო აუცილებლად აღწევს სულში და გაიძულებს თანაუგრძნო არა მხოლოდ პერსონაჟებს, არამედ გარემოსაც კი, ამ ყველაფერში ადამიანი სრულად უცხო და ზედმეტი გეჩვენება.
ხშირ შემთხვევაში სიმშვიდის გრძნობის შესაქმნელად კამერა მოძრაობს ნელა. მამა შუაგულ ზღვაში პატარა ფიგურად მოსჩანს. ეს ხაზს უსვამს აზრს, რომ ადამიანი პატარა არსებაა ტკივილთან ბრძოლაში. თითქმის მთელი დანარჩენი ნამუშევარი აგებულია ახლო ხედებზე. ამ გზით პერსონაჟების ემოციებზე დაკვირვება უფრო მეტადაა შესაძლებელი. თითოეული კადრი ნახატს ჰგავს, რომელიც ესთეტიკურად ძალიან ლამაზია.
მთელი ფილმის მანძილზე სიჩუმეა. თითქმის არ ისმის მუსიკალური ფონი, გარდა ზღვის ხმაურისა. პრობლემა არა დიალოგების მიზანმიმართული არარსებობა, არამედ მათი არაბუნებრიობაა. მართალია, ხანდახან სიჩუმეში მეტი ძალა და ტკივილია, ვიდრე ყვირილში ან ცრემლებში, მაგრამ „შავი ზღვის“ პერსონაჟების შემთხვევაში, დიალოგში, ალბათ, უფრო მეტი სარგებელი იქნებოდა და, შესაბამისად, ისინიც გათავისუფლდებოდნენ ტკივილისგან. სიჩუმეს მათი ურთიერთობა უფრო შეჰყავს ჩიხში.
ფილმი ჰგავს პირად დრამას, რომელშიც კომუნიკაციის ნაკლებობა ნათლად არის წარმოდგენილი. საკმარისი არ არის პრობლემის უბრალოდ აღება, მაყურებელს უნდა გაუჩნდეს თანაგრძნობა, რათა დაიჯეროს ის ამბავი, რასაც უყურებს.
რთულად დასაჯერებელია ის ეგოიზმიც, რასაც მშობლები იჩენენ ქალიშვილის მიმართ. ფილმის დასრულების შემდეგაც დიდხანს გაგყვება საფიქრელად, რამდენად ასახავს მათი გრძნობები იმ რეალური ოჯახების ტკივილს, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები.
დასასრული ღიაა და პირობითად ოპტიმისტური. მართალია, ფილმი არ სცემს დასმულ შეკითხვებზე პასუხს, თუმცა აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვების გრძნობებზე ყურადღების მიპყრობა. ზოგჯერ სიჩუმეშიც შეიძლება იპოვო პასუხი, ხან კი ერთადერთი გამოსავალი საუბარია.
თეონა ვეკუა