ქართული კინო დასაწყისიდანვე მხატვრულად ღირებულ პროდუქციას ქმნიდა და, ამდენად, მისი მიღწევები არ გვიკვირს. ფილმები, რომლებსაც ქართული კულტურისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, მსოფლიო კინოხელოვნების თანასწორუფლებიან ნაწილადაც იქცნენ და საერთაშორისო აღიარება არაერთხელ მოიპოვეს.
ლანა ღოღობერიძის სახელი დიდი ხანია ახალი ქართული კინოს „დამფუძნებელთა“ შორისაა და მისი შემოქმედებაც ეროვნული კინემატოგრაფის არსებობის, განვითარების, ჩამოყალიბების, მიმართულებების, აღმოჩენების სხვადასხვა ეტაპს უკავშირდება. შემოქმედებით სიახლეებს მისგან მიჩვეული ვართ. თუმცა ახალი ფილმით – „დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ (2023) მან საზოგადოება (და არა მხოლოდ საქართველოში) ნამდვილად გააოცა და მორიგ ჯერზე აალაპარაკა.
ლანა ღოღობერიძისაგან განსხვავებით, რამდენიმე მშრალი ფაქტის გარდა, არაფერი იყო ცნობილი პირველ ქართველ კინორეჟისორ ქალზე, ნუცა ღოღობერიძეზე (ნამდვილი სახელი და გვარი – ნინო ხუციშვილი). მისი აღმოჩენა და მისივე ფილმების – დოკუმენტური ფილმის, „ბუბა“ (1930) და მხატვრული ფილმის, „უჟმური“ (1933) – აკრძალულისა და არქივების საცავების ბნელ კუთხეებში გადამალულის – ნახვა, გადაღებიდან მხოლოდ 80-85 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. და აღმოჩნდა, რომ ნუცა ღოღობერიძე არა მხოლოდ პირველი ქართველი ქალი კინორეჟისორი იყო, არამედ ერთ-ერთი პირველი, ვინც შექმნა ქართული კინო.
მასზე და მის ფილმებზე თანამედროვეები და მომდევნო თაობები დუმდნენ. თვითონაც არაფერს ყვებოდა. დუმდა ცხოვრების ბოლომდე, რომლიდანაც 10 წელი „გულაგში“ („ჩესირში“) გაატარა, როგორც ხალხის მტრის ოჯახის წევრმა. და მხოლოდ რამდენიმე მოთხრობაში (ისინი კრებულად – „ბედნიერების მატარებელი“ გამოიცა 2011 წელს) აღწერა ის, რაც ციმბირში, გადასახლების პერიოდში გარდახდა თავს.
ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირში ასეთ ამბებზე, ასეთ ადამიანებზე, ასე განვლილ ცხოვრებასა და ასეთ ტრაგედიაზე არათუ ფილმების გადაღება იყო აკრძალული, არამედ რეპრესირებულებისა და რეპრესიების ხსენებაც, ამიტომ ბევრი რამ, დღემდეც კი უთქმელი, დაფარული და გასაიდუმლებულიც რჩება.
ნუცა ღოღობერიძე ლანა ღოღობერიძის დედაა. და, პირველ რიგში, ალბათ, სწორედ შვილს „უნდა გაეხსენებინა“ ნუცა ღოღობერიძის თავგადასავალი, სახელი და ხსოვნა დაებრუნებინა მისთვის, გაეცოცხლებინა და ყველას მაგივრად პატივი მიეგო.
საზოგადოების, თანამედროვეებისა თუ შემდგომი თაობების შეგნებულმა თუ იძულებითმა დუმილმა ხანგრძლივად წაშალა, ფაქტობრივად, გააქრო ადამიანებისა და, მათ რიცხვში, ნუცა ღოღობერიძის სახელი. და რადგან ისე მოხდა, რომ პირველი ქართველი კინორეჟისორი ქალის პირადი და პროფესიის ამბავი საქართველოს ახლო წარსულის უმძიმესი და, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული პერიოდის ნაწილია, ეს ქვეყნის ისტორიის პირდაპირ გამოხატულებად და გამაერთიანებლადაც შეიძლება წარმოვიდგინოთ.
ამ ფილმში (როგორი პირადულიც უნდა იყოს) ყველაფერი სწორედ ასე ერთიანდება, ასეთ განზომილებაში გადადის და ასეთ მასშტაბურ კონტექსტში ექცევა. იგი, სარეჟისორო გადაწყვეტის მრავალწახნაგოვნებითა და მრავალშრიანობით, ბევრ „შიდა“ ამბავს მოიცავს და, ამავე დროს, ბევრი ადამიანის, ბევრი დედა-შვილის (და არა მარტო) შესახებაცაა.
ლანა ღოღობერიძის ფილმი არა მხოლოდ მხატვრული ხარისხით გამოირჩევა, არამედ ახალი სტილური აზროვნებითა და ახალი კინემატოგრაფიული ფორმით, რომელსაც ვერც ერთ ჟანრობრივ თუ სახეობრივ კატეგორიაში ვერ მოვაქცევთ, პირდაპირ და ტრადიციულად ვერ განვსაზღვრავთ. და მხოლოდ შეფასება და აღწერა შეგვიძლია. ის დოკუმენტურიცაა, მხატვრულიც და კიდევ რაღაც სხვაც.
ნუცა ღოღობერიძისა და საბჭოთა საქართველოს ისტორიის მონაკვეთები – გასაბჭოების, რეპრესიების, პოსტსტალინური ეპოქისა და მშვიდობიანი ცხოვრების სურათები ლანა ღოღობერიძემ მთელ თავის შემოქმედებაში გაფანტა. სხვადასხვა ეპიზოდით ან სხვადასხვა თვალთახედვით, სხვადასხვა ხედვის წერტილიდან და რაკურსში – სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფილმში მოაქცია. ზოგან ფარულად, მინიშნებით, მსუბუქი შეფერილობით, ზოგან პირდაპირ და დაუფარავად. სწორედ ამ ფილმების (რომლებშიც სხვა ამბები, სხვა ადამიანები, სხვა პრობლემები, სხვა თემებია წინ წამოწეული – „თავადის ქალი მაია“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „დღეს ღამე უთენებია“, „ვალსი პეჩორაზე“, „ოქროს ძაფი“) ფრაგმენტებზეა აწყობილი „დედა-შვილის“ სტრუქტურა.
მეორე შრე და ხაზი, რომელზეც ფილმის სტრუქტურა იგება, ფრაგმენტებია ნუცა ღოღობერიძის ფილმებიდან – „ბუბა“ და „უჟმური“, რომლებიც ქვეყნის ისტორიის, რეჟიმის, ცენზურის, იდეოლოგიის ნათელი და მკაფიო ქვეტექსტური თავისთავადი გამოხატულებაა და, ამასთან, ქმნის რეჟისორის შემოქმედებითი ხელწერის, მხატვრული აზროვნების ნათელ და შთამბეჭდავ სურათს.
ამ ორ პარალელურ და ურთიერთგადამკვეთ ფენას ძლიერ ნაკადად და მთავარ, „გამჭოლ მოქმედებად“ გასდევს ლანა ღოღობერიძის მოგონებები შორეული ბავშვობისა, რაღაც ნამდვილი და რაღაც ილუზორული. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, თუ „რაც და როგორც აგონდება“, რაც და როგორც ხსოვნამ, თანადროულმა რეაქციამ ან შემდგომმა აღქმამ და შეგრძნებებმა და ძველმა ფოტოებმა შემოინახეს, არქივიდან და არცთუ მდიდარი საოჯახო ალბომიდან.
შემდეგ მოვლენებში უფრო მოწიფულობის ასაკის მოგონებები ერთვება, ცხადი და გაცნობიერებული. დაბრუნების შემდგომ. თუმცა ბოლომდე მაინც გაუშიფრავი, ბოლომდე არა „რეალისტური“, მაინც საიდუმლოდ დარჩენილი. რაღაც გაუმხელელი დარდივით და ფარული სურვილებივით, გარეთ სხვის დასანახად და გასაგონად არასდროს რომ არ გამოდიან და არ ხმოვანდებიან.
ლანა ღოღობერიძე თვითონაა ფილმის ავტორიცა და მთხრობელიც. კადრმისღმა მონოლოგი, ხმამაღლა გაცხადებული ფიქრებივით და განსჯით, კვეთს, ჭრის და აკავშირებს ცხოვრებისეულ, პირად და საზოგადო და საზოგადოებრივ ამბებს და მათ მიმართ საავტორო, პირად დამოკიდებულებას.
მთხრობელი არასდროს კარგავს წონასწორობას, არ არღვევს „დადგენილ“ ზღვარს, არ ცდილობს სენტიმენტებით სხვისი გრძნობების გაღვივებას. მონათხრობი არაა იმწამიერი ემოცია, წლების განმავლობაში „გადანახული“, ბევრჯერ განცდილის ემოციაა, მაგრამ პირველი მონათხრობის ძალით აღიქმება.
ნარატორი საუბრობს ნოსტალგიით, სევდით, თუმცა თავშეკავებული და შეფარული გრძნობებით, ნეიტრალურად და თან მკაფიო მახვილებით, მოგონებების თავიდან განცდით, თავისებური და თავისუფალი მონაცვლეობით, საკუთარი და სხვების ცხოვრების გადახედვით, გადაფასებითა და თავიდან შეფასებით.
ამ მოგონებებსა და შეგრძნებებს „ახმოვანებს“ და ააქტიურებს რეზო კიკნაძის ორიგინალური და არანჟირებული მუსიკა ფილმებიდან, რაღაც ნიშნებით, რაღაცასთან დაკავშირებული, ხსოვნაში ჩარჩენილი და გააქტიურებული კონტექსტიდან და ემოციების ჯაჭვიდან, კომპოზიციური და მონტაჟური აგებულების ერთიან სისტემაში.
მთავარი ლანა ღოღობერიძის ფილმში ტანჯვის, დაშორების, ტკივილის, სიმარტოვის, განსაცდელის, გაუცხოების შემდეგ დედა-შვილის ერთმანეთთან დაბრუნებაა, გაცნობა, ახალი შეხვედრის, ერთმანეთის პოვნის ბედნიერებაა. ნუცა ღოღობერიძის შინ დაბრუნება და უსამართლობის, თუ დამარცხების არა, მასზე ზნეობრივად და მორალურად გამარჯვების დაგვიანებული სიხარულია.
დღეს ეს ყველაფერი, ლანა და ნუცა ღოღობერიძეების ცხოვრება რომ განსაზღვრა და რაც ფილმშია ნაჩვენები, უკვე წარსულია. ამბავი ჩვენი ქვეყნის წარსულიცაა, რამაც 70 წლის განმავლობაში სრულიად შეცვალა საქართველოს ისტორიის ვექტორი და მისი ცხოვრება დაასახიჩრა. ისიც ფაქტია, რომ ყოველთვის არსებობს ისტორიის გამეორების საშიშროება და ეს ფილმიც არა მხოლოდ წარსულზე გვიამბობს, გვაცნობს და შეგვახსენებს, არამედ გაფრთხილებაცაა, თუ რა შეიძლება შეემთხვეს ადამიანს, როდესაც საზოგადოება და სახელმწიფო ბოროტებასა და ძალადობას დაუშვებს.
ლანა ღოღობერიძის „დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ აწმყოში სრულდება სამოყვარულო/საოჯახო ვიდეოკადრებით ნუცა ღოღობერიძის შთამომავლების, შვილების – მხატვარ ქეთი ალექსი-მესხიშვილის და მხატვარ და რეჟისორ ნუცა ალექსი-მესხიშვილის (რომლებიც წარმატებული ხელოვნები და ამავე ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები არიან), მათი შვილების, ოჯახების, ლანა ღოღობერიძის მეგობრების, ახლობლების გარემოცვაში, რომლებიც მის იუბილეზე შეკრებილან და სიცოცხლისა და ერთმანეთის გვერდით ყოფნის სიხარულს ზეიმობენ შემოდგომის ნათელ და ბედნიერ საღამოს.
ლელა ოჩიაური