ადამიანები ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი იმპულსურად მოძრაობენ, შედეგებზე არ ფიქრობენ და ხანდახან არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე. მერე ნანობენ და, იგივე შეცდომების დაშვებით, ისევ თავიდან იწყებენ ყველაფერს. ზოგს ჰყოფნის გამბედაობა და ახალ ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან იწყებს, ზოგი კი წარსულს ვერასდროს ეშვება და უკეთესი ცხოვრების იმედად არარსებულ ილუზიებს იქმნის.
გიორგი ვარსიმაშვილის მხატვრული ფილმი, „აუხდენელი ოცნება“ (2010) წარმოადგენს არშემდგარი სიყვარულის ამბავს. სიუჟეტი თითქოს ტრივიალურია. ბიჭს უიმედოდ უყვარს გოგონა, ანი. ანის შეყვარებული ჰყავს და მასთან ერთად ცხოვრობს. ბიჭი კი მესამეა მათ ურთიერთობაში. ის გოგონას ფანჯარასთან დიდ დროს ატარებს. ურეკავს და ისიც პასუხობს და ეს პასუხი აღვივებს იმედს, რომ ოდესმე რაიმე ამ ქმედებაზე მეტი იქნება. ვინ არის დამნაშავე? ორივე. ბიჭი იმიტომ, რომ არ ეშვება ანის და ჰგონია, მომავალში მასთან ერთად იქნება და ანი, იმიტომ, რომ აიმედებს. ერთი მხრივ, ბიჭი ანისა და თავის შეყვარებულის ურთიერთობაში თითქოს მურმანის ეკალია, მეორე მხრივ კი, გეგმა „ბ“ ანისთვის. ჩნდება შეგრძნება, რომ თითქოს ანი ცხოვრებაში უკან დასახევ გზას იტოვებს და მხოლოდ ამიტომ არ აქრობს ბიჭს თავისი არეალიდან.
სიუჟეტური ხაზი მთლიანად თამაშის პრინციპზეა აგებული. თითოეული მათგანი ან ბედს, ან საკუთარ თავს ეთამაშება. ისინი სერიოზულად არ აღიქვამენ ემოციებს. ანი ბიჭის გრძნობებზე თამაშობს, ბიჭი ცხოვრებას ეთამაშება და აგებს. ისინი ცალკეულად მარტოსული პიროვნებები არიან და ერთმანეთიც არ ჰყავთ ნუგეშისთვის.
არაფერია ცნობილი გოგონაზე, რომელიც, ალბათ, შეყვარებულთან ბედნიერი არ არის. სიუჟეტი იმდენად მარტივი და ზედაპირულია, რომ კითხვებიც არ ჩნდება. ბიჭისა და ანის გაცნობის ამბავი ჯერ კიდევ პირველი კურსიდან იწყება. ის მეტროში აედევნა გოგონას და გაიცნო. გამორიცხული არ არის, რომ ანიმ ბიჭი ჩვეულებრივ ფსიქოპატადაც განიხილოს, პიროვნებად, რომელიც გოგონას უკან გამოჰყვა, გაიცნო და რამდენიმე წლის შემდეგაც არ ანებებს თავს. უკან დაჰყვება, ურეკავს, შეხვედრას სთხოვს.
ამ ბიჭის სახელი ფილმში უცნობია. საკამათოა, ეს კარგია თუ ცუდი. კარგი, ალბათ, იმიტომ, რომ განზოგადებული ინდივიდია, რომელშიც ყველა ის ადამიანი იგულისხმება, რომელმაც ცხოვრებაში არასწორი ნაბიჯები გადადგა ან გადაწყვეტილებების მიღება დააგვიანა.
აღნიშნულ ფილმს, ისევე როგორც სხვა ყველაფერს, აქვს მეორე მხარეც. ერთი მხრივ, ამბავია სიყვარულის უზარმაზარ სურვილზე და მეორე მხრივ, აკვიატებაზე. ისიც არ არის გამორიცხული, რომ ბიჭს ანი არ უყვარდეს და, უბრალოდ, აიკვიატა. მხოლოდ იმიტომ ურეკავს, რომ აინტერესებს, რა გამოვა ამ სიტუაციიდან და ვერ ეგუება, რომ გოგონა მასთან არ არის. თუ ანისაც ეყვარებოდა იგი, მაშინ დიდი შანსი იყო, ინტერესი დაეკარგა და სხვა გოგონა მოეძებნა. ბიჭებს ხშირად მიუწვდომელი ქალები იზიდავთ ხოლმე. ამ ქმედებით ეს ფილმი ლევან თუთბერიძის კინოსურათს, „უშენოდ მგონი მოვკვდები“ ჰგავს. იქ მწერალი ზაზა შეყვარებულია თავისი ძმაკაცის მეგობარ გოგონაზე და როცა მისგან მსგავს იმპულსებს იღებს, თითქოს შეგრძნებები უქრება და ახალი ადამიანის ძებნას იწყებს.
„აუხდენელი ოცნება“ არც ფერების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ყველაფერი ერთ სტანდარტულ, უღიმღამო სტილშია გადაღებული. კადრები ერთმანეთს ებმება და, თითქოს, ერთი სრული სიუჟეტური ხაზი ისახება. არც ერთი პერსონაჟის შესახებ არ არსებობს ინფორმაცია. სულ რამდენიმე მოქმედი პირია. ფოტოგრაფი, რომელიც სტუდიაში ცხოვრობს და, ალბათ, საზღვარგარეთ კონტაქტები აქვს. ბიჭი, რომელიც ქაოსშია გაჭედილი და არ ცდილობს სხვა გოგო გაიცნოს და ანი. გოგონა, რომელსაც აშკარად არ აქვს ბედნიერი ცხოვრება. ყველაფერი მხოლოდ ამ სამის გარშემო ტრიალებს. ოღონდ ინფორმაციის გაუშლელად, შემჭიდროვებულად.
ქუჩაში მიმავალ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბიჭს ელანდება ის, რაც, ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში სურდა რომ მომხდარიყო. საინტერესოა, ჰქონდათ თუ არა მათ მანამდე რაიმე ურთიერთობა – მოსწონდათ თუ არა ერთმანეთი. ბიჭისათვის ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ ვერ ხვდება, სად არის ზღვარი სიზმარსა და რეალურ სამყაროს შორის. მოქმედებები ისე ეწყობა, როგორც მას სურს. ანი მასთან სახლში ადის. ბიჭი ღვინოს ასხამს იქვე დადგმულ ორ ჭიქაში. შემდეგ სვამენ, გოგონა კოცნის და როცა ბიჭს ჰგონია, რომ ამას სხვა გაგრძელება ექნება, სახეში ხელების ტყაპუნს იღებს. ძმაკაცი ქუჩაში წაქცეულ ბიჭს აღვიძებს, გონზე მოჰყავს და ამ უკანასკნელის ეს ახდენილი სურვილიც სადღაც ქრება. ფოტოგრაფ ძმაკაცს ბიჭი სახლისაკენ მიჰყავს და როცა ქუჩას ჩაივლიან, გვერდით გაუვლიან ანის, რომელიც ბარის გარე ნაწილში თვალცრემლიანი ზის და სიგარეტს ეწევა. უკვე აზრი აღარ აქვს, რა მოხდა შემდეგ. ფაქტი ისაა, რომ ბიჭმა წამი ვერ დაიჭირა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და სურვილის ასრულების შანსიც ხელიდან გაუშვა.
რეჟისორის კარგი სიუჟეტური სვლა იქნებოდა, რომ მოქმედება რამდენჯერმე განმეორებულიყო იქამდე, სანამ ბიჭი და ანი ერთმანეთს არ შეხვდებოდნენ. ფილმის სიუჟეტი ნაწილობრივ ჰგავს გილ იანგერის დრამას, „ნეტავ“ (2004), რომელშიც ბიჭს აქვს ყველაფრის გამოსწორების შანსი და მოქმედებები იქამდე მეორდება, სანამ ამ ყველაფერს არ მიხვდება.
საინტერესოა, იქნებ ბიჭს ფილმის დასაწყისშიც კი ეძინა და კიდევ ერთხელ უნდა გამოღვიძებოდა. ხანდახან სიზმარი იმდენად მიმზიდველია ხოლმე, რომ ადამიანებს გამოღვიძება აღარ სურთ. რატომ არის მისი ოცნება აუხდენელი, სცადა კი ოდესმე მისი ასრულება? დაუსვა ანის კითხვები და მოსწონდათ წარსულში ერთმანეთი? რატომ ვერ შორდებიან ისინი ერთმანეთს? ამბობენ, რომ თუ ადამიანს ვერ ივიწყებ, ისიც არ გიშვებსო. შეიძლება ანისაც უნდოდა ურთიერთობის აწყობა ბიჭთან და სულაც არ უყვარდა ის, ვისთანაც ცხოვრობდა. ზუსტად ერთი ქმედებით აცდნენ ისინი ერთმანეთს.
„აუხდენელი ოცნება“ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ადამიანებს, ხშირ შემთხვევაში, უარის მიღება არ შეუძლიათ და სიტყვის – „არა“ – მნიშვნელობა არ იციან. ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ რაღაც შეიძლება უბრალოდ არ მოხდეს ან მომენტი ხელიდან გაუშვეს. მირაჟი ხშირად ილუზიაა და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.
ხშირად მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი აზრის დამთავრების საშუალებას არ იძლევა. რეჟისორი ვალდებულია თავისი სათქმელი იმდენად შეკვეცოს, რომ მსგავსი ფილმის სტანდარტში ჩაატიოს. შეიძლება, ეს დაემართა გიორგი ვარსიმაშვილსაც. მას ბევრი რამე ჰქონდა სათქმელი და როცა სცენარს რაღაც ნაწილები ამოაკლო, ემოციებისგან დაცლილი, ჩვეულებრივი სიუჟეტი შერჩა ხელში, რომელიც იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გადაღება. ფილმები არსებობენ იმიტომ, რომ მაყურებელს კითხვები გაუჩინონ და მასზე დიდი ხნის განმავლობაში აფიქრონ.
რაზეა ფილმი? მოწყენილ ბიჭზე, რომელსაც სურს ურთიერთობის აწყობა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში გაცნობილ გოგოსთან, მაგრამ არაფერი გამოდის. ბოლოს იგი ცდილობს, რეალობას გაექცეს და ამ მცდელობაში კარგავს, ალბათ, ანასთან ყოფნის ერთადერთ შანსს.
ნეტავ რა მოხდებოდა თუ სხვანაირად წავიდოდა ყველაფერი? ისინი ერთმანეთს რომ შეხვედროდნენ, ესაუბრათ და ემოციებში გარკვეულიყვნენ. შეიძლება შეხვდნენ კიდეც, რომელიმეს წარმოსახვაში.
ბარბარე კალაიჯიშვილი