ქართულ (და ალბათ, ნებისმიერ) სოციუმში საზოგადოება, ტრადიციად დამკვიდრებული სტეროტიპების მიხედვით, ან ცხოვრობს, ან სხვას სთხოვს ასე ცხოვრებას, ან – ორივე ერთად – საკუთარ თავსაც და სხვასაც. „საყოველთაო“ წესრიგის „დამრღვევები“ კი, ან გაკიცხვასა და ტუქსვას იმსახურებენ, ან გაუგებრობას და აქტიური (ფსევდოლიბერალური) სწავლების ობიექტებად იქცევიან. აღზრდის ამგვარ მეთოდებს თითქოს არამძაფრი, არააგრესიული და არადამანგრეველი ფორმა აქვთ. უფრო კეთილგანწყობილი, კეთილისმსურველი „აღმზრდელის“ პოზიციიდან და სიმაღლეებიდან მიდგომა ახასიათებთ, თუმცა დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ.
„აღმზრდელი“ საზოგადოება მაშინაც იწყებს მოქმედებას, როდესაც ვიღაც არასტანდარტულ, „არანორმირებულ“ არჩევანს აკეთებს და ცხოვრების ერთფეროვანი, მდორე და ჩვეული დინების შეცვლას გადაწყვეტს. პიროვნებასთან კონფლიქტიც სწორედ ამ ნიადაგზე იწყება.
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმში, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ (2017) სწორედ ეს პრობლემაა მთავარი. აღნიშნული ფილმი არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია სცენარისა და რეჟისურისთვის, ასევე პრიზები ერგოთ მსახიობებს, ია შუღლიაშვილსა და მერაბ ნინიძეს საუკეთესო როლებისათვის და იგი დღემდე ინარჩუნებს, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კინოსურათის „ტიტულსა და ღირსებას“.
ამავე რეჟისორების წინამორბედი ფილმისაგან განსხვავებით, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ნათელი და საიმედოა. ბევრი წინააღმდეგობით, ტკივილიანი და სევდიანი ცხოვრების შეულამაზებელი „ქრონიკაა“და, ამავე დროს, სიცოცხლით სავსე, ფერადოვანი. ყოფა (გარემო) აღარაა ისეთი პირქუში, როგორიც წლების წინათ იყო. იქ მოქმედება 1990-იან წლებში ხდება, აქ – 2000-იანების მიწურულს და ადამიანებიც და მათი პრობლემებიც შეცვლილია.
მოვლენები ვითარდება არაფრით გამორჩეული, ტიპური ქართული ოჯახის გარშემო, რომლის წევრი – ორი ზრდასრული შვილის დედა, მანანა მხეიძე (ია შუღლიაშვილი) ოჯახის დატოვებასა და ნაქირავებ ბინაში მარტო გადასახლებას გადაწყვეტს. ქალაქის ხმაურიანი ცენტრიდან გარეუბანში. საკუთარი ჭერიდან სხვის ჭერქვეშ აფარებს თავს.
აქ თითქოს ორი „ცხოვრების“ სურათია – საშუალო ფენის ოჯახის ტრადიციულად „გაწყობილი“, ყოფითი ნივთებით სავსე საცხოვრებელი და ყოველდღიური ორომტრიალი და ნახევრად ცარიელი (სადაც მუდმივად არავინ ცხოვრობს) ნაქირავები ბინა, ადამიანებისგან (მათი არსებობის კვალისგან) თითქოს დაცლილი (ფანჯარაში „ლამის სახლში შემოჭრილი“ ხეების მშვიდობიანი ხედით). ასეთი გარეუბნები მიკროქალაქებივითაა, სივრცის თავისებური ჩაკეტილობით. ყველა კომპონენტით, რომლებიც თანამედროვე უსახური და ერთგვაროვანი დასახლებების სახეებს ზოგადად ქმნიან. ეს ბუნებრივი მოცემულობა და მიკრორაიონების შაბლონური სისტემა ფილმში, რეალობის ჩვენებასთან ერთად, მხატვრულ დატვირთვას იძენს.
ეს ძალდაუტანებელი, იუმორითა და ლაღად ნაჩვენები „უბრალო“ ამბავია. პატარ-პატარა დეტალებით, თითქოს არაფრისმთქმელი ან მრავალმნიშვნელოვნით აწყობილი. მშვიდი მზერით, შეუმჩნეველი გამჭვირვალე შტრიხებით იქმნება ატმოსფერო, განწყობა. ოჯახის თითოეული წევრის, მთლიანად ოჯახისა და მთელი საზოგადოების სახე, თავისებურებები, თვისებები. თითქოს მუდმივად არსებობს „დასწრების მომენტი“, თითქოს მაყურებელიც მონაწილეა და თითქოს გარემოება „აიძულებს“, პროცესებში „აქტიურად“ ჩართვას.
მანანას გადაწყვეტილების არაბანალურობა ისაა, რომ იგი სახლიდან მიდის არა რაიმე, „მორალისტების“ მხრიდან, ასევე გასაკიცხი, მაგრამ გასაგები, „ტრადიციული“ მიზეზით (ინტერესის ახალი ობიექტის გამო, ან ოჯახური ძალადობისა თუ კონფლიქტის, ან ქმრის ღალატისა თუ „ხასიათების შეუთავსებლობიდან“გამომდინარე), არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველდღიური აურზაურიდან, ორომტრიალიდან, მომაბეზრებელი ერთფეროვნებიდან თავის დაღწევა და სიმყუდროვის მოპოვება უნდა. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. განმარტოება.
მანანა ტოვებს ოჯახს, რომელიც მისივე შექმნილია. და მისგან თავისუფლდება. იმარჯვებს, პირველ რიგში, საკუთარ თავზე, საკუთარ გაუბედაობაზე, სისუსტეებზე და უხილავ, მაგრამ მყარ, ბარიერად ქცეულ კედლებს ერთი ხელის მოსმით, უცბად მიღებული გადაწყვეტილებით ანგრევს. ის არღვევს წესრიგს და მისი ოჯახის წესრიგიც ირღვევა.
„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ გმირების მსგავსი ადამიანები და სიტუაციები, ყოველდღიურობა, პრობლემების რიგი არაფრითაა გამორჩეული. ერთფეროვანი დღეების ციკლი თითქმის ყოველი ოჯახისთვისაა დამახასიათებელი.
მანანაც ისეთივეა, როგორც ყველა ან მისი ასაკის ბევრი ქალი, თუმცა მაინც გამოირჩევა. თან ჰგავს და თან არა ჰგავს თანამედროვეებსა და ახალი ქართული კინოს სხვა პერსონაჟებს. ის ზუსტად აჩვენებს, თუ როგორები არიან, რას შეიძლება განიცდიდნენ, რაზე შეიძლება წუხდნენ თანამედროვე „ოჯახის“ ქალები, რომლებსაც თითქოს არაფერი აკლიათ – ქმარიც (მერაბ ნინიძე) ჰყავთ (სიმპატიური, არც უსაქმური და არც მოძალადე), შვილებიც (თან ქალ-ვაჟი – ცისია ქუმსიშვილი, გიორგი ტაბიძე), სიძეც (გიორგი ხურცილავა), მშობლებიც (ასაკში, მაგრამ ჯანმრთელები, საღ-სალამათები, სიცოცხლისუნარიანები – ბერტა ხაფავა, გოვენ ჭეიშვილი), ჰყავს მზრუნველი და მოყვარული ძმაც (დიმიტრი ორაგველიძე) და ძმის ოჯახიც. ბინაც აქვთ, სამსახურიც, მეგობრებიც, ნათესავებიც (გულშემატკივრები, დარდის გამზიარებლები და გვერდში მდგომები, გულწრფელად მოყვარულები) არ აკლიათ.
გარეთ სულ ქარია, ქუჩებშიც და მანანას ნაქირავები ბინის აივნის მიღმაც. ზოგჯერ წვიმს. ცხოვრება და ბუნების წესრიგი ჩვეულებრივად მიდის. სწორედ ეს მონოტონურობა და ერთგვაროვნება აქვთ რეჟისორებს ზუსტი სპეციფიკური ხერხებით ნაჩვენები და ფილმის ატმოსფეროც მისი იდენტურია.
კადრებში თითქოს შემთხვევით მოხვედრილი ქუჩებისა თუ პარკების, ქუჩაში მოძრავი ტრანსპორტისა და ადამიანების კადრები, საცხოვრებელი ბინების, საკლასო ოთახებისა თუ სკოლის დერეფნების, აგარაკების ინტერიერები სახასიათო გარემოს ქმნიან. ახასიათებენ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრებენ, სწავლობენ, ურთიერთობენ, მოდიან, მიდიან, ხვდებიან თუ შორდებიან ერთმანეთს, მჭიდრო ურთიერთკავშირი აქვთ თუ უბრალოდ, „შემთხვევით“ გადაადგილდებიან ამ ქალაქში.
ამ ჩაკეტილ და სადღაც, ერთ პუნქტში გარღვეულ წრეში ნებისმიერი პერსონაჟის/ადამიანის არსებობა – საზოგადოების სხვადასხვა კატეგორიის, პიროვნული თუ კოლექტიური – არსებობის ხატი, მათი ჩაკეტილობის, შემგუებლობის, თავისუფლების, ნების, სურვილების ანარეკლია, ადამიანებისა, რომლებსაც ცხოვრების მათეული მოდელი შეუქმნიათ, შექმნა უნდათ, შეუძლიათ ან არ შეუძლიათ.
ერთია, უკვე არსებული რეალობა, უკვე ჩამოყალიბებული, დადგენილი, დამტკიცებული ნორმებით და მეორეც – რეალობა, რომელმაც შეიძლება იარსებოს, თუ პირველს გაემიჯნები და სახლის კარს გააღებ სხვაგან წასასვლელად. თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ დაჯდე აივნის კუთხეში და მხოლოდ ყავის ჭიქითა და ტორტის ნაჭრით განიცადო სიმშვიდე, მყუდროება და ბედნიერება.
კინო ყოველთვის მეტია და განსხვავებულია იმისგან, რაც და როგორც ცხოვრებაში ხდება. რადგან „მთელ ცხოვრებას“ ორ საათში – საეკრანო დროში – უყრის კომპაქტურად და დაპრესილად თავს და მის განზოგადებულ, მხატვრულ სახედ გარდაიქნება. სწორედ ესაა მთავარი და მნიშვნელოვანი, თუ როგორ იქცევა ჩვეულებრივი ცხოვრება კინოდ. როგორ ჩნდება რეალობის ეკრანული ანაბეჭდი, როგორ ყვება და აჩვენებს ავტორი „ცხოვრებისეულ“ ამბავს. „ნამდვილი ცხოვრება მას შემდეგ იწყება, როდესაც მას ართულებენ!“
ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსის ფილმის თავისებურება და მთავარი ნიშანი, თვალის ერთი გადავლებით, ისაა, რომ „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ არაა ფილმი ოჯახზე. არც სიყვარულზეა. არც სიძულვილზე. არც გულგრილობაზე. ის თავისუფლებაზეა და თავისუფლების დაუძლეველ ვნებასა და ძალაზე, რომელიც არსებობს და თან არსადაა. თუმცა, შეიძლება ყველაფერზე ერთადაა. ბედნიერებაზეც და სიყვარულზეც. უსიყვარულობაზეც და მარტოობაზეც.
ბედნიერების საძებნელად კი, როგორც ერთ სახელგანთქმულ ზღაპარშია, სხვაგან წასვლა შეიძლება საჭირო არ იყოს. და ისიც ფაქტია, რომ, თურმე, ყველა ოჯახი ერთნაირად არა მხოლოდ უბედური, არც ერთნაირად ბედნიერია.
ლელა ოჩიაური