იქ, სადაც მზე სხვანაირად ამოდის

მთების მიყრუებულ წიაღში დრო თითქოს ჩერდება და თითოეული წამი საუკუნეს ემსგავსება. სადღაც ცხრა მთას იქით, ადამიანების ყოფა აღარ ექვემდებარება თანამედროვე რიტმს. ისინი ცოცხლობენ ისე, როგორც ზღაპრებში ცხოვრობენ გმირები: დუმილში, რიტუალებსა და იდუმალებაში. ლევან თუთბერიძის ფილმი, „ცხრა მთას იქით“ (2015) სწორედ ამ სივრცეში გვამოგზაურებს ისეთ საქართველოში, სადაც რეალობა მითოლოგიაში იბლანდება და ყოველი კადრი უხილავი მნიშვნელობებით ივსება.

ცხრა მთას იქითქართული კინოს ერთერთი ყველაზე სუფთა და უჩვეულოდ ტკბილსევდიანი ნამუშევარია. ეს არ არის ფილმი, რომელიც მოვლენას პირდაპირ გადმოგვცემს ან რაიმეს გვასწავლის, იგი გვაფიქრებს და ჩაგვძირავს მითოლოგიურ სამყაროში.

მოქმედება ვითარდება მაღალმთიანი საქართველოს ერთ პატარა სოფელში. ინგლისელი ფოტოგრაფი ემი (კრისტალ ბენეტი) საქართველოში ჩამოდის, ქართველ შეყვარებულთან (თორნიკე ბზიავა) ერთად. მათ ურთიერთობა დაძაბული აქვთ და ამის გამოსასწორებლად ფოლკლორის მკვლევარს (მიშა გომიაშვილი) მიჰყვებიან დროისგან მოწყვეტილ სოფელში. ეს არის სივრცე, სადაც რეალობა მჭიდროდ უკავშირდება უძველეს მითებსა და ფოლკლორს. იქ ემი გაიცნობს იდუმალ კოპალას (თორნიკე გოგრიჭიანი), მამაკაცს, რომელიც ნელნელა მისტიკური ფიგურის ხასიათს იძენს.

თუთბერიძე არ გვთავაზობს კლასიკური სიყვარულის ამბავს. ემისა და კოპალას კავშირი მეტაფორაა კულტურული შეჯახებისა და გაუცხოებულ ურთიერთობებზე. ეს არ არის რომანტიკული სიუჟეტი, რომელსაც დასაწყისი და დასასრული აქვს. ფილმის მთავარი მიზანია ფოლკლორისა და მითოლოგიის გაცოცხლება თანამედროვე სინამდვილეში.

ლევან თუთბერიძე ერთერთ ინტერვიუში აღნიშნავდა: „ჩემთვის მთავარი იყო არ მოვყვე ისტორია, არამედ შევქმნა განწყობა, სადაც მაყურებელი იგრძნობს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება თუნდაც არ იცოდეს, კონკრეტულად რა.“ ეს ხედვა მთლიანად შეესაბამება ფილმის სტრუქტურას: აქ მნიშვნელოვანი ის არის, რაც არ ითქმის, რაც არ ჩანს კამერაში, მაგრამ იგრძნობა.

ეს არის ერთერთი იმ იშვიათ ფილმთაგანი, სადაც მოქმედება თითქმის უსიტყვოდ ვითარდება. დიალოგები მცირეა და სიმბოლური. პერსონაჟები ხშირად დუმან, ეს დუმილი კი მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვა. ვიზუალური ენა გადმოდის წინა რიგში და ქმნის აუდიტორიისთვის სულიერ სივრცეს. კამერა ნელა, აუჩქარებლად მოძრაობს. თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ სწორედ ამ არაფერში იკვეთება უხილავი ფილოსოფია. თუთბერიძის ძალა იმაშია, რომ ის არაფერს ამბობს პირდაპირ, თუმცა მისი ყოველი კადრი გაჟღენთილია მითოლოგიური დაძაბულობით.

ფილმის დასაწყისში, როცა ემი პირველად ჩადის სოფელში, ის ხვდება უცხო გარემოს: სოფლის ყოველდღიურობა თითქოს დროის მიღმა ვითარდება. ადგილობრივები თითქმის არ ელაპარაკებიან, მათ შორის არსებობს გაურკვეველი დაძაბულობა. ეს სცენა პირველივე წუთებიდან ქმნის ემისა და გარემოს შორის კულტურული და შინაგანი გაუცხოების ხაზს.

როგორც კოპალა ჩნდება ემის ცხოვრებაში, ისე ეს ფილმიც ჩნდება მაყურებელთან, თითქოს სხვა სამყაროდან მოსული. თხრობის ნელი რიტმი და არასტანდარტული სიუჟეტი მას სპეციფიკურ სიღრმეს სძენს. ეს ნამუშევარი განწყობის, ატმოსფეროსა და ფსიქოლოგიური ინტენსივობის გადმოცემაა. ის მათთვისაა, ვისაც შეუძლია სიჩუმის აზრს ჩაწვდეს.

ფილმის ერთერთი ცენტრალური ფიგურა კოპალა არა მხოლოდ პერსონაჟია, არამედ არქეტიპი. ის უცნობი და უხეშია, თითქოს ძალადობისგან დაცლილი, თუმცა მასში რაღაც გულისხმიერი და იდუმალი იმალება. კოპალა არის ბურუსით მოსილი ძალა, რომელიც, ერთდროულად, იწვევს შიშს, მოწიწებას, ინტერესსა და მორჩილებას.

ეს ფიგურა უკავშირდება ქართულ მითოლოგიაში არსებულ მითურ მონადირესკოპალას, რომელიც მონადირეთა მფარველი ღვთაებაა. ის არქეტიპულად წარმოადგენს შუამავალს ცხოველურსა და ადამიანურ სამყაროებს შორის, ძალას, რომელიც ბუნებრივსა და ზებუნებრივ გარემოებს აკავშირებს. თუთბერიძე იყენებს ამ ფიგურას არა რელიგიური ან ზღაპრული მნიშვნელობით, არამედ როგორც კოდს. კოპალა არის მითოსის წარმომადგენელი, იგი თითქმის არ ლაპარაკობს, მაგრამ მისი გამოჩენა გარემოს ძაბავს, ისევე, როგორც მითში, მისი გამოჩენა ნიშნავს გარდატეხას.

სოფლის მოსახლეობის დამოკიდებულება კოპალასადმი მთელი ფილმის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი მის მიმართ უნდობლობას ამჟღავნებენ, თითქოს საფრთხედ აღიქვამენ მის არსებობას. მათი შინაგანი წინააღმდეგობა, ზოგჯერ ბავშვურიც კი, ემოციურად ყველაზე მართალია და ფილმის ერთერთ მთავარ ხაზს წარმოადგენს.

ამ ნამუშევრის უმნიშვნელოვანესი თემა დროა, რომელიც არა, როგორც ქრონოლოგიური ერთეულია, არამედ როგორც ყოფიერების მდგომარეობა. აქვე წარმოდგენილია ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული სამყაროერთი ემისა, რომელიც დაცლილია თანამედროვეობით ნაკარნახევი წესებისგან, მეორე კი სოფელი, რომელიც მკაცრად ინარჩუნებს ტრადიციებს და თითქოს ფანტასტიკის ელფერითაა მოცული. ამგვარი დასავლური და აღმოსავლური დაპირისპირება იწვევს შინაგან ქაოსს, რომელსაც ემი მხოლოდ შეჯახებისას აცნობიერებს. მას არ ესმის, რომ ძველის შეცვლა ერთ დღეში შეუძლებელია და ერთ ადამიანს არ ძალუძს ტრადიციების საუკუნოვან ერთობას დაუპირისპირდეს.

ფილმი ერთგვარი კონფლიქტია ქალაქსა და სოფელს, პროგრესსა და ტრადიციებს შორის. ემის ურბანული თვალთახედვა, რომელიც თავისუფლებასა და ფუნქციონალურ ეფექტურობას ეძებს, ეჯახება სივრცეს, სადაც რიტუალი და ტრადიცია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რეჟისორი არც ერთ მხარეს არ აძლევს მორალურ უპირატესობას, თუმცა ხაზგასმით გვაჩვენებს, რომ ის, რაც მოძველებულად გვეჩვენება, შესაძლოა, მეტად ღირებული აღმოჩნდეს.

ფილმში არის მომენტი, როცა სოფლის ერთი მკვიდრი ამბობს: „თუ აქ მოხვედი, აქ უნდა დარჩე“. ეს ფრაზა აღწერს არა მხოლოდ ფიზიკურ იზოლაციას, არამედ იმ მდგომარეობას, რაც ემის ირგვლივ იქმნება. ეს ფრაზა ცხადად გამოხატავს იმ სამყაროს სტატიკურ, თითქმის რიტუალურ ბუნებას, სადაც ყველაფერი ცერემონიულად მიმდინარეობს. ასეთ სამყაროში უცხო ადამიანის გამოჩენა შეიძლება რღვევა იყოს.

ფილმის პერსონაჟები ხშირად ჩნდებიან, როგორც ფონური ფიგურები. მათი შინაგანი სამყარო არ იშლება სრულად ეკრანზე, რაც, ზოგ შემთხვევაში, მაყურებელსა და გმირებს შორის ემოციური კავშირის დამყარებას აფერხებს. ფილმის ნელმა ტემპმა და სიუჟეტურმა სტრუქტურამ, შესაძლოა, ნაკლებად ჩაითრიოს აუდიტორია. ასევე სოფლური ცხოვრების დეტალებზე სიღრმისეული ფოკუსირება, შეიძლება, გაუგებარი აღმოჩნდეს იმ მაყურებლისთვის, ვისთვისაც ეს უცხოა. 

გიორგი შველიძის ოპერატორული ნამუშევარი შთამბეჭდავია. პეიზაჟები და პერსონაჟების შორიდან დაკვირვება მათ სიმცირესა და ყოფიერების მაშტაბურობას უსვამს ხაზს. კამერა ხშირად სტატიკურია, თითქოს ცარიელ სივრცეს უყურებს, მაგრამ სწორედ ამ სიცარიელეში იკვეთება სინთეზი მითოლოგიასა და რეალობას შორის. ზაზა მიმინოშვილის მიერ შექმნილი კინომუსიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს. იგი ოსტატურად აზავებს ტრადიციულ მოტივებსა და თანამედროვე ელექტრონულ ელემენტებს. ზოგ სცენაში მუსიკა დიალოგს ცვლისიქ, სადაც სიტყვა ვერ ფარავს ემოციას, მუსიკა ლაპარაკობს. აკა მორჩილაძის სცენარი გამორჩეულია. მის თხრობაში გადამწყვეტია დეტალები. პერსონაჟები, გარემო და მათ შორის არსებული დაძაბულობა ქმნის მკაფიო კონფლიქტსა და ინტერპრეტაციის მრავალშრიან შესაძლებლობას.

ლევან თუთბერიძემ შეძლო მითოლოგიური და ადამიანური განზომილებების ერთ სივრცეში მოქცევა. ეს არ არის ფილმი, რომელიც პასუხებს იძლევა. პირიქით, ის კითხვებს აჩენს, გვაბრუნებს ფესვებთან და გვაიძულებს, რეალობას, ტრადიციებსა და თანამედროვეობას სხვა თვალით შევხედოთ. ეს არის მცდელობა იმ სამყაროს დანახვისა, რომელიც ჯერ კიდევ ძველ რწმენებში ცოცხლობს, სადაც ადამიანი მთასთან ლაპარაკობს, ქარს უსმენს და საკუთარ მარტოობას ისე ეჩვევა, როგორც ყოველდღიურობას. მასში არაფერია გასაგებად ნათქვამი, მაგრამ ყველაფერი თვალნათლივ იგრძნობა.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *