დიტო ცინცაძე თანამედროვე ქართული კინოს (მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ცხოვრობს, საქართველოშიც იღებს ფილმებს) ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. მის ყოველ ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ხვდებიან კინემატოგრაფისტებიცა და კინოსმოყვარულებიც. მისთვის ეტაპობრივი, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა 1993 წელს გადაღებული ფილმი „ზღვარზე“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კინოდათვალიერებაზე მიიწვიეს. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ეს კინოსურათი საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ლეოპარდით“ დაჯილდოვდა, ხოლო საქართველოში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე კი „ოქროს არწივით“. ამ ფილმმა ქართულ კინოს შემატა ნიჭიერი მსახიობი, გიორგი ნაკაშიძე, რომელიც კიდევ რამდენჯერმე გადაიღო თავის ფილმებში დიტო ცინცაძემ. ეს ტანდემი გაგრძელდა კინოსურათშიც „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ (2019).
რამდენიმე წლის შემდეგ ციხიდან ოჯახში ბრუნდება 37 წლის ირინა, ქმართან, ქალ-ვაჟთან და დედამთილთან. ასე იწყება ეს ფილმი. როგორც მისი კბილის ჯაგრისი უბრუნდება სააბაზანოში საერთო ჭიქას, ისე თავიდან უნდა დაიმკვიდროს ირინამ ადგილი ოჯახში, რომლის შენარჩუნებისათვის ქმრის დანაშაულიც თავის თავზე აიღო – „წამლის ბარიგის“ სახელით მოხვდა ციხეში. თითოეული ადამიანი წლების განმავლობაში აძლიერებს ოჯახურ, მეგობრულ ურთიერთობებს და ირინას ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა იგი ნათლად ხედავს, რომ ყველაფერი თავიდან უნდა ააწყოს, გაიცნოს და თავიდან გააცნოს თავი ყველაზე ახლობელ ადამიანებს. ამ სიმძიმეს უფრო აძლიერებს კინოოპერატორ გოგა დევდარიანის მიერ შექმნილი რუხი, უიმედო ქალაქი. გადაღებები ჭიათურაში მიმდინარეობდა. მაღაროელების მსვლელობის რეფრენი და სახლების აივნებთან ჩავლილი საბაგიროს კაბინა ამის მანიშნებელია. გოგა დევდარიანი თავისი ოსტატობით ფილმისთვის საჭირო გარემოს ნებისმიერ ლოკაციაზე შექმნის, თუმცა აქ შერჩეული ქალაქი მოქმედი პერსონაჟია. ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად რეჟისორები ერთი და იგივე გზას მიმართავენ დრამატული სიტუაციების შესაქმნელად: ჭუჭყიანი ქუჩები, დანგრეული შენობები, მოუწესრიგებელი ყოფითი პირობები ბინებში, ლოთები, ნარკომანები, თითქოს საპირისპიროდ საბჭოთა კავშირის დროინდელი ფილმებისა, რომელთა უმრავლესობაში ყველაფერი გაპრიალებულ-გაწკრიალებული იყო, ადამიანები კი შრომისმოყვარეობისა და წესიერებით გამორჩეული, სამაგალითო. ორივე მოდელი არამარტო ერთმანეთის საპირისპიროა, არამედ თითოეული უკიდურესობის, სიყალბის მატარებელი.
ფილმში „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ რუხ, უიმედო გარემოში (სცენარის ავტორი ნესტან (ნენე) კვინიკაძე) ერთადერთი ღირსეული „ნათელი ადამიანი“ გეი ლუკაა, რომელიც ამ ქალაქიდან (აქ ტირში მოგებულ სათამაშო წიწილასაც არ აძლევენ) აპირებს წასვლას, რათა იმუშავოს, ფული დააგროვოს და ციხეში მყოფ ავადმყოფ დედას დაეხმაროს, მიუხედავად იმისა, რომ მას შვილის სცხვენია. ამ შემთხვევაშიც ფილმის ავტორები ირჩევენ მას, ვინც საზოგადოებისაგან უარყოფილია. ეს უკვე ტენდენციაა უცხოურ და ქართულ კინოშიც. ჯერ კიდევ მრავალი წლის წინათ ჯონათან დემიმ ფილმში „ფილადელფია“ მაღალი ინტელექტისა და ერუდიციის, მიმტევებელი მხოლოდ არატრადიციული ორიენტაციის პერსონაჟი (ტომ ჰენქსის შესრულებით) გაგვაცნო, მხოლოდ ის შეიცნობდა ხელოვნების მწვერვალებს (მაგალითად, მარია კალასის ხმის დიდებულებას).
მთავარი გმირი ირინაც (სალომე დემურია) ადამიანებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ. აქვეა უმუშევრობის პრობლემა და, რაც მთავარია, შვილების გაუცხოება, ამ დრამატული სიტუაციის მიმართ ქმრისა და დედამთილის სრული ინდიფერენტულობა (პირველი მხოლოდ მის „მეტადონის პროგრამაში“ ჩართულობაზე ფიქრობს, მეორეს ფეხების უგრძნობლობა აწუხებს, რაც სიცრუე აღმოჩნდება). ირინას არ სურს ასეთ სიცრუეში ცხოვრება. მისი უმცროსი ვაჟი (იგი არ აძლევს მას უფლებას, დაბანოს და ბებიის გვერდით სძინავს) მხოლოდ სიზმარში კი არ უნდა უხმობდეს „დედას“, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. უფროსი შვილი, სოფო არ უნდა ექცეოდეს მას როგორც მოღალატეს, არამედ უნდა ამჩნევდეს, ესაუბრებოდეს დედას. ასევე სურს ირინას, რომ იზო (დარეჯან ხარშილაძე) თვალთმაქცი დედამთილის ნაცვლად მოსიყვარულე, გულწრფელი ბებია რომ იყოს. მის ქმარს, ირაკლის (გიორგი ნაკაშიძე), ზოგადად, ადამიანური და მამაკაცური ღირსებები რომ აქვს დაკარგული, რომელმაც ცოლი ციხისთვის გაწირა, საკუთარი ფიზიოლოგიური პრობლემები უფრო აწუხებს, ვიდრე შვილები. მას უნდა, რომ „ნაციხარი ცოლის“ კმაყოფაზე გააგრძელოს ცხოვრება და თუ ილოცებს, ყველაფერი მიეტევება. ამიტომ ირინამ ცხოვრება ნულიდან უნდა დაიწყოს, გააკეთოს ყველაფერი, რასაც სოციალური მუშაკები ურჩევენ. მხოლოდ ისინი დაეხმარებიან სამუშაოს მოძებნაში, მანამდე კი „იოგაზე“ უნდა იაროს, სწორედ აქ ვარჯიშისას გაისმება: „ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, მოუსმინეთ თქვენს თავს. რა გინდათ, მოუსმინეთ თქვენს შინაგან სამყაროს. არ შეგრცხვეთ, არ შეგეშინდეთ, იყავით ვინც ხართ და თქვენ იქნებით ბედნიერები!“ ირინას ახალი ცხოვრების ლაიტმოტივი სწორედ ეს უნდა იყოს იმიტომ, რომ აწმყოში ის ჰგავს იმ ცხენს, რომელიც ავტოავარიის მსხვერპლი გახდა, ადამიანებმა ადამიანებზე იზრუნეს, მომაკვდავი ცხოველი კი არავის გაახსენდა. ავარიას შემთხვევით შესწრებული ირინა იქნება მისი ჭირისუფალი. ეს არის ამ ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი – ორი მარტოსული არსება ხვდება ერთმანეთს.
დიტო ცინცაძის კინოსარეჟისორო ოსტატობა ყოველთვის გამოირჩეოდა მსახიობების შერჩევისას, პროფესიონალები იქნებოდნენ ისინი თუ არაპროფესიონალები. ამჯერადაც, სალომე დემურია საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდა. მისი მეტყველი სახე უფრო მეტის მთქმელია, ვიდრე ამა თუ იმ ემოციის გამოსახატავად მოშველიებული ტექსტი. თვით დაუცველი ირინა ხდება სხვების დამცველი. მთავარი მაინც ლუკასთან მეგობრობაა, რომელიც მხოლოდ მას გაუმხელს ინტერნეტში გაცნობილ ბიჭთან შეხვედრას და ირინა იქნება ერთადერთი ადამიანი, რომელიც დაიტირებს მის დასახიჩრებულ სხეულს.
„გამოსავალი ყოველთვის არსებობს!“ – ეს კოდური ფრაზაა, რომელსაც ფილმის ავტორები ფინალისათვის გვიტოვებენ, მაგრამ ის მაჟორულად სრულებითაც არ ჟღერს და არც ჩანს. ირინამ თავიდან ვერ დაიმკვიდრა ადგილი ოჯახში. ის ზედმეტი აღმოჩნდა ბინის სივრცით შემოფარგლულ გულგრილთა სამყაროში, რომელიც პატარა მსგავსი მოდელია გარესამყაროსი. ბოლო ვახშამი ოჯახის წევრების დაახლოების, იმედის მომტანი უნდა ყოფილიყო. სიჩუმე, რომელიც სუფრასთან ისადგურებს, იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს არაფერი არ აკავშირებთ არამარტო ირინასთან, არამედ ერთმანეთთან, თუმცა დიტო ცინცაძეს მაინც შემოაქვს იმედის ნაპერწკალი პატარა თენგოს სიმღერით სანტა კლაუსზე, რომელიც თურმე ქალაქში მოვა, გაარკვევს ვინ არის ბოროტი და ვინ არის კარგი, ამიტომ „იყავი კარგი და აკეთე სიკეთე!“ და ეს რეალურად რომ მოხდეს, ფილმის მთავარმა გმირმა, ირინამ უნდა იპოვოს თავისი ადგილი, გაძლიერდეს და შემდეგ დაუბრუნდეს შვილებს. ამიტომ ღამით იგი მიდის, ემშვიდობება მძინარე შვილებს: „სოფო, დე, მაპატიე, რა? იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ!“ შეცვლიდა თუ არა თავის გადაწყვეტილებას ირინა, რომ გაეგონა საპასუხო ძახილი: „დე!“? იქნებ ეს დედასთან დაბრუნებას ნიშნავდა. ეს კითხვის ნიშანი ჩვენთვის ისმება, ირინა კი განაგრძობს გზას, მიდის სიბნელეში. მას გვერდს უვლიან განათებულჩაფხუტიანი მაღაროელები, როგორც აჩრდილები. იგი არ უნდა შეჩერდეს, რომ თვითონაც აჩრდილად არ იქცეს, თანაბრად ისუნთქოს სიკეთისათვის, სხვა ცხოვრებისათვის.
ნანა თუთბერიძე