განქორწინება, რაც არ უნდა რთული ურთიერთობებისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა იყოს, მაინც იწვევს სიცარიელის, უიმედობის, მომავლის შიშისა და შფოთვის განცდას. ცოლ–ქმარი, რომელიც ერთ სისხლად და ხორცად მოიაზრებოდა, იხლიჩება და მათი გეგმებიმსწრაფლ იცვლის მიმართულებას. ერთი სიტყვით, ყველაფერი ყირამალა დგება. ამ ქაოსით გამოწვეული შფოთვა საკმაოდ დიდხანს გრძელდება მანამდე, სანამ ორივე არ მოერგება ახალი ცხოვრების რიტმს და თავიდან არ დაიწყებს ახალ რეალობაში ცხოვრებას. განშორებისგან გამოწვეული რთული ბარიერების გადალახვა თანაბარ სირთულეებთან არის დაკავშირებული ორივე სქესისთვის. განქორწინებასთან ადაპტაცია საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ოჯახური ურთიერთობის რღვევისგან გამოწვეული სევდა იმდენად მტკივნეულია, რომ ფსიქოლოგების აზრით, იგი შესაძლოა საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისგან გამოწვეულ სევდასაც კი გაუტოლდეს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეს დეპრესია და შფოთვები იმდენად გაუსაძლისია, რომ ერთ–ერთი მხარე ამ ყველაფერს ეწირება.
სწორედ ამ განშორების სევდასა და მისგან გამოწვეულ განცდებს, ტკივილს ასახავს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი, „ჰორიზონტი“ (2018), რომელიც თითქმის მთელიორსაათიანი მსვლელობისას დრამატიზმით, სევდით, მელანქოლიური კადრებით არის დატვირთული. ის სიყვარული, ემოციები, განცდები და ერთად გადატანილი მრავალი სიხარული თუ ტკივილი, რაც ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირდებდათ, უცებ იფანტება და სადღაც წარსულში იკარგება. ცოლ–ქმარი აღმოჩნდება ახალი რეალობის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში არსად ჩანს მათი ერთად თანაცხოვრების ამბავი, მათივე დიალოგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ მათ შორის მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთმანეთის გარეშე ძილიც კი შფოთვას იწვევს.
ანა (ია სუხიტაშვილი) შედარებით იოლად უმკლავდება ამ ძლიერ დარტყმას, მაგრამ გიოსთვის (გიორგი ბოჭორიშვილი) ეს განშორება საბოლოოდ საბედისწერო აღმოჩნდება. ის ვერ ეგუება ახალ განზომილებაში ყოფნას. მას ისევ თავის პარტნიორად მიაჩნია თავისი ყოფილი ცოლი, ისევ აქვს ერთად ყოფნის იმედი და ცდილობს, როგორც თაყვანისმცემელმა, თავის სიყვარულის ობიექტს ასიამოვნოს. ისმაშინაც კი ვერ იაზრებს მის „დაკარგვას“, როცა ანა პირდაპირ ეუბნება, რომ სხვა უყვარს და მაინც ბოლომდე ცდილობს მისი გულის მოგებას და მასზე შეყვარებული, მხატვარს მის პორტრეტს უკვეთავს.
რადგანაც რეჟისორის მიზანს არ წარმოადგენდა მათი განშორების მიზეზების ძიება, მისი სუბიექტური, მიკერძოებული დამოკიდებულება მთავარი გმირის მიმართ იმდენად აშკარაა, რომ მისი ემპათიურობა გიოს მიმართ ზოგჯერ ზედმეტადაც შეიძლება აღვიქვათ. მიუხედავად იმისა, რომ ანას უკვე ჰყავს რჩეული, რომელთანაც ოჯახის შექმნას გეგმავს, ვერ ვიგებთ, თუ რამ მიიყვანა ანა ამ გადაწყვეტილებამდე და როდის გამოჩნდა მის ცხოვრებაში ახალი პიროვნება. იქნებ ანამაც ბევრი იტანჯა სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა და მხოლოდ მისმა ძლიერმა ფსიქიკამ და შვილებზე ზრუნვამ არ მისცა საშუალება, რომ სასოწარკვეთას მისცემოდა.
ნაკლებად ვუფიქრდებით იმას, თუ რატომ და რისთვის გვიყვარდება, მაგრამ ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ სად ქრება ესოდენ დიდი სიყვარული. უმიზეზოდ გვიყვარდება, მაგრამ უმიზეზოდ იშვიათად ქრება ის გრძნობა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში განვიცდიდით. უპატივცემლობა, სიცივე, დამცირება, არამეგობრული დამოკიდებულება ნელ–ნელა გროვდებადა ერთ დღესაც წყვილი აღმოაჩენს, რომ მათ შორის რაღაც ჩაწყდა. გიო ისევ შეყვარებულია, ანა აღარ, ან კი და, უბრალოდ, რაღაცას გაექცა და რას, ეს არსად ჩანს. გიოს მოგონებები მხოლოდ განშორებისგან გამოწვეულ მძიმე წუთებს ასახავს. მართალია, რეჟისორი შეეცადა „მიტოვებული“ მამაკაცის პოზიციიდან შეეხედა ამ ყველაფრისთვის და ეთქვა, რომ განშორება ისეთივე დამანგრეველია კაცისთვის, როგორც ქალისთვის, მაგრამ აქ მთავარი მაინც განშორებისაგან გამოწვეული სევდაა, რომლის მსხვერპლიც შეიძლება როგორც მამაკაცი, ასევე ქალიც აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში კაცია დეპრესიის მსხვერპლი, ორივე მხარე შეიძლება აღმოჩნდეს.
განშორებისგან გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ზოგი გასართობ საშუალებებს მიმართავს – რომ წავიდეს სამოგზაუროდ, გაერთოს მეგობრებთან ერთად და დაუყოვნებილ დაიწყოს ახალი პარტნიორის ძიება. გიოს შემთხვევაში კი პირიქით ხდება. ის მიდის ისეთ უღიმღამო, პირქუშ ადგილას, სადაც არავის იცნობს, სადაც გარემო იმდენად ნაცრისფერი და მოსაწყენია, რომ ეს ყველაფერი უფრო უბიძგებს მას, საკუთარ მოგონებებში ჩაიძიროს. როგორც ჩანს, ვერც მისი ყოფილი ცოლი ვერ „ათავისუფლებს“ ბოლომდე მას და პერიოდულად ტელეფონით ეხმიანება ხოლმე, რაც გიოს იმედის ნაპერწკალს უღვივებს.
გიოს პერსონაჟი ნამდვილად იწვევს თანაგრძნობას. ის არ არის აგრესიული ყოფილი ქმარი, რომელიც ბოროტდება და ცდილობს, ცოლზე შური იძიოს. მიუხედავად იმისა, რომ ანა ხელახლა ქორწინდება, ის მაინც მის მიმართ ინარჩუნებს კეთილგანწყობას და ეწირება იმ მძიმე სტრესს, რასაც განშორება ჰქვია. გიოსთვის, როგორც დიზაინერისთვის, ისეთივე მიუღებელია ძველი, ლამაზი შენობის თანამედროვე სტილში სრული გარდაქმნა, როგორც ახალი ცხოვრების ხელახლა დაწყება. მისი დამოკიდებულება – ძველი რომ ახლით ჩაანაცვლოს და მთლიანად შეცვალოს, რაც მისთვის ძვირფასია, წარმოუდგენელია. ის არ „ღალატობს“ წარსულის ნაშთებს და არ ცვლის ახლით, ისევე როგორც არ და ვერ ღალატობს საკუთარ გრძნობებს ანას მიმართ და ბოლომდე მისი ერთგული რჩება.
ტბასთან მდგარი ძველი, ჩამოტყავებული სახლი, სადაც პერიოდულად ჭერიდან წვიმა ჟონავს, დაჭაობებული ეზო, სიცივე და ნაცრისფერი უღიმღამო ჰორიზონტი – ეს პირქუში პეიზაჟი და გარემო გიოსთვის ისეთივე ახლობელია, როგორც მისი შინაგანი მდგომარეობა. თინათინ ყაჯრიშვილის კინემატოგრაფიული ხელწერა, როგორც მის სხვა ფილმებში, აქაც აშკარად იკვეთება. ფილმის ნარატივისა და ვიზუალური ესთეტიკის შერწყმა აბსოლუტურ სინთეზში მოდის.
ფილმის უმეტესი ნაწილი გადაღებულია ფოთის მახლობლად, პალიასტომის ტბაზე, რომელიც პირდაპირი მეტაფორაა იმ მძიმე სირთულეებისა, რასაც თავად განშორებისგან გამოწვეული სევდა წარმოშობს ხოლმე. პალიასტომის ტბის, ზოგჯერ ბობოქარი და ზოგჯერ მშვიდი, არაპროგნოზირებადი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ ვიგებთ მის საბედისწერო და ავისმომასწავებელ შედეგებს. ასევე ვერ ვიგებთ, გიოს შემთხვევაშიც, მის შინაგან, ბობოქარ ღელვებს, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს იგი.
რატომ აირჩია რეჟისორმა გადასაღებად პალიასტომის ტბა, სადაც უამინდობისას სერიოზიული პრობლემები იქმნება ხოლმე? ალბათ, იმიტომ, რომ სურდა ყურადღება გაემახვილებინა იქ მცხოვრები მოსახლეობის რთულ ყოფაზე, რომლებიც სტიქიისაგან გამოწვეულ დაბრკოლებებს რთულად უმკლავდებიან. ფილმში პალიასტომის ტბა ადგილობრივი მოსახლეობისთვის წარმოადგენს საფრთხეს, რომლის სიახლოვეს ცხოვრებაც, მათ დიდ დისკომფორტს უქმნის. ამასთანავე, ეს ტბა ოდითგანვე ცუდ ასოციაციებს იწვევდა და მის გაგონებაზე, პირველ რიგში, გვახსენდება ლეგენდა, რომელიც ეგნატე ნინოშვილს თავის მოთხრობაში აქვს აღწერილი. თითქოს რეჟისორი წინასწარვე გვამცნობს გმირის საბოლოო აღსასრულს, როცა ის ამ ტბაზე აღმოჩნდება. პალიასტომი, თავისი ფლორისა და ფაუნის უნიკალურობის მიუხედავად, სიმბოლურად ზოგან სულების სამყოფლადაც მოიაზრება და ზოგჯერ კი არაამქვეყნიურ სამყაროში გარდამავალ კარიბჭედ. გიოც სწორედ მასთან სიახლოვეს ასრულებს თავის სიცოცხლეს და მისი საფლავიც, როგორც იქ მცხოვრები სხვა დანარჩენის, ტბის ნაპირთან ჰპოვებს სამუდამო განსასვენებელს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მთავარი სიუჟეტი გიოსა და ანას განშორებისგან გამოწვეულ განცდებს ასახავს, რეჟისორი არ შემოიფარგლება მხოლოდ მათი ცხოვრებით. აქვე არიან მოხუცი ქალი და კაცი, გიოს მსგავსად ცოლგანაცილები ჯანო და უსახლკარო მარიკა, რომლებიც ცხოვრობენ ტბის სიახლოვეს. მათ სულიერი მარტოობა და თანადგომა აკავშირებთ. სულიერად განმარტოვებულებმა და ახლობლებისგან მიტოვებულებმა ერთმანეთი იპოვეს და თავადვე შეიქმნეს მყუდრო თავშესაფარი.
ფილმის მაღალმხატვრულ ღირებულებას არა იმდენად შინაარსი განსაზღვრავს, არამედ მისი მხატვრული ფორმა. ხმის რეჟისურა არაჩვეულებრივად გადმოსცემს იმ დრამატიზმს, რაც მთელ სიუჟეტს ფინალამდე გასდევს. ბუნებრივი ხმაურები ისეთივე დიდი ემოციების ნაკადს იწვევს მაყურებელში, რამდენსაც სტატიკური, ჩუმი, ავისმომასწავებელი კადრები. ანას ხილვა საქმროსთან ერთად გიოს შინაგანი ღელვის საბაბი ხდება და მისი ყრუ გულისცემა, რომელიც ასევე მატარებლის ხმასთან ასოცირდება, სადგურში სიგნალით შემოსული მატარებლით იცვლება, რომელიც უცებ შთანთქავს მის განცდებს.
ეს არის პოეტური კინო, რომელშიც კადრები ზედმეტი სიტყვების გარეშე გიყვებიან ამბავს. კამერის ნელ მოძრაობას და ფილმის დინჯ თხრობის სტილს მთლიანად შეჰყავხარ იმ განცდების ტბაში, რა განცდებსაც თავად პალიასტომის ტბა და ის ჩაჭაობებული ნაპირი იწვევს. მუსიკას ფილმში მინიმალური დატვირთვა აქვს და მის ნაცვლად ბუნებრივი ხმაურები იმდენად მეტყველი და მრავლისმთქმელია, რომ, ფილმის კინოესთეტიკიდან გამომდინარე, მუსიკა ყველაზე ბოლოხარისხოვან მნიშვნელობას იძენს. მატარებლის ხმაური და კადრში მისი სწრაფი პერიოდული გაელვება, კადრს უფრო ექსპრესიულს ხდის. მოგონება გიოს ფიქრებსა და განცდებს უფრო მეტ სიმძაფრეს სძენს, ხოლო მელანქოლიური, ტბის ნაცრისფერი პეიზაჟები ნარატივს პოეტურობას ანიჭებს. ფილმი, გარკვეული დოზითაც კი, შეიძლება „ნელი კინოს“ ესთეტიკას მივუსადაგოდ.
დათოვლილი ხეებისა და სახლის პეიზაჟი სევდისა და მელანქოლიის განცდას იწვევს, რომლის ფონზეც გმირს აღსასრული ნელი ტაატით უახლოვდება. სტატიკურ კადრთან ერთად სამგლოვიარო განწყობას ბადებს ბუნების თეთრი საბურველი და კადრსმიღმა მუსიკა, რომელიც, შუშის მუსიკის ჟღერადობის მსგავსად, ცივ, უსულო, შემაძრწუნებელ ასოციაციებს იწვევს. ნაცრისფერ, ბუნდოვან პეიზაჟში დალანდული ჰორიზონტი ტბის ლივლივსა და კუნძულს შორის წარმოქმნილ ნისლში იკარგება.
რეჟისორი მთავარი გმირის გარდაცვალებით არ ასრულებს ამბავს. ის უფრო ორიგინალურ გადაწყვეტას ამჯობინებს. ანა, რომელიც უკვე გათხოვილია და იგებს გიოს სიკვდილს, რომლის მიზეზიც მისგან გამოწვეული დარდია, უცებ სხვა რეალობას აწყდება. ქვრივის მსგავსად, ძაძებში შემოსილი ჭირისუფალი მარიკა, ანას შოკისმომგვრელ ამბავს ატყობინებს. თურმე ის და გიო ერთად ძალიან ბედნიერები იყვნენ, ხელის მოწერას აპირებდნენ და სამომავლოდ სახლის აშენებასაც კი გეგმავდნენ. მარიკას ქალური კონკურენცია და სამაგიეროს გადახდის ჟინი პიკს აღწევს. იგი ამ მონაჩმახით პირდაპირ მეხის ტყორცნასავით ანადგურებს ანას და აგრძნობინებს, რომ ის არ იყო ერთადერთი საყვარელი ქალი გიოს ცხოვრებაში. უფრო მეტიც, მიცვალებულსაც კი არ ატანს ქალაქში დასასაფლავებლად.
ანა, იღლიაში ამოჩრილი პორტრეტით, გაოგნებული ტოვებს სახლს. ნავი ნელ–ნელა შორდება ნაპირს და პარალელული მონტაჟით ერთმანეთს ენაცვლება ორი მგლოვიარე ქალის სახე: ანა, რომლისთვისაც ეს ამბავი სამუდამო ამოცანად დარჩება და მარიკა, რომელიც ნიშნის მოგების მზერით „აცილებს“ მას იმ დაბინდული, გაურკვეველი უსასრულობისკენ, როგორი უსასრულოც ჰორიზონტია.
ქეთევან ღონღაძე