თაობათა კონფლიქტი ხელოვნებაში ერთ-ერთი მარადიული და მნიშვნელოვანი თემაა. მშობლებსა და შვილებს შორის გაუგებრობები არც ისე იშვიათია და რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ხშირი ხდება. ამის შესახებ უამრავი წიგნი დაიწერა და ასობით ფილმი გადაიღეს, ამიტომ ძალიან რთულია რაიმე უნიკალური შექმნა. სოსო ბლიაძის კინოსურათი, „სამი საფეხური“ (2017) ამ კატეგორიის ერთი რიგითი წარმომადგენელია.
წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია მოზარდისთვის, რომელიც, ერთდროულად, ყველაფერზე ფიქრობს, არა მარტო თანატოლების გარემოს მორგებაზე, არამედ უფროსების სამყაროს გაგებაზეც. გაიხსენეთ ის დრო, როცა თავად იყავით მოზარდები, როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში, რომელშიც მთავარი გმირი აღმოჩნდება.
ახალგაზრდობა მშვენიერია და, ამავე დროს, რთული პერიოდია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ამ დროსახლებურად აღმოაჩენთ სამყაროს და იძენთ ახალ ნაცნობებს, ცდილობთ გამოიცნოთ საკუთარი თავი, აირჩიოთ მომავლის გზა და არ იცხოვროთ უფროსების ბრძანებით. ამ დროს ხდება ჭეშმარიტი ადამიანური ურთიერთობების გაცნობაც. ამ ყველაფერთან შეჭიდება 13 წლის მარიამს ძალიან მძიმე გარემოში უწევს. მისი ახალგაზრდობა განსხვავდება თანატოლებისაგან.
ვისთვის შეიძლება იყოს ეს ფილმი განკუთვნილი, ვინ არის სამიზნე აუდიტორია? მოზარდებისათვის? ვისაც რთულად უწევს გაუმკლავდეს გარდატეხის ასაკს თუ მათი მშობლებისათვის, რომლებიც თავისებურად ცდილობენ შვილების გაგებას? უპირველეს ყოვლისა, ფილმი განკუთვნილია მათთვის, ვისაც მოუწევს შვილების აღზრდა, რათა ისინი იყვნენ მომზადებული ყველა იმ სირთულისთვის, რასაც შეიძლება წააწყდნენ. კინოსურათის ნახვის შემდეგ შეიძლება გადააფასო ბევრი დაუდევრად ნათქვამი სიტყვა ან ქმედება შვილებთან მიმართებაში, ახლებურად შეხედო ურთიერთობებს, თუმცა მოზარდებისათვის ეს ფილმი არაფრისმომცემია. ისინი ვერაფერს ისწავლიან აქედან, იმიტომ რომ არ არის ნაჩვენები მთავარი გმირების შინაგანი სამყარო, რაზეც უნდა იყოს დაფუძნებული მთელი თაობის ფილოსოფია.
რეჟისორმა წამოჭრა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თემა, როგორიც არის: მამა-შვილს შორის ურთიერთობა, სოციალური პრობლემების ფონზე მოზარდის ცხოვრება და მისი შიშები. ამ ყველაფრის სრულად გასაშლელად ქრონომეტრაჟი საკმარისი არ არის. 19 წუთში ავტორმა ვერც ერთი თემის სრულყოფილად ჩვენება ვერ შეძლო, დასვა კითხვები, მოყვა ამბავი, მაგრამ რატომ მოყვა, რისი თქმა სურდა და რა არის გამოსავალი, გაუგებარია. ვერ ნახავთ რაიმე ინოვაციურს ან თუნდაც ორიგინალურს თემის გამჟღავნებაში. მოკლემეტრაჟიანი ფილმების შემთხვევაში უფრო მომგებიანია აიღო კონკრეტული თემა და მის გარშემო იმუშაო. ასე უფრო მარტივად მივა სათქმელი აუდიტორიამდე.
13 წლის მარიამის გარემოს აღწერით მაყურებელი თავიდანვე ხვდება, რომ მასთან ყველაფერი ძალიან ცუდადაა, არამიმზიდველი გარემოა და მეგობრების ნაკლებობა. ის ექსცენტრიკულია, მარტოსულია და დაკარგულია რეალობაში. ამასთან ერთად, იმპულსურია და არ ფიქრობს მანამ, სანამ რამეს მოიმოქმედებს. მამა ძალიან მკაცრია მასთან, ის არ ჰგავს სხვა მშობლების უმრავლესობას. მთავარი გმირი იძულებულია მოიქცეს ისე, როგორც მამა უბრძანებს: იქურდოს, დაეხმაროს მძიმე სამუშაოების შესრულებაში…
მარიამის აზრები, მოტივები, ყველაფერი, რაზეც ნამუშევარი უნდა ყოფილიყო დაფუძნებული, სადღაც გაქრა. დარჩა მხოლოდ მთავარი გმირისა და მის გარშემო მყოფთა უცნაური ქმედებები. არ ჩანს, რას განიცდის იგი, რა უნდა, რატომ არის ასეთი მარტოსული, ეს ყველაფერი ფილმში ნაჩვენები არ არის. შესაბამისად, გაუგებარია კიდეც ზოგი ეპიზოდი.
კინოსურათს ეტყობა, რომ ავტორი კარგად არ იცნობს თემას. გარემო, რომელშიც სიუჟეტი ვითარდება, და მამასთან ურთიერთობა რეალურად უნდა ყოფილიყო მინიშნებები მარიამის შინაგანი სამყაროს გასაცნობად. ატმოსფერო პირველხარისხოვანია, რათა მაყურებელმა ზუსტად გაიგოს, რატომ არის ეს მამა-შვილი ასეთ მდგომარეობაში, რატომ ცხოვრობენ ჯიხურში, რა არის მათი ამ სიტუაციაში ყოფნის მიზეზი. ამას აკლია პრეისტორია და სიღრმე, რაც უფრო მეტად შეკრულს გახდიდა ფილმს. გინდა მეტი იცოდე მარიამის წარსულზე, მის გარემოსა და ახლობლებზე.
გამოსახულება და ხმა ნორმალურია. მათში გასაოცარი არაფერია, თუმცა არც ისეთია, რომ მაყურებელს დისკომფორტი შეექმნას ფილმის ცქერისას. მუსიკა თითქმის შეუმჩნეველია. მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, ისე, რომ ძნელი დასაჯერებელია, როგორ შეიძლება ამდენი რამე მოხდეს ასეთ მოკლე პერიოდში.შესაძლებელია, კინოსურათი ასახავდეს თბილისის გარეუბანში ცხოვრებას, თუმცა ის ზოგ ადგილას ზედმეტად გაზვიადებულია და ზოგან კიდევ ძალიან მწირია, ამიტომ რთულია მისი დაკავშირება რეალობასთან.
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც რეჟისორი ცდილობს ყურადღების გამახვილებას, არის მარიამის შიშები, რომ მამა მას ფულის გამო უღალატებს და გაყიდის. ამის მისანიშნებლად რეჟისორი რამდენიმე ეპიზოდს გვაჩვენებს კიდეც, როდესაც მამა მარიამს მოულოდნელად აძლევს ფულს და ეუბნება, რომ თმა შეიჭრას და მოწესრიგდეს, ვიღაც უცნობ კაცს ელაპარაკება და მარიამისკენ უთითებს, თუმცა ამ ყველაფრის გასამტკიცებლად არაფერი ხდება. თან ეს იმდენად სხვათაშორის არის ნაჩვენები, მაყურებლების უმრავლესობისათვის შეუმჩნეველი დარჩებოდა. ფილმის ქვეთემებიდან ერთ-ერთი ჩანასახშივე მოკვდა.
შემდეგი საკითხი ახალგაზრდობა და მასთან დაკავშირებული პრობლემებია, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, იდეა ბოლომდე არ არის გაშლილი. კი ცდილობს ავტორი, აჩვენოს გარკვეული ფრაგმენტები, რომლითაც გაირკვეს, რა შეიძლება აწუხებდეს ამ ასაკის თინეიჯერს, მაგრამ ეს ყველაფერი კონტექსტიდან ამოვარდნილს ჰგავს, რადგან არ აქვს დასაწყისი და დასასრული.
ამის მსგავსადაა წარმოდგენილი სოციალური პრობლემები. გარეუბანში ნაგავსაყრელთან ახლოს, პატარა ჯიხურებში მცხოვრები სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები, ყველანაირი ხერხით რომ ცდილობენ თავის გადარჩენას: ქურდობენ, ვიდეოკასეტებზე ამრავლებენ ფილმებს, რომლებსაც მერე ორ ლარად ყიდიან, მუშაობენ მტვირთავებად, აკეთებენ გაფუჭებულ ტექნიკას და ა. შ. ამ საქმეებში ჩართულია ყველა – კაცი, ქალი და ბავშვი. ისმის როგორც ქართული, მეგრული, ასევე უცხოენოვანი საუბრებიც, თუმცა როგორ მოხვდა ეს ხალხი აქ, ამაზე სიტყვაც არ არის ნახსენები.
შედარებით უკეთ არის ნაჩვენები მამასა და თინეიჯერ შვილს შორის პრობლემა, ამიტომაც კარგი იქნებოდა სხვა თემების უგულებელყოფა მომხდარიყო და მთლიანად ამ ხაზის განვითარებას დათმობოდა მთელი სიუჟეტი. თან ამისათვის კარგი ნიადაგი არსებობდა, თუმცა ვერც კი შეამჩნევ, რომ ეს ერთ-ერთი მთავარია, რადგან იმდენი თემა შემოდის და იხლართება ერთმანეთში, რთულია გარკვევა, რა არის მნიშვნელოვანი და რა მეორეხარისხოვანი.
მარიამის მსგავსად, მამის პერსონაჟიც არ არის ღრმა, არ ჩანს მისი დამოკიდებულება შვილის მიმართ. მისი ტირანად ჩვენების მცდელობა ჩაიშალა. ის ზედმეტად სასტიკი არაა. არადა, არის ეპიზოდები, სადაც ეს მცდელობა იყო. მასში თითქოს ორ განსხვავებულ პიროვნებას უყურებ – ერთი, რომელიც შვილთან ერთად მიდის გასაქურდად და გამოჭერის შიშით დანაშაულის ადგილზე მარტო ტოვებს მას. მერე აიძულებს ფიზიკურად იმუშაოს, შეუძლია ბავშვურ შეცდომაზე ხელი დარტყას, მაგრამ, ამის პარალელურად, ვხედავთ კადრებს, სადაც დამტვრეულ ჭურჭელს შვილთან ერთან ხელით კრეფს, თავისი ხელით უდებს საჭმელს თეფშზე, აძლევს ფულს თავის მოსაწესრიგებლად და, რაც ყველაზე მთავარია, ლაპარაკიდან და გამოხედვიდან, უმრავლეს შემთხვევაში, იგრძნობა, რომ მას შვილი უყვარს, თუმცა როგორ გამოხატოს ეს, არ იცის. ამას ვერ ვიტყვით მარიამის შესახებ, რამეთუ არ ჩანს მამის მიმართ მას რა გრძნობა აქვს – შიშის, სიყვარულისა თუ მორიდების. მამის პერსონაჟიც ითხოვს პრეისტორიას, როგორ მივიდა იგი ამ მდგომარეობამდე, რატომ ზრდის შვილს მარტო, როგორ აღმოჩნდა უსახლკაროდ. ჩნდება კითხვები, იქნებ მასაც რთული ბავშვობა ჰქონდა და ამიტომაც არ შეუძლია გამოიჩინოს სითბო და აგრესიულია ერთადერთი ქალიშვილის მიმართ. ეს კითხვები ითხოვს პასუხებს, რაც დაგვეხმარება მივხვდეთ, თუ რატომ იყო საჭირო ამ ფილმის შექმნა და რა უნდა ვისწავლოთ აქედან.
დიალოგები არაფრისმომცემია, ხელოვნურად ჟღერს ყველა პერსონაჟის წარმოთქმული თითოეული სიტყვა. მრავლად არის ბილწსიტყვაობა, რაც ფონურ ხმაურადაც კი ისმის მიუხედავად იმისა, კონტექსტს სჭირდება თუ არა.
დასასრული, გარკვეულწილად, ბუნდოვანი და ნაკლებად დინამიკურია, ვიდრე ფილმის დანარჩენი სიუჟეტი. მიუხედავად იმისა, რომ ის ატარებს მთავარი გმირის თვითგამოხატვის მცდელობას, სცენა ნაკლებად სერიოზულიადა მნიშვნელოვნად აფუჭებს მთლიან ფილმზე შთაბეჭდილებას, მაყურებლის ყურადღებას არ ამახვილებს პრობლემაზე.
თითოეულ ფილმში, შესაძლებელია, თუნდაც ერთი ნათელი წერტილის პოვნა და მისი დაუფასებლობა უსამართლობა იქნება. თავისთავად, ეს ფილმი დახვეწას კი მოითხოვს, თუმცა მან შეძლო დაეტოვებინა კითხვები, რაზეც დაფიქრება და მსჯელობა ღირს, მოყვა ამბავი, რომელიც ვინმესთვის შეიძლება ძალიან მშობლიურიც კი აღმოჩნდეს.
თეონა ვეკუა