ქართული დოკუმენტური კინოს სიკეთეც და საგნების თუ არსებულის დღეისათვის აუცილებელი, ღრმა ხედვა, ალბათ, იმდენად საჭიროა თანამედროვეობისთვის, როგორც იმედი. იმედი არა უკეთესი მომავლისა, არამედ იმისა, რომ ნამდვილი სიცოცხლე მხოლოდ ოცნების ყველაზე პატარა, გულწრფელ მარცვალში იბადება და იზრდება.
ჯერ კიდევ საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში, ქართულ დოკუმენტურ კინოს, ძიებისა და აღმოჩენის სხვადასხვა, მოულოდნელი სფეროები ჰქონდა მოცული, რაც მის მრავალფეროვან თემატიკას განაპირობებდა. ეს მემკვიდრეობა, მერაბ კოკოჩაშვილის, გურამ პატარაიას, გელა კანდელაკის, გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის, გურამ ჟვანიას და უამრავი სხვა დოკუმენტალისტის მეოხებით, გარკვეულ ტრადიციას გვკარნახობს. ქართული დოკუმენტური და სატელევიზიო კინო სხვაგვარი, ღრმა განცდის საფეხურზე ვითარდებოდა ყოველთვის. შესაძლებელია, ბევრ შემთხვევაში ის ნაკლებად ანალიტიკური, ან ნაკლებად თანმიმდევრული იყოს. თუმცა ეს არა ნაკლი, არამედ მისი მახასიათებელიცაა. ამ ტრადიციის თანახმად, ქართული დოკუმენტური კინოს მთავარი ღირსება ყოველთვის მის უჩვეულოდ განცდით სავსე ხედვაშია. თითქოს მარტივად ჟღერს, მაგრამ სამყაროში, სადაც სატელევიზიო დოკუმენტურმა შემეცნებითმა კინომ, რეალობის სხვა, რაც მთავარია, შოკისმომგვრელი ფაქტების ძიებაში, დაკარგა თავისი მთავარი სათქმელი და მხატვრული მთლიანობა, ასეთ სამყაროში, თავისთავადობის შენარჩუნება ღირსებაა.
თამარ და გიორგი ბართაიების ფილმი, ,,მტვერით მოწამლულები“ (2018) ლაგოდეხის სახალხო თეატრის დასის წევრთა ყოველდღიურობას და ასევე მათ მთავარ ხორცშეხსმულ ოცნებას – თეატრს ეძღვნება, თეატრს, სადაც 90 წლის ასაკის მოხუცის, ჟორა პაპას თეატრისადმი სიყვარულიდან დაწყებული, უკლებლივ ყველას თავისი საოცნებო სივრცე ასულდგმულებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თამარ ბართაიას მიერ შექმნილი ეს ნათელი, ლაღი მიკროსივრცე უკვე ავტორისაგან დამოუკიდებლად სუნთქავს და არსებობს. თითქოს ასევე ვითარდება დასის წევრების ყოველდღიური ცხოვრება, რომელიც წვიმის ხმაურში, ყვავილნარში ჩაიკარგება და შემდეგ ქოლგის ქვეშ, აჩქარებული ნაბიჯით, ყოველი მათგანი იმ შენობისკენ გასწევს, რომელიც თეატრს გამოუყვეს… ეს არც თუ კარგ მდგომარეობაში მყოფი შენობაც და მცირე მასშტაბის სცენაც რეალურად მოძრავი სამყაროა, თავისი ოცნებებითა და იმედებით. ფილმის ავტორი ამ ოცნებებს ან განუხორციელებელ მიზნებს არ განიხილავს, არც საჯარო კითხვებით ზღუდავს მაყურებელს. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია დავინახოთ საერთო ხედით მომზირალი დასახლების ნისლიანი, ყოველ სეზონზე ასე მკვეთრად შეცვლილი ხიბლი. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი, რასაც ფილმის გმირები მოგვითხრობენ, თითო, ცალკე არსებული ისტორიაა და ამ ისტორიებში მეტყველი პორტრეტები არა მხოლოდ სიმკვეთრეს, არამედ თითქოს ლუიჯი პირანდელოს პერსონაჟებისთვის დამახასიათებელ, მზარდ, განზოგადებულ მახასიათებლებს იძენენ.
ჟორა პაპასა და ახალგაზრდა მსახიობისთვის საოცნებო სამყარო შექსპირის დიდ ტრაგედიაში მონაწილეობას, დრამატურგიულ სრულყოფილებას ნიშნავს. თუმცა, არც ერთი მათგანი, არ არის ფუჭი ილუზიის მატარებელი და სწორედ ამიტომ, ფილმის ავტორისთვის ეს ხასიათები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არა კონტრასტი, არამედ ყოფის პროზაიზმია მიმზიდველი, თავისი აუჩქარებელი, მშვიდი ტონით, მოვლილი ბოსტნისა და სიმწვანის სიჩუმით, სადაც ფილმის ავტორს თითქოს არც კი სჭირდება დეტალების ხაზგასმა – ის არ ეძებს მოხუცი ჟორა პაპას დაუღალავ ხელებში რაიმე საოცრებას ან მის სამსახიობო ენერგიაში განვლილი ცხოვრების საიდუმლოებებს არ მისდევენ, რაც თანამედროვე სატელევიზიო დოკუმენტალისტიკის, უკვე ტენდენციად ქცეული შტამპია. პირიქით, ავტორს ამ პროზაში სხვაგვარი ფილოსოფიური ჭეშმარიტების დანახვა შეუძლია – ყოფა თეატრს გარეთ, ყოველდღიური საქმე სინამდვილეში ქმნის ამ ადამიანების ექსტრავაგანტურ ბუნებას. ხან თვალის ჭრილი გამოკრთება ახლო ხედით, გულმოდგინედ შეღებილ, ზღაპრის ილუსტრაციულ სიჭრელეში, ხან ღუმელთან შეკრებილი მსახიობების უშუალობა და ძალზე ბუნებრივად, სრულიად ძალდაუტანებლად განფენილი დღის რბილი სინათლე სიამოვნებს თვალს. სარეპეტიციოდ შეკრებილი მსახიობების ოთახიდან იოლად ჩნდება მთავარი კითხვა: თუ ყოველივე, რასაც ეს ადამიანები ერთგულად ემსახურებიან, ამდენად წრფელი სიყვარულის მატარებელია, მაშინ მთავარი უკვე არსებულა და ყოფილა მათ ცხოვრებაში – ის, რისთვისაც ღირს მთელი დღის შრომაც და გარჯაც. თამარ ბართაიამ ყოველი მათგანის ამბავი, ოჯახური ყოფა ცალკე ნოველისტურ ჩანართებად აქცია თითქოს და ამით ეს ნოველები ლოგიკურ წერტილთან – კვლავ თეატრის სიყვარულთან დააკავშირა. თოჯინების თეატრიც, რომელიც ამ დასის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა, ამავე ადამიანთა ცხოვრებაში, სრულიად უნიკალურ სივრცეს ქმნის: ბავშვები, სოფლის ან დაბის მოედნები, ერთად თავმოყრილი არტისტები და ცეკვა-სიმღერა. იშვიათად, მაგრამ მაინც, ფილმის ავტორი ოდნავ სევდიან მზერას წააწყდება, თუმცა ესეც მის თხრობაში ბუნებრივად აღმოცენებული ადამიანური განცდაა და ერთმანეთთან სეზონური ჟამთასვლის თანახმად მიწყობილი ეპიზოდები სავსეა ამ განცდით.
საბერძნეთში სამუშაოდ წასული დასის წევრი უკან ბრუნდება და შექსპირის პიესაში ითამაშებს…
,,ჰამლეტში“ ითამაშებს ჟორა პაპაც…
ახალგაზრდა მსახიობის ოცნება ახდება და, ალბათ, სწორედ ის გახდება ჰამლეტის როლის შემსრულებელი…
დასახლებაში გაუქმებული თამბაქოს ქარხნის ნანგრევებში მსახიობები და რეჟისორი ახალ პიესაზე მუშაობენ… ესეც ექსცენტრიკული პასაჟია, რომლითაც სავსეა ამ ადამიანთა ნამდვილად ღირსეული ცხოვრება და რომელიც სავსეა თეატრისადმი სიყვარულით.
თბილისში, მოძრაობის თეატრის შენობაში გასტროლის აღწერისას, ფილმის ავტორი იმდენად კარგად ხედავს სივრცეში მოძრავი ადამიანების, არტისტების მთელ ემოციურ განწყობას, რომ ამ ეპიზოდს არც ერთი სიტყვიერი განმარტება და რეპლიკა არ სჭირდება. ,,მტვერით მოწამლულები“, საერთოდ ბევრს არ მეტყველებენ – უბრალოდ და მარტივად ესაუბრებიან მაყურებელს.
„თეატრის გარეშე ვერ წარმომიდგენია…“, „ვითამაშებდი სერიოზულ როლს“, „მელაკუდა…“, „მგელი“, „ვემზადებით…“, „ჩემი ბოსტანი“… , ეს ყველაფერი ცალკე და ერთად თავმოყრილი ცხოვრების ფრაგმენტებიდან ერთი ცხოვრების სურათს ქმნის, სავსეს და კეთილი სურვილების მატარებელს. ფილმის გმირებს რამდენიმე და, საბოლოოდ, ერთი ავტოპორტრეტი აქვთ. არაფერი, რასაც რეჟისორები ხედავენ, არ არის გამოყენებული აქცენტებისთვის, ვინაიდან, როგორც ჩანს, მაყურებლის ყურადღება ისედაც სწორად არის მიმართული მთავარი კითხვისკენ – ეს თუ არ არის ჰარმონია და ის სამყარო, რომელიც სურთ ადამიანებს, მაშინ ყველაფერი ილუზია ყოფილა.
ლაგოდეხის სახალხო თეატრი ამ ოცნებებისა და სურვილების პატარა მოდელია, შესაძლებელიაა ბევრი რამ სჭირდება, თუნდაც ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფისათვის, მაგრამ მისი აუჩქარებლად მონათხრობი ამბავი მთავარს ამბობს: ქართული დოკუმენტური კინოს საუკეთესო ტრადიციაში არა არსებულის უტრირება, არამედ ისევ და ისევ მისი ამოცნობაა, უფრო სწორად, მისი ნამდვილი პოეტური ან პროზაული არსის ამოცნობა! ბაღის და ბოსტნის კვალში, უბრალო სამოსში, ცეკვა-თამაშში, მაყურებლის გახარებულ მომღიმარე სახეებში და დილის დასახლების გულისამაჩუყებელ ხედში არსებული თეატრის დასის წევრების ცხოვრების ამოცნობა კი ჭეშმარიტების საზომამდე მიგვიყვანს – ბოლოს და ბოლოს, მარადისობაა ხელოვნების სიყვარული.
ქეთევან ტრაპაიძე