მშობლიური „მეტალურგი“

თბილისის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე ქართული კინოპროგრამა, შეიძლება ითქვას, ყველაზე სუსტი იყო ამ ფესტივალის ისტორიაში, თუმცა იყო „მარგალიტები“, რომლებმაც თავი გამოიჩინეს და საოცარი ემოციებით აღჭურვეს მაყურებელი. ასეთი გამორჩეულად კარგი ფილმი იყო გიორგი ვარსიმაშვილის და ჟან ნუშის კინოსურათი, „სასტუმრო „მეტალურგი“ (2023), რომელიც მოგვითხრობს წყალტუბოში, სასტუმრო „მეტალურგში“ შესახლებულ, აფხაზეთიდან დევნილ ადამიანებზე, რომლებისთვისაც 30 წლის მანძილზე ეს შენობა მშობლიურ კერად იქცა.

ლეგენდარულმა ამერიკელმა არქიტექტორმა, ლუის კანმა თქვა: „ყველა შენობას აქვს საკუთარი სული“ და ეს სიტყვა პირდაპირ შეესაბამება სასტუმრო „მეტალურგს“, რომელმაც როგორც მშობელმა, ისე მიიღო ომს გამოქცეული დევნილები.

ავტორებმა შეძლეს და გვანახეს არა მარტო შენობა, არამედ მასში მცხოვრები ადამიანების სული და შინგანი სამყარო. შვიდი ოჯახის პორტრეტი, რომელთა შორის მთავარ პერსონაჟებად დედა-შვილი გამოიკვეთა. ისინი იქ მცხოვრებლებიდან ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდნენ. მათი განსხვავებულობა იწყება იმ სილაღით, როგორითაც ისინი არიან განწყობილი ერთმანეთისა და ცხოვრების მიმართ. ამას შეიძლება დავარქვათ მელანქოლიური ოპტიმიზმი. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ისინი ყველაზე ბოლოს გავიდნენ სასტუმროდან. ხელისუფლებამ როდესაც სასტუმროში მცხოვრებ ადამიანებს ბინები გადასცა, დედა-შვილს ყველაზე მეტად გაუჭირდა ბინაში გადასვლა, გარკვეული მიზეზის გამო.

ქართული დოკუმენტური კინო წინ რომ არის მხატვრულ კინოზე, ეს ნათელია. ამ ფილმმა კიდევ ერთი ნაბიჯით აამაღლა კინოდოკუმენტალისტიკა, რადგანაც მასში არის ის, რასაც ყოველთვის ვითხოვთ ქართული დოკუმენტალისტებისაგან. ეს არის ავტორისეული ხედვა, პოზიცია იმის შესახებ, რაზეც არის ფილმი. ბოლოს კი საინტერესოა კამერის „უჩინარობა“, როდესაც არ იგრძნობა გადამღები ჯგუფის ყოფნა, რა დროსაც პერსონაჟები მეტად თავისუფალი და ბუნებრივი არიან. ფილმში სამივე ეს კომპონენტი მაღალ დონეზეა შესრულებული.

ქართული კინოსთვის დამახასიათებელია შენობის ან ადგილის, ერთგვარად, პერსონიფიცირება, როგორც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟისა ფილმში, თუმცა იშვიათად გვხვდება ისეთი ნამუშევრები, სადაც იქ მცხოვრები ადამიანებისა და „მთავარი პერსონაჟის“ ურთიერთობაა ნაჩვენები. ამითაც განსხვავებულია ავტორი, რა დროსაც შეიძლება გაგვახსენდეს კლასიკად აღიარებული, ძმები მეიზელზების ფილმი, „ნაცრისფერი ბაღები“ (1975), თუ როგორ ურთიერთბა აქვთ სახლს და მასში მცხოვრებ ედით ბიელს. ამ შედევრად ქცეული ნაწარმოებისაგან განსხვავებით, „სასტუმრო „მეტალურგში“ არათუ ვხედავთ წარსულ შედეგს, მელანქოლიურ დამოკიდებულებას წარსულისადმი, არამედ ავტორები გვიყვებიან ნათელი მომავლის მქონე ადამიანებზე, რომლებსაც, როგორც იქნა, საკუთარი სახლი ექნებათ. ვხედავთ და ვისმენთ ძალიან მძიმე ამბებს, თუ როგორ მოხდა მათი აქ დაბინავება, თუმცაღა ჩანს პერსონაჟების ოპტიმისტური დამოკიდებულება მომავლის მიმართ.

თანამედროვე კინოში ხშირად ჩანს თაობათა ბრძოლა, მშობლებისა და შვილების ჭიდილი.  რადგანაც ჩვენთან ეს კამათი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო ილია ჭავჭავაძესა და გრიგოლ ორბელიანს შორის, მას შემდეგ კი ეს ვალდებულება, ჩვენს რეალობაში, კინომ აიღო. მუდამ ვხედავდით, თუ როგორ აკრიტიკებდნენ უფროსები მათ უმცროს კოლეგებს, ფილმებში კი ახალგაზრდა თაობა არც უარყოფითად და არც კარგი მომავლის ბურჯად არ გვესახებოდა. ეს ყოველივე დღემდე არ შემწყდარა. ამის ნათელი მაგალითია ლევან კოღუაშვილის ფილმი, „მეოთხე ბრაიტონი“ (2023), სადაც არა მარტო კონკრეტული თაობის, არამედ მთლიანად მომავალი თაობების კრიტიკა მიდის. ამის საპირისპიროდ, „სასტუმრო „მეტალურგი“ გვანახებს დედაშვილობის საოცარ მაგალითს. ლაღ, მხიარულსა და ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ისეთ სახალისო ურთიერთობას, რომელზეც ნამდვილად ღირდა სიუჟეტის აგება.

დედის დამოკიდებულებაში ჩანს ახალი თაობისადმი იმედის თვალით ყურება, რომ ეს ბავშვები, მართლაც, შეცვლიან ყველაფერს სასიკეთოდ, თავისუფლების წყურვილს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს დაახშობს და, რაც მთავარია, მას აქვს შვილის მიმართ პატივისცემა, როგორც სრულფასოვანი ადამიანისადმი. შვილის მხრიდან უსაზღვრო სიყვარული და დაფასება ჩანს იმ ყველაფრისათვის, რაც მშობლებმა გააკეთეს მისთვის, თუმცა კრიტიკას არ ერიდება, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მაინც იცის ორივემ ერთმანეთის ფასი. ორივე ხვდება, თუ რაოდენ საჭიროა ერთმანეთის თანადგომა უკეთესი მომავლისთვის. 


გიორგი ვარსიმაშვილის განსაკუთრებულობა კიდევ ერთ ასპექტში გამოიხატება. ის, ფილმის რეჟისორობასთან ერთად, პროექტის ოპერატორი და მემონტაჟეცაა. სამივე კომპონენტში იგი საოცრად გაუძღვა საქმეს. ამავე ფესტივალზე ვნახეთ ასევე დოკუმენტური ფილმი, „რექვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“, სადაც რეჟისორმა სცადა იგივე, თუმცა ერთიანად ვერ გაუმკლავდა ამ საპასუხისმგებლო საქმეებს. ოპერატორის ამპლუაში გიორგი ზღაპრული და, ამავდროულად, მელანქოლიური კადრებით შესანიშნავ აურას ქმნის იმ დისტოპიურ გარემოზე, რომლის ირგვლივაც ხდება მოქმედება. მონტაჟის მხრივ ის მეტად თავშეკავებულია, ცდილობს მაყურებელი არ გადაღალოს, ამიტომ ხელმძღვანელობს მარტივი, რბილი სამონტაჟო ტექნიკით, რათა ფილმის ხილვა სასიამოვნო გახდეს. ასეთი რამით თანამედროვე ქართულ კინოში არ ვართ განებივრებული, რომ ავტორი თხრობის სამ ძირითადი მიმართულებით (რეჟისურა, საოპერატორო ხელოვნება, მონტაჟი) იყოს მაღალ დონეზე.

ალფრედ ჰიჩკოკი ამბობდა: „მხატვრულ ფილმში რეჟისორი არის ღმერთი, ხოლო დოკუმენტურ ფილმში ღმერთია რეჟისორი“. ამ კონკრეტულ მომენტში შეიძლება ითქვას, რომ „დევნილები არიან რეჟისორები“, რადგანაც, ამ „ფილმს“ ისინი 30 წელია ისინი „აკეთებენ“ სასტუმრო „მეტალურგში“. უბრალოდ, არავინ აქცევდა მათ ყურადღებას. ბოლოს მაინც მოახდინეს რეჟისორებმა ამ საოცარი ურთიერთობებისა და ამბების აღწერა კინოს მეშვეობით. მათ დაინახეს ის, რასაც სამი ათწლეული ყველა თავს არიდება. არამარტო დაინახეს, არამედ უსაყვედურეს ყველა თვალზეხელაფარებულ ადამიანს, ვინც აქამდე ასე მალავდა „მეტალურგში“ მცხოვრებთა არსებობას, მაგრამ მაინც დაინდეს ისინი, რადგან ყველაფერი კეთილად დამთავრდა, როგორც ზღაპარში.

სასტუმრო „მეტალურგი“ ერთი პომპეზური შენობა იყო თავის დროზე, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, გადაიქცა უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების საცხოვრისად. მაგრამ მხოლოდ ამ ფუნქციით არ დატვირთულა ეს შენობა. ის ასევე საქორწინო ფოტოსა და ვიდეოს გადასაღებ მოედნად იქცა. ეს დისონანსი კარგად დაიჭირა რეჟისორმა და შეძლო დაენახებინა მაყურებლისთვის ერთი მნიშვნელოვანი რამ, თუ როგორი უსიტყვო შეთანხმება აქვთ ერთმანეთისათვის სრულიად უცნობ ადამიანებს. ერთნი იყენებენ მას გადასაღებ პავილიონად, ხოლო მეორენი საცხოვრებლად. ამ უკანასკნელთათვის მათი მოსვლა და გადაღების პროცესი ერთგვარ სანახაობად, სპექტაკლადაც არის გადაქცეული, როგორც მოსიარულე თეატრი რომ დადიოდა სოფელ-სოფელ და მწირი შემოწირულობის სანაცვლოდ სანახაობას მართავდა მოსახლეობისთვის. აქ ერთი განსხვავებაა. არც ერთი მხარე არ იხდის გადასახადს. შეიძლება ერთმანეთს არც ეკონტაქტონ. უბრალოდ, ერთნი უყურებენ, მეორენი კი თამაშობენ, ვითომცდა, იქ მარტო არიან. ამ დროს ყველაზე ინტერაქტიულები ბავშვები არიან. თუ უფროსები ერიდებიან მათ და შორიდან უცქერენ სხვების დღესასწაულს, ბავშვები მაინც შედარებით ახლოს არიან „სტუმრებთან“.

ყველას იღებს „მეტალურგი“, ყველას აძლევს გამოყენების საშუალებას და ამით დგას ფეხზე. ფილმში ის არის მთავარი პერსონაჟი – საბჭოთა პერიოდის შენობა, რომელმაც თავადვე შეიფარა თავისივე დევნილი შვილები და კარი გაუღო მაყრიონს, რათა მის დანგრეულ კედელებში ლამაზი სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ.

საბა მახარაშვილი  

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *