ორი დედა, ორი შვილი

სალომე ლაცაბიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „აუზი“ (2021) ყვება კინოსათვის კარგად ნაცნობ თემაზე – გაუცხოებაზე, დედასა და ქალიშვილს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე. ამ თემაზე მუშაობა ბევრისათვის საინტერესოა, ამიტომაც თითქმის ყველა რეჟისორის ფილმოგრაფიაში მოიძებნება მსგავსი ნამუშევარი. შესაბამისად, რაიმე განსხვავებულისა და დასამახსოვრებლის შექმნა არც ისე მარტივია.

რეჟისორმა სცადა მეტაფორებისა და სიმბოლოების გამოყენებით ორიგინალურად წარმოეჩინა თავისი კინოსურათი. ახალგაზრდა ქალი, ექვსი წლის შვილ ნინისთან ერთად, ჩადის საკურორტო ქალაქში დიდი ხნის უნახავ დედასთან შესახვედრად. ძველი სასტუმროს დატბორილ ოთახში მათი შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობს. თითქოსდა, ერთადერთი, რაც მათ ერთმანეთთან აკავშირებთ, აუზში ცურვაა.

„აუზს“ სულ ოთხი პერსონაჟი ჰყავს. ერთადერთი ვისი სახელიც მასში ისმის, ეს ნინია. დანარჩენებისას ვერ ვიგებთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული ადამიანის ამბავი კი არ არის მოთხრობილი, არამედ, ზოგადად, ნებისმიერს შეუძლია საკუთარი თავის წარმოდგენა მსგავს სიტუაციაში.

ფილმში თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა: თემის აქტუალობა, ტექნიკური მხარე, გამოცდილი მსახიობები, თუმცა მაინც ჩნდება დაუსრულებლობის შეგრძნება. ეს ყველაფერი კი იმით არის გამოწვეული, რომ რეჟისორს არ ჰყოფნის გამბედაობა, თამამი ნაბიჯები გადადგას. იმის შიშით, რომ არაფერი ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, იგი სათქმელს ბოლომდე არ ამბობს. ყველა რეჟისორს არ შეუძლია სანახაობრივად წარმოაჩინოს პერსონაჟების ემოციები, განცდები და მაყურებელს თანაგრძნობა აიძულოს. დაძაბულობა თითქმის ჰაერიდან იქმნება და ფილმზე გადმოდის. არანაირი აფეთქება, მხოლოდ უსიტყვო საუბარი პერსონაჟებს შორის, მაგრამ არანაკლებ ამაღელვებელი.

ეს დახვეწილი ფილმია. ავტორი ეხება ადამიანური ურთიერთობის მნიშვნელოვან პრობლემას. მშობლები გავლენას ახდენენ შვილების ბედნიერებასა და ნორმალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, არა მხოლოდ ბავშვობის, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამის მაგალითი ნინისა და დედამისის ურთიერთობა. მათ არ ესმით ერთმანეთის. პატარა გოგონა მეტ სითბოსა და ყურადღებას ითხოვს დედისგან და ამის მისაღებად ის სხვადასხვა ხერხს მიმართავს. დედა გულგრილია შვილის მიმართ, ვერ გამოხატავს იმ გრძნობას, რასაც სინამდვილეში გრძნობს. ერთი შეხედვით, ჩანს, რომ თითქოს შვილი არ უყვარს, მაგრამ ეს ასე არ არის. როცა სასეირნოდ წასული ვერ პოულობს შვილს, შეშინებული და თავზარდაცემული ეძებს.

გრძნობების დაფარვის მიზეზი ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. შესაძლებელია, თავად მან საკუთარი დედისგან ვერ ისწავლა სიყვარულის გამოხატვა, ამიტომაც მისი შვილიც მოკლებულია ამ ყველაფერს. შვილები ხომ მსგავს რაღაცებს მშობლებისგან იღებენ მემკვიდრეობით, ამიტომაც დიდი შანსია, ნინიც ისეთივე მშობელი გამოვიდეს, როგორიც დედამისი ან ბებიამისია. სწორედ ამაზე აფიქრებს ფილმი მაყურებელს და აჩვენებს სამი თაობის განსხვავებულ წარმომადგენელს, რომელთაც ერთმანეთის არ ესმით, მაგრამ ჰაერივით სჭირდებათ ერთმანეთის სიყვარული. სამწუხაროდ, ამ ყველაფრიდან გამოსავალი არაა ნაჩვენები, რა უნდა გააკეთეს და როგორ არ უნდა დაემსგავსო ფილმის გმირებს. მაყურებელი ხედავს ძლიერ წინაღმდეგობრივ გრძნობებს დედა-შვილის რთულ ურთიერთობაში, მაგრამ არ ესმის, რატომ არის ამხელა დაძაბულობა მათ შორის და ვერც გაიგებს, რადგან არც კი ჩანს სცენები მათივე წარსულიდან. სრული სურათის შესაქმნელად, აუცილებლობა მოითხოვდა წინარე ისტორიის ჩვენებას. საჭირო იყო იმის ცოდნა, რატომ დაიძაბა დედასა და ქალიშვილს შორის ურთიერთობა, ვის მიუძღვის ამაში მეტი წილი, ჰქონდათ კი ამ წლების განმავლობაში შეხვედრის მცდელობა, რატომ ვერ იღებენ ისინი ერთმანეთს ისეთებს, როგორებიც სინამდვილეში არიან?

თითოეული პერსონაჟი განასახიერებს სხვადასხვა ნეგატიურ თვისებას: უკმაყოფილებას, იმედგაცრუებას, ტკივილს, სასოწარკვეთას. ყველას აქვს თავისი ხასიათი, საკუთარი მოტივები, აქვს სალაპარაკო, თუმცა არ იცის, რა ილაპარაკოს. შედეგად მთავარი გმირების მოტივების გაგება შეუძლებელია, რაც მათი თანაგრძნობის საშუალებას არ გაძლევს, თუმცა მათ შეძლეს და პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, ამიტომაც შეცდომების გამოსწორებაც უფრო ადვილი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია დედა-შვილმა იპოვოს ბედნიერება ერთმანეთში, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ზედმეტი სიამაყის გადალახვა. მათ უნდა ისწავლონ პატიება. მართალია, ეს რთულია, მაგრამ აუცილებელი.

ფილმი რთულია გასაგებად, რადგან დატვირთულია სიმბოლოებით. ყოველი კადრის შემდეგ გიწევს ფიქრი, ნეტა რატომ იყო ესა თუ ის ნაჩვენები, რისი თქმა სურდათ ამით. ყველაფერს თავისი მნიშვნელობა გაჩნია: დანგრეული სასტუმრო, დატბორილი ოთახები, აუზი და, რაც მთავარია, წყალი, რომელიც არაერთხელაა გამოყენებული სხვადასხვა დანიშნულებით, რაზეც საგანგებოდ აქვს ავტორს ყურადღება გამახვილებული.

მართალია, ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ აუზში ცურვა ერთადერთია, რაც ახალგაზრდა ქალს დედასთან აკავშირებს, თუმცა რთულია ამას ბოლომდე დაეთანხმო. მხოლოდ ის, რომ აუზს ფილმის დასაწყისშიც და დასასრულსაც გვიჩვენებენ, სადაც ორივე ქალი ცურავს, ოღონდ სხვადასხვა დროს, არ ამყარებს ამ დებულებას. ამისათვის მეტი განმტკიცება იყო საჭირო იდეის ბოლომდე დასაცავად.

საინტერესო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს წყალს. ავტორმა მას რვა განსხვავებული დანიშნულება მოუძებნა. ის აკავშირებს სამივე თაობას. ნინისათვის წყალი დედასთან კომუნიკაციის დამყარებისა და გართობის საშუალებაა. იმისთვის, რომ დედის ყურადღება მიიქციოს, იგი მაგიდიდან ჩამოაგდებს წყლით სავსე ჭიქას, თუმცა უშედეგოდ. ის ამით ვერანაირ ემოციას ვერ დაიმსახურებს. ძველ სასტუმროში მისთვის გართობის საშუალებათაც წყალი ჩნდება, თუმცა უკვე შადრევნის სახით. ახალგაზრდა ქალისათვის წყალი, ერთდროულად, ჭრილობის მოშუშებასთან და იარების გახსნასთან ასოცირდება. თავიდან იგი ფანჯრიდან აკვირდება, როგორ აქრობენ ცეცხლს. ამ შემთხვევაში, წყალი მისთვის შვების მომგვრელია. მეორე შემთხვევაში, დედის სანახავად მისულს, ოთახი დატბორილი დახვდება. აქ წყალმა ურთიერთობის საშუალება არ მისცა მას და გახდა კიდევ ერთი წინაღობა, რათა მეტი დრო გაეტარებინა დედასთან. მესამე შემთხვევაში, ქალისათვის წყალი სიმშვიდის, დასვენების საშუალებაა. აუზი არის ადგილი, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს და წყალი მისთვის სულაც არ არის საშიში, საერთოდ არ ღელავს დატბორილი ოთახის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მეტაფორული კომპონენტები საკმაოდ ვრცელია, ისინი მხოლოდ დამხმარე საშუალებებია ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობის მოსათხრობად.

მსგავს ფილმებში, სადაც პერსონაჟების დიდი რაოდენობა არ არის, სცენები სწორედაც რომ მრავალფეროვნებას მოითხოვს. რეჟისორმა უნდა გამოიყენოს ყველაფერი, რაც კადრში ხვდება, ყველა დეტალი, რითაც უნდა „ჩაგძიროს“ სიუჟეტში, დაგაჯეროს იმისა, რაც ხდება, გაიძულოს, უთანაგრძნო გმირებს. რეალური უნდა იყოს მათი ემოციებიც. ისეთები, რომ არ გაგიელვოს აზრმა, ეს ხომ ფილმია, ხოლო ეს ადამიანები უბრალო მსახიობები არიან.

რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, აღსანიშნავია, ოპერატორის ნამუშევარი. იგი ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი და სასიამოვნოა აღსაქმელად. ფერთა პალიტრა გადმოსცემს გრძნობების ხასიათს. ფილმი არის რუხ ფერებში, პერსონაჟების შინაგანი მდგომარეობის მსგავსად. პირველი ნაწილი სავსეა ლურჯი და წითელი ფერებით, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ დედასთან შესახვედრად მიმავალ გოგონაში ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული გრძნობა იბრძვის. სასტუმროს ნაწილში უფრო მშვიდი ფერებია გამოყენებული, რაც დედა-შვილის მალე მოსალოდნელ შეხვედრაზე მიანიშნებს. ამასთანავე, არ არის მუსიკა, ის წყლის ხმაურითაა ჩანაცვლებული, რითაც ავტორი ამყარებს აზრს, რომ წყალი მნიშვნელოვანი ფაქტორია მთავარი გმირების დასაკავშირებლად.

ნაჩვენებია უსარგებლო ეპიზოდიც. რატომ უნდა უყუროს მაყურებლმა ორი წუთის განმავლობაში გმირის მანქანის მართვას, როცა ამას არავითარი კავშირი არ აქვს სიუჟეტთან და არაფერ მნიშვნელოვანს არ გვთავაზობს? ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ ამით პერსონაჟის შესახებ რაიმე მნიშვნელოვანს გაიგებდა მაყურებელი. ნებისმიერი ამგვარი ეპიზოდი უკვე ადვილად შესამჩნევია და კონტექსტიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ ეს ყველაფერი მეტაფორისათვის გამოიყენეს, ამ მხრივაც, მისი განხილვა ძნელად არის შესაძლებელი. ასევე გაუგებარია, სასტუმროს თანამშრომელი გოგონას უცნაური ქცევები. რატომ შემოიყვანა რეჟისორმა იგი ასე უცნაურად, რატომაა დაბნეული, რა ფუნქცია ენიჭება მას, ესეც გაუგებარია.

ფინალი „ბედნიერი დასასრულის“ იმედს არ გვთავაზობს. გმირებს არ ესმით ერთმანეთის, ხანმოკლე შეხვედრა არაფრის შეცვლის შესაძლებლობას არ იძლევა. კონფლიქტის გადაწყვეტა გრძელი და შრომატევადი სამუშაოა, რომელიც ეგოისტ და გულგრილ ადამიანებს არ ძალუძთ. მართალია, პირველი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ამას არანაირი განვითარება არ მოჰყოლია, არც ერთ მხარეს ურთიერთობის დასათბობად დიდი ინტერესი არ გამოუჩენია.

ფილმის დრამატული ხაზი ძალინ სუსტია. კინოსურათმა უნდა დააინტერესოს მაყურებელი, მოხიბლოს სიუჟეტით. სამწუხაროდ, „აუზის“ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ეკრანზე კი მიმდინარეობს მოქმედება, მაგრამ რატომ? რისთვის? რა აზრი უნდა გამოიტანო, არ ჩანს, არ პასუხობს არც ერთ დასმულ შეკითხვას. არადა, რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა, რომელზეც რეჟისორის პოზიცია საინტერესო იქნებოდა. ეს ნამუშევარი ერთდროულად ახერხებს იყოს მშვიდიც, ქაოტურიც და გაუგებარიც.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *