ოჯახური ვალდებულებები

სიბერე თავისი გარდაუვალი გაჭირვებით მარადიული თემაა, რომელსაც კინოში საკმაოდ ხშირად ეხებიან და არსებობს არაერთი კინემატოგრაფიული შედევრი, რის გამოც მსგავს თემატიკაზე ახალი ნამუშევრის შექმნა საკმაოდ სარისკოა, თუნდაც ფილმი კარგად იყოს გადაღებული, პრობლემის მასშტაბურობა თითქმის ყველა მაყურებელს ეხება, შესაბამისად, იგი მეტად განხილვადი ხდება. თორნიკე ბზიავას ფილმი, „ბუდე“ (2011) ასახავს მამა-შვილის უჩვეულო ურთიერთობებს. ერთ დროს გამოჩენილ ქიმიკოსს ხანდაზმულობაში ლაპარაკის უნარიც თითქმისდაკარგული აქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა როლები შეიცვალა, შვილს მამის როლში უწევს ყოფნა და ზრუნვა მოხუცმშობელზე. ეს ნამუშევარი იმითაც არის გამორჩეული, რომ მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა განსხვავებული კუთხითაა ნაჩვენები. სიბერის თემა მაქსიმალურად დელიკატურად უნდა აჩვენო და, ამავდროულად, შეძლო ღრმა მნიშვნელობის გადმოცემა, ამიტომ ზღვრის დაცვა არც თუ ისე მარტივია.

დახვეწილად და დეტალურად არის მოთხრობილი ჩვეულებრივი ადამიანების ურთიერთობები ამ თხუთმეტწუთიან ნამუშევარში. არანაირი სპეცეფექტები, განსაკუთრებული ხმა ან სპეციალური მონტაჟი. ეს არის ძალიან უბრალო ფილმი, რომელიც სულის სიღრმეს ბოლომდე წვდება. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება თბილისის ერთ პატარა ბინაში ვითარდება, აქ ნაჩვენები მოვლენები ადვილად შეიძლება გადავიდეს სხვა რეალობაშიც.

რეჟისორი ეპატიჟება მაყურებელს, ეკრანის მოპირდაპირე მხარე გადაკვეთოს და გახდეს ამ გმირების ოჯახის წევრი, მონაწილეობა მიიღოს ცხოვრების უნიკალურ რიტუალში, სადაც ყოველ მოძრაობას აქვს გარკვეული ღირებულება.

ავტორმა ნათლად მიანიშნა ოჯახური ურთიერთობის სტრუქტურის სირთულეზე, იმ ვალდებულებებზე, რომლებიც თითოეულ წევრს მოეთხოვება. თავდაპირველად, მშობლები იჩენენ სრულ პასუხისმგებლობას პატარა არსების მიმართ – ასწავლიან, უფრთხილდებიან, ეხმარებიან. ეს მათი თანდაყოლილი მოვალეობაა, ამიტომაც შვილების ვალდებულებები მშობლების მიერ დანერგილი მენტალიტეტიდან გამომდინარეობას, რაც უფრო ძლიერი იქნება აღზრდის დროს ბავშვის ირგვლივ სიყვარული, მით უფრო ძლიერია მისი მიჯაჭულობა მშობლებისადმი.

სიბერე ადამიანთა უმეტესის ცხოვრების გარდაუვალი ეტაპია. ზოგი ამისთვის წინასწარ ნაყოფიერ ნიადაგს ამზადებს, რათა დარჩენილი წლები მაქსიმალურად კომფორტში გატაროს, ახლობლების გვერდით. ზოგი ამჯობინებს დინებას მიჰყვეს, ყოველგვარი გეგმების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, არასოდეს იცი, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება და როგორი იქნება სიბერე. ხანდაზმულობა ადამიანს ბავშვად აქცევს, ასუსტებს, საჭიროებს დაცვას, ზრუნვას, ყურადღებას, სითბოსა და სიყვარულს უახლოესი ადამიანისაგან. მოხუცთა პატივისცემა არის უპირველესი სიკეთე, რომელზეც აშენდა ყველაზე ველური ტომობრივი ცივილიზაციებიც კი და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში ვკარგავთ ამ ტრადიციას. არადა, თანამედროვეობა იძლევა არაერთ საშუალებას, ვიყოთ უფრო ახლოს ერთმანეთთან.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს მთავარი პერსონაჟის სიბერის მნიშვნელოვან მომენტებზე –  რა ხდება მის ირგვლივ, გმირის მშვიდი დაფიქრებული მზერის მიღმა იკითხება დარდი განვლილ წლებზე. „ბუდე“ მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გადაიღო დრამა ადამიანებზე ოდნავ მძიმე, მაგრამ კეთილი, ამავე დროს, თავისებურად დინამიკური და ძალიან სევდიანი.

დიალოგები მინიმუმამდეა დაყვანილი. ფილმის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ცარიელი ინტერიერის ხანგრძლივი გადაღების გამო. ზედმეტი მელოდრამის გარეშე, მაყურებლის ემოციების სპეკულაციების თავიდან აცილებით, მოთხრობილია ამბავი სიბერესა და მის ფონზე მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე. ამბავი, რომელიცგანმეორდა და არაერთხელ განმეორდება. მშობლები ცდილობენ ყველაფერი საუკეთესო მისცენ შვილებს და მოამზადონ ზრდასრული ასაკისთვის, სადაც მოხუცებისთვის ადგილი აღარ იქნება. ეს არის ცხოვრების კანონი და რეჟისორი არ ცდილობს მის შელამაზებას.

ფილმის ცენტრალური მოტივი – უფროსების პატივისცემა – არ არის მხოლოდ ეტიკეტის წესი, არამედ ეს არის ლოგიკური შედეგი იმისა, რომ ადრე თუ გვიან ყველა დავბერდებით. ნიშანდობლივია, რომ რეჟისორი მარტივ, მაგრამ, ამავდროულად, აქტუალურ აზრებსა და იდეებზე ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე ამახვილებს ყურადღებას. არანაირი ტრაგედია, პირიქით, მსუბუქი თხრობის საშუალებით იგი უფრო ნათელ ელფერს აძლევს ნამუშევარს.

აღსანიშნავია, ოპერატორის ნამუშევარი. დოკუმენტური სტილით გადაღებული კადრები ისეა სტრუქტურირებული, რომ ეკრანზე წამითაც არ იკარგება რეალიზმის გრძნობა. კამერა, უმეტესად, ახლო ხედებით ადევნებს თვალს გმირებს. იშვიათ შემთხვევაში თუ ჩანაცვლებს მათ შორი კადრები. როდესაც პირველად შეიხედავთ ბინაში, კამერა საშუალებას მოგცემთ, რომ შეუმჩნევლად მიმოიხედოთ გარშემო და გმირის შესახებ შეგექმნათ წარმოდგენა. ის მაქსიმალურად სტატიკურია და ძალიან დაბლაა, რაც საშუალებას იძლევა, რომ მაყურებელი იყოს არა მხოლოდ მოწმე, არამედ თანამოსაუბრეც. სწორედ ასეთ ყოველდღიურ ეპიზოდებში ვლინდება ადამიანი და მათ შორის არსებული ურთიერთობები.

საკმაოდ სევდიანი თემის მიუხედავად, ნამუშევარს სჭირდება ცოტა პოზიტივიც, „დღის შუქიც“, რომელიც მეტაფორაიქნებოდა ოპტიმიზმისა და ცხოვრების სიყვარულისა. სიცოცხლის წრის ბრუნვა ხომ გარდაუვალია, მამის ადგილას შემდეგში შვილი იქნება, მერე შვილიშვილი და ასე დაუსრულებლად, სანამ დედამიწაზე სიცოცხლე იარსებებს, ამიტომაც ოპტიმისტური ნოტები საჭირო იყო ფილმისთვის.

მსახიობები უკიდურესად შეზღუდული არიან ემოციურ სპექტრში, ამდენად, გარკვეული ეპიზოდები დაუსრულებლობის შეგრძნებას იწვევს, თითქოს მსახიობებს რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდათ სათქმელი, მაგრამ არ (ვერ) თქვეს.

მუსიკა, რომელიც დროულად გაჟღერდა გმირის ქმედებასთან ერთად, ასახავს იმ სიტუაციის აბსურდულობას,რომელშიც ის აღმოჩნდა. მუსიკას ფილმისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, აქ კი იგი ძალიან გულწრფელია, როგორც თვითონ ნამუშევარი. მშვიდი, არა მოსაწყენი, კარგად შერჩეული, ზუსტად ისეთი, როგორიც საჭიროა.

ალბათ, გადაღების ისეთი სტილი იქნებოდა შესაბამისი, რომ მაყურებელი ყოფილიყო არა კინოდარბაზში, არამედ გმირებთან ერთად, პატარა ბინაში, მათთან ერთად ემოგზაურა ლამაზი ბუნების მოსაძებნად. ამის ჩვენება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სპეცეფექტების გადაღება. საბედნიეროდ, ამ ნამუშევარმა ეს შეძლო და მაყურებელს მისცა შესაძლებლობა, თავი ეგრძნო ისე, თითქოს გმირების გვერდით ცხოვრობდა, მათი ამბების თანამონაწილები იყო.

ეს ფილმი თავის იდეიდან გამომდინარე, არ არის გათვლილი კომერციულ მოგებასა და საკონკურსო პრიზებზე. ეს არის პირადი ფილმი, რომელიც უნდა ნახოს ყველა ახალგაზრდამ და დაფიქრდეს ცხოვრებაზე, მშობლებსა თუ მომავალზე.

ფილმის სათქმელია ის გარემოება, რომ ადამიანი ბუნებით იდეალური არ არის, მაგრამ ყველას შეუძლია გამოიჩინის მეტი თავშეკავება, კეთილშობილება და ტოლერანტობა. ხანდახან შვილებს არ ესმით, რომ ხანდაზმულ მშობლებს სულაც არ სჭირდება გართობა ან ძვირი საჩუქრები. საკმარისია, რომ მათ ძალიან ცოტა დრო დაუთმოთ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ მათთვის, ესაა სითბო და ყურადღება. ზუსტად ასე მოიქცა ფილმის გმირი. მან შეძლო სიყვარული და ზრუნვა მოხუცი მამისათვის. ამით ფილმის რეჟისორი მოგვიწოდებს, რომ გვახსოვდეს მშობლები და ვიზრუნოთ მათზე, გვახსოვდეს, რომ არავინ არის მარადიული. როდესაც შეგიძლია ნამდვილი თანაგრძნობა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ადამიანს გააჩნია.

თეონა ვეკუა

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *