რატომ კვდებიან სახელმწიფო მოხელეები

ერთმა მოხელემ (ჩინოვნიკმა) საოპერო სპექტაკლზე ყოფნისას, უეცრად დააცემინა. შხეფები მის წინ მჯდომ ხანშიშესულ მელოტ კაცს შეესხა. მოხელემ ძალიან განიცადა, რადგან მასში თანამდებობის პირი ამოიცნო და მრავალჯერ მოუბოდიშა. შემდეგ, საგანგებოდ ესტუმრა და პატიება სთხოვა. თავმობეზრებულმა მოხუცმა (რომელიც მოხელის უშუალო უფროსი არ იყო) ბოლოს უხეშად უპასუხა. მოხელემ ეს მდგომარეობა ძალიან განიცადა და „მოულოდნელად“ მოკვდა. ასეთია ანტონ ჩეხოვის პატარა და ძალიან ცნობილი მოთხრობის, „მოხელის სიკვდილი“ მოკლე შინაარსი.

ამ ამბის გადმოქართულებული ვერსია უდევს საფუძვლად მიხეილ (მიხო) გაბაიძის მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, „ვაზომოტორული რინიტი“ (2024). მიხეილ გაბაიძე წარმატებული მენეჯერი და ჟურნალისტია. არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემის, „ეთნოფორი“, პროდუსერი და წამყვანი; ბათუმის დრამატული თეატრისა და ბათუმის კულტურის ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; შემოქმედებითი ორგანიზაციის, „არტ პორტალი“ თავმჯდომარე და ქართული ტრადიციული გალობისა და სიმღერის ანსამბლის, „ფერსიცვალება“ მგალობელ-მომღერალი, საყმაწვილო სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალის, “პირველი ავტოგრაფი” დამფუძნებელი და დირექტორი, რომლის საქმიანობის სფეროებს კინორეჟისურა ახლახან შეემატა.

გაბაიძის ნამუშევარი მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში, ბრაზილიიდან იაპონიამდე, აშშ-დან საქართველომდე, ყაზახეთიდან პოლონეთამდე. ის არის სხვადასხვა პრემიის ნომინანტი და გამარჯვებული (საუკეთესო რეჟისურისათვის, სცენარისათვის, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი დავით ჯაყელი კი – მამაკაცის საუკეთესო როლისათვის). და საფესტივალო სვლას იგი ამ ეტაპზეც  (ბათუმის „ბიაფიდან“ იტალიამდე) აგრძელებს.

ანტონ ჩეხოვმა მოთხრობა 1883 წელს დაწერა. მოქმედებაც სწორედ იმ პერიოდის რუსეთში ხდება. თუმცა, ირონიითა და სატირული აქცენტებით მოთხრობილი ამბავი, ზოგადსაკაცობრიოა, თანადროულიცაა და საქართველოს დღევანდელობასაც გამოხატავს. სწორედ ესაა ფილმის ძირითადი ხაზი, რომელსაც ავტორი მკვეთრი და ექსპრესიული გამომსახველი საშუალებებით გამოხატავს.

მოქმედების საქართველოში გადმოტანასთან ერთად, მიხეილ გაბაიძემ ეპოქაც შეცვალა და თანამედროვე რეალობას მოარგო – საერთო პანორამით, სიტუაციებით, პერსონაჟების ხასიათებით. ისინი დღევანდელი საქართველოს მკვიდრნი არიან, სხვადასხვა ფსიქოტიპის, თვისებების, ცხოვრების წესისა და სიტუაციური ქცევის, სხვადასხვა სოციალური საფეხურის ტიპური და ტიპაჟური წარმომადგენლები. მათ არ აქვთ სახელები და გვარები და აქვთ მხოლოდ გამოგონილი და პირობითი, თუმცა, კარგად გასაგები/ამოსაცნობი სტატუსის გამომხატველი „განსაზღვრებები“.

ტიტრებში, როლების შემსრულებლები (პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობები) არაორდინარული ფორმით არიან წარმოდგენილი: დავით ჯაყელი – წინა თვეში მთავარ სპეციალისტად დაწინაურებული, ზაალ გოგუაძე – მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე #69, თათია თათარაშვილი – წინა თვეში მთავარ სპეციალისტად დაწინაურებულის მეუღლე, ირაკლი ჭანკვეტაძე – მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე #69-ის მარჯვენა ხელი, სოსო სტურუა – აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსი, პეტრე ჩარგეიშვილი – ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს წევრი, გვანცა ცეკვაშვილი – მდივანი და კუ „ბასი“ – რომელიც დაცულია ცხოველთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციით.

ირონია ამ ფორმულირებიდანვე ჩნდება და „არაკინემატოგრაფიული“ (გაუგებარიც კი) სათაურიდანაც, რაც სარეჟისორო ხერხების, ფილმის ჟანრისა და მხატვრული თხრობის, გადაწყვეტის თავისებურებასაც აქედანვე განსაზღვრავს.

ფილმში არც მოქმედების ზუსტი დრო და ადგილი კონკრეტდება. და ზღვარიც რეალობასა და წარმოსახვას შორის ძნელი დასადგენია. ასეთი მოვლენები საქართველოს (და არა მხოლოდ) ნებისმიერ უწყებაში, ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერი რანგის მოხელეებს შორის შეიძლება განვითარდეს. რეჟისორი სამოქმედო სივრცეებს პირობით ინტერიერებში აქცევს, რაღაც განსაკუთრებული მახასიათებელი დეტალების თავარიდებითა და კონკრეტულ ნიშნებს ზოგად მოცემულობად აქცევს.

სამედიცინო განმარტებით: „ვაზომოტორული რინიტი ხასიათდება არაინფექციური ხასიათის, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესის დაწყებით. ეს შეიძლება მოხდეს წელიწადის ნებისმიერ დროს პროვოცირების ფაქტორების არსებობისას. შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი გართულებები, რადგან ის არღვევს ბევრ ფიზიოლოგიურ პროცესს. დაავადების განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს: ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება; ჰორმონალური რყევები; ცივ და ნოტიო კლიმატში ცხოვრება; ცუდი ჩვევები. თუმცა, ვაზომოტორული რინიტის განვითარების პროვოცირების ზუსტი ფაქტორები ჯერ არ არის საბოლოოდ დადგენილი“.

მიხეილ გაბაიძის „ვაზომოტორულ რინიტში“ მოვლენები სოციალური საკითხების, სოციუმში ცხოვრების წესის, გარშემომყოფთა მიმართ ადამიანის პირადი არჩევანისა და იერარქიულ საფეხურზე „ქცევის დადგენილი ნორმების“ მიხედვით ვითარდებიან. ნაჩვენებია, თუ როგორ იქცევა ადამიანი მონად, პირფერ უღირსებო არსებად ძალაუფლების მქონეთა, თანამდებობის პირთა წინაშე, რასაც, თავის მხრივ, „მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები“ აკანონებენ და იყენებენ „წინა თვეში თუ სხვა დროებში დაწინაურებელთა“ მიმართ, მათივე ხელშეწყობით, მათივე სამართავად. აქ ბევრი „ფიზიოლოგიური“ და სოციალური, რყევაა, „ცივი და ნოტიო კლიმატი“, რაც ადამიანებს აავადებს და სასიკვდილოდ წირავს.

სახეებისა და სიტუაციების შექმნის პროცესში რეჟისორი და მსახიობები იყენებენ იუმორს, სარკაზმს (თუმცა შეფარულს), ქმნიან მკვეთრად სახასიათო სიტუაციებსა და სახეებს. ძირითად ხაზში ორგანულად ჩართული პარალელური მოვლენები, დამოუკიდებელი გარემოებები (მაღალი რანგის მოხელის პირადი საქმეები და მისი ხელქვეითების უკანონო განზრახვები; „დაწინაურებულის“ ოჯახი და გარემოცვა; ყოფის განზოგადებული დეტალები, საერთო მახასიათებელი ნიშნების ზუსტი არჩევანი და თავისებურებები და სხვა), ზოგჯერ „რეალისტური“ და ზოგჯერ აბსტარგირებული, მრავალფეროვან და ხაზგასმით სტილიზებული ატმოსფეროს არსებობას განსაზღვრავენ.

ფილმი მოკლე სცენებადაა აწყობილი, ეპიზოდები სწრაფად ვითარდებიან და აქტიურ ტემპორიტმს ქმნიან. დიალოგებიც ასეთივე სწრაფად მონაცვლე და ლაკონურია. მიხეილ გაბაიძე სხარტად, მკვეთრი, ექსპრესიული და მეტყველი ხერხებით ქმნის ატმოსფეროს და ფილმის საერთო ხასიათს. სივრცე ყველგან ხაზგასმით ჩაკეტილია, ინტერიერების მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, პირველი ეპიზოდის გარდა, რასაც ბუნებრივად ქმნის თეატრის დარბაზი, საიდანაც ამბავი იწყება. ამავე დროს, სივრცეების ჩაკეტილობა სხვადასხვა ეპიზოდში გამოყენებული სარკეების, ფანჯრებისა და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშის ჩართულობით იხსნება და სხვა აზრობრივ დატვირთვასაც იძენს.

მამუკა ჩხიკვაძის კამერა თავისუფლად მოძრაობს და ობიექტებს სხვადასხვა რაკურსით, ხედებით, ზოგჯერ, უჩვეულო და „არაბუნებრივი“ კუთხიდან აფიქსირებს. ის ხან დამკვირვებელია და ხან პროცესების უშუალო მონაწილე, რაც სარეჟისორო გადაწყვეტის სტილისტიკასა და „თამაშის წესებს“ ამყარებს.

დავით ჯაყელის „წინა თვეში მთავარ სპეციალისტად დაწინაურებული“ კი, ვერ ახერხებს „თავისი წესებით თამაშს“ და უეცრად („ეს უეცრად ხშირად გვხვდება მოთხრობებში“ – ანტონ ჩეხოვი) კვდება. კვდება სახლში, როდესაც ტელევიზიით სიმღერის, „დაბრუნდი სორენტოში“ იმ კონცერტიდან ჩანაწერი გადაიცემა, როდესაც ყველაფერი დაიწყო. სიკვდილის ფაქტი მხოლოდ სარკეში ჩანს, ამ დროსვე ვარდება კედელზე დაკიდებული, რენე მაგრიტის რეპროდუქცია, უსახო ადამიანის გამოსახულებით, ხანგრძლივი და მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე.

სახედაკარგული ადამიანის ორმაგი უსახობა და უადგილობა, სადმე, ნებისმიერ სასურველ ადგილას ყოფნისა თუ დაბრუნების შეუძლებლობის პრობლემა, მიხეილ გაბაიძემ პირობით, თავისუფალ და ღია ფინალში მოაქცია და მეტყველი, მრავალნიშნა საზრისი მიანიჭა.

ლელა ოჩიაური

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *