სიცარიელე, შეგრძნება, რომელიც საყვარელი ადამიანის წასვლის შემდეგ ტკივილთან და სიმარტოვესთან ერთად ჩნდება. ამ გრძნობის გაქრობა შეუძლებელია. ვერც მეგობრები და ვერც სხვები ვერ ანაცვლებენ მშობლებს. მათი წასვლის შემდეგ ცხოვრება სხვანაირი, უფერული ხდება და ახალი თეთრი ფურცლებიც აღარ არსებობს ყველაფრის თავიდან დასაწყებად.
როცა მარტო რჩები ტკივილები მარწუხებივით გეკრობა, კანიდან გამოდიხარ და საკუთარ თავს გარედან უყურებ. ხვდები, რომ ქაოსში ხარ, ირგვლივ ბურუსია და ნისლიდან გამოსასვლელი გზა აღარ არსებობს. მხოლოდ ორი არჩევანი გაქვს: შეავსო ირგვლივ არსებული სიცარიელე ან ცხოვრება ემოციებისაგან დაცლილმა სიმარტოვეში გააგრძელო. სიცარიელის შევსებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, სადღაც მაინც რჩება შეუვსებელი ადგილი. ადამიანები მოდიან მხოლოდ იმისათვის, რათა ისევ წავიდნენ, მშობლის გარდა ყველას ჩანაცვლება შესაძლებელია.
მარგო ზუბაშვილის ფილმის, „დინოზავრი“ (2014) მთავარი თემა ყველასათვის მგრძნობიარეა. მაყურებელი იმიტომ არ ატირდება, რომ ფილმია საკმარისად კარგია მისი ცრემლებისთვის, არამედ ყველას დაკარგული მშობელი გაახსენდება. მთავარი გმირი, ნინო დედის დაკრძალვის შემდეგ სახლში ბრუნდება. ირგვლივ ნივთები მიმოფანტულია, სარკეებზე თეთრი ზეწრებია ჩამოფარებული და ძველ სახლში ისევ სიკვდილის სუნი დგას. თითქოს ეს სუნი ცდილობს ნინოსთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება.
ნინო უსმენს მეგობრების საუბარს სამზარეულოში, მაგრამ გონებით სხვაგან არის. მისი სხეული არსებობა-არარსებობას შორის გაიჭედა. ფიქრებს თითქოს გაქცევა უნდათ რეალობისაგან. როცა მეგობრები მიდიან, იგი სახლში მარტო რჩება და ნივთების გადაადგილებას იწყებს. კარადას ებღაუჭება და ცდილობს გადააადგილოს. ოთახში არსებული კარადა იმ ტკივილებით სავსე ტვირთს ჰგავს, რომელიც ნინოს დედის წასვლის შემდეგ გაუჩნდა. ახლა მოუწევს მთელი თავისი ცხოვრება ეს მძიმე ტვირთი ზურგით ატაროს. ქალმა კარადა გამოაღო და ყველა ემოცია, რომელიც სევდას მოჰგვრიდა მასში ჩაკეტა.
ექიმების გამოჩენის შემდეგ გაჩნდა შეგრძნება, თითქოს დრომ უკან გადაიხვია. ლილი, ნინოს დედა, რეალურად ცოცხალი იყო და გარდაცვალების ფაქტი ჰგავდა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ მშობლებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ, თუმცა ასე არ მოხდა. სამწუხაროა, რადგან ეს რეჟისორის, ალბათ, საუკეთესო ჩანაფიქრი იქნებოდა. ნინო დამწუხრებული გადახედავს ლილის წამლების ყუთს, ერთს ღრმად ჩაისუნთქავს და ეცდება ჰაერი ფილტვებში შეაკავოს. სახლში ყველა ნივთი არეულია, ზუსტად ისე, როგორც ფიქრები ქალის გონებაში. რა ეშველება ახლა? როგორ უნდა იცხოვროს? მეგობრები ყოველთვის მის გვერდით არ იქნებიან.
ფილმის ბოლოს სურათები კოლაჟივით ეწყობა ერთმანეთს. რთული არ არის იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა რეჟისორს. უბრალოდ, რაღაცები ზედმეტია ამ კინოსურათისთვის. მაგალითად, დიალოგი სამზარეულოში მის თემასთან არაფერ კავშირშია და თითქოს ძირითადი ტემპიდან ამოვარდნილია. ნინოს გაფანტულობა რეჟისორს შეეძლო სხვანაირად ეჩვენებინა.
მეგობრების დიალოგი, შესაძლოა, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ ალეგორიაა, სადაც დანტე იწყებს მოგზაურობას ჯოჯოხეთიდან სამოთხისკენ. რთული სათქმელია, ლილი სამოთხეში მოხვდა თუ არა ან საერთოდ არსებობს კი ჯოჯოხეთი და სამოთხე? თვითონ ნინო დანტესეულ უსიერ ტყეში იკარგება. „უსიერ ტყეში, ამ ცხოვრების ნახევარ გზაზე, ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული.” უსიერი ტყე ღვთაებრივ კომედიაში წარმოადგენს ადგილს, სადაც დანტე თავისი ცხოვრების შუა გზაზე ყოფნისას იკარგება და ის ამქვეყნიური ცხოვრებისეული სირთულეების სიმბოლოა.
გაურკვეველია, ვინ არის საწყის კადრში ნაჩვენები ქალი. ისიც, თუ სად არის ნინოს მამა. ისიც უცნობია, ვინ არის ნინო. სიუჟეტი დაიწყო ფაქტით – ქალი გარდაიცვალა და, ალბათ, რეჟისორმა იფიქრა, რომ ეს ყველაფერი საკმარისი იქნებოდა. თუმცა ასე არ არის.
სახლი ცარიელია არა იმიტომ, რომ მასში ნივთები არ არის, არამედ იქ მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა საცხოვრებლად და თვითონ ისიც იმდენად მარტოა, რომ მის ამ შეგრძნებას ოთახის კედლები ვეღარ იტევს. ირგვლივ ყველაფერი სიმარტოვემ მოიცვა, ქუჩებიც კი ცარიელია. მხოლოდ სიბნელეა ყველგან.
„დინოზავრები გადაშენდნენ“ – ეს არის ერთადერთი ფრაზა, რომელიც ფილმის სახელის გაგონებისას გონებიდან ამოტივტივდა. რატომ ჰქვია ფილმს დინოზავრი? რა დატვირთვა აქვს რეჟისორისათვის? ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, გაუგებარია მაგრამ ტოვებს ერთ უხეშ ასოციაციას – ყველა გადაშენდება. წლების შემდეგ ადამიანების ნაწილი აღარ იარსებებს, რასები შეიცვლება და ყველაფერი აშკარად სხვანაირად იქნება.
რა აკლია კინოსურათს იმისათვის, რომ შემდგარი ნაწარმოები დაერქვას? ფიქრი. რეჟისორს უფრო მეტი უნდა ეფიქრა დეტალებზე და მხოლოდ ერთი ადგილით არ უნდა შემოფარგლულიყო. ეს სიუჟეტი არ არის ისეთი გამართული, რომ მოქმედება მხოლოდ ერთ სახლში მიმდინარეობდეს. სამწუხაროა, რომ არ იძებნება რეჟისორის ინტერვიუ თავისი ფილმის შესახებ და კითხვებიც პასუხგაუცემელი რჩება. მაყურებელს ისღა დარჩენია სიუჟეტის საკუთარი ინტერპრეტაცია გააკეთოს. „დინოზავრი“ იმ საკონკურსო ფილმს ჰგავს, რომლის მთავარი თემაც მოცემული იყო და რეჟისორი ამ ჩარჩოებს არ უნდა გასცდენოდა. კინოსურათი არც სიუჟეტისა და არც გადასაღები ადგილების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მორიგი დაბალბიუჯეტიანი ფილმია და უფრო მეტიც, არაფერი შეუმატია ქართული კინოსათვის. ის მორიგი, ერთხელ საყურებელი ფილმია, რომელზეც მხოლოდ შემთხვევით თუ გადართავ, იგი რეჟისორის იმ საცდელ ფილმს ჰგავს, კინოში ძალების მოსასინჯად რომ გადაიღებენ ხოლმე.
ნინოს მომავალი გაურკვეველია. არავინ იცის, ჰყავს თუ არა მას ნათესავები, და ან ძმა, მამა, მხოლოდ მისი მეგობრები ჩნდებიან კადრებში. უცნობია, მან მარტო უნდა გააგრძელოს ცხოვრება თუ არა. ფილმი ინფორმაციული კრიზისის ერთი დიდი ლაბირინთია, რომელსაც გამოსასვლელი არ აქვს. ძველი სახლი, ალბათ, ის ადგილია, სადაც ნინო გაიზარდა. იგი ახლა, ალბათ, სახლს გაყიდის და ყველა ემოციას მას დაუტოვებს. ნინო, მეგობრის რჩევის მიუხედავად, არ იძინებს. შეიძლება სიკვდილის შიში იპყრობს. არაფერი ჩანს კინოსურათში. ლილიმ დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა? როგორ გარდაიცვალა? არაფერზე არ არის პასუხი გაცემული. მოცემულია შედეგი, რომელსაც არც დასაწყისი და არც განვითარება არ აქვს.
ფილმი უშესავალოა, ყველაფერი პირდაპირ კონფლიქტით, მთავარი თემით იწყება – ლილი გარდაიცვალა. შავებში ჩაცმული ნინო რჩება მარტო და არ იცის, როგორ გააგრძელოს ცხოვრება. მას მძიმე ემოციური ფონი აქვს, მაგრამ ეს კადრებში არ ჩანს. ისიც გაურკვეველია, როგორ აპირებს ქალი ცხოვრების გაგრძელებას. ლილი ხშირად ავადმყოფობდა და ნინო გარკვეულწილად მზადაც იყო ამ ყველაფრისთვის. ტკივილის მიუხედავად, ის მშვიდად არის. თითქოს მის გონებას არ აქვს გააზრებული რეალობა. ჯდება და ლეპტოპში თამაშს იწყებს. რატომ არ დაიტოვა მეგობრები სახლში? ალბათ, უნდოდა ყველაფერს მარტო გამკლავებოდა. სამწუხაროა, რომ მან უარი თქვა ემოციურ მხარდაჭერაზე. ზოგადად, ადამიანებს ასეთი რამ ხშირად ახასიათებთ. როცა რაღაც ხდება, მასზე საუბარს არ იწყებენ და გონებაში, სხეულში კეტავენ ყველა შეგრძნებას და შემდეგ ინგრევიან.
რეჟისორი მხოლოდ ქალებს იღებს. ალბათ, ეს მის სხვა ფილმებში გამართლებული ხრიკია, მაგრამ ამ ფილმს აშკარად აკლია მამა. სად არის ნინოს მამა და რატომ არ არის დედის დაკრძალვის დღეს მის გვერდით? რომელი მშობელი გაიმეტებდა შვილს ამხელა ტკივილისთვის? მამა უკვე გარდაიცვალა? ან იქნებ ლილი იყო მიტოვებული ქალი, რომელმაც ნინო მარტომ გაზარდა? ან რატომ არ იღებს რეჟისორი კაცებს, იმედები გაუცრუეს? სიმარტოვე ყველა ქალის მძიმე ტვირთია? საინტერესოა და სამწუხაროც პასუხგაუცემელი კითხვები. უამრავი ცარიელი ადგილია გონებაში და ფილმი არ არის საკმარისი მის ამოსავსებად.
ბარბარე კალაიჯიშვილი