კინოში ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა რეჟისორები ფილმებში ათამაშებენ არაპროფესიონალ მსახიობებს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს ხელწერა იყოს, ზოგჯერ კი – უბრალოდ, გონებაში შექმნილი პერსონაჟის ხორციელ გამოვლინებას ხედავენ მათში. ხშირად, ფილმის წარმატების პარალელურად, ეს მსახიობებიც რჩებიან კინოს ისტორიაში, მათ მიერ განსახიერებული როლების გამო. ასეთი მომავალი შეიძლება ვუწინასწარმეტყველოთ მახო (ბაბუ) ხუციშვილს, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა გიგა ლიკლიკაძის ფილმში „ღორი“ (2019).
დოკუმენტური ფილმი „მე არ მაქვს ფრთები“ (2020) სწორედ მახოს შესახებ მოგვითხრობს. რეჟისორ ნინო მემანიშვილისთვის მისი პერსონა საინტერესო გახდა არა მისი კინოროლის, არამედ მისი საქმიანობის, ბაზიერობის გამო.
ბაზიერობა ძალიან ტრადიციული და ძირძველი პროფესიაა საქართველოში, ხოლო მთავარი პერსონაჟისთვის იგი, ამ ყველაფერთან ერთად, შემოსავლის წყაროცაა. ის და მისი შევარდენი ტურისტულ ზონაში დგანან, რათა მსურველმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ ფრინველთან ფოტო გადაიღოს. დღიურ რუტინაში ჩანს მისი უნარები – როგორ იზიდავს კლიენტურას თავის მეწყვილესთან (შევარდენთან) ერთად. პირველივე ეპიზოდებიდანვე გასაგებია, რომ მას ხალხთან კომუნიკაცია ეხერხება და შეუძლია მათი დაინტერესება თავისი ეგზოტიკური მეგობრით.
რეჟისორი გვაცნობს მახოს ოჯახსაც, რომელიც შემდგომში მთლიანი ფილმის ლაიტმოტივი ხდება. ის პატარა ბინაში ცხოვრობს დედასთან და პატარა ძმასთან ერთად. ეს უკანასკნელი შ.შ.მ. პირია. ამის გამო დედა-შვილის ყურადღება, სითბო და ფინანსები, მეტწილად, ოჯახის ამ პატარა წევრს ეთმობა. ეს ხაზი ფრიად მნიშვნელოვანია ფილმისთვის, რადგანაც რეჟისორის ჩაურევლად ამბის თხრობაში იკვეთება მძიმე სოციალური და ადამიანური პრობლემები.
მახოს პატარა ძმის ცხოვრება შემოიფარგლება მხოლოდ მის საძინებელში ყოფნით, რადგან მას ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა აქვს. მისი ერთადერთი გასართობი ტელევიზორის ყურება და პლანშეტით გართობა არის. მას უჭირს ადამიანებთან კონტაქტი და მეტყველება, ამიტომაც გამოკეტილია სახლში. კომუნიკაცია, ოჯახის წევრების გარდა, აქვს მხოლოდ აღმზრდელთან, რომელიც მეტად აახლოებს სოციუმთან, უნარ-ჩვევების განვითარებით. მისი სიხარული თავის ძმასთან და დედასთან არის დაკავშირებული. ვხედავთ, თუ როგორი ბედნიერია მათთან ურთიერთობით, სულ მცირე ხნით მაინც. განსაკუთრებით მახოსთან, რომელიც საქმის გამო არც ისე ხშირად ხედავს მას.
ფილმში იკვეთება ძალზე კომპლექსური პრობლემა. მახოს ართმევენ თავის მოთვინიერებულ შევარდენს, რადგან ის არაკანონიერად არის მოპოვებული. პროცესში კი გაირკვევა, რომ კანონით არაპირდაპირ ბაზიერობაც არის აკრძალული, ამიტომაც ის დროებით მეგობრისა და შემოსავლის გარეშე რჩება.
სასამართლო პროცესის ეპიზოდში, როცა განაჩენს გამოუტანენ მას და მის მეგობარს, ჩანს, თუ როგორი სიყვარული გააჩნია მახოს ფრინველის მიმართ. მისთვის იგი ოჯახის წევრია, რადგანაც ფილმში არცერთი წამით არ იკვეთება, რომ ის რაიმეთი ჩაგრავს ფრინველს, პირიქით, მას როგორც მორჩილი, ისეც ექცევა – აჭმევს მხოლოდ სპეციალურ საკვებს, ავარჯიშებს და პატივ სცემს ფრინველის პირად სივრცესაც კი. ყოველ შეხებაზე ძალიან ფრთხილია. სამუშაო გარემოში ისინი პარტნიორები უფრო არიან, როგორც მახო ამბობს ერთ-ერთ ეპიზოდში, რუს ტურისტებთან გამოლაპარაკებისას.
ბაზიერობა მახოს მოსდევს დედის მხრიდან – ეს პროფესია მას ბაბუამ ასწავლა. მან, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება დაუთმო ამ საქმიანობას, რომელიც მისთვის განუყოფელი ნაწილი გახდა, ამიტომაც კანონის მიერ წართმეული შევარდნის ნაცვლად იგი იჭერს ახალს, თუმცა უწევს მისი გაწვრთნა. ამ პერიოდში მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება. ეს არის კინოროლი ფილმში „ღორი“. თავიდან მისთვის წარმოუდგენელი რამ ხდება, რაც მისი მეგობრებისთვისაც დაუჯერებელია. ხშირად ამბობენ, რომ, უბრალოდ, ხუმრობაა და მეტი არაფერი. თუმცა ყველაფერი ძალიანაც რეალურია.
ფილმში მახოს გარდაქმნა ბაზიერიდან კინომსახიობამდე ძალიან უხილავად მიმდინარეობს, თითქმის არც კი ჩანს მისი, როგორც მსახიობის ამპლუა, რადგანაც რეჟისორისთვის მისი პროფესია უფრო საინტერესოა. სამსახიობო ამბები გვესმის მაშინ, როცა მახო ფილმის გადაღების პროცესებს მეგობრებთან განიხილავს. ბოლოს კი ბაკურიანის კინოფორუმზე გვხვდება, რა დროსაც მას დარბაზი კითხვას უსვამს. აქ კი ჩანს ამ ადამიანის სიმორცხვე და თავმდაბლობა, რადგან ყოველთვის ჩრდილში მყოფი ბიჭი რაღაც დროით ქართული კინოსამყაროს ცენტრში მოექცა. საინტერესო იქნებოდა ამ თემის ბოლომდე გაშლა, თუ რას გრძნობდა იგი ამ დროს, როცა არათუ სამშობლოში, არამედ ევროპაშიც კი ყურადღებას მიაქციეს.
არ ვიცი, რა იყო რეჟისორისთვის ამ ფილმის შექმნის იდეა ან მოტივი, თუმცა ფაქტია, ძალიან გაუმართლა და ეს გამართლება ბოლომდე ვერ გამოიყენა. წარმოიდგინეთ, დეივიდ ბრედლიზე რომ დაეწყო ვინმეს თავის დროზე დოკუმენტური ფილმის გადაღება, როგორც ბაზიერზე, ამ პროცესში კენ ლოუჩს დაემტკიცებინა ის მთავარ როლზე ფილმში, „კესი“ (1969), ეს ყოველივე კი მას ვერ აესახა სათანადოდ და ბოლომდე მიჰყოლოდა სოციალურ თემას – იმის მაგივრად, რომ ეჩვენებინა უბრალო ბიჭის გარდასახვა საოცარ პერსონაჟად. აი, თითქმის ასეთი შანსი გაუშვა ხელიდან ნინო მემანიშვილმა.
გარდა შანსის ხელიდან გაშვებისა, ფილმში ბოლომდე არაა ჩაშლილი თემები. მისი ყურებისას ჭირს გაიგო, რა უნდა გადმოეცა ამ პერსონაჟით რეჟისორს. რატომღაც, საერთო ჯამში, ფილმი „რეალითი შოუს“ უფრო ჰგავს, ვიდრე დოკუმენტურ ფილმს. მასში არ ჩანს არც რაიმე მკვეთრი პრობლემა. ვგულისხმობ ისეთ რაიმე განსაკუთრებულს, რაც აქამდე არ უჩვენებიათ ან მაყურებლისთვის გაუგებარია. ის, რაც კინოსურათში ჩანს, ყველასთვის ნაცნობი თემაა და არაფერს განასაკუთრებულს არ იძლევა. არსად ჩანს კარგად მახოს ხასიათი, სულ იგრძნობა, რომ პერსონაჟი მუშაობს კინოკამერაზე და ყველაფერს აკეთებს კინოკამერისათვის. ეს, პირველ რიგში, კინოოპერატორის „დამსახურებაა“, რადგანაც მან ვერ მოახერხა ადაპტაცია გარემოში ისე, რომ მისთვის უხილავი გამხდარიყო.
ძალიან გაურკვეველია თხრობის სტილი, რომელსაც არაკინემატოგრაფიულიც კი შეიძლება ვუწოდოთ. ფილმის პირველივე კადრი იწყება მახოს მიერ მობილურით გადაღებული შევარდნით, კადრით, რომლითაც უკეთესი იქნებოდა, რომ ფილმი დამთავრებულიყო. განსაკუთრებით მაშინ ხდება ეს თვალშისაცემი, როდესაც ვიდეო ვერტიკალურ მდგომარეობაშია გადაღებული.
ფილმის მიწურულს ვხედავთ, თუ როგორ აწყობენ სკოლაში მახოს უმცროსი ძმისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს, რა დროსაც საერთოდ ვერ ვხვდებით, რატომ გადმოგვცა რეჟისორმა ეს ეპიზოდი – საზოგადოების დადებით მხარედ თუ ფაქტად, რომ ასეთი რამ მოხდა და მოდი, ესეც ვნახოთო.
ფილმი შედგა იმ დონემდე, რომ მომავალში გახდება თვალსაჩინო მასალა იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა ფილმის „ღორი“ მთავარი როლის შემსრულებელი სინამდვილეში. ესაა ქვეტექსტებისა და სათქმელისაგან დაცლილი, უემოციო და მკრთალი კინოსურათი ქართველ „კესიზე“.
საბა მახარაშვილი