თამაში და როლის მორგება რომ ადამიანების მოგონილია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვინ ვის როლს ირგებს და რომელს ამჯობინებს, ამას უკვე თავად სინდისი კარნახობს. ალბათ, უმეტესობა სიტუაციის შესაბამისად უცებ შედის როლში, ხოლო ზოგს მხოლოდ ერთი ნიღაბი აქვს მორგებული და ისე აქვს შესისხლხორცებული და მიწებებული, რომ საკმაოდ დიდი დრო გჭირდება იმისთვის, რათა ეს მიტმასნილი ნიღაბი ააგლიჯო და რეალობის წინაშე აღმოჩნდე. ამ როლების თამაშზე, რწმენაზე, დრომოჭმულ იდეოლოგიაზე, რომლის მარწუხებიდან ჯერ ბოლომდე ვერ დავაღწიეთ თავი და საერთოდ ბევრ სხვა რამეზე გვიყვება მიხეილ კვირიკაძის მხატვრული ფილმი, „ქრისტე ჩიტი“ („ნათლობა იორდანეში“, 2021).
ფილმის მთავარი გმირი (პაატა ინაური) მოთამაშე თაღლითია, რომელიც გაურბის დადევნებულ პირებს და შემთხვევით აღმოჩნდება მატარებელში, სადაც გაიცნობს პატარა პიონერებს, რომლებსაც თან ახლავს პიონერთა ხელმძღვანელი, ეკატერინე (მარიშა ურუშაძე). ისინი ქალაქში პიონერთა საკავშირო ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან. სწორედ მატარებელში ვითარდება ამბავი, რომელიც ირონიულ, იუმორისტულსა და სარკასტულ ნარატივს ავითარებს, რაც ფილმის დასრულებამდე მრავალ კითხვას ბადებს, ინტრიგაში გახვევს, ზოგჯერ კი თავგზასაც გიბნებს, მაგრამ, საბოლოოდ, ერთ, პატარა საინტერესო თავგადასავალში გამოგზაურებს ორიგინალური კინოენით.
მთავარი გმირი სიამაყით წარმოთქმულ თავის ზედმეტსახელს – „ჩერჩილი“, განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს (როგორც ჩანს თაღლითთა წრეში ამ სახელით მოიხსენიებენ). იგი ვისთვის „ჩერჩილია“ და ვისთვის „მღვდელი“. საბოლოოდ კი, მღვდლის „მანტიას“ ამოფარებული უკეთ ახერხებს შენიღბოს თავი. მღვდლის სახე-ხატი ფილმში რამდენჯერმე ფიგურირებს არა მარტო ვიზუალურად, არამედ პერსონაჟების საუბრიდან გამომდინარეც. დასაწყისშივე ვიგებთ, რომ ერთ-ერთმა მღვდელმა ბანქოს თამაშისას, ფულის სანაცვლოდ გაიმეტა ჯვარი, რომელიც მისთვის მხოლოდ ფასიან ნივთს წარმოადგენდა. მეორე მღვდელი, რომელზეც ბავშვი ყვება, წარმოდგება მოვალეობის უპატივცემლოდ შემსრულებლად, ვინაიდან ცდილობს თავისივე ფეხების ნაბანი წყლით აღასრულოს მის სახლში ყველასათვის უჩუმრად მისული ოჯახის ბავშვის ნათლობის რიტუალი. და ბოლოს, თაღლითი, მოთამაშე „ჩერჩილი“, რომელიც დაუმსახურებლად ირგებს მღვდლის ანაფორას.
პიონერების აღფრთოვანება და მოწიწება, როცა კი აღმოაჩენენ, რომ მათ კუპეში „მღვდელია“, განსაკუთრებულ ამაღელვებელ ემოციებს იწვევს. თითქოს მათ წინაშე მღვდელი კი არა, თავად ქრისტე წარსდგა მთელი თავისი სიწმინდით. პიონერები, ვისთვისაც ყველაზე წმინდა და სადიდებელ არსებად ბელადი მოიაზრებოდა, ამჯერად, მღვდელი არის მათი განმანათლებელი, რომელიც ქრისტეს მიმართ მოწიწებას აღძრავს.
ფილმში არ არის არანაირი ირონია ქრისტიანული რელიგიის მიმართ. ის ააშკარავებს იმას, თუ როგორ შეიძლება ფარსი, თაღლითობა და ყოველგვარი მანკიერება შეიმოსოს წმინდა ატრიბუტიკით. ამ შემთხვევაში კი ყველაზე საუკეთესო საშუალებას ვიზუალური შენიღბვა წარმოადგენს. გმირის ყელზე ჩამოკიდებული დიდი ჯვრისა და წვერის ხილვა პიონერების მოწიწებას იწვევს. თაღლითი თუ ხარ, არც ის გაგიჭირდება, რომ მორგებული მანტიით უცებ გაითავისო მოძღვრების მთელი ფილოსოფია და მქადაგებლური ტონით ჩიტივით აჭიკჭიკდე.
მიუხედავად იმისა, რომ გმირი თაღლითია, მასში არის რაღაცისადმი პროტესტი, შინაგანი ამბოხი. რეჟისორი მისი სახით სარკაზმულად დასცინის პიონერების წითელ ყელსახვევებს, რომელიც „ჩერჩილის“ აზრით, გაუნათლებელი ბრბოს სიმბოლოა. ბრბო, რომელიც კარგავს ინდივიდუალიზმს და ბლოკავს განსხვავებულ აზრს. წითელი ფერი და კონკრეტულად ყელსახვევი კომუნიზმის სახეა, რომელიც პიონერებს ბავშვობიდანვე დაღს ასვამდა, თავის მარწუხებში აქცევდა და ერთ თარგზე გამოჭრილ, ღირსებაშელახულ, დამონებულ, დიქტატორზე გაფანატებულ მარიონეტებად აყალიბებდა. საინტერესოა, რატომ პიონერები, მღვდელი და თაღლითი? ან რატომ ახსენებს მთავარი გმირი ლენინს, მარქსს, ენგელსს და რატომ უწოდებს თავს „ჩერჩილს“? თაღლითი ბავშვებს მიმართავს სიტყვებით – „ეს ლენინები-მარქს-ენგელსები რას ასწავლიან? ასწავლიან, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, პიროვნება“. და რას გვასწავლის დღევანდელი 21-ე საუკუნე? დემოკრატიას? აზრის თავისუფლებას? როგორ შევინარჩუნოთ ინდივიდუალობა, როგორ გავხდეთ ადვილად სამართავი ბრბო? რეჟისორი საბჭოთა სიმბოლიკის რეპრეზენტირებით და მისი პოლიტიკური იდეოლოგიის შეხსენებით დღევანდლის შეფასების გააზრების საშუალებას იძლევა. სვამს კითხვას, თუ რატომ ვერ ჩამოვყალიბდით ამდენი ხნის განმავლობაში სრულფასოვან დემოკრატიულ ქვეყნად? ალბათ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვებრძვით იმ შემორჩენილ მეტასტაზებს, რომლებიც ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა ჩვენში.
მიხეილ კვირიკაძე გასული საუკუნის 80-იანი წლების ეპოქას ასახავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ძველი დროის გაანალიზებას ახდენს. ის აქ დროსა და ადგილის აბსტრაქტულ გააზრებას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ „რკინის ფარდა“ დიდი ხნის „ჩამოგლეჯილია“, „ცივმა ომმა“ თავისი დრო მოჭამა, საბჭოთა კავშირი დაიშალა და თითქოსდა დღევანდელი გადასახედიდან პიონერები აღარ არიან მთავარი მოქმედი გმირები, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მისტირიან საბჭოთა იდეოლოგიას და არა მარტო ადამიანები, არამედ არსებობს ჯერ კიდევ შემორჩენილი საბჭოური მენტალობა, ცრუ მღვდლობა, ფარისევლობა.
ფილმი შავ-თეთრია, რაც ძველი კინოესთეტიკისა და, ამავდროულად, თანამედროვე ნარატივის ნაზავს წარმოადგენს. მატარებელი სიმბოლურად დროის მანქანას განასახიერებს, რომელიც დროში მოგზაურობს და ერთი უფერული, ერთფეროვანი, „შავ-თეთრი“ (ფორმალურად წითელი) საბჭოთა კავშირის ჩაკეტილი სივრციდან უცებ იმედისმომცემი, რევოლუციური პათოსით განმსჭვალულ გარემოში ინაცვლებს: შავ-თეთრი კადრი, გვირაბში შესვლისას, ფერადდება და ბავშვები იწყებენ „მარსელიეზის“ მღერას. გვირაბიდან გამოსვლისთანავე (მიუხედავად იმისა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა), რევოლუციური პათოსი სადღაც ქრება და ფილმი კვლავ შავ-თეთრი ხდება. მატარებელი, როგორც დროში მოგზაურობის მეტაფორა წარსულს ასახავს და თან იმედისმომცემ აწმყოსთან გვაკავშირებს. გუშინდელი წარსულის სახეს კი დღევანდლის შტრიხებში ხედავს.
მრავალი ფილმი არსებობს, სადაც სიუჟეტი მატარებელში ვითარდება. ასეთებია, მაგალითად, თემურ ბაბლუანის „ბეღურების გადაფრენა“ და გიორგი შენგელაიას „მიდიოდა მატარებელი“. ორივე ფილმში ვხვდებით განსხვავებული ჯურის ადამიანებს. იქაც არიან აფერისტები, ფანტაზიორები, მაგრამ მიხეილ კვირიკაძის გმირები აბსოლუტურად განსხვავებული მგზავრები არიან და ასევე მისი მატარებელიც სრულიად განსხვავებულია, რადგან წარმოადგენს დიდ ცარიელ სივრცეს ვიწრო დერეფნითა და ცარიელი კუპეებით. ფანჯრის ხედიდან ერთმანეთს ენაცვლება მინდვრები, საძოვრებზე გამოსული საქონელი, ბორცვები და უფერული, ჩამქრალი პეიზაჟები. ეს ვიზუალური ცივი ესთეტიკა თითქოს განყენებული, ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი სამყაროს მოდელს გვიხატავს, სადაც სიცრუე და სიმართლე, თვალთმაქცობა და გულახდილობა, რწმენა და ურწმუნოება ერთმანეთში იღრევა და ყოველგვარი ღირებული უფასურდება.
პიონერების მენტალიტეტზე იმარჯვებს ქრისტიანული მრწამსი, რომელიც მოტყუებით, მაგრამ განსხვავებული ფორმით იჭრება მათ ყოფაში. არის ამაღლებული განცდა იმისა, რომ ნათლობის რიტუალი რეალურად სრულდება და პიონერები მართლაც ინათლებიან, არა ტბაში, არამედ იორდანეში. მთავარ გმირში ერთიანად იყრის თავს მარქსის, ენგელსის, ჩერჩილის და თვითმარქვია მღვდლის სახეები. გმირის თქმით, ქრისტემაც მოუშვა წვერი, მაგრამ ის მარქსი არ იყო. თავადაც აქვს წვერი, მაგრამ ის არც მარქსია, არც ენგელსი და არც ქრისტე. ქრისტე, გმირის თქმით, ჩიტია, რომელიც თავისი არსით შორს მიფრინავდა. ის განსხვავებული ჩიტია, რომელიც გამოირჩევა სხვა ჩიტებისგან, მაგრამ ვინ არის თავად ფილმის გმირი? რა თქმა უნდა, თაღლითი, რომელიც უცებ სხვების თვალში „წმინდანი“ ხდება. პიონერების შეკითხვაზე, თუ რატომ გააკრეს ქრისტე ჯვარზე, „მღვდელს“ პასუხი არა აქვს, აქვს მხოლოდ „მადლი“ იმისა, რომ ურჯულოები მოაქციოს.
და ბოლოს ისმება კითხვა: საერთოდ აქვს კი მნიშვნელობა ვინ გნათლავს, მღვდელი, თაღლითი თუ ვიღაც გამვლელი? პასუხი არის ხან კი, ხან არა. ბოლოს და ბოლოს, ხომ ყველა ადამიანი ცოდვილია და მათ შორის მღვდელიც ხომ ადამიანია? მასაც ხომ აქვს უფლება უყვარდეს, მოსწონდეს? ალბათ, მთავარი ის არის, რომ ეს საიდუმლო „სრულდება“, რითაც ჩნდება იმედი და რწმენა იმისა, რომ რაღაც ბარიერი გაარღვიე და ახალ სამყაროს ეზიარე. „ნათლობის“ ეპიზოდშიც კი გიჩნდება განცდა იმისა, რომ მღვდლის ანაფორას ამოფარებული პერსონაჟი თაღლითი კი არა, ერთი კეთილი ადამიანია, რომელიც ასრულებს ერთ-ერთ დიდ ქრისტიანულ საიდუმლოს და პიონერებში ულევ სიხარულს იწვევს.
ფილმის ბოლო ეპიზოდში, პიონერებისთვის „მღვდლის“, როგორც მათი გამაქრისტიანებელი მხსნელის სახე, უფრო აღმატებით წმინდა სახე-ხატს იძენს. პიონერთა ხელმძღვანელი ფანჯრიდან ხედავს, როგორ „მიფრინავს“ დადევნებულების მიერ მატარებლიდან მოსროლილი „მღვდელი“, ახლა კი უკვე „ქრისტე ჩიტი“, რომელიც მათ მხსნელად მოევლინა და უცებ სასწაულებრივად „გაფრინდა“. გაფრინდა და დატოვა ურთიერთსაპირისპირო ცნებები, როგორიცაა ტყუილი, გაიძვერობა, თვალთმაქცობა და ასევე სიწმინდე, სიკეთე, სათნოება.
მეტად ღრმა განცდებსა და ემოციებს იწვევს მიხეილ კვირიკაძის ეს ორიგინალური, თანამედროვე ქართული კინოსთვის განსხვავებულად საინტერესო ფილმი, რომელზეც საუბარი როგორც ვიზუალური ესთეტიკიდან გამომდინარე, ასევე მისი შინაარსობრივი თვალსაზრისით, ამოუწურავად შეიძლება.
ქეთევან ღონღაძე