დრამატურგიული მოულოდნელობის რამდენი მოცემულობაც არ უნდა არსებობდეს, რამდენჯერაც არ უნდა ვცადოთ კინოს ჩვეულ, თხრობით რიტმში წარმოუდგენელი გარდატეხის შეტანა, მაინც, ყოველ ჯერზე, ეს იქნება მომხდარის შინაარსის მნიშვნელობაზე დამოკიდებული რეაქცია და არა უბრალოდ კითხვის დასმის სურვილი „რა მოხდა?“… არადა, ეს კითხვაა სწორედ პირველი, რაც გაოგნებულ და მოულოდნელობით ტრამვირებული მაყურებლის რეაქციას განასახიერებს.
„10:45“ (2021) – ასეთი სათაური აქვს გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლისადმი მთავარი ინტერესს სწორედ მისი დრამატურგიული თანმიმდევრობისა და მოულოდნელობის (რაც მისივე განვითარების პირობაში აშკარად ძევს და იკითხება) შინაარსობრივი საფუძველი იწვევს. თავდაპირველად, მეხსიერებაში ქართული კინოს ისტორიის ერთ-ერთი ტრადიცია, დრამატურგიული ორიგინალური ხედვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითებიც გვახსენდება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ უახლესი პერიოდის ქართულ კინოში ეს ტრადიცია შეუძლებელია გაგრძელდეს იმავე სახით, რომლითაც არსებობდა. მაგალითად, ქართული კინოგავის პირობებში, მით უმეტეს, რომ იცვლება არა მხოლოდ ტენდენციის მიმართულება, თემატური ინტერესები, არამედ ინდივიდების – ავტორების დამოკიდებულება საგნებთან და მოვლენებთან. მიუხედავად ასეთი წინაპირობისა, დრამატურგია კვლავ და კვლავ რჩება ქართული კინოს განვითარების უმნიშვნელოვანეს ბაზისად, რომელსაც ყოველი ახალი მაგალითი კინოთხრობის, ახალი მკვეთრი აზრის საწყისად შეიძლება გამოადგეს.
რამდენად იოლი იქნება დრამატურგიის მრავალფეროვანი კინოთხრობისკენ მიმავალი გზა, ამას ისტორია უკეთესად წარმოაჩენს რამდენიმე წლის ან ათწლეულის შემდეგ, თუმცა ფაქტია, რომ ქართული კინო, რომელსაც ყოველთვის შეუძლია მოვლენათა და რეალური დრამატული ფაქტების სხვადასხვა ჭრილში აღქმა, ვერც ერთ ეტაპზე თავისი სოციალური თუ ისტორიული ცხოვრებისა, ვერ რჩება რეალობის საზღვარს მიღმა. დღეს, მოვლენათა მხატვრული ინტერპრეტაციის რომელიმე ერთი, ურყევი მიმართულების მსგავსი ტენდენცია ქართულ კინოს არ გააჩნია და ეს ამ ეტაპზე სასიკეთოა, ვინაიდან სწორედ ინდივიდუალიზმის მძაფრი მხატვრული მაგალითები ქმნიან ისტორიული რეალობის ადეკვატურ მხატვრულ სახეს, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გარდამავალ ათწლეულებში.
თუმცა, ეს თეორიული ჭრილია კითხვისა, რომელსაც გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის დრამატურგია ქმნის, სავსე მარტივი გადაწყვეტებითა და ორაზროვნებით, სწორედაც რომ დამახასიათებლით ქართული კინოსთვის, განსაკუთრებით, „დათბობის ხანაში“.
ახალგაზრდა გოგონა ყოფით, ოდნავ კონტრასტულად გააზრებულ მხატვრულ სივრცეში მოგზაურობასა და მიწიერ, მარტივ პრობლემებზე (გუშინდელი დღიდან დაწყებულ სლოკინზე) საუბრობს მეგობართან ტელეფონზე. სწორედ მაშინ, როდესაც იგი თავიდან მოიშორებს მთავარ შიშს, მეგობრის ნათქვამ სიცრუეზე ონკოლოგიური დაავადების შესახებ, რაც ამ მცირე პრობლემას (სლოკინს) შველის, ის დაბომბვის მსხვერპლი ხდება. ამის შესახებ მხოლოდ ფინალით გავიგებთ, სადაც ტიტრებს გორის დაბომბვის ტრაგიკული კადრები ენაცვლება და ზუსტად ისევე, არაადეკვატურად წყვეტს ტიტრების მსვლელობას, როგორც ამდენი სიცოცხლე წყდება, კვდება, ქრება და სახიჩრდება არაადამიანური ზიზღისა და ომის დაუოკებელი წყურვილის, ასევე კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო.
თვით ფორმა, მოდელი ამ ტრაგიკული ამბისა, ძალზე საინტერესოა. თხრობა ერთი მსახიობის შეფასებასა და მის დინებით ლოგიკაზეა აგებული, ერთ სატელეფონო ზარზე აგებული დიალოგის პრინციპით, რომელიც თავისთავად ვერ იქნება ვერც ახალი და ვერც გამოუყენებელი სიუჟეტის მატარებელი თავიდან ბოლომდე, თუმცა ეს არც მოეთხოვებოდა ავტორს, ვინაიდან თავად მიზეზი, საწყისი და სიუჟეტური გამართლება ყოველივე ამას ფატალური საშინელების ისტორიულ ტრაგედიაში უდევს.
ფილმის ახალგაზრდა გმირი (მარიამ კვიტაიშვილი), როგორც ჩანს, ოდნავ დაუსრულებელი მხატვრული შტრიხების მატარებელ პერსონაჟად ჰყავს გააზრებული როგორც ფილმის რეჟისორს, ასევე ოპერატორს, ვინაიდან ერთი მთლიანი, მონტაჟური მოძრავი კადრის შინაარსში არ იკითხება არავითარი მკვეთრი, მაქსიმალურად სუბიექტური დეტალები, ისეთი, მაგალითად, როგორიცაა არტისტული რესურსის კიდევ უფრო რეალისტური მიმართულებით გამოყენება. არის ეპიზოდები, წყლის სასოწარკვეთილი სმა სლოკინის შეჩერების იმედით ან თუნდაც გაუთავებელი და ცოტა ნაძალადევი ახსნა-განმარტებანი მოგზაურობის გეგმების მიმართულებით, რაც ამგვარ ხანგრძლივ პედალირებას ნამდვილად არ საჭიროებს. პირიქით, ყოველი ახალი შემობრუნებისას, ამ თემასთან დაკავშირებით, მაყურებელს დამაჯერებლობის ძირითადი ხაზი უწყდება და იწყება თავდაპირველი სიუჟეტური საწყისისკენ სვლა, რაც, სამწუხაროდ, უდავოდ, კარგი, გამართული, მნიშვნელოვანი ჩანაფიქრია, მაგრამ ყოფის დეტალიზებაში ზომიერების განცდა იკარგება. ეს სამსახიობო ექსპრესიის ნაკლებობის ბრალია თუ იმ დამოკიდებულებისა, რომელიც, დროდადრო მოკლემეტრაჟიან ფილმში გმირის ხასიათის ამოსაცნობი დეტალების გამოვლენისას, მთავარს ივიწყებს და მეორეხარისხოვანს არა. მაგალითისთვის, საკმარისია თუნდაც ის, რომ ცეკვა, წყლის სმა, სასოწარკვეთილების გამომხატველი რეაქცია, კედელთან უღონოდ ჩამჯდარი ძალაგამოცლილი სხეულის სახით თუ ატირებული მთავარი გმირი – ყოველივე ეს, უეცრად ნაკლები დამაჯერებლობით იცვლება ინდიფერენტული ინტონაციით გმირის რეპლიკებში. შეიძლება, სწორედ ამისკენ ისწრაფვოდა რეჟისორი, რომელიც ტრაგიკული მოვლენებისა და მოულოდნელობის მნიშვნელობას უსვამდა ამით ხაზს, მაგრამ ერთი მსახიობის მიერ საინტერესოდ შეთხზულ გმირში, სამწუხაროდ, ხშირად იკარგება განცდის ხარისხი და ეს გრძელდება ფინალამდე, სადაც მოულოდნელობა და მისი ტრაგიკული, ლოგიკური ახსნა, ინტერესს იწვევს თავისი უბრალოებით, სიმარტივითა და ზომიერებით ფაქტის დოკუმენტური მასალით გამდიდრებაშიც კი.
ის გარემოება, რომ მთავარი გმირი, შესაძლოა, განვაზოგადოთ, ეჭვს არ იწვევს, ისევე როგორც ამ განზოგადების მხატვრული საზღვრები შეიძლება იყოს დაუსრულებლად ვრცელი სოციალური, მსოფლმხედველობრივი, მენტალური თუ გარეგნული მახასიათებლებით. მით უფრო საინტერესოა სარეჟისორო კონცეფციის ის ნაწილი, სადაც ავტორს წამში შეწყვეტილი ტრაგიკული სიცოცხლის აფეთქებამდე არსებული პერიოდი, ფობიების, მოგზაურობის სიყვარულის, ყოფის წესებისა და ურთიერთობების რაღაც ზოგად, მომხიბლავ ერთიან ფორმად აქვს წარმოჩენილი.
სიმკვეთრესა და სინათლეში, ინტერიერში მოსიარულე ეს ფიგურა, ოდნავ ინფანტილური და ნახევრად გაუცნობიერებლად იმპულსურიცაა, თუმცა ამ მეტად საინტერესო თვისებების ბოლომდე აკუმულირებას არტისტული სისადავით ის ბოლომდე ვერ ახერხებს, რაც შესაძლებელია სიუჟეტურად ლოგიკური გარდატეხების დაძლევისას უნდა შემდგარიყო.
„10:45“ მარტივად და ტრაგიკულად დასრულებული მრავალი სიცოცხლის ეს ადეკვატური შესატყვისი, საინტერესოა თავისი დრამატურგიული ფორმითა და შინაარსით, პირობითობის განზოგადებული სახით, მოკლემეტრაჟიანი ფორმატის გამოყენების შესაძლებლობით. რამდენჯერაც არ უნდა დაუბრუნდეს კინო ტრაგედიის ისტორიას, ალბათ, ყოველ ჯერზე ახალ მოდელს შექმნის, მისი განუზომლად დიდი საშინელებისაგან. და რაც უფრო მეტად მარტივია ომის სახე, მით მეტად მოჩანს მისგან წამოსული სათქმელი.
ქეთევან ტრაპაიძე