ადამიანები ხშირად იღებენ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ისინი აკეთებენ რაღაცას და შედეგებზე არც ფიქრობენ. მათთვის მთავარია იმ წამს მოაგვარონ არსებული პრობლემა და ამოისუნთქონ, არ აინტერესებთ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ყოველივეს. ხანდახან ავიწყდებათ, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. ერთადერთი გამოუსწორებელი მდგომარეობა სიკვდილია, გარდაცვლილ ადამიანებს ვერ აცოცხლებენ.
მამები ოჯახში პრობლემის მთავარი გადამჭრელები არიან ხოლმე. ნებისმიერი დაბრკოლება მათ ფსიქიკას აყენებს ზიანს. ხანდახან ისეა, რომ ცოლი ქმარს ავალდებულებს ის და შვილი არჩინოს და თვითონ არაფერს ან ვერაფერს აკეთებს ამისთვის. შემდეგ მამები ხან ერთ კედელს ეტაკებიან, ხან მეორეს, ცდილობენ შვილებს უკეთესი მომავალი შეუქმნან და არ აჩვენონ რა არის, როცა სხვას აქვს ის, რაც შენ გაგაჩნია. ეს ხანდახან გამოსდით და ხანდახან არა. ისინი ისე არიან საკუთარ ოჯახს გადაყოლილი, რომ გამოუსწორებელ შეცდომებსაც უშვებენ.
რეჟისორ დავით (დათა) ფირცხალავას ფილმის „საშლელი’’ (2018) მთავარი გმირი დათო აგონიაშია. დგას ზამთარი, ცივა, მას ჰყავს შვილი, რომელსაც სითბო სჭირდება და უნდა გამოსავალი იპოვოს. იგი შენობის მაღალი სართულიდან ღობეს იპარავს, სახლში მიაქვს და შვილს ათბობს. ამით ჰგონია, რომ პრობლემა მოაგვარა და მშვიდად არის. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ასე მარტივად არ მთავრდება. შენობიდან მისი შვილის კლასელი, აკაკი, ვარდება და კვდება. აქ მას სინანული იპყრობს ან სირცხვილი, ან ორივე ერთად და სამძიმარზე მიდის. ის არ ელოდა, რომ მისი თითქოსდა უწყინარი ქურდობა საკუთარი უჯახის გადასარჩენად ასეთ შედეგს მოიტანდა.
დათოს პერსონაჟი ორნაირად განიხილება. ერთ მხარეს დგას კაცი, რომელმაც ორი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. პირველი – ქურდობა და მეორე – გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. ის სხვაგან არ წავიდა შეშის მოსატანად, არც იქვე მდგომ ხეს მოაჭრა ტოტები, არც იწვალა, რომ ზამთრამდე მოემარაგებინა შეშა. ხომ იცოდა, რომ არც გარემონტებული სახლი ჰქონდა და არც ცენტრალური გათბობა. ისიც აშკარა იყო, რომ ზამთარი სუსხიანი იქნებოდა. იგი წინდაუხედავად მოიქცა და სხვისი სიცოცხლეც შეიწირა. დათოს ქმედება წააგავს იმ ერთუცნობიან განტოლებას, რომელსაც ყოველთვის აქვს ამოხსნა. მარტივი გამოსაცნობი იყო, რომ უღობოდ დარჩენილი შენობის მაღალი სართულიდან ვიღაც გადმოვარდებოდა. შეიძლება აკაკის ადგილას მისი შვილიც ყოფილიყო. დათოს ბიჭი და აკაკი მეგობრობდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი სტუმრობის დროს სწორედ ის გადმოვარდნილიყო შენობიდან და არა აკაკი. დათოს ამაზეც არ უფიქრია. უბრალოდ, დაინახა პრობლემა და მოაგვარა.
პერსონაჟის მეორე მხარეს დგას მამა, რომლის შვილსაც სუსხიანი ზამთრის გამო სცივა. წარმოიდგინეთ, გყავთ ოჯახი, გაქვთ გასარემონტებელი სახლი, რომელშიც ყველა მხრიდან სიცივე შემოდის და აღარ იცით, რა გააკეთოთ. გახსენდებათ, რომ შვილის მეგობრის სახლის რომელიღაც სართულზე არის ღობე, რომელიც გაგათბობთ. ხსნით ამ ღობეს და რამდენიმე საათი მაინც არ გცივათ არც თქვენ და არც თქვენს შვილს. პრობლემა, ერთი შეხედვით, გვარდება, მაგრამ რეალურად ყველაფერი ასე არ არის. ერთი პრობლემის ზედაპირული მოგვარებით ჩნდება მეორე, შედარებით უფრო დიდი დაბრკოლება, რომელიც შეიძლება ვერ მოგვარდეს. აგონიაში მყოფმა მხოლოდ მაშინ გამოიღვიძა, როცა სამძიმარზე მივიდა და გარდაცვლილი აკაკი დაინახა. ზუსტად მაშინ გაიაზრა, რა გააკეთა.
„საშლელი“ არის კინოსურათი, რომელიც მაყურებელს მორალს უკითხავს. ის ასახვაა იმისა, თუ რა მოყვება დაუფიქრებლად გადადგმულ ნაბიჯებს, როგორ გაგრძელდება ცხოვრება მაშინ, თუ არ გაიაზრებ რა შეიძლება მოყვეს ქმედებას, არ იფიქრებ სხვის მაგივრადაც, არ გაიხედავ საკუთარ თავზე წინ. დედამიწა მხოლოდ ერთი ადამიანის გარშემო არ ტრიალებს. ფილმი მხოლოდ დათოსა და მის ოჯახზე არ არის. ის ყველაზეა. ხვალ შეიძლება შენ იყო დათო და შენ დაუშვა იგივე შეცდომა, ზეგ სხვამ. ეს იქამდე, სანამ ქაოსიდან გამოიღვიძებ.
დათო ჩაფიქრებული იდგა აკაკის სახლთან და იაზრებდა, რა გააკეთა. ჯადოსნური საშლელი რომ ჰქონოდა, ალბათ, იმ დღეს საერთოდ ამოშლიდა თავისი ცხოვრებიდან. საინტერესოა, რას გააკეთებდა დროის უკან დაბრუნების საშუალება რომ ჰქონოდა – ღობეს არ მოიპარავდა? სხვაგან მოიპარავდა შეშას? წინდახედულად მოიქცეოდა და ზამთრისათვის გაემზადებოდა? კითხვებზე პასუხები რთულად გასაცემია. დათოს ხასიათი არ ჩანს. არავინ იცის როგორი ადამიანია, მისგან მხოლოდ სინანული ან შიში იგრძნობა.
კარგი იქნებოდა, რომ მაყურებელს სცოდნოდა, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ. როგორ მივიდა დათო იქამდე, რომ ღობე მოიპარა. სცადა სამუშაოს შოვნა და ვერაფერი გააკეთა? ფული ვერ ისესხა შეშის საყიდლად? იქნებ სჯობდა, რომ საწოლი დაეწვა, იატაკზე დაეძინა და ღობე არ მოეპარა? სიუჟეტს თითქოს დასაწყისი აკლია. ის იწყება პირდაპირ მოქმედებით, რომელსაც გარკვეული შედეგი მოსდევს და დანარჩენი დეტალები მხოლოდ ამ შედეგის ნაწილებია. მიუხედავად იმისა, რომ დათომ ყველაფერი შვილისათვის გააკეთა, მისი გამართლება შეუძლებელია. მას შეეძლო სხვა გამოსავალი ეპოვა. სიუჟეტის სიმცირისა და დამდგარი შედეგის გამო, პერსონაჟის თანაგრძნობა თითქმის შეუძლებელია. განა რამდენი ხანი ეყოფოდა მას ის ღობე, ნახევარი დღე? ალბათ, არც კი.
ამ ამბის შემდეგ ცოტა სხვანაირად გათენდა. აღარც შეშა იყო და აღარც აკაკი. სამაგიეროდ, კორპუსს ხის ღობის ნაცვლად რკინის ღობე გაუკეთეს. ახლა არავინ დაშავდებოდა. ცუდია, რომ აქამდე არ შეიცვალა ღობე. ამ შემთხვევაში პერსონაჟიც ვერ მოიპარავდა მას და არც ბავშვი გადავარდებოდა.
დათო სტუმრად მივიდა აკაკის მამასთან. პირისპირ დაუჯდა და თვალებში ჩახედა. რატომ არ უთხრა, რომ მისი ბრალი იყო, რაც მოხდა? გამბედაობა არ ეყო? თუ ფიქრობდა, რომ აღიარებას აზრი არ ჰქონდა? უბრალოდ, შეეშინდა. აკაკისაგან დარჩენილი ნივთი, საშლელი, მამამისს მისცა თითქოს სევდის წასაშლელად. საშლელი შეცდომით დაწერილ დავალებასთან ერთად ტკივილებსაც რომ შლიდეს, ალბათ, დედამიწა ახლა სხვანაირი იქნებოდა.
ბარბარე კალაიჯიშვილი