ადამიანობიდან ცხოველამდე

ხშირად გამოყენებული გამოთქმა, ყველაზე დიდი ცხოველი ადამიანი არისო, ზუსტად ასახავს ამირან დოლიძის ფილმის, „ცხოველი“ (2019) შინაარსს. კინოსურათისათვის უფრო შესაბამისი იქნებოდა ამგვარი სათაური – „ადამიანი, როგორც ცხოველი“.

რეჟისორი ყურადღებით აკვირდება მთავარ გმირს, რომლის სახელსაც მთელი ფილმის განმავლობაში ვერ ვიგებთ. ეს უკანასკნელი მიზნის მისაღწევად მზად არის გამოიყენოს აკრძალული ხერხები. როგორ შეიძლება ადამიანი დეგრადირდეს ამ დონემდე, ის ხომ ცხოველი არ არის, ის უმაღლესი არსებაა, რომელსაც აქვს გონება, მაგრამ როგორც ჩანს, იგი ხანდახან უფსკრულში ვარდება და ცხოველის დონემდე ეშვება. კინოსურათის მსვლელობისას ვაკვირდებით, როგორ ზემოქმედებს მთავარ გმირზე გარემო. მისი სახელის გაურკვევლობა მაყურებლისთვის მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პერსონაჟის ქვეშ ერთიანდება საზოგადოების არაერთი წევრი.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა უმუშევარ კაცზე, რომელსაც, რთული ეკონომიკური პრობლემის ფონზე, ღირსებისა და წესრიგის შენარჩუნება უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მოკლემეტრაჟიანია, საკმაოდ რთულია საყურებლად. სიუჟეტი ვითარდება ნელი ტემპით, სინამდვილეში ნახევარსაათიანია, მაგრამ თითქოს ორი საათი მიმდინარეობს მოქმედება. მასში არ არის არცერთი ამაღელვებელი ეპიზოდი, ფინალიც კი ყოველგვარი ემოციისგან დაცლილია. თხრობა სანამ ერთი ეპიზოდიდან მეორეზე გადავა, ცარიელი სივრცეების რამდენიმეწამიანი ჩვენება უფრო მეტად მოსაწყენს ხდის ფილმს. მასში წამოჭრილი თემა ძალიან საინტერესოა, თუმცა მაინც ვერ აღძრავს იმ ემოციებს, რაც მის ჩვენებას უნდა გამოეწვია მაყურებელში. აქ არ არის გამოყენებული არც მუსიკა და არც რომელიმე მხატვრული ხერხი, რითაც ეს ნამუშევარი უფრო დამაინტრიგებელი გახდებოდა. საკმაოდ ძლიერია სცენარი, რომელსაც შეიძლება პრეტენზია სრულმეტრაჟიან ნაწარმოებზე ჰქონოდა, რადგან 30-წუთიან სიუჟეტში რთულია გმირების ხასიათის ბოლომდე გაშლა, რის გამოც ფილმი ტოვებს უკმაყოფილების გრძნობას, თითქოს რეჟისორს კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი და საჩვენებელი.

მთავარ გმირში ვლინდება ადამიანის ყველანაირი შინაგანი მდგომარეობა კაცთმოყვარეობიდან ცხოველურ ინსტინქტამდე. როცა მას უყვებიან ვიღაცის დაუთოების შესახებ და ამ ფაქტს აღნიშნავენ, როგორც გმირობას, უჩნდება პროტესტი, ნუთუ ეს საქმე საგმიროაო. ამას ემატება სირცხვილი იმის გამო, რომ არ აქვს 50 ლარი, რათა წავიდეს თანაკლასელების შეკრებაზე და საშინელი გადაწყვეტილება, რომელსაც ფინალში იღებს.

ყველა პერსონაჟი, შესაძლებელია, საზოგადოების სხვადასხვა კატეგორიას მივაკუთნოთ. თითოეული მათგანი სახეა იმ გარკვეული ჯგუფებისა, რომლებიც ადგენენ წესებს და ქმნიან კანონებს, რომლებსაც თუ ფეხი არ აუწყვე, გაგრიყავს და გაიძულებს იქცე ცხოველად, იმოქმედო ყოველგვარი წესის გარეშე.

როცა ერთმანეთისთვის ბრძოლას შევწყვეტთ, დავკარგავთ იმას, რაც ადამიანად გვაქცევს. სწორედ ასე ხდება ძმების შემთხვევაში. ერთი ძმა რეალობას უცხო ქვეყანაში გაექცა, სადაც ეკონომიკურად იმაზე უკეთესად არ არის, ვიდრე სამშობლოში, თუმცა ამით თავი დააღწია ურთიერთდახმარების ვალდებულებას. მისი სიტყვები – „ყველაფერს ვაკეთებ, რომ წამოგიყვანო“ ყალბად გამოიყურება, რასაც ფილმის გმირი ხვდება და ამიტომაც არ ცდილობს მასთან წასვლას. მეორე ძმას იმდენად მძიმე ცხოვრება აქვს, არამც თუ ძმაზე, საკუთარ თავზეც ვეღარ ფიქრობს. ისინი იმდენად არიან ერთმანეთისაგან გაუცხოებული, რომ რთულია მათი ერთ ოჯახად წარმოდგენა.

ჰუმანურობა, ძირითადად, მოქმედებაში ვლინდება. ამის ყველაზე ნათელი გამოვლინება  დახმარებაა, რის მაგალითადაც რეჟისორს მამის პერსონაჟი მოჰყავს. ის გრძნობს შვილის გამოუვალ მდგომარეობას, თუმცა იმდენად უმწეოა, რომ ვერ ეხმარება საკმარისად და მისცემს პენსიიდან მორჩენილ ბოლო 20 ლარს, რომელსაც მთავარი გმირი ბანქოში წააგებს. მამა, ერთი მხრივ, ცდილობს გაჭირვებაში მყოფ შვილს დაეხმაროს და, მეორე მხრივ, მუდმივად ამცირებს მეორე შვილის ცოლს.

კარგია, როცა ოჯახი ურთიერთგაგებაზე, ურთიერთსიყვარულსა და პატივისცემაზეა აგებული. მაშინ ის ციხესიმაგრესავით ურყევია. და თუ ეს ყველაფერი არ არსებობს, ის ადრე თუ გვიან დაიშლება. ფილმში წარმოდგენილი ოჯახია სწორედ ამის მაგალითი.

ყველას სჭირდება სიყვარული, გაგება, სითბო და ზრუნვა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის იგი. მცენარეებიც კი გასცემენ საპასუხო რეაქციას მეგობრულ სიტყვებსა და დამოკიდებულებებზე.

ჰუმანურობა თანდაყოლილია ყველა პიროვნებისათვის, მაგრამ ყველას არ სურს მისი განვითარება საკუთარ თავში, როგორც ეს მთავარი გმირის შემთხვევაში ხდება. ამით ხომ ადამიანი განსხვავდება ცხოველისაგან, მას ხომ შეუძლია იფიქროს და ეს ანიჭებს იმ თავისუფლებას, რომ გაკეთოს არჩევანი კარგსა და ცუდს შორის. მას შეუძლია იყოს პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე, გამოიტანოს დასკვნები. ადამიანურად მოქცევა ნიშნავს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ადამიანად დარჩენას, სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რისიც არ შეგრცხვება. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც უნდა და საფასურსაც თავად იხდის.

მთავარი გმირი იმდენად ორგანულია თავის როლში, რომ მისი ბედის თანაზიარი ხდები და მასთან ერთად ცდილობ, გაუმკლავდე იმ წინააღმდეგობებს, რასაც იგი აწყდება. ქუჩაში მდგომი დანარჩენი ბიჭები, თითქოს გვანან იმ ბოძებს, რომლებსაც ეყრდობიან და მათი ერთადერთი საფიქრალი ნარკოტიკების შოვნაა. მათ უკვე გაადაბიჯეს ცხოველის ზღვარსაც. ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია, როდესაც მთავარი პერსონაჟი აივნიდან ისე გადაყურებს დანარჩენ სამს, რომ აშკარაა მისი უპირატესობა მათზე, თუმცა არც ქუჩის მეგობრებს, არც თანაკლასელებს და არც ოჯახის წევრებს მისი არ ესმით. იგი ვერ იმკვიდრებს ადგილს იქ, სადაც მისგან ყველას რაღაც უნდა.

საინტერესო დეტალი და ყველაზე ნათელი წერტილია ჭიანჭველების, ტარაკანისა და ჭიების ჩვენება ახლო ხედით. მათი სცენებით ფილმი, თითქოსდა, სამ ლოგიკურ ნაწილად იყოფა.

ჭიანჭველების, რომლებიც ეხმარებიან და გაჭირვებაში არ ტოვებენ ერთმანეთს, კონტრასტია ძმების ურთიერთობა. არცერთ ძმას არ აქვს ერთმანეთის გვერდში დგომის სურვილი.

გადატრიალებული ტარაკანი იქამდე იბრძვის, სანამ არ გასწორდება და არ გადარჩება. მთავარი გმირიც, ყოველგვარი წესების გარეშე, ცდილობს დაუნდობელ სამყაროში გადარჩენას, მასში ნელ-ნელა იკარგება ადამიანობა. საინტერესოა, სად გადის ზღვარი ადამიანსა და ცხოველურ ინსტინქტს შორის.

ერთმანეთში გადახლართული ჭიები ცდილობენ გათავისუფლებას, თუმცა, მთავარი გმირის მსგავსად, ამას ვერ ახერხებენ და უფრო და უფრო ღრმად იხლართებიან ერთმანეთში.

როდესაც მთავარი გმირი, საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, საფლავს გათხრის და მიცვალებულს ოქროს სამკაულებს მოპარავს, იგი უკვე ცხოველზე უფრო დაბლაა დაცემული. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ის ნამდვილად არ არის მისაბაძი.

ერთ-ერთი პერსონაჟი ცხოველია, მგელი, რომელიც სულ ორჯერ, ორიოდე წამით ჩნდება ფილმის დასაწყისში და დასასრულს. როგორც მთავარი გმირის მეგობარი ამბობს, ამ ცხოველს შეუძლია ამოიცნოს ცოდვილები, რომლებსაც ღამღამობით ჭამს კიდეც. ფინალურ სცენაში, გვიან ღამით სასაფლაოდან ნაძარცვით მომავალ მთავარ გმირს სწორედ ეს ცხოველი შეეფეთება. ზოგს არ ესმის სიცოცხლის არსი, მაგრამ როცა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დგახარ, ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის შენივე ცხოვრება.

ფილმის მთავარი სათქმელიც ეს არის – იყავი ჰუმანური და, რაც არ უნდა მოხდეს, არ დაივიწყო, რომ ხარ ადამიანი.

 

თეონა ვეკუა,
კინომცოდნე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *