დედა და ავბედითი ორომტრიალი

ლანა ღოღობერიძეს 60 წელზე მეტია ქართულ კინოში გამორჩეული ადგილი უკავია. მისი შემოქმედების დასაწყისიდანვე, პირველ მხატვრულ ფილმში, „ერთი ცის ქვეშ“ გამოიკვეთა ქალთა ბედით, მათი პრობლემებით დაინტერესება, რაც მთელი მისი შემოქმედების თანმდევია, მაგრამ ამ თემის რეფლექსია კონცეტრირდება ტოტალიტარული ქვეყნის ავბედით დრამატულ თარიღზე – 1937 წელზე, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის გამორჩეული, მოაზროვნე, შემოქმედი ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების უდიდესი ნაწილი. რეჟისორმა თავი მოუყარა მის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილ ბავშვობის ტრაგიკულ მოვლენებსა და მათ შედეგად წარმოქმნილ ემოციებს. არსებული ხელმისაწვდომი და მიგნებული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად მან, 93 წლის ასაკში, გადაიღო დოკუმენტური ფილმი, „დედა-შვილი ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი.“
ფილმი იწყება ძველი, გაცრეცილი ფოტოკადრებით, რომელზეც დედა-შვილის შეხვედრა ან დამშვიდობებაა ასახული. მათი გამოსახულების ფონზე მამაკაცის ჩრდილიც მოჩანს კამერით ხელში. ეს მამაა, რომელიც ამ ფოტოებს იღებს. სამწუხაროდ, მათი ბედნიერი ოჯახის ამსახველი კადრები უკანასკნელი აღმოჩნდა, როგორც გვამცნობს თვით ხმა რეჟისორისა, რომელიც სცენარის ავტორიცა და მთხრობელიც თავადვე არის. ის მცირეწლოვანი, დედ-მამის გარეშე დარჩა დაუნდობელი გარემოს პირისპირ – ჯერ მამა დაიჭირეს და დახვრიტეს, შემდეგ კი, ძალიან მალე დედაც დააპატიმრეს, როგორც ხალხის მტრის ოჯახის წევრი და ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში, იმიერპოლარეთში გადაასახლეს 10 წლით. 1930-იანი წლების სრულიად დაუსაბუთებელმა, აბსურდულ-სადისტურმა რეპრესიებმა 1937 წელს თავის პიკს მიაღწია. საქართველოში არ დარჩა ოჯახი, მითუმეტეს, წარმატებული და გამორჩეული, რომლის ერთი ან რამდენიმე წევრი დაპატიმრებული, დახვრეტილი ან გადასახლებული რომ არ ყოფილიყო. ვისაც ეს მზაკვრული და დაუსაბუთებელი მოვლენები ნაკლებად შეეხო, ძირითადად, ან დამსმენები იყვნენ, ან რეჟიმის განკარგულებების უსიტყვოდ შემსრულებელნი, თუმცა მათაც, ხშირად, იგივე ბედი ელოდათ!
ლანა ღოღობერიძის თითქმის ყველა ფილმში, შენიღბულად თუ მინიშნებით, ვლინდება დამოკიდებულება ამ საზარელი, მაგრამ ამავე დროს მეხსიერებიდან ამოუშლელი პერიოდის მიმართ. განსაკუთრებით კი, უდედოდ გატარებული ბავშვობის ტკივილი. დედამ, ნუცა ხუციშვილმა (გათხოვების შემდეგ – ღოღობერიძე), მიუხედავად ფილოსოფიური განათლებისა თბილისსა და გერმანიაში, გადაწყვიტა კინორეჟისორი გამხდარიყო. ეს პროფესია მანამდე მხოლოდ მამაკაცებს ეკუთვნოდა, მითუმეტეს, საქართველოში. 25 წლის ახალგაზრდა, განათლებული ქალისთვის ჯერ კიდევ ახალი და აქტუალური ხელოვნება მისი პროგრესული ხედვისა და იდეების განსახორციელებელად შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენდა. ერთადერთი ქალი მამაკაცების ჯგუფში არაფრით ჩამოუვარდებოდა არავის. მისი პირველი ფილმი „მათი სამეფო“ („18-28“) ახალი ქვეყნის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ნამუშევარი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილ კინორეჟისორთან, მიხეილ კალატოზიშვილთან (რომლის ინოვაციურმა ხედვამ აშკარად იმოქმედა დამწყები რეჟისორის შემოქმედებაზე) ერთად გადაიღო 1928 წელს. შემდეგი იყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ბუბა“ (1930) და მხატვრული ფილმი „უჟმური“ (1934). მართალია, ეს ფილმები საბჭოთა იდეოლოგიის ჩარჩოებს კი ექვემდებარებოდა, მაგრამ მაინც გამოირჩეოდა ინდივიდუალური სახვითი გადაწყვეტით, კომპოზიციური წყობითა და სიმბოლიკით. ნუცა ღოღობერიძის დაპატიმრების შემდეგ მისი ფილმებიც გააქრეს და არავინ არ უწყოდა მათი არსებობის შესახებ. მხოლოდ ბოლო ხანებში გახდა შესაძლებელი მათი მოძიება და სამშობლოში დაბრუნება. ეს იყო ნუცა ღოღობერიძის მეორედ დაბადება და აღიარება. ლანასა და მისი ქალიშვილის, ნუცა ალექსი-მესხიშვილის (ფილმის თანაავტორი და პროდიუსერი) მიერ არქივებსა და ფილმსაცავებში ჩატარებულმა კვლევა-ძიებამ და ეროვნული კინოცენტრის დახმარებამ შედეგი გამოიღო და პირველი ქართველი ქალი კინორეჟისორის ფილმები საფესტივალო გზასაც შეუდგა ევროპისა თუ აზიის ქვეყნებში, სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად. ეს შთამბეჭდავი ამბავი სრულყოფილად და უნაკლოდაა ასახული ფილმში, რომელიც გვნუსხავს თავისი გამოსახულებით, მუსიკალური გაფორმებითა და გულისშემძვრელი თავგადასავლით.
დედა დაიჭირეს. წლები გადიოდა, იგი კი არ ჩანდა. დედის დაკარგული ცხოვრება აღწერილია მისივე მოთხრობებში, რომელთა მიხედვით მისმა შვილმა 1992 წელს გადაიღო ფილმი, „ვალსი პეჩორაზე“. ლანა ღოღობერიძის სხვა ფილმების ეპიზოდებში განსაკუთრებით ვლინდება მისი მუდმივი დარდი და ტკივილი დედის ტრაგიკული ბედის გამო, დედისა, რომელმაც ძალზე ბევრ განსაცდელს გაუძლო გაუსაძლის ყინვაში, თეთრ უსასრულობაში, მიწიერი ჯოჯოხეთის წრეებში. ყინულოვან ტრამალებში ფეხზე რომ მდგარიყო, არ წაქცეულიყო და არ გაყინულიყო, მან გულიდან ნაკარნახევ ფანდს მიმართა. ის სახლში დარჩენილ და მის მომლოდინე დედისერთა 6 წლის ლანას უყვებოდა თავის შელამაზებულ თავგადასავალს, როგორ იყვნენ ბოროტი ჯადოქრების მიერ მოჯადოებული ამ უსასრულო მოგზაურობისთვის ყინულის სამეფოში და სთხოვდა, რომ ხელი მაგრად ჩაეჭიდა მისთვის, არ გაეშვა, რომ არ წაქცეულიყო და არ გაყინულიყო, როგორც ის ქალები, რომლებსაც, ალბათ, შვილებმა ხელი გაუშვეს. ეს მონოლოგი ათასობით კილომეტრით დაშორებულ სამშობლოში დარჩენილ შვილთან ყველაზე ძლიერმოქმედი და უფრო შთამბეჭდავი ეპიზოდია, ვიდრე ქვეყნის დასალიერში, გულაგში მისი ტანჯული ყოფისა. შინ დაბრუნების შემდეგ ნუცა ღოღობერიძე არაფერს არ ყვებოდა თავისი 10-წლიანი გამქრალი ცხოვრების შესახებ. ლანამ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი მოთხრობებიდან გაიგო და მოგვიანებით გამოსცა მათი კრებული, „ბედნიერების მატარებელი“ (2011).
დრამატულია დედა-შვილის შეხვედრა ხანგრძლივი განშორების შემდეგ, რაც ნაჩვენებია ფილმის, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“(1978) ერთ-ერთ ეპიზოდში. დედის როლს უმშვენიერესი ქეთუსია ორახელაშვილი ასრულებს. ის და ლანას დედა ერთად იმყოფებოდნენ გადასახლებაში. ისიც „ხალხის მტრის“ ოჯახის წევრი, ხოლო „ხალხის მტერი“ მისი მეუღლე, სადიტურად ნაწამები და დახვრეტილი, საქართველოს სასიქადულო დირიჟორი, ევგენი მიქელაძე იყო. მართალია, ქეთუსია ორახელაშვილს არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ გააჩნდა, მაგრამ ლანასთვის უთქვამს – „ნუცასთვის ყველაფერს გავაკეთებო“ და, მართლაც, მან შესანიშნავად განასახიერა მეგობრის როლი. მის პერსონაჟს საკუთარი ქალიშვილი (სოფიკო ჭიაურელი) ვერ აღიქვამს, რადგან ახსოვს ახალგაზრდა, ლამაზი დედა, მის წინ კი სრულიად სხვა გარეგნობის ხანდაზმული ადამიანი დგას. შვილს დიდი დრო დასჭირდება, სანამ ამ ქალს დედას დაუძახებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლანა ღოღობერიძემ მთელი თავისი შემოქმედება დედას მიუძღვნა. მინიშნებით თუ თამამი ქმედებით ის მუდმივად ამ მტკივნეულ თემას ეხებოდა და ბოლოს ამ დოკუმენტურ ფილმში მოუყარა თავი მოზაიკის ნაწილებივით, რომლებიც, საბოლოოდ, ერთ მშვენიერ დიდ პანოდ წარმოჩნდნენ, მსგავსად იმ ლურჯი ოთახის (როგორც ლანა იხსენებს, დედამ რომ თავისი ხელით შეღება ლურჯად) ვიზუალური აღდგენისას, სადაც მხატვარი, სიმონ მაჩაბელი გაფანტულ, ძველ, გაცრეცილ ფოტოებს ლურჯი საღებავითა თუ იმავე ფერის ქაღალდის უსწორმასწორო ნაგლეჯებით აერთიანებს და ფილმში მოყოლილი ამბის საერთო ფონის ილუსტრირებას ახდენს. მის მიერ შექმნილი კოლაჟების, ინტერიერისა და ფაქტურული საგნების წყობა ფილმის დრამატურგიის ზუსტი ამსახველია.
აღსანიშნავია, ფრანგი კინოოპერატორის, ჟან ლუი პადის პროფესიონალური ნამუშევარი. ვიზუალური სრულყოფილების მისაღწევად კამერის მოძრაობა დრამატურგიულად დაკავშირებულია შინაგან მოძრაობებთან, რაც გამოკვეთს კადრის კომპოზიციურ გადაწყვეტას და ხაზს უსვამს ფილმის გმირების სულიერ სამყაროს.
ფილმის სტრუქტურის სრულყოფაში მნიშვნელოვან რგოლს მუსიკალური გაფორმება წარმოადგენს. რეზო კიკნაძის საქსოფონით შესრულებული ორიგინალური კომპოზიციები გია ყანჩელის, რეზო ლაღიძის, გიო ცინცაძის შესანიშნავი ნაწარმოებების ერთობლიობიდან, მნიშვნელოვანი აქცენტებით იკვეთება და ფილმის შინაარსობრივ ტრაგიზმს, თითქოს, უფრო ამკვეთრებს და, ამავე დროს, ოპტიმისტურ ნოტასაც მატებს. მისი კომპოზიციური ჩანართები ზუსტად გამოხატავენ და ამძაფრებენ ფილმში განვითარებულ მოვლენებს. იგივე ფუნქციას ასრულებს მანანა მენაბდის შთამბეჭდავი სიმღერები, მხატვრული ფილმის, „დღეს ღამე უთენებია“(1982) ლაიტმოტივს რომ წარმოადგენდნენ და ეპოქალური სიუჟეტის განვითარების ამსახველად რომ გვევლინებოდნენ. ისინი შინაასობრივად და ჟღერადობით ორგანულად შეერწყნენ ამ კვლავ ცხოვრებისეულ კატაკლიზმებზე აგებული დოკუმენტური ფილმის სიუჟეტსაც.
ლანა ღოღობერიძემ, თავისდა უნებურად, დედის პროფესია აირჩია. თანაც ისე, რომ არც კი ჰქონდა წარმოდგენა დედის მიერ შექმნილ ფილმებზე. რეაბილიტაციის შემდეგ ნუცა ღოღობერიძე აღარასოდეს დაბრუნებია კინოს, არც უხსენებია თავისი კინემატოგრაფიული წარსული. იგი 1962 წელს გარდაიცვალა გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილებით (განგებამ ამჯერადაც არ დაინდო). სამაგიეროდ, დარჩა მისი შემდგარი და წარმატებული ქალიშვილი, რომელმაც დედას, თავისი შემოქმედებით, სამუდამო სიცოცხლე აჩუქა, და ქართველი ქალი კინორეჟისორების დინასტიის გამგრძელებელი შვილიშვილი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, რომელიც უკვე მესამე ფილმის გადაღებას იწყებს და, ამავდროულად, პროფესიონალურადაც უდგას მხარში დედას.
ამ დოკუმენტური ფილმით ლანა ღოღობერიძის შემოქმედებითი წრე შეიკრა და, თითქოს, მას აღარაფერი დარჩა მოსათხრობი ან გადასაღები, რაც მის ცხოვრებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ როგორც პოლ ელუარის გამონათქვამით სათაურშივე აღინიშნა, რომ რადგანაც „ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“, ასევე წრეც, შესაძლებელია, არ იყოს ბოლომდე შეკრული.

ქეთევან ჯაფარიძე,
კინომცოდნე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *