თბილისი-ბრაიტონი

კარგია, როდესაც კინორეჟისორი თანამოაზრეებთან ერთად აკეთებს ფილმს. ლევან კოღუაშვილის შემთხვევაში, თანამოაზრე, პირველ რიგში, ბორის ფრუმინია – რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, პედაგოგი, რომელმაც კინორეჟისურა შეასწავლა მას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თიშის ხელოვნების სკოლის მაგისტრატურაში. ფრუმინი სცენარის თანაავტორია კოღუაშვილის ფილმების: “ქუჩის დღეები“ (2010), „შემთხვევითი პაემნები“ (2013) და სცენარისტია ფილმისა, „მეოთხე ბრაიტონი“ (2021). ასეთივე თანამოაზრე ჰყავს კოღუაშვილს კოტე ჯაფარიძის სახით, რომელიც სამივე ზემოდასახელებული ფილმის მხატვარია. ამ რეჟისორის ფილმების მონტაჟზე ხშირად მუშაობს ელენე ასათიანი. ამრიგად, „მეოთხე ბრაიტონი“, ძირითადად, თანამოაზრეების მიერ გაკეთებული ფილმია და ეს ერთიანობა მას ეტყობა. ფილმის ყველა ასპექტი თანხმობაშია ერთმანეთთან: სცენარი, ვიზუალური გამოსახულება, ხმა…

დიახ, ამ ერთიანობასთან ერთად, ჰგავს ეს ფილმი ლევან კოღუაშვილის სხვა ფილმებს: ვიზუალური გადაწყვეტით (ფერით, ტონალობით, ფაქტურით), გადაღების მანერით, თხრობის ტემპით, დრამატურგიის თანმიმდევრული განვითარებით, დეტალებზე დაკვირვებით (ავტორი ყოფილი ჟურნალისტია და ზოგჯერ, როგორც ჟურნალისტი, ისე იკვლევს მასალას, რაც მის მხატვრულ ფილმებს გარკვეულ დოკუმენტურობას სძენს) … მაგრამ ვის შეუძლია თქვას, რომ ეს ნაკლია? განა ასე არ ვცნობთ გენიალური რეჟისორების ფილმებს სულ რამდენიმე კადრით? ეს ერთი თხრობაა, ავტორის (და მისი გუნდის) თხრობა, მისი სათქმელი და დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ყოველი ახალი ფილმი ახალი კუთხიდან გვიჩვენებს, აგრძელებს, ავსებს, იკვლევს მას. ასეთია ლევან კოღუაშვილის ნამუშევრები. სადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები: თბილისში, საქართველოს პროვინციაში, ამერიკაში, ყველგან ყურადღების ცენტრშია ადამიანი, რომელიც მიზნის მისაღწევად კრიტიკულ სიტუაციაში გარკვეულ არჩევანს აკეთებს და მისთვის არ არის სულერთი, როგორი იქნება ეს არჩევანი.

„მეოთხე ბრაიტონი“ ამბავია ერთი ასაკოვანი კაცისა, რომელიც თბილისიდან ნიუ-იორკში, შვილთან მიემგზავრება. ეს არ არის სტუმრისათვის საჩვენებელი თბილისი, მზის და ვარდების მხარე, ისევე, როგორც ამ ფილმის ნიუ-იორკი არ არის ჰოლივუდური ამერიკა, გაჩახჩახებული მეგაპოლისი, მაყურებლისთვის სხვა ფილმებიდან ცნობილი ავენიუებით. მეტიც, მგონია, რომ რაც ეკრანზე ჩანს, საერთოდ არაა ამერიკა. ეს ოკეანის იქით გადასროლილი მცირე ნაწილია იმისა, რაც საბჭოეთისგან დარჩა.

საბჭოთა კავშირის, უკვე აღარ არსებული ქვეყნის, შვილები კარგად იცნობენ ერთმანეთს, ჩამოყალიბებულია მათი ურთიერთობების სტილი. ამ ადამიანებს ერთმანეთის უფრო კარგად ესმით, ვიდრე ადგილობრივებისა და, სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხნით თუ დარჩებიან ამერიკაში, მშობლიურ ქვეყნებში მცხოვრები თანამემამულეების გაგებაც შეიძლება გაუჭირდეთ. ამ ადამიანებს კარგად იცნობენ ფილმის ავტორებიც, რომელთა ცხოვრებამაც მეტ-ნაკლებად გაიარა საქართველოშიც, ამერიკაშიც, საბჭოთა კავშირსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. იგრძნობა, რომ თითქმის ყოველ პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს. მსახიობებიც, თუ საკუთარ თავს არა, ნაცნობ ადამიანებს და სიტუაციებს აცოცხლებენ.

ფილმის მოქმედება თბილისში იწყება. აქ ევროპულ ფეხბურთს უყურებენ და ფსონებს დებენ, განიცდიან, ზოგი გამოხატავს ემოციებს, ზოგი – ვერა. გამოსახულებაა რუხი, მოყავისფრო, ხაკისფერი, რომელსაც ზოგჯერ თბილი კრემისფერი შეერევა. ძირითადად, ჩამქრალი ფერებია (თბილისში გადაღებული სცენების ოპერატორია გიორგი შველიძე). აქედან ნგრევაშეპარული, ბათქაშჩამოყრილი, შელახული შენობებიდან შენატრიან სამოთხეს – უცხოეთს. ამ სიტუაციაში ზოგი თავდაუზოგავად ცდილობს აკეთოს რამე, მაგალითად, ივარჯიშოს და თავი დაიმკვიდროს, ზოგი კი ბედისწერას ეთამაშება და აზარტული თამაშებით გამდიდრებას აპირებს. სავარაუდოდ, ეს 1990-იანი წლებია.

გამოსახულების ხასიათი არ იცვლება, როდესაც მოქმედება თბილისიდან ნიუ-იორკში გადაინაცვლებს. ასეთივე ფერები, განწყობა (ოპერატორი ფედონ პაპამიქაელი). კამერა ცდილობს, ამბავი ვიზუალური თხრობით გადმოსცეს და არა ტექსტით. ამას ხელს უწყობენ: ფილმის დამდგმელი მხატვარი, კოსტიუმების მხატვრები (ეკა ბიჩინაშვილი და თინათინ კვინიკაძე) და ფილმის მონტაჟი. მაყურებელი ხან ჰოსტელის ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ დერეფნებში, დილეგივით ოთახებში აკვირდება პერსონაჟებს, ხან – ოკეანის გაშლილი სანაპიროს ფონზე.

ამერიკაში დასამკვიდრებლად ჩასული ახალგაზრდა ექიმი, სოსო (გიორგი ტაბიძე), მტვირთავად მუშაობს. ისიც აზარტულ თამაშებშია ჩართული თბილისში მყოფი ბიძამისივით, რადგან ფიქრობს, რომ თავისი ანაზღაურებით წინ ვერ წაიწევს. სოსოს საექიმო გამოცდების ჩაბარება უნდა, მაგრამ ამას ამერიკის მოქალაქეობა სჭირდება. ერთ-ერთი გზა ამერიკის მოქალაქესთან ხელმოწერაა, თუმცა ცოლის მოყვანა 15 ათასი დოლარი ღირს. მის ცოლობაზე თანახმაა ლენინგრადიდან ამერიკაში დამკვიდრებული ლენა (ნადეჟდა მიხალკოვა), რომელიც სოსოსაც მოსწონს. სოსომ თითქოს საჭირო თანხაც შეაგროვა, მაგრამ ბოლო მომენტში ბანქოში წააგო და დიდი ვალიც დაედო. ამ სიტუაციაში ჩამოდის მასთან მამა – კახი, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში, რომელიც ცდილობს შვილის დახმარებას. კახის როლს მართლაც ლეგენდარული ლევან თედიაშვილი ასრულებს. ეს ადამიანი ისტორიაა. მას სახეზე აწერია ყველაფერი: ყველა ბრძოლა საჭიდაო ხალიჩაზე თუ ცხოვრებაში და ყველა გამარჯვება და მარცხი. მის თვალებსა და სახის ნაოჭებში, ღარებში აისახება ყოველი ნაგრძნობი ტკივილი და სიხარული. მისი დუმილიც მეტყველია და არასამსახიობო ხმითა და დიქციით ნათქვამი ყოველი სიტყვაც (2021 წელს, ლევან თედიაშვილმა, გერმანიაში, კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო გამორჩეული ინდივიდუალურობისათვის).

ეს გმირი ბევრს არ ლაპარაკობს, უფრო მეტად აკვირდება ყველას და ყველაფერს, არავის განიკითხავს, არ სდებს ბრალს, არ თხოვს პასუხს, მათ შორის, არც საკუთარ ძმას ან ვაჟს. როცა რაიმე არ მოსწონს, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას და იწყებს ქმედებას. მან გადაწყვიტა მუშაობა დაეწყო და მოხუცებისათვის მოევლო, მერე თავი დაენებებინა, სახლში გაეშვა ჰოსტელში იძულებით მოყვანილი კაცი, შერკინებოდა მასზე გაცილებით ახალგაზრდა მოწინააღმდეგეს… კახი ერთმნიშვნელოვნად მთავარი გმირია, დადებითი გმირი და ეს მისი ამბავია. მაგრამ ვინ არის მისი მოწინააღმდეგე, უარყოფითი გმირი? ლევან კოღუაშვილი ასე არ ყოფს თავის პერსონაჟებს – კარგებად და ცუდებად. კლასიკური დრამატურგიის კანონების მიხედვით, ანტაგონისტი ისაა, ვინც წინ ეღობება გმირს მიზნის მიღწევაში, ვისაც მთავარი გმირი შეერკინება ფილმის ბოლოს და გაირკვევა, თუ ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა. ამ ლოგიკით ანტაგონისტი ამირია (იური ზური). ისიც ბრუკლინში მცხოვრები ყოფილი საბჭოეთის ემიგრანტების წარმომადგენელი, პატარა „ბოსია“, რომელმაც სხვებთან შედარებით მეტი ფული იშოვა. სავარაუდოდ, იმ გზებით, რასაც რუსეთში იყო მიჩვეული და მის „ტერიტორიაზე“ იმართება აზარტული თამაშები. სწორედ მას უნდა გადაუხადოს სოსომ ვალი, უკვე 18 ათასი დოლარი. ამირს შეუძლია ჩართოს ან გამორთოს ე. წ. მრიცხველი, მაშინვე მოითხოვოს ვალის დაბრუნება ან გაუქვითოს რაიმეში, მაგალითად, კახისთან ორთაბრძოლაში, რადგან თვითონაც ყოფილი მოჭიდავეა და ორჯერ მასზე უფროსი კახის ფასი კარგად იცის. რატომ არის ამირი უფრო ცუდი, ვიდრე ჰოსტელის ქართველი მობინადრეები, რომლებმაც ვალის დაბრუნების მიზნით მოტყუებით დაიჭირეს კაცი და დაატყვევეს? ან რითაა უკეთესი ფარიდი, რომელიც 4 თვეა დამლაგებლებად ამუშავებს ქალებს თავის სასტუმროში და ხელფასს არ უხდის? აქაც და იქაც ერთი წესებით მოქმედებენ, ძველი, ქუჩური წესებით, რომელიც თან ჩაიტანეს ამერიკაში. ამ ადამიანებმა ჯერ ინგლისურიც არ იციან წესიერად, სამაგიეროდ, ერთმანეთის კარგად ესმით. კიდევ ერთი რამ აერთიანებთ მათ – რუსი, ყაზახი, უზბეკი, ქართველი… ფესვებამოგდებული ხეებივით არიან ყველანი, ყველას შიგნიდან ჭამს სამშობლოს მონატრება, რაც იგრძნობა კიდეც დეტალებში. კარგი სცენაა ქეიფი ჰოსტელში, სადაც ფარიკი (ტოლეპბერგენ ბაისაკალოვი) ყაზახური ცეკვისთვის დამახასიათებელი მოძრაობებით როკავს ქართულ ჰანგებზე. შედარებით ზედმეტად აქცენტირებული მეჩვენა მის მიერ „სულიკოს“ გამართული ტექსტით ამღერება. მერჩივნა, რომ მას სიმღერის მოტივი სცოდნოდა და ტექსტი მხოლოდ მიახლოებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ სცენას რეალური ამბავი უდევს საფუძვლად.

როგორც მთავარი გმირი, კახი, არ განიკითხავს არავის. ასევე ფილმის ავტორები არ განიკითხავენ თავიანთ პერსონაჟებს. ყოველ მათგანს, უღირსთან ერთად, შეუძლია ჩაიდინოს ღირსეული საქციელი და აკეთებს კიდეც ამას.

ფილმში კორექტულადაა ნაჩვენები ტრაგიკული პასაჟები, რასაც ავტორი სენტიმენტალიზმის გარეშე გვაწვდის, მაგრამ ისეთ სევდას გვაგრძნობინებს, რომელიც სულს და გულს გვიწურავს. ყოველივეს მსუბუქი ირონია და იუმორიც ახლავს თან და თითოეული კიდევ უფრო გულის გამგმირავი ხდება.

ფილმი კახი კავსაძის ხსოვნას ეძღვნება. მისი პერსონაჟი, სერგო ფილმში მნიშვნელოვანია. ასაკოვანი კაცი თითქოს სიმღერით იცავს თავს რეალობისაგან, მონატრებისაგან… სავარაუდოდ, მასაც უცხო მიწაზე სიკვდილი ელის და მასაც ინტერნეტით დაიტირებენ, როგორც ლევან თედიაშვილის გმირს და ის ბოლო მრავალჟამიერი, რომელსაც სერგო მიცვალებულს უმღერის, ყველას სატკივარს, იმედგაცრუებას, სიხარულსაც და მომავლის რწმენასაც ერთად ამოთქვამს.

ლევან კოღუაშვილი იმას გვიჩვენებს, რაც იცის, რამაც მის თვალწინ და მასში გაიარა რეალურად ან შეგრძნების დონეზე. ამიტომაცაა მისთვის მნიშვნელოვანი ემიგრაციის, დაკარგული თაობის, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების თემები. მიუხედავად ამისა, „მეოთხე ბრაიტონში“ ეს თემები არაა მთავარი. ეს ფილმი მამაშვილობაზე, მათ ფაქიზ ურთიერთობაზეა. „მთელი ცხოვრება ვჭიდაობდი და შენთვის არ ვიჭიდავებდი“? – სიკვდილის წინ ეუბნება კახი შვილს, რომელსაც ახლა წინ კიდევ უფრო დიდი გაუგებრობა ელის. მამამ გაუკეთა ის, რაც შეეძლო – საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაუხადა ვალები და, თავისდაუნებურად, შეასრულა ცოლის დანაბარები – სამშობლოში აბრუნებს შვილს.

„მეოთხე ბარაიტონის“ ხმოვანი რიგი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ბუნებრივი ხმაური ორგანულად ერთვის მას და არ უშლის ხელს აღქმაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მუსიკა, რომელიც ფილმს მიყვება. რეჟისორის მიერ გემოვნებით და ზუსტად შერჩეული სიმღერები თუ მელოდიები საოცრად ხსნის და ავლენს სცენის ხასიათს და ცალკე პერსონაჟად გვევლინება. ზოგჯერ მისი უეცარი შეწყვეტა კარგია ხერხია და სწორედ იმ დაუსრულებლობისა და დაუკმაყოფილებლობის განცდას აჩენს, რასაც ატარებენ ფილმის პერსონაჟები.

ლევან კოღუაშვილი ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ იმ რეჟისორების რიცხვს განვეკუთვნები, ვისთვისაც მაყურებელი მნიშვნელოვანია. კი ვცდილობ, რომ საავტორო კინო ვაკეთო, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ მაყურებელზე არ ვიფიქრო. პირიქით, მგონია, რომ ოქროს ზღვარია დასაცავიო. იგი ნამდვილად ფიქრობს მაყურებელზე, იმაზე, თუ რას დაინახავს, მოისმენს, იგრძნობს და გაიგებს ეს უკანასკნელი მის ფილმებში, მის სამყაროში.

ქეთევან პატარაია

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *