სადაც იშლება დროისა და სივრცის საზღვრები

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ინერციით არსებობს და უკანასკნელ დღეებს ითვლის ომგადატანილ, კვლავ საომარ მდგომარეობაში მყოფ და პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში. შენობა გაპარტახებულია, როგორც მთელი ქვეყანა, თუმცა სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. მის სივრცეში ხვდებიან ერთმანეთს მეცნიერთა ჯგუფი და ჯარისკაცები. მეცნიერები ყოფის ამაოებაზე მსჯელობენ, ხოლო ჯარისკაცებს ობიექტის დაკავება სურთ, კარსმომდგარი საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად. თითქოს უხილავი, უსახელო, მითური და, სინამდვილეში, კარგად ცნობილი მტრის წინააღმდეგ. ჩარჩოებ და განზომილებებწაშლილ ქვეყანაში. თითქოს განსაზღვრულ, მაგრამ აბსტრაგირებულ დროსა და ვითარებაში, კონკრეტული, „დამიწებული“ და ამავე დროს, მრავალშრიანი და სიღრმისეული მოვლენების ფონზე.
რეზო ესაძემ (რომელსაც რეალურად უკავშირდება „სხვა“ და განუმეორებელი ქართული კინოს არსებობა), 83 წლის ასაკში (წინამორბედი ფილმის, „ჭერის“ შექმნიდან 13 წლის შემდეგ და გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე), ამირან დოლიძის სცენარით, ლაშა მინდიაშვილთან ერთად, გადაიღო ორსაათიანი მხატვრული ფილმი, „თვე, როგორც ერთი დღე“ (2016, სტუდია „ლაკუმი“, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით) და საკუთარი შემოქმედებითი ცხოვრება ამ ფეიერვერკული, მონუმენტური ნამუშევრით დაასრულა.
მთავარი გმირი – მარლენი (დათო ბეშიტაიშვილი) შუახნის მამაკაცია, მეცნიერი, რეალობასა და ბედს თითქოს შეგუებული, გაუბედავი, უემოციო. წარსულში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, ლიდერი. მას შინაგანი კონფლიქტი აქვს გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან. მარტოობისა და უიმედო ცხოვრების გაწელილი და სიმყარეს მოკლებული რიტმი…
უცნობი ქალაქის მეტაფორული სახე. უსახური ქუჩის მონაკვეთები და მიყრუებული მიკროუბნები. ნახევრად დანგრეული შენობები, ბათქაშჩამოყრილი, დახეთქილ-დაბზარული კედლები. სამყაროს მიკრომოდელი. მისი განადგურების, რღვევის კვალით. უპურობა, შიმშილი, გაჭირვება, შიშიანობა. წარსულის აჩრდილების, აწმყოსა და მომავლის შიში. სადღაც ომია, ან წარმოსახვითი ომი, ან გადატანილი ომის სინდრომით შეპყრობილი ადამიანების მტრის მოლოდინი. არაერთხელ შეცვლილი და მუდამ ცვალებადი განზომილებები – დიალოგების, მოქმედების ადგილების, დროის, ქმედების, წელიწადის სეზონებისა თუ ამინდის. მუდამ იცვლება რეალობისა და პირობითობის შიდა კავშირიც. სამყაროს მარადიული წრებრუნვა, სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა და ერთი და იგივე ერთი წერტილიდან.
მინდია ესაძის კინოკამერა ქმნის ამ სიგიჟის ზღვრამდე მისული სამყაროსა და ადამიანების სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის პანორამულ, გამომსახველ, მეტყველ ვიზუალურ ანარეკლს. კინოკამერა მოძრაობს ისე, როგორც „მოესურვება“, აღბეჭდავს იმას, რაც ობიექტივში „ხვდება“ და იმდენ ხანს ჩერდება ამა თუ იმ ობიექტსა თუ დეტალზე, რამდენ ხანსაც „საჭიროდ“ თვლის. თითქოს ქაოტურად, შემთხვევით და წესების გარეშე.
პურის რიგი. უსასრულო მოლოდინი. ბევრი ხაზი და რამდენიმე ათეული პერსონაჟი, რომელთა რაოდენობაც თანდათან მატულობს. თითოეულს მნიშვნელოვანი ადგილი და ფუნქცია აქვს. ინდივიდებისგან შემდგარი ბრბო, რომელიც სახეს, მდგომარეობას, განწყობას, პოზიციას მუდამ იცვლის. და, მათ შორის, მხოლოდ ერთეულები, რომლებიც ღირსებასა და პიროვნულობას ინარჩუნებენ. სხვადასხვა თვისებით, სისხლსავსე და სრულფასოვანი განზოგადებულ სახეები, დამახასიათებელი არაერთი ნიშნითა და ხასიათის შტრიხებით. საქართველოს უახლესი ისტორია და ქართული საზოგადობის სულიერი პორტრეტი.
ქალები. კაცები. ახალგაზრდები. ფსკერის ადამიანები. ყოფილი კომუნისტები, რომლებიც გულის ჯიბით ატარებენ პარტიულ მანდატებს და მტრის (რომელიც მათთვის არაა მტერი) შესაძლო ყოფნა-არყოფნის მიხედვით, ხან დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნს მღერიან და ხან – საბჭოთა კავშირისას.
მარლენი წარსულის ტყვეობის, აგრესიული და უფსკრულის პირას მდგომი აწმყოს ძალადობრიობისა და გაურკვეველი მომავლის ცრუ ილუზიებისგან თავისუფლდება, აპროტესტებს და ქმედებას იწყებს.
თანამედროვე რეალობაში შემოდიან ადამიანებიც სხვა დროიდან – პერსონაჟების რეალური და განზოგადებული პროტოტიპები – გალაკტიონი, ფაფახსა და პერანგზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბიანი ჭაღარა მამაკაცი და სხვადასხვა ნაცნობი თუ ამოუცნობი სიმბოლო-ტიპაჟები საქართველოს შორეული და ახლო წარსულიდან.
ბრბო, აგრესიული ფსევდოლიდერის ხელმძღვანელობით, ფიზიკურად უსწორდება მათ, მარლენსა და ახალგაზრდა ბიჭს (თანამედროვე, დაუმორჩილებელი თაობის მეტაფორა), რომელიც სახედაკარგულ საზოგადოებას მასთან ერთად უპირისპირდება.
მარლენს შინ სულიერად დაავადებული დედა (ია სუხიტაშვილი) ელოდება, რომელსაც შვილის შეყვარებული ქალის სახე აქვს. გაიგივებულია მასთან ასაკობრივი სხვაობით. დედა – როგორც დედა და როგორც მეტაფორული ხატი, გამოგონილ სამყაროში არსებობს. იქ, სადაც თავს იყრის წარსულიც, აწმყოც, რეალობაც და გამონაგონიც – როგორიც ფილმის სტრუქტურის სისტემა და ატმოსფეროა. დროში განგრძნობადობა და „ცოცხალი“ სინამდვილის პირობითი სინამდვილით შეცვლის თავბრუდამხვევი რიტუალი.
ფილმს ქმნიან და ავსებენ – მოვლენების განვითარების უცნაური, სიგიჟის ზღვარს მიღწეული მონტაჟური წყობა და უჩვეულო პლასტიკური დრამატურგია, დანაწევრებული, სხვადასხვაგვარად აქცენტირებული დეტალები, არათანაბარი ფრაგმენტები, რომლებიც, ერთი მხრივ, თითქოს შლიან და ანგრევენ რეალურ განზომილებებს და სრულად მოულოდნელ რაკურსებსა და სიბრტყეებზე გადადიან.
რეზო ესაძის „თვე, როგორც ერთი დღე“ მასშტაბური ფილმია საქართველოს ისტორიის, თანამედროვე ადამიანის არსის, განცდების, ვნებების, წინააღმდეგობების, დანაკარგების ძიებისა და სამყაროს ხელახალი შეცნობის, დასახიჩრებული საზოგადოებისა და ნიადაგგამოცლილი პიროვნების სულიერი მდგომარეობის, ცვალებადი განწყობებისა და გზაჯვარედინზე მდგომი ქვეყნის ურთულესი ლაბირინთების შესახებ. შემოქმედებითი კვლევისა და მხატვრული ანალიზის ფართო პანორამა, რომლის საზღვრები ისევე მოუხელთებელი და სივრცეში გაბნეულია, როგორც კოსმოსის უსასრულობა.

ლელა ოჩიაური,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *