ის უხილავი ძალა, რომელიც გვაკონტროლებს

ეკრანიზაციები ყოველთვის განსაკუთრებულად იპყრობდა მაყურებელთა ყურადღებას და დღესაც ძალიან დიდი ინტერესით სარგებლობს კინოაუდიტორიაში. ეს ლოგიკურიცაა – ადამიანებს აინტერესებთ ის, თუ როგორ შეძლებენ რეჟისორები მათი საყვარელი რომანების, მოთხრობების, პერსონაჟების თავგადასავლების ეკრანზე ასახვას. მაყურებელში ამდენად დიდი მოლოდინებიდან გამომდინარე კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟისორსა და მის გადამღებ ჯგუფს, ვინაიდან მეტია კრიტიკა ფილმის მიმართ საზოგადოების მხრიდან, რაც მოსალოდნელიცაა. რისკი დიდია და შანსი იმისა, რომ რეჟისორმა მაყურებლის იმედები ვერ გაამართლოს და მისი საყვარელი ნაწარმოები ერთ დიდ იმედგაცრუებად გადააქციოს, რეალურია.

გიორგი მენაბდეს სადიპლომო ნამუშევარი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „სისხლი“ (2018), რომლის რეჟისორიცა და სცენარის ავტორიც თავად გახლავთ, ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა. ზოგადად, რთული ამოცანაა ახალგაზრდა რეჟისორისთვის, მოახერხოს და დუმბაძის მიერ მონათხრობი, როგორც ყოველთვის, გულშიჩამწვდომი და ემოციური ამბავი ეკრანზე ისევე ღრმად და საინტერესოდ გადმოიტანოს, როგორც ეს თავად დედანშია მოცემული. სამწუხაროდ, ამ მხრივ ფილმმა მოლოდინები ვერ გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ სცენარში ყველაფერი ზედმიწევნით მეორდება, მსახიობების ზედმეტად ხელოვნური თამაშის გამო, კინოსურათი ნაკლებად ან საერთოდ ვერ ახერხებს ემოციური კავშირის გაბმას მაყურებელთან. ფილმის დასაწყისსა და, უშუალოდ, ფინალში რეჟისორის მიერ სიუჟეტის მცირედი ცვლილების მიუხედავად, შუა ნაწილი, სადაც ძირითადი ამბავი ვითარდება, იმდენად მსგავსია და იმდენად ერთი-ერთშია მოთხრობასთან, რომ მისი ყურება ძალიან მოსაწყენი ხდება. მითუმეტეს, რომ პერსონაჟების ტექსტი სიტყვასიტყვით მიჰყვება ნოდარ დუმბაძის ფრაზებს, მსახიობები კი ამ ფრაზებს ძალიან უემოციოდ, ხელოვნურად, დაზეპირებულად იმეორებენ. ფილმზე მეტად ეს ყველაფერი სპექტაკლის ასოციაციას ტოვებს. ოღონდ ცუდად დადგმული სპექტაკლისა.

მსახიობები წარმოთქვამენ წინადადებებს, თუმცა საერთოდ არ ცდილობენ, რომ ეს სიტყვები გაითავისონ, როლში შევიდნენ, რაიმე იგრძნონ ან მაყურებელს მაინც აგრძნობინონ. მათი თამაში ძალიან ზედაპირულია. ბავშვის, პატარა ნოდარის იმერელი ბებია – იულია მიქელაძე (ნინო ჯუღელი), გურული ბაბუა – ქიშვარდი ლომჯარია (ჯემალ კეჭაყმაძე) და თავად პატარა ბიჭუნა – ნოდარი (ლუკა მათითაიშვილი) თითქოს ამ დასავლური კილოს დახმარებით ცდილობენ ფონს გასვლას და თავიანთი უღიმღამო თამაშის გამოცოცხლებას, თუმცა უშედეგოდ. შედარებით დამაჯერებელია ნოდარის სახის გამომეტყველება და მისი ბავშვურად დაბნეული, დადარდიანებული, მუდმივად ფართოდ გახელილი თვალები, რომლითაც მისი ემოციების წაკითხვაა შესაძლებელი.

სამსახიობო თამაშს თუ დროებით გვერდით გადავდებთ, შესაძლებელია, დავუშვათ ისიც, რომ ფილმზე, ასე თუ ისე, კარგად არის ნამუშევარი. აღსანიშნავია, კომპოზიტორ ლევან ბაშარულის მუსიკა, რომელიც ძალიან კარგ ემოციურ ფონს ქმნის იმ ეპიზოდებში, სადაც არ გვხვდება დიალოგები. ფილმი სავსეა ასევე ბევრი ლამაზი კადრით, ხშირად ხდება საერთო, საშუალო და ახლო ხედების მონაცვლეობა. კინოკამერა უმეტესად სტატიკურია, თუმცა არის ისეთი მომენტები, სადაც ის მეტად მოძრავი ხდება. მაგალითად, სცენაში, სადაც ატირებული ნოდარი მირბის. ბიჭი ეკრანის მიმართულებით აღელვებული იწყებს სირბილს, კინოკამერა კი მერყევად მოძრაობს. ამას გარდა, ის ხშირად გადაადგილდება პერსონაჟების მოძრაობის პარალელურად. იმ სცენაში კი, სადაც ნოდარი ბებიამისზე იწყებს ფიქრს, ოპერატორი მის სახეზე ზუმის ხერხს იყენებს და ჩაფიქრებული ბავშვის გამომეტყველებას თანდათან აახლოებს, რისი საშუალებითაც, უკეთესად აღსაქმელი ხდება ბიჭუნას შინაგანი დაბნეულობა და დაძაბულობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება იმის თქმა, რომ ოპერატორული ნამუშევარი დამაკმაყოფილებელია.

როგორც ჩანს, რეჟისორს სათაურზე ბევრი არ უფიქრია და გადაწყვიტა, რომ თავისი ფილმისთვის იგივე სახელწოდება დაეტოვებინა. სრულიად დასაშვებია ის, რომ სათაური „სისხლი“ თავიდან სხვა მოლოდინს აღძრავდეს მაყურებელში. მარტივად არის შესაძლებელი, რომ ასოციაციურად საზოგადოებისათვის ეს სათაური უკავშირდებოდეს მკვლელობას, სისხლისღვრას, რაიმე მსგავს საშინელებას, მითუმეტეს, როცა ფილმიც საკმაოდ დამზაფვრელი კადრით იწყება – როგორ მირბის ატირებული ბიჭუნა, ასევე დამზაფვრელი მუსიკისა და არასტანდარტულად, არეულად მოძრავი კინოკამერის თანხლებით. აღსანიშნავია, რომ ფილმის ამ კადრით გახსნა საკმაოდ მომგებიანი გადაწყვეტილება იყო. ვინაიდან, ასეთი ხერხით რეჟისორი მაყურებელს თავიდანვე ინტრიგაში აგდებს და მეტად აინტერესებს იმით, თუ რას უნდა ელოდოს მისგან.

 ლოგიკურია, პირველი, რასაც ნოდარის დანახვაზე გაიფიქრებთ, არის ის, რომ მას რაიმე საშინელება შეემთხვა, რაღაცამ ძალიან შეაშინა და ამ რაღაცას იგი მთელი ძალით გაურბის. თუმცა, ფილმის ბოლოს, ბაბუას სიტყვებით ვიგებთ, რომ ბიჭუნა არათუ რამეს გაურბის, არამედ პირიქით, რაღაცისკენ გარბის. გარბის იმ უჩინარი ძალისაკენ, რომელიც მას უცნაურად იზიდავს, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ რა არის ეს საიდუმლოებით მოცული ძლიერი ძალა. თავიდან, როცა ნოდარი ბებიასგან მოდის, გვესმის მისი ფიქრები, სადაც გაკვირვებას ვერ მალავს, ვერაფრით ხვდება რატომ არ გარბის იმ უცნობი კაცისგან, რომელიც, თურმე, ბაბუად ეკუთვნის და რატომ არ ბრუნდება უკან ბებიასთან, რომელიც ასე ძალიან აგონებს საკუთარ დედას. რა არის ისეთი, რაც ბიჭს ქიშვარდისთან აკავებს. ვერ მირბის, მიუხედავად იმისა, რომ გზა ხსნილი აქვს. ფილმის დასასრულს ნოდარის ბაბუასადმი ასეთი მიჯაჭვულობის მიზეზი მაყურებლისთვის ცნობილი ხდება. მიზეზი სისხლი აღმოჩნდება, ის სისხლი, რომელიც ორივე მათგანის ძარღვებში დუღს. შესაბამისად, სათაური „სისხლი“, არა რაიმე საშინელ დანაშაულს, არამედ ნათესაურ კავშირს გულისხმობს. როგორც თავდაპირველად ნოდარ დუმბაძეს, ამავდროულად, გიორგი მენაბდესაც სურს გვაჩვენოს ნათესაობის გავლენა და ის, თუ როგორ შეუძლია სისხლს რაღაც უცნაური, უხილავი ძალით ორი ერთმანეთისგან თითქმის სრულიად უცნობი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირება.

საინტერესოა, გიორგი მენაბდეს მიერ ავტორისეული პირველწყაროს თავისებურად შეცვლის მცდელობა. ფილმში ვხვდებით რამდენიმე სცენას,რომელიც საერთოდ არ არის ნახსენები მოთხრობაში. რეჟისორი ფილმის დასაწყისსა და დასასრულს გვიჩვენებს მომავალს, თანამედროვე დროს, სადაც ჩანს კარგად ნაცნობი მოხუცებული კაცი და მისი შვილი. ახალგაზრდა მამაკაცის საუბრიდან გამომდინარე, მარტივია იმის მიხვედრა, რომ იგი სახლის გაყიდვას აპირებს, სწორედ იმ სახლისა, რომელთანაც ბაბუას ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება აკავშირებს. მას შემდეგ, რაც ბაბუა (ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს მოხუცი კაცი, რომელსაც ასევე ჯემალ კეჭაყმაძე ასახიერებს, ნოდარია) ძველ, მიტოვებულ სახლში უჯრიდან ძალიან მტვრიან, ფოტოების დაძველებულ ალბომს იღებს და ერთ დახეულ ფოტოს ამღვრეული თვალებით აცქერდება, მაყურებელი მასთან ერთად მის მოგონებებში გადაეშვება. ბოლო სცენაში კი, როდესაც უკვე წარსულიდან ისევ მომავალს ვუბრუნდებით, მოხუცებული ტახტზე ბედნიერი და, ამავდროულად, დამწუხრებული წვება და თვალგახელილი ტოვებს წუთისოფელს.

რეჟისორის მცდელობა დასაფასებელია. შესაძლოა ითქვას, რომ საინტერესოც, ვინაიდან ამ ეპიზოდში მაინც არის რაღაც განსხვავებული. თუმცა, ფინალური სცენა ამის მიუხედავადაც იწვევს მაყურებელში დანაკლისის გრძნობას. რეჟისორს, ალბათ, იმდენად სურდა, რომ რაღაც განსხვავებული გადაეღო, რაიმე, რაც ოდნავ მაინც გამოარჩევდა მის კინოსურათს მოთხრობისაგან, რომ ამ სურვილმა სრულიად დაავიწყა მეტი ყურადღება გამოეჩინა თავად სცენარისადმი – შვილი მოხუცის მოგონებებით სავსე სახლს ყიდის და ამ სახლში იგი, მყიდველის მოსვლამდე, გარდაიცვლება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ცოტა არ იყოს ამოვარდნილი, ხელოვნური ეპიზოდით, რეჟისორი შეეცადა, მარტივად „გამომძვრალიყო“ და კონკრეტული ხერხით ფილმის სიუჟეტი უფრო ჩამთრევი გაეხადა. აშკარაა, რომ მსგავსი დასასრულის მიზანი მაყურებელში სენტიმენტალური გრძნობების გაღვივება იყო, თუმცა საეჭვოა, რამდენად კარგად გაართვა მან ყოველივე ამას თავი.

ელენე ცაგარეიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *