მიბაძვა – დამხმარე საშუალება ან ხელისშემშლელი ფაქტორი

თანამედროვე საავტორო კინოში გვხვდება რამდენიმე სპეციფიკური ნიშანი, რომელსაც ახალგაზრდა რეჟისორებიც მიმართავენ და ხშირად ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ფილმს ეს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ შეიქმნა კონკრეტული სტანდარტი და ეს სტანდარტი „აუცილებლად“ გასათვალისწინებელია. ამდენად, ხშირადაა ფილმებში მიბაძვა. ერთი მხრივ, მიბაძვა შესწავლის და განვითარების პროცესია, ხოლო მეორე მხრივ, ის რეჟისორისთვის, განსაკუთრებით კი დამწყები რეჟისორისთვის, ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება. პრობლემაც სწორედ ესაა. საშუალება, რაც უნდა იყოს და როგორიც უნდა იყოს იგი, საჭიროა გამოიყენებოდეს გააზრებულად. შესაძლოა, ავტორმა კონკრეტული დანიშნულება არ მისცეს რაიმე დეტალს და მაყურებელს მიანდოს გადაწყვეტილება, რაც ნაცნობი პრაქტიკაა, მაგრამ თუ ფილმის მთავარ ელემენტებს გაუაზრებელი ფუნქციებით დატვირთავს, მაშინ რეჟისორს, როგორც მინიმუმ, ძალიან გაუჭირდება თავისი სათქმელის შენარჩუნება.

სანდრო სულაძის სტუდენტური ფილმი „თუთა“ (2016) საინტერესო ნამუშევარია თავისი მცდელობებითა და პარალელებით, თუმცა ასევე საინტერესოა ხარვეზები, რომლებიც ამ კინოსურათს გააჩნია.

ფილმის მთავარი გმირი თუთა (მარიამ ენუქიძე), ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც დედა გარდაეცვლება და მარტო რჩება ღვინოს მიძალებულ მამასთან (ბიძინა მაჭარაშვილი). მისთვის რთული ცხოვრებისეული გამოცდა იწყება.

თუთა და მამა მთაში ცხოვრობენ. გარემო, რომელიც რეჟისორმა შეარჩია, ეხმიანება გოგონას შინაგან მდგომარეობას. პეიზაჟების ჩვენებით მთის ზოგადი სახე იხატება. ის დიდია, ცივი, მაგრამ მიმზიდველი, შორი, ამოუცნობი და, რაც მთავარია, უცხო. მსახიობი მარიამ ენუქიძე, თავისი საინტერესო გარეგნობით, ფიზიკურად ზუსტად შეესაბამება თუთას სახეს, რომლის გარეგნობაც აღწერილი პეიზაჟის ერთგვარი განსხეულებაა. როდესაც კამერა გარემოს უფრო ჩაეძიება, გადაშლილი ველებიდან და მთებიდან კონკრეტულ კუთხეებსა და ბილიკებზე ხდება კონცენტრაცია, მაშინ ცხადად ჩანს, რომ ეს მშვენიერი ბუნება შინაგანად ისეთი სუფთა არაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ის რუხია, დისტანცირებული, ტალახიანი, ქარიანი. ბუნების ეს შინაგანი აღწერა თუთას გულის სიღრმეში არსებულ მდგომარეობას იდეალურად ერწყმის. ხანდახან კადრებში შემოსული მზის სხივები იმედის, სიცივის განდევნისა და სითბოს დანადგურების იმედად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

თუთა ცდილობს გულსატკენ რეალობას რაიმე გზით მოსწყდეს. იგი გამოსავალს წიგნების კითხვაში პოულობს. რუხი რეალობიდან ქაღალდზე გადატანილ ილუზიაში გადადის, მაგრამ ის მაინც აქაა. დასამახსოვრებელია მომენტი, როცა ტალახში შერეულ სისხლს წყალს მიასხამს, რათა ეს სისხლი განეიტრალდეს და გაქრეს. 25 წუთის განმავლობაში ორიოდე ფრაზაა, რასაც მთავარი გმირი ამბობს: „ფირუზია. დედამ მაჩუქა. დამიტოვა“. იგი ამ ფრაზას არაფრის პასუხად წარმოთქვამს, მაგრამ მაყურებლისთვის საგრძნობია ის, თუ რამხელა დანაკარგი აქვს ამ გოგონას, ხოლო მეორე ფრაზა: „დალიე?“ ესაა კითხვა, რომელსაც ვერბალური პასუხი არ აქვს და არც სჭირდება, რადგან თუთას ტკივილი ცხადია.

სანდრო სულაძის სარეჟისორო გადაწყვეტა დისტანციის დაცვას მოიცავს, რაც ძალიან პოპულარულ ხერხად იქცა. კამერა უფრო დამკვირვებლის ამპლუაშია. ის, უბრალოდ, აღწერს და საკუთარ დამოკიდებულებას არ ამხელს, პერსონაჟებთან დიალოგებში არ შედის. მსგავსი პოზიცია საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა ძალიან სარისკოა. სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ რეჟისორმა ისე უნდა გადმოსცეს პერსონაჟის შინაგანი სიმძიმე და მორალური თუ ფსიქოლოგიური წნეხი, რომ ემპათია არ გააჩნდეს პერსონაჟის მიმართ. ასეთ დროს კინოოპერატორს სჭირდება განსაკუთრებული უნარები, რომ დისტანცირებულად მოახერხოს მაყურებლისა და გმირის ერთმანეთთან დაკავშირება. გარდა ამისა, მსგავს შემთხვევებში, მსახიობის პასუხისმგებლობა უფრო იზრდება და სიჩუმესა და მინიმალურ მოქმედებაში ამბის მოყოლისთვის უფრო მაღალი ოსტატობა სჭირდება.

კინოკამერის პოზიცია და ხედვის კუთხეები რიგ ეპიზოდებში არასწორადაა შერჩეული. ამბის თხრობის ლოგიკური ჯაჭვიც ირღვევა, რაც საგრძნობლად გამოიხატება კადრების ცვლილების დროს. მაგალითად, მსახიობების განლაგება, სხეულის პოზიცია არ ემთხვევა ეპიზოდებში ერთი მეორეს. ზოგ შემთხვევაში, ფილმებში ეს სპეციალურადაა გაკეთებული, მაგრამ ამ კინოსურათში, არ ჩანს ამის ნიშნები. ისევე, როგორც სპეციალურად იყენებენ ხოლმე კინოკამერის მოძრაობას, მაგრამ „თუთაში“ სტატიკურობა, რომელიც არ გააჩნია კადრებს, უხეშად არღვევს ფილმის ერთიან სტრუქტურას. საბედნიეროდ, ეს მარტივად გამოსასწორებელი პრობლემაა. მითუმეტეს, რომ ფილმის ოპერატორის, ნიკოლოზ კერესელიძის მხრიდან არის საინტერესო კადრების შერჩევის მცდელობა.

სამსახიობო მხარე, სამწუხაროდ, ქართულ კინოში, სტუდენტურსა თუ პროფესიულში, ერთ-ერთ ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენს. ამჯერადაც, მსახიობთა თამაში საკმაოდ არადამაჯერებელია, თუმცა ეს, მეტწილად, ვერბალურ ნაწილში გამოიხატება.

ყველაზე დიდი მინუსი კი, რაც „თუთას“ გააჩნია, არის ხმოვანი ეფექტები. გარე ხმები, შიშინი უხეშად შემოდის და ხელისშემშლელი ფაქტორიც ხდება. განსაკუთრებით შესამჩნევია, კადრების ცვლილების დროს ხმა როგორ წყდება და ახალი კადრის დროს სხვა სიხშირით როგორ გრძელდება ფონური ხმები. უფრო უპრიანი იქნებოდა გარემოს ხმების გადახმოვანებაც. ფილმის ყურებისას ხმა ერთ-ერთი მთავარია დისკომფორტია.

სანდრო სულაძის ფილმი „თუთა“ ნამდვილად აღძრავს რეჟისორის მიმართ ინტერესს. მისი ნამუშევარი თანამედროვე საავტორო კინოს შექმნის მცდელობაა და მისაღები მცდელობაც. რეჟისორმა თითქოს გააერთიანა ეპიზოდები თავისთვის საინტერესო ფილმებიდან და მათ გადმოცემას შეეცადა. მაგალითად, სცენა, რომელშიც თუთა და მამა პირისპირ სხედან და კვერცხს მიირთმევენ, ბელა ტარის კინოსურათის, „ტურინის ცხენის“ ეპიზოდის გადათამაშებად მესახება, არა მხოლოდ სხეულების მდგომარეობითა და მოქმედებით, არამედ აურითაც, დუმილის წინ წამოწევით. მსგავსი გადაწყვეტილებები კინოსურათებს უფრო მრავალფეროვანს ხდის და ავსებს.

გადამღები ჯგუფის თითოეული მინუსი აბსოლუტურად გამოცდილებაზეა დამყარებული. პრაქტიკაში ყველა ხსენებული ხარვეზი დროთა განმავლობაში გამოსწორდება. თავად რეჟისორი ამ კინოსურათში ნამდვილად ამჟღავნებს პროფესიისათვის საჭირო უნარებს, რომელსაც ინტენსიური ვარჯიში სჭირდება.

გვანცა ნოზაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *