ნანა + სიმონი = ბედნიერი ოჯახი

უცხოეთში, კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერაზე დასწრება ძალიან ამაღელვებელი და დაუვიწყარი ამბავია, მითუმეტეს თუ ეს პრემიერა წარმატებული აღმოჩნდება. საბედნიეროდ, მსგავსი ფაქტების მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ორი ასეთი პრემიერა კინორეჟისორებს – ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს უკავშირდება. ასე იყო 2013 წელს, „ბერლინალეზე“, პირველი ჩვენება ფილმისა „გრძელი ნათელი დღეები“, რასაც მოჰყვა კინოჯილდოც და შემდეგი მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალი შესაბამისი პრიზებით, ხოლო მეორე პრემიერა შედგა 2017 წელს, ისევ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისა „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. მისი ჩვენების შემდეგ ამ „ქართული ოჯახის“ თითქმის მთელი შემადგენლობა რომ ავიდა სცენაზე, ცრემლნარევი სიხარული და ოვაცია იყო.

მეორე დღეს გერმანული პრესა (ავტორი მატ ფაგერჰოლმი) წერდა: „გრძელი ნათელი დღეები“ ძალიან მალე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმი გახდა, ხოლო რაც შეეხება ფილმს „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, იგი ისეთივე დამატყვევებელია და არანაკლები ოსტატობით არის შესრულებული, როგორც ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის პირველი ერთობლივი ნამუშევარი“. სანდენსის კინოფესტივალის დროს „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ შესახებ კინოჟურნალისტი ბილა ებირი აღნიშნავდა: „ეს არის ფილმი ვალდებულებებზე და იმაზე, თუ რისი გაკეთება იყო შესაძლებელი და რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს. რეჟისორები არიან ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი, რომლებისთვისაც ეს პირველი ერთობლივი ნამუშევარი არაა. ორიოდე წლის წინ მაყურებელმა იხილა მათი შესანიშნავი ფილმი მოზარდთა ცხოვრებაზე „გრძელი ნათელი დღეები“, ბოლო ნამუშევარი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ არამხოლოდ სანდენსის კინოფეტივალზე წარმოდგენილი საუკეთესო ფილმია, არამედ წლის ერთ-ერთი საუკეთესოც.“

„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მიერ მოპოვებულ მრავალ პრიზს შორის არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების ფესტივალის პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის და „ფიპრესის“ პრიზი; ვისბადენის კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის; ჰონგ-კონგის ფესტივალის გრან-პრი „ცეცხლოვანი ფრინველი“; ტრანსილვანიის ფესტივალის მთავარი პრიზი „ტრანსილვანიის თასი“ და პრიზი საუკეთესო როლისათვის ია შუღლიაშვილს. აქვე ვიტყვი, რომ ამ მსახიობის კინოკარიერაში პირველი მნიშვნელოვანი როლი „ჩემ ბედნიერ ოჯახში“ წარმატებული აღმოჩნდა არამარტო პრიზებით, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისით მის შემოქმედებაში.

ფილმში, გაკვეთილზე მანანა მასწავლებელი (ია შუღლიაშვილი) „შუშანიკის წამებაზე“ საუბრობს. ისმის შეკითხვა: „შუშანიკის ამბავი არის თუ არა ოჯახური დრამა?“, ასეთ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოჯახურ პრობლემებთან დრო უძლურია, ის მუდამ იარსებებს და ყოველთვის ინდივიდუალური იქნება. კინოსურათის სახელწოდებაც კითხვის ნიშნის გარეშეა, თუმცა ისიც და საპირისპირო მნიშვნელობაც იოლად მისახვედრია.

ფილმის პირველი ეპიზოდებიდანვე ვიგებთ, რომ ბინას ქირაობს და მარტო ცხოვრებას აპირებს ქალი, რომელსაც ჰყავს ოჯახი. მას ეუბნებიან, რომ ეს ბინა იღბლიანია, მაგრამ მალე ირკვევა, რომ წინა მოსახლეს თვითმკვლელობით დაუმთავრებია სიცოცხლე. სწორედ ამ ბინაში დასახლდება 52 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მანანა მხეიძე, რომელიც მიატოვებს ოჯახს: ქმარს, ზრდასრულ ქალ-ვაჟს, დედასა და მამას. მათთვის და სასწრაფოდ შეკრებილი ნათესავებისათვის გაუგებარია მანანას ქმედება და საერთო ვერდიქტია: „ოჯახს არცხვენს!“

სიჩუმე წლების განმავლობაში მანანას მუდმივი მდგომარეობაა. ყველას და ყველაფერს შეგუებული ქალი ტოვებს ოჯახს და მიდის ახალი ცხოვრების დასაწყებად. მას უნდა იცხოვროს და აკეთოს ის, რაც უნდა, ეს კი მისი ოჯახისათვის ღალატია, სამარცხვინო სიტუაცია და „რას იტყვის ხალხი?“. დედას (ბერტა ხაფავა) არ უკვირს შვილის გადაწყვეტილება, უხასიათობით მამას (გოვენ ჭეიშვილი) ადარებს: „ვერ გავიგე, რა უნდოდა, რა უხაროდა, რა წყინდა!“, მანანას კი უბრალოდ დრო არ ჰქონდა, არც არავის აინტერესებდა მისი ემოციები, ახლა ქმარსაც ვერ გაუგია, რატომ არ ეზეიმება მანანას, მას კი თავისი დაბადების დღის გატარება თავისებურად სურს და არა ისე, როგორც მეუღლეს უნდა. ასობით ქალი ცხოვრობს მანანასავით, მაგრამ მას მოწიფულ ასაკში მაინც ეყო სიმამაცე, შეეცვალა ცხოვრება. ია შუღლიაშვილის პერსონაჟს არ სჭირდება სიტყვები, მის შესახებ მსჯელობენ, კამათობენ, ის კი მოქმედებაზე გადადის. როგორც, ალბათ, ბევრმა მანაც უნდა უპასუხოს შეკითხვას: როგორ იცხოვრე? წლების განმავლობაში დაგროვილი მორჩილება, მწუხარება საკმარისი არ აღმოჩნდა. მანანა შემთხვევით იგებს (თანაკლასელების შეხვედრაზე), რომ სიცრუეში უცხოვრია, მისი გამგები სიმპათიური ქმარი მოღალატეა, სხვა ქალთან ვაჟი ჰყავს. ამ ახალმა ტკივილმა კიდევ უფრო გააძლიერა, თავის სწორ არჩევანში დაარწმუნა. ფილმის ავტორები არ ცდილობენ მანანას ქმარი წარმოაჩინონ ტრადიციულ მექალთანედ ან მოღალატედ, რომელიც ცოლის ხარჯზე ცხოვრობს მის დედ-მამასთან. სოსო (მერაბ ნინიძე), მანანასთვის ღალატის მიუხედავად, სიმპათიას იწვევს. ისიც გზააბნეულია და მხოლოდ ცოლის წასვლის შემდეგ ხვდება მთავარს: „შენ ხარ ჩემი სახლი!“ ცოლი მასაც იგივე შეკითხვას უსვამს, რაზეც თვითონ ცდილობს უპასუხოს: „შენ როგორ იცხოვრე და საერთოდ ვინ ხარ?!“ ამ შეკითხვაზე პასუხი გასაცემი აქვთ ფილმის სხვა პერსონაჟებსაც. მათ შორის უმრავლესობაში ახალგაზრდებიც არიან: მანანას ქალ-ვაჟი, ფეხმძიმე რძალი, მოსწავლე, რომელიც ქმარს ვერ შეეგუა და გაეყარა. ფილმის ავტორები კვლავ უარყოფენ ტრადიციულ კლიშეებს და გვაჩვენებენ უფროსი თაობის გვერდით როგორი მიზანდასახული, თამამი და უკომპრომისო არიან ახალგაზრდები.

სადა კინოენა მაყურებლებს აიძულებს კონცენტრირდეს მთავარი გმირის ქმედებაზე, განწყობაზე, რომელიც რადიკალურად იცვლება ნაქირავებ ბინაში გადასვლის შემდეგ: იგი ხშირად მიირთმევს ტორტის ნაჭერს თითქოს წარსული მწუხარების დასაძლევად, იღიმება, როცა კითხულობს მოსწავლეების რვეულებს, სიამოვნებით უკრავს გიტარაზე და მღერის.

სიმბოლურია, რომ ფილმის ტიტრებს ფონად მიჰყვება სიმღერა არა მსახიობების (ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე), არამედ „მანანას“ და „სოსოს“ შესრულებით, მაყურებელმა ასე უნდა იფიქროს! თავისუფლების შეგრძნება ბედნიერს ხდის ადამიანს!

ნანა თუთბერიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *