ომზე ფილმების შექმნა კინოს დაარსებიდანვე დაიწყეს. სხვადასხვა თაობის რეჟისორებმა ეკრანზე ასახეს უაზრო სისხლისღვრის დამღუპველი შედეგები, რათა შეგვახსენონ, რომ ომში არ არიან გამარჯვებულები. ომის თემა უკვე ყველა მხრიდანაა ნაჩვენები, შიგნიდანაც და გარედანაც, მაგრამ ყველა ომი ადრე თუ გვიან მთავრდება და აუცილებლად ჩნდება კითხვა, რა ხდება შემდეგ? რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ცხოვრება, მაგრამ როგორი იქნება ის? როგორი იქნებიან გამარჯვებულები? როგორი წარიმართა დამარცხებულების ბედი? ბოლოს და ბოლოს, ორივეს უნდა სიცოცხლე. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხოვრება უნდა აღდგეს და გაგრძელდეს. სწორედ ამ კონკრეტულ თემას შეეხო რუსუდან გლურჯიძე ფილმში, „სხვისი სახლი“ (2016). ეს ნამუშევარი ყვება ომის შემდგომ მდგომარეობას,ამბავს ორი ოჯახისა, რომელთათვის ომი ყოველდღიურობაში გრძელდება. მაყურებლისათვის თითოეული პერსონაჟის თავგადასავალი ნაცნობი და ახლობელია, რაც ბევრში შიშის გრძნობას ტოვებს.
აქ წამოჭრილი თემა ძალიან სერიოზულია და აჩვენებს არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ მთელი კაცობრიობის ტრაგედიას: სამოქალაქო ომი, საკუთარი სახლებიდან გაქცეული ადამიანები, რომლებმაც ვერც მოასწრეს პირადი ნივთების წაღება, სხვის სახლებს შეფარებული ოჯახები და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ქარიშხლიან ღამეს, ახალგაზრდა კაცი, ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, გადადის თითქმის დაცარიელებულ წყნარ სოფელში, რომელიც არც ისეთი მშვიდი გამოდგა, როგორც მათ სურდათ და სჯეროდათ. ახალმოსულებს მეზობელები: დები და თინეიჯერი გოგონა, ერთ-ერთი დის შვილი, ჭოგრიტით ათვალიერებენ.
ფილმში ომის სცენები არ არის, მაგრამ გმირებს ერთი ნაბიჯითაც არ შორდება მისი ემოცია. ომს, ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მოვლენას, რომელიც შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში, შეუძლია სამუდამოდ შეცვალოს პიროვნება. ის ანგრევს სიყვარულისა და სიკეთის პრინციპებზე აგებულ ადამიანურ ღირებულებებს, ანადგურებს ოჯახებს, ერთმანეთის მტრად აქცევს მშობლებსა და შვილებს, ძმებსა და დებს, ადამიანები ხდებიან ეგოისტები, ცდილობენ გადარჩენას ნებისმიერ ფასად, რის შედეგადაც საზოგადოება ნელ-ნელა ცხოველად იქცევა. სანამ ადამიანი ამ პერიოდს გადის, მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ იცვლება. ზოგი გადაარჩენს ყველაფერს, რისი გადარჩენაც შეუძლია (ამის მაგალითად, სალომე დემურიას გმირი ირა გვევლინება), ზოგი კი იმდენად სუსტია, რომ საკუთარ თავში ვერ ახერხებს გარკვევას და ახალი ცხოვრების დაწყებას, რასაც რეჟისორი ზურაბ მაღალაშვილის პერსონაჟის, ასტამურის მეშვეობით აჩვენებს.
სალომე დემურიამ აჩვენა ძლიერი, ინტელექტუალური და ოდნავ ამპარტავანი ქალის ეკრანული სახე, რომელსაც რთული ბედი აქვს. ის კეთილია, მაგრამ ყველას მიმართ არა, უხეშია მათთან, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს, თავისუფლად ფლობს იარაღს და ნებისმიერ ძალას ხმარობს მეზობლების სახლების გადასარჩენად იმის მოლოდინში, რომ ოდესმე ძველი პატრონები დაუბრუნდებიან თავიანთ კერას. ირას და, აზიდა (ია სუხიტაშვილი) სასოწარკვეთილებაში მყოფი ქალია, რომელიც ქმარმა მიატოვა და მარტო ზრდის თინეიჯერ გოგონას, არ იცის როგორ მოიქცეს შვილთან, მუდმივად ეკამათება დას ნებისმიერ საკითხზე. ის ფსიქოლოგიურად განადგურებული ადამიანია, რომელმაც დაკარგა არამარტო სახლი, არამედ მეუღლეც და ოჯახის წევრების პატივისცემაც. მიუხედავად იმისა, რომ ირა მუდმივად აკრიტიკებს დასა და დისშვილს, რთულ სიტუაციაში სულ მათ გვერდითაა, რაც სამივეს აძლევს ძალას გადარჩენისათვის.
ასტამური ჩვენს თვალწინ იცვლება. ვხედავთ კაცს, რომელსაც მოულოდნელად გრძნობების უზარმაზარი პალიტრა ეუფლება, როცა, ბოლოს და ბოლოს, იპოვა ახალი სახლი. მისი შინაგანი სამყაროს ცვლილებები იწვევს ცვლილებებს გარშემო არსებულ სამყაროში. ჩნდება ომის, განადგურებისა და სიკვდილის განცდა, მყუდრო სახლი ცივ თავშესაფრად იქცევა. ეს ყველაფერი მაყურებელზე მნიშვნელოვან შთაბეჭდილებას ახდენს. ზურაბ მაღალაშვილმა მოახერხა რთული პიროვნების ჩვენება, სიმართლის ძიებაში დაბნეული ადამიანისა, რომელიც ძალიან განიცდის შესაძლო დანაშაულის გრძნობას სხვის სახლში დასახლების გამო. ასტამურის მეუღლე არაა ქართველი, შესაბამისად, ეს კონფლიქტი ნამდვილად არ არის მისი. იგი ადვილად ეგუება ახალ გარემოს, სადარდებელი კი მხოლოდ ძველ სახლში დატოვებული ძვირადღირებული ნივთებია.
მნიშვნელოვანი თემაა ომგამოვლილი ბავშვები, რომლებიც მუდმივ შიშსა და გაურკვევლობაში არიან. სამივე განსხვავებული ასაკისაა და გამოცდილებებიც განსხვავებული აქვთ. ნატა (ეკატერინე ჯაფარიძე) სხვის სახლებში ძრომიალითა და იქიდან ნივთების წამოღებით ერთობა. ლეო (ალექსანდერე ხუნდაძე) შეშინებულია და მუდმივ მოლოდინშია იმისა, რომ ახალი სახლიც არ დაკარგოს. იგი ღამით დგება, რათა შეამოქმოს კარი ჩაკეტილია თუ არა. მისი პატარა და უბრალოდ დაიღალა. მას არ აქვს გააზრებული, რა დაკარგეს, მისთვის საყვარელი ოჯახი ხომ მის გვერდითაა, ხოლო ახალი სახლი – ახალი თავგადასავალია. მთავარი გმირების დახმარებით აკვირდები ზღვა ემოციას – ტკივილს, წუხილს, თანაგრძნობას, სასოწარკვეთილებას, იმედსა და უიმედობას. შეუძლებელია არ დაიჯერო ეს ემოციები და არ იყო გამსჭვალული ამ გმირებისადმი თანაგრძნობით.
თითქმის ყველას გვაქვს სახლი, რომელიც საკუთარი ციხესიმაგრეა და მხარდამჭერი ცხოვრების რთულ მომენტებში. ყველა ადამიანს პირადი განმარტოებისთვის უნდა ჰქონდეს ადგილი, რომელიც დაიცავს ცხოვრებისეული უბედურებისა და პრობლემებისგან, თუმცა ფილმის გმირებისთვის პირადი სივრცე დიდ ფუფუნებად იქცევა. ომი ართმევს მათ საკუთარს და იძულებულს ხდის იცხოვრონ სხვის სახლში, რომელიც ცოტა ხნის წინ ვიღაცის საკუთრება იყო. ასეთი სხვისი სახლები სავსეა წინა მფლობელის აურით, თითოეულ ნივთს მათი კვალი ეტყობა, ისინი მდუმარედ ელოდებიან ნამდვილი პატრონის დაბრუნებას. თითოეული სახლი თავისი მოძველებული ფასადითა და ჩამტვრეული ფანჯრებით, დაღლილად, მაგრამ ჯიუტად ეწინაღმდეგება ახალ პატრონებს.
კინო, უპირველეს ყოვლისა, ვიზუალური გამოსახულებაა მასში შემავალი ფერებით, სინათლით, კინოკამერის მოძრაობითა და ხედებით. რეჟისორმა ამ ყველაფრის დახმარებით დიალოგების გარეშეც გარკვეული ემოციების გამოწვევა უნდა შეძლოს მაყურებელში და მიიყვანოს იმ შედეგამადე, რომლის მიღწევაც სურს. თავისი გარემოთი “სხვისი სახლი” არის ერთ-ერთი იშვიათი ფილმი, რომელშიც ატმოსფერო, გარემო და ვიზუალიზაცია ბევრად უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე სიუჟეტი. სოფლის იდუმალ ლანდშაფტს ემატება მუდმივად დამთგრუნველი მოღრუბლული ცა, ცივი წვიმიანი დღეები და ძველი, დანგრევის პირას მყოფი სახლები, რაც კიდევ უფრო მეტ ინტრიგას მატებს კინოსურათს.
თანმიმდევრულად აწყობილი სიუჟეტი მაყურებელს წამითაც არ აძლევს ყურადღების გაფანტვის საშუალებას. მნიშვნელოვანი მომენტების დროს კინოკამერა მუდმივად უკან იხევს და შორიდან გადაღებულ კადრებისა და ოპერატორის ოსტატობით ნამუშევარი ძალიან ლამაზი ხდება. თითეული კადრი თითქოს მუზეუმში ჩამოკიდებული გაცოცხლებული ნახატია. ფილმის მსვლელობისას გიჩნდება სურვილი, რომ ესა თუ ის ეპიზოდი შეაჩერო და დატკბე ეკრანზე გამოსახული სილამაზით.
ეს ნამუშევარი არა სხვის სახლში დასახლებული ადამიანების ჩვენებაა, არამედ უაზრო ომში ფსიქიკაგანადგურებული ხალხის გაცნობააა და გაანალიზებააა იმისა, რომ ომში გამარჯვებულები არ არსებობენ. ფილმმა დახვეწილი ვიზუალური გამოსახულებით, გამოზომილი დიალოგებით შეძლო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი თემის სხვა კუთხით წარმოჩენა. მართალია, მისი ყურებისას ცრემლებს არ ღვრი, როგორც ხდება ხოლმე მსგავსი თემატიკის ფილმების ცქერის შემთხვევაში, მაგრამ იგი გაფიქრებს და მისი სიუჟეტი დიდხანს რჩება გონებაში.
თეონა ვეკუა