ღრმად დამალული იდეა თუ იდეის უქონლობა?

„ნისლის ფარდა“ (2019) თინათინ ემირიძის მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმია. როცა საქმე ამგვარ ნამუშევარს ეხება, ზოგ საკითხში რეჟისორს რიგ შეცდომებს პატიობენ, რადგან დროთა განმავლობაში პროფესიული გამოცდილება თავისას შვება და მისი მომდევნო ნამუშევრებიც ნელ-ნელა იხვეწება, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ამ კონკრეტულ ფილმში თვალშისაცემ პრობლემებად იკვეთება.

კინოს ყველა სახეობას თავისი მკვეთრად განსხვავებული სპეციფიკა აქვს, მათ შორის, დოკუმენტურ კინოსაც. მასში სამუშაოდ ბევრი სირთულე იჩენს თავს. პირველ რიგში, იგულისხმება გაუთვალისწინებელი შემთხვევები. რთულია, წინასწარ რაიმეს განსაზღვრა, მაგრამ ყოველთვის საჭირო და ფუნდამენტური მნიშვნელობისაა ის გარემოება, რაზე იღებს რეჟისორი ფილმს. ამ უკანასკნელის იდეა, ცალსახად, ამოსავალი წერტილია ნებისმიერ სახეობაში – იქნება ეს მხატვრული კინო, დოკუმენტური კინო, ანიმაცია თუ სხვა – იდეა არის საძირკველი. მის გარეშე, უბრალოდ, არ არსებობს დასრულებული ნამუშევარი.

„ნისლის ფარდა“, ამ მხრივ, ბუნდოვანი კინოსურათია. ძნელია იმის თქმა, რაზეა ფილმი. თუმცა, ამ შემთხვევაში, კონკრეტული პასუხის გაცემა ძნელია არა იმიტომ, რომ მასში, ერთდროულად, ბევრ დეტალზეა გამახვილებული ყურადღება (რამდენიმე სათქმელზე ორიენტირებული უამრავი ფილმი არსებობს), არამედ, პირიქით, არასაკმარისადაა ყურადღება მიპყრობილი რაიმე თემაზე.

შესაძლოა, ეს ფილმი იყოს იმაზე, რომ ხელოვნებას არ აქვს ენა (უკრაინული აუდიტორია გულითადი აპლოდისმენტებით აჯილდოებს ქართულენოვან სპექტაკლს); შესაძლოა, რეჟისორს სურს, გვაჩვენოს რეგიონალური თეატრის ცხოვრება (რა ხდება რეგიონში, როგორია იქ თეატრალური ცხოვრება და ა.შ.) ან, უბრალოდ, ერთი თეატრის ამბავი უნდოდა მოეყოლა და მანაც არჩევანი ხულოს თეატრზე შეაჩერა. მეორე მხრივ, ისიც დასაშვებია, რომ ყველაფერი ერთად იყო ფილმის იდეა, მაგრამ არ ჩანს სიმკვეთრე.

რა არის ამ ნამუშევარში მთავარი. თუ მაინცდამაინც რომელიმე აქ ხსენებულ ან სხვა აზრს უნდა მივემხროთ, მეტად სავარაუდოა, რომ თინათინ ემირიძე რეგიონალური თეატრის ამბავს გვიყვება. ამ თვალსაზრისის გასამყარებლად შეგვიძლია სათაურიც მოვიშველიოთ – „ნისლის ფარდა“. ხალხმა რეგიონის ცხოვრებაზე ნაკლებად იცის, თუნდაც ერთი რეგიონის მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს მეორე რეგიონის ცხოვრებაზე. ე. ი. არსებობს ბურუსი, ნისლი, რომელსაც რეჟისორი კვეთს. ის სწევს ამ ნისლის ფარდას და იქ შეგვახედებს. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ისიც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საქმე მხოლოდ რეგიონის გაცნობასთან გვაქვს, რასაც ამყარებს კინოსურათის პირველი 10 წუთი, მაგრამ ფარდა, რომელიც ნახსენებია და ფილმის მეორე ნაწილი, რომელიც თეატრს ეხება, თავისთავად უკავშირდებიან ერთმანეთს და ტოვებენ სწორედ ამგვარ ასოციაციას.

იდეის თვალსაზრისით გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ფილმი ჩამოუყალიბებელია. გარდა ამისა, ნამუშევარში ისეთი ეპიზოდებია, რომლებიც არაფერს ეხმიანებიან ფილმში. მაგალითად, თეატრის რეჟისორის სიტყვები: „იცვლება ყველაფერი. სამყაროში ყველაფერი იცვლება“ რას უკავშირდება ან რასთან მიმართებაში ჩასვა რეჟისორმა, ეს მომენტი, გაურკვეველია. შესაძლოა, რომ ამ ფრაზის გამოყენების მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ რაიმე „უნდა” თქმულიყო, რაიმე საგულისხმო, საინტერესო, დამაფიქრებელი, მაგრამ რეალურად, რამდენად განსაკუთრებული, ახლის მთქმელი ან ამ ფილმისთვის საჭირო იყო ეს ფრაზა, სხვა საკითხია.

თეატრის ცხოვრება და თეატრალური ამბების ასახვა იძლევა საინტერესო ნიმუშის შექმნის საშუალებას, განსაკუთრებით დოკუმენტურ კინოში, მაგრამ ეს შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა ავტორმა. ძალიან ზედაპირულია ამბის თხრობა. ემირიძე ცდილობს სპექტაკლის შექმნის ეტაპების აღწერას: რა ხდება თეატრში მისვლამდე, შიშველი სცენიდან როგორ გადადის მუშაობა პირველ რეპეტიციებამდე, რასაც კოსტუმირებული რეპეტიცია მოყვება, სპექტაკლის წინა ნერვიულობა და, ბოლოს, აუდიტორიის წინაშე წარდგენა. ერთი შეხედვით, ყველაფერი სწორადაა აკინძული. ქრონოლოგიურად კია სწორი, მაგრამ შეცდომები თხრობის სპეციფიკაშია. ისე ჩქარა მიჰყვება ეპიზოდები ერთმანეთს, მომენტებიც შესაფერისი არაა შერჩეული, რომ სიტუაციაში გაგვარკვიოს.

„ნისლის ფარდა“ დოკუმენტური ფილმისთვის ზედმეტად მშრალი და ნაკლებ ინფორმატიულია. რისი ჩვენება უნდა რეჟისორს კონკრეტულად? ეს კითხვის ნიშანი კი თავისთავად იწვევს დანაკლისის შეგრძნებას. თუ ფილმი თეატრს ეხება, საჭიროა მუშაობის პროცესის უკეთ ჩვენება, ან ბოლოს და ბოლოს, მეტის ჩვენება. ურიგო არ იქნებოდა, ნაჩვენები ყოფილიყო თეატრის მიღმა რას საქმიანობენ მსახიობები ან თეატრის სხვა თანამშრომლები. ორი ქალბატონის ეპიზოდი კი არის წარმოდგენილი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წამით. კადრები, სადაც მამაკაცები, რომლებიც მუშაობენ ან ქუჩაში არიან, შორი ხედიდანაა გადაღებული და რთულია გარჩევა, ისინიც თეატრის თანამშრომლები არიან თუ სხვანი. თუკი ისინიც მსახიობები არიან, საჭიროა ამაზე ყურადღების გამახვილება. რადგან რეჟისორი და ოპერატორი მათ ცნობენ, უცხო მაყურებელიც ხომ ვერ იცნობს. ამას რეჟისორმა უნდა მიახვედროს რაიმე საშუალებით. და თუ არ არიან მსახიობები, ანუ ის ადამიანები, რომლებზეც, ალბათ, ფილმია გადაღებული, მაშინ რატომ უთმობს რეჟისორი ამდენ საეკრანო დროს. რაიმეს ხომ უნდა ემსახურებოდეს მათი გამოჩენა. თუ მხოლოდ იმიტომაა ეს ეპიზოდები, რათა მივხვდეთ, რომ ეს არის დასახლებული პუნქტი, ნამდვილად ზედმეტია. ორი-სამი კადრი სრულიად საკმარისი იქნებოდა ამის საჩვენებლად. საჭიროების მხრივ კი, საერთოდ არაა საჭირო. საეკრანო დრო ასეთ უმნიშვნელო საკითხებზე არ უნდა დახარჯულიყო, ხოლო თუ მიზანს საზოგადოების ზოგადი პორტრეტის ჩვენება წარმოადგენდა, არც ეს გამოვიდა.

ამას გარდა, ფილმის პირველი 10 წუთი ძალიან გაწელილია. კინოსურათის ნახევარი ხედებსა და პანორამებს უჭირავს, მითუმეტეს, რომ ეს კადრები ესთეტიკურობით არც გამოირჩევა. მართალია, კინოკამერა სტატიკურად, უხეში მოძრაობის გარეშე აღბეჭდავს ბუნებას და ცენტრიც დაცულია, მაგრამ არაა რაიმეს მთქმელი ან დასამახსოვრებელი. თითქოს რადგან მთას უღებს ოპერატორი, აუცილებლად მიმზიდველი კადრი გამოვა – „მთავარია კამერა დადგა და ბუნება თავისას იზამს” – არ ამართლებს. ამას კი ემატება ისიც, რომ რა მიზანს ემსახურება ამდენი და ასე გაწელილი პეიზაჟების ჩვენება, არ ჩანს ფილმში.

ეს ფილმი, როგორც დასრულებული ნამუშევარი, ვერ შედგა. შესაძლოა, თინათინ ემირიძემ მაშინ, როგორც სტუდენტმა და გამოუცდელმა რეჟისორმა, ვერ დაძლია დოკუმენტური კინოს სირთულეები, ვინაიდან ამ სახეობაში ხშირია, რამეთუ ნებისმიერმა ახალმა შემთხვევამ, ახალმა აზრმა შესაძლოა გადაძლიოს რეჟისორს და თავდაპირველი ორიენტირი დაუკარგოს, რის გამოც საბოლოო შედეგი ისეთი გამოვა, როგორც ამ ფილმში.

გვანცა ნოზაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *