შურისძიება

უცნაური რამაა ეს ცხოვრება. არასდროს იცი, რა დროს რას უნდა მოელოდე მისგან. ხანდახან განცდა გაქვს, რომ ვიღაც შენს ყოველდღიურობას თვალს ადევნებს და ზუსტად ისეთ მომენტში გიქმნის პრობლემას, როცა ყველაზე ნაკლებად ელი და ყველაზე ნაკლებად ხარ მზად მის მოსაგერიებლად; როდესაც გგონია, რომ უკვე სამშვიდობოს ხარ გასული და წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები შენზე გავლენას ვეღარ იქონიებენ; როცა ფიქრობ, რომ ის ადამიანები, მათი წყენა, შენი დანაშაული, სირცხვილი, სინანული, რაც უწინ მოხდა, სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს. მაგრამ ცხოვრების აზრიც სწორედ ამაში მდგომარეობს – ის მუდმივად აღმავალი და დაღმავალია, არასდროსაა სრულყოფილი და სწორხაზოვანი. მას შეუძლია სწორედ იმ დროს გამოგიწოდოს ხელი, როცა უიმედო და სასოწარკვეთილი ხარ და, პირიქით, მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა და გგონია, რომ ყველა სირთულე გადალახე. შესაძლოა, არათუ ახალი, არამედ ძველი, კარგად მივიწყებული ცოდვებიც კი გზაში წამოგაწიოს.

ლევან შუბაშვილის სტუდენტური ნამუშევარი, „მოკლე ფილმი მეგობრებზე“ (2016) ძალიან მარტივი ენით გვიყვება ამბავს ძველ, უნივერსიტეტის დროინდელ ნაცნობებზე, მათ საერთო მოგონებებსა და აწმყოზე. ფილმში სულ ხუთი ძირითადი პერსონაჟია (მეექვსეს ხმა მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით ისმის).

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ცენტრალური ნაწილი ერთ-ერთი მეგობრის სახლში ვითარდება, მაყურებლისათვის გარკვეული საკვანძო საკითხები ფილმის პირველივე სცენიდან ხდება ცნობილი. კერძოდ კი, მანქანაში, სამეგობროსკენ მიმავალი შაკო მირიანაშვილის პერსონაჟი (ამ პერსონაჟის სახელი ცნობილი არაა) ჩნდება, რომელიც თავის ცოლს, თეას (რომელიც მან უნივერსიტეტში გაიცნო) ტელეფონით ესაუბრება და სწორედ მათი დიალოგის მეშვეობით ხდება ცნობილი, მათი ორი საერთო მეგობრის, კახასა (გიორგი იარაჯული) და ეკას (ნატალია ყულოშვილი) წარსულ სასიყვარულო ურთიერთობაზე.

ფილმი ძლიერი კინემატოგრაფიული სტილით ვერ დაიკვეხნის. რა თქმა უნდა, არის რაღაც მომენტები, რაც, შესაძლოა, გამოიკვეთოს, თუმცა კინოსურათის მთავარი მამოძრავებელი ძალა სიუჟეტი და მეგობრებს შორის დიალოგია.

ლადოს (ბექა მაღალაშვილი) სახლში შეკრებილი სამეგობრო, ერთი შეხედვით, მხიარულად ცდილობს დროის გატარებას, თუმცა, ამ ძალისხმევის მიუხედავად, მაინც მარტივად შესამჩნევია მეგობრებს შორის არსებული დაძაბულობა. ამის დაძლევას ისინი, თითქოს, ძალდატანებით, სხვადასხვა სასაუბრო თემის შემოგდებით ცდილობენ, რათა ყველასათვის არასასურველ, უხერხულ სიჩუმეს აარიდონ თავი. განსაკუთრებულად შესამჩნევია ამ წრესა და კახას შორის არსებული გაუცხოება, რაც რამდენიმე წლით კახას გერმანიაში ცხოვრებით აიხსნება. ის ხომ ახალი დაბრუნებულია სამშობლოში და, ლოგიკურია, რომ ერთმანეთთან ისევ კომფორტულად და უშუალოდ ვეღარ გრძნობენ თავს, როგორც უნივერსიტეტის წლებში იყო. გარდა ამისა, კახას მიმართ ყველას განსაკუთრებული მოწიწება აქვს. თითქოს, იგი რაიმეთი მათზე უკეთესი იყოს. მოგვიანებით ამის მიზეზი ცნობილი ხდება. მეგობრები კახას მიმართ მადლიერებას გრძნობენ იმ გმირული საქციელის გამო, რაც მან წლების წინ ჩაიდინა – ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგების ორგანიზატორობისათვის ისჯებოდა (მას შემდეგ, რაც ვიღაც უგულოდ დააბეზღა), ციხისგან იხსნა.

გარემო, სადაც ეს ადამიანები იმყოფებიან, თავის მხრივ, ეხმაურება ამ არც თუ ისე ლაღ სიტუაციას. მეგობრები ერთ ოთახში, მაგიდის გარშემო სხედან. მიუხედავად იმისა, რომ ოთახში შუქი ანთია, იგი მაინც ჩაბნელებულია. ოპერატორი (ელია ფარსადანიშვილი), ძირითადად, პერსონაჟების პორტრეტებზე მუშაობს. საშუალო და საერთო ხედი თითქმის არ გვხვდება. იგი მონაცვლეობით გვიჩვენებს მათი სახეებს, იმის მიხედვით, თუ ვინ ლაპარაკობს კონკრეტულ მომენტში. ხშირია სწრაფი, უხეში მონტაჟური სვლები. ეს ერთფეროვნება მაყურებელს, ფაქტობრივად, აიძულებს, რომ მთლიანად პერსონაჟების საუბარს დაუგდოს ყური და სხვა არაფერზე (ვერაფერზე) გადაიტანოს ყურადღება.

ეკას აშკარად ახერხებს კახასთვის დისკომფორტის შექმნასა და მისი სიმშვიდის დარღვევას. თავიდან ფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ძველი შეყვარებულის იქ ყოფნით გამოწვეული უხერხულობის შეგრძნებაა და მეტი არაფერი, თუმცა მოგვიანებით, ეკას წყალობით, კახას დაძაბულობის ნამდვილ მიზეზს აეხდება ფარდა.

ეკას საკმაოდ კარგად განასახიერებს ნატალია ყულოშვილი. იგი მშვენივრად ახერხებს გადმოსცეს ქალის განცდები, ქალისა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დავიწყებია ძველი სიყვარული, ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი იმედის ნაპერწკალი, რომლის დამალვასაც ის ასე მონდომებით ცდილობს. ფილმის დასაწყისში, მეგობართან ტელეფონზე საუბრისას, იგი ასეთ ფრაზას ამბობს: „ კახას ნახვა მინდა, მაინტერესებს ერთი, რას მეტყვის…თან მკიდია რა“. მისი ეს ბოლო სამი სიტყვა აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს. თეასა და მისი ქმრის სატელეფონო საუბარშიც თავიდანვე იკვეთება ეკას დამოკიდებულება კახასადმი. თეას თქმით, „ კახაზე არაფერი იცის, თუმცა ეკასთვის დროს არ აქვს მნიშვნელობა“.

ეკა ასევე ერთადერთია, რომელიც კახას პირადი ცხოვრებით ინტერესდება. სწორედ მისი შეკითხვის შემდეგ აღიარებს კახა, რომ მან ცოლი მოყვანა. რა თქმა უნდა, ამაზე ყველას ძალიან ცუდი რეაქცია აქვს. მეგობრები ვერ იჯერებენ, რომ კახამ, ადამიანმა, რომელსაც ისინი ახლო მეგობრად თვლიან, მათ ცოლის ამბავი დაუმალა. კახა თავის მართლებას ცდილობს, ამბობს, ვითომ მათთვის სიურპრიზის მოწყობა უნდოდა, მაგრამ ეს დიდი სიცრუეა. მას, უბრალოდ, ეკას რეაქციისა ეშინოდა. კახას ეკა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაებრაზებინა…

მეგობრების რეაქცია ვერც კი შეედრება ეკას მდგომარეობას მას შემდეგ, რაც ის კახას ცოლის ამბავს გაიგებს. მისი გამომეტყველება მომენტალურად იცვლება, შეშდება, თვალები უმეტყველო ხდება. იგი ეთიშება რეალობას, აღარ ესმის სხვების ხმები, თუმცა მიმიკით ცდილობს მათ თავი მოაჩვენოს, რომ თითქოს ყველაფერს გულისყურით ისმენს.

ფილმში ყველაზე კარგი სწორედ ეს რამდენიმე წუთია. ამას ოპერატორული ნამუშევარიც უწყობს ხელს. კამერა ამ დროს მთლიანად ეკას სახეზეა ფოკუსირებული. კადრი ნაცრისფერი ხდება, შემდგომ ლურჯი, ნელა შემოდის შოპენის ნაზი მუსიკის ხმა, რომელიც უფრო აძლიერებს ეკას ემოციურ მდგომარეობას. ქალი წყდება რეალობას, გადადის წარმოსახვაში. იქაურობა სულ შავია, მარტო ეკას სახეს ხვდება სინათლის წყარო. ამ წარმოსახვაში ის კახას ხვდება და არარსებულ დიალოგს აწარმოებს მასთან. ეკას პერსონაჟი იმედგაცრუებული და დაბნეულია, კახას ცოლის ამბავი სასოწარკვეთაში აგდებს და გამოფხიზლების ერთადერთ მამოძრავებელ ძალად შურისძიებაღა რჩება. როგორც კი საღ გონებაზე მოდის, პირდაპირ შეტევაზე გადადის, საუბარში ერთვება და თვალსა და ხელს შუა ატივტივებს ზედაპირზე დიდი ხნის წინ მივიწყებულ ამბავს, რომელიც კახას რეპუტაციას იმწამსვე მიწასთან ასწორებს. ის გაამჟღავნებს კახას საიდუმლოს, რომ სწორედ იგი იყო მეგობრის დამბეზღებელი. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელ სამეგობროს ამდენი ხნის მანძილზე მხსნელად ევლინებოდა, სინამდვილეში გამყიდველი ყოფილა. ამ შემთხვევაში, ეკა მოგვაგონებს მედეას, რომელმაც ბევრი რამ დათმო საყვარელი მამაკაცის გამო, მაგრამ როგორც კი ამ უკანასკნელმა ის სხვა ქალში გაცვალა, მაშინვე მწარე შურისძიებით მოუღო ბოლო. კახა აღმოჩნდება საშინლად ეგოისტი, ნარცისი და მშიშარა ადამიანი, რომელიც თავის რეალურ სახეს არაჩვეულებრივად ავლენს, როცა სამარცხვინოდ, არარსებული მიზეზის მოშველიებით, სასწრაფოდ ტოვებს იქაურობას. ფაქტობრივად, გარბის.

ფილმის სიუჟეტი არც თუ ისე ორიგინალური და შთამბეჭდავია. ჩანს, რომ რეჟისორს სათაურის მოფიქრებაზეც არ დაუხარჯავს დიდი დრო. არც ისე რთული იქნებოდა ამ სიუჟეტის მქონე (საკმაოდ ბანალური) ფილმისთვის სახელწოდების შერჩევა, თუმცა რეჟისორმა არჩია, ასეთი არაფრის მთქმელი სახელი დაერქმია კინოსურათისთვის – „მოკლე ფილმი მეგობრებზე“ (საერთოდ, თუ შეიძლება ამას სათაური ვუწოდოთ).

ალბათ, არცაა დამატებითი ძალისხმევა საჭირო, რომ ეს ნამდვილად არის მოკლე ფილმი, რომელიც მეგობრებზე მოგვითხრობს ამბავს, თუმცა არიან კი ისინი ერთმანეთისთვის მეგობრები? იქნებ სარკაზმის ნიშნები უნდა ვეძებოთ ასეთ სათაურში? სხვებისა არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად არ არის მათი მეგობარი და როგორც აღმოჩნდა, არც არასოდეს ყოფილა.

ელენე ცაგარეიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *