დიდი ხანია წავიდა ის დრო, როდესაც ახალი ქართული ფილმის ეკრანებზე გამოსვლა განსაკუთრებული მოვლენა ხდებოდა. დაწყებული თბილისიდან, სადაც ოცზე მეტი კინოთეატრი იყო, დამთავრებული მაღალმთიანი სოფლებით, სადაც ფუნქციონირებდა მოძრავი კინოდანადგარი, რომელიც მანქანით (დიდთოვლობისას კი – ურმით) აჰქონდათ მომლოდინე მაყურებლისთვის. დღეს ახალი ფილმის პრემიერა წარმატებულად ჩაივლის ხოლმე დედაქალაქის ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი კინოდარბაზებიდან რომელიმეში, მოივლის უცხოეთის კინოსაფესტივალო ეკრანებს და ცოტა ხნით აჩვენებენ თბილისშიც, სადაც ნახავს ისევ ის ხალხი, ვისაც, ზოგადად, კინო აინტერესებს და, ამასთან, შეუძლია თავისუფლად გადაიხადოს ბილეთის ფასი. მაგია, ჯადოსნობა, რომელიც კინოს თან ახლავს ჩაბნელებულ დარბაზში, დიდ ეკრანზე, სხვა ადამიანებთან ერთად ფილმის ცქერა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუწვდომელია.
„ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (2021) რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა მწერალ თამრი ფხაკაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის საფუძველზე გადაიღო. სათაური თავადვე მიგვანიშნებს ნაწარმოების შინაარსზე. „მოთხრობა „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ 2004 წელს დავწერე იმ სახით, რომლითაც არაერთხელ დაიბეჭდა და პოპულარობაც მოიპოვა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იგი თითქოს დაუსრულებელი მეჩვენა, ამიტომ თხრობა გავაგრძელე. ახლა იგი უფრო მეტი სიმძაფრითა და ტკივილითაა შევსებული, თუმცა შევეცადე, არც ის იმედი დამეკლო, რომელიც ნებისმიერ ჩვენთაგანში ცოცხლობს“ – წერს ავტორი წინასიტყვაობაში. ეს, მართლაც შესანიშნავი ნაწარმოები დაიდგა საქართველოს სხვადასხვა თეატრის (რუსთავის, მესხეთის, ამბროლაურის, თავისუფალი თეატრის) სცენებზეც.
სწორედ მოთხრობა „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ აირჩია რეჟისორმა ფილმისთვის, რადგან შესაბამის თემას ეძებდა. ბესო სოლომანაშვილი გიორგი შენგელაიას მოწაფეა, კინორეჟისორი. მან დიდი ხანი იმუშავა ტელევიზიაში. ის, ამასთან ერთად, წარმატებული მწერალია, რომელსაც არაერთი პრიზი და პრემია აქვს მიღებული. მისი ნაწარმოებების თემა, ხშირად, საქართველოს ძველი თუ უახლესი ისტორიაა, რეპრესიები და ოკუპაცია, ქვეყნის ერთგული თუ მოღალატე ადამიანები, მშიშრები და გმირები. ამ მოთხრობაშიც იგივე დაინახა რეჟისორმა. ეს არის ამბავი ოკუპირებულ ტერიტორიასთან მცხოვრები ორი ძმისა, რომელთაგანაც ერთი სახლ-კარს გაყიდის და ამერიკას შეაფარებს თავს, მეორე კი კონფლიქტის ზონაში ბოსტანს გააშენებს და ბოლომდე იცავს მას. ფილმის სცენარზე ბესო სოლომანაშვილთან და თამრი ფხაკაძესთან ერთად ირაკლი სოლომანაშვილმაც იმუშავა. უნდა ითქვას, რომ როგორც მოთხრობისთვის აქვს ნაპოვნი ავტორს დასრულებული ლიტერატურული ფორმა, ასევე სცენარს გააჩნია ჩამოყალიბებული კინოდრამატურგიული წყობა, რომელიც ლიტერატურულ ფორმებს კინემატოგრაფიულ ფორმებად გარდაქმნის. სწორედ ამიტომ მოთხრობის საოცარი, პოეტური ფინალი ფილმში გაგრძელდა და კონკრეტული ამბის ფორმა მიიღო. სცენარის წერისას ავტორები ცდილობდნენ, რომ სხვადასხვა დეტალებში 2008 წლის ომის შესახებ რეალურად არსებული, დოკუმენტური ინფორმაცია ჩაედოთ. ასევე, ფილმში დოკუმენტური კადრები ან დოკუმენტური კადრების რეკონსტრუქციაა გამოყენებული. ავტორებს ძალიან უნდოდათ, მაყურებელს ფილმი აღექვა არა როგორც ანტირუსული, არამედ როგორც – ანტისაოკუპაციო. სანამ ფილმი ეკრანებზე გამოვიდოდა, რეჟისორი ამბობდა, სახალხო ფილმი მინდა რომ იყოს, ფილმი-აქციაო.
პირველად ეს ფილმი აჩვენეს იმ სოფელში, სადაც ძირითადი ნაწილის გადაღება მიმდინარეობდა, კასპის რაიონის სოფელ ქვემო გობში, რომელიც სასაზღვრო დასახლება არაა, მაგრამ არც ისე შორსაა საოკუპაციო ხაზთან. ამ სოფლის მცხოვრებლებიც მონაწილეობენ ფილმში. შემდეგ დაიწყო ფილმის მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: გორში, თელავში, წალენჯიხაში, ამბროლაურში, ლაჩხუთში… ასევე, საზღვარგარეთ, იქ მცხოვრები ქართველებისთვის. ჩვენებას თან მოჰყვებოდა საუბარი გადამღები ჯგუფის წევრებთან და დისკუსია, ცრემლები და კიდევ ერთხელ გახსენება იმისა, რომ შენს მოსავლელს შენ თვითონ უნდა მოუარო, შენი ბოსტანი შენვე უნდა გამარგლო.
ფილმის გამომსახველობითი მხარე, ძირითადად, მწვანე-ხაკისფერშია გადაწყვეტილი (მხატვარი – მამუკა ესაძე). ერთი მხრივ, ეს ბუნების ფერია და მეორე მხრივ სამხედრო ფორმისა, რომელიც ამ ფერის სწორედ იმიტომაა, რომ შორიდან ბუნებისაგან ვერ გამოარჩიო. ფილმის ოპერატორის, გელა ჩინჩალაძის (რომელსაც, მხატვრულ კინოში მუშაობასთან ერთად, ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს) ნამუშევარი ცხელ წერტილში მოხვედრილი რეპორტიორის კამერის მიერ გადაღებული მასალის შთაბეჭდილებას ქმნის (ფილმში მართლაც მოქმედებენ ჟურნალისტები, რომელთა როლებს ნამდვილი ჟურნალისტები თამაშობენ).
ფილმის მთავარ გმირს, რობინზონს, მაყურებლისთვის კარგად და დიდი ხნის ნაცნობი მსახიობი, ტელეწამყვანი, დუტა სხირტლაძე თამაშობს. არ ვიცი, რამდენად სწორი არჩევანი იყო ეს, მაგრამ მიუხედავად მსახიობის ოსტატური თამაშისა, მაინც გამიჭირდა მისი გამოცალკევება მისივე სატელევიზიო იმიჯისგან. ამის მიუხედავად, სწორედ მის პერსონაჟს მიჰყავს ამბავი, გაიძულებს უთანაგრძნო, ზოგჯერ გაიღიმო, შეშფოთდე, აღშფოთდე, უმწეობისგან ყელში გორგალი მოგაწვეს… და იფიქრო.
ფილმისთვის კოპოზიტორმა ზვიად მღებრიშვილმა საგანგებოდ დაწერა სიმღერა. „ჰეი, მამაჩემო, მითხარი, სადა ხარ?“ – ამ სიტყვებით იწყება ეს სიმღერა. მართლაც, სადა ხარ, მამაჩემო? ჩემო ძმავ, შვილო? სად ვარ მე, როდესაც აქვე, ჩემს ქვეყანაში ტანკებით შემოდიან და საზღვრებს ავლებენ?
არ უნდოდა რობინზონს იარაღის ხელში აღება, მამა-პაპის მიწაზე უნდოდა მუშაობა. აკი გავერანებულ ადგილზე გააშენა და გააყვავა ბოსტანი იმ რობინზონივით, უკაცრიელ კუნძულზე რომ მოხვდა. ეს მიწა უკაცრიელი კუნძული არ არის, ეს მისი დასაცავი ალაგია და რობინზონიც ხან კარტოფილს ისვრის და ხან ხელყუმბარას.
იმისათვის, რომ ფილმი სახალხო გახდეს, ის ბევრმა მაყურებელმა უნდა ნახოს და შეიყვაროს, ძალიან ბევრმა. ავტორებს, სადაც შეეძლოთ, მიიტანეს ფილმი ქართველ მაყურებლამდე, თავადაც მიყვნენ მას, რადგანაც ფილმზე მეტად მისი სათქმელის მიტანა უნდოდათ ადამიანებამდე, მთელი გულწრფელობით, განცდით, სიმართლით.
წავიდა ის დრო, როდესაც, ქალაქის ახალი რაიონის მშენებლობისას, გეგმაში აუცილებლად იდო კინოთეატრის პროექტი. ახლა თვითონ უნდა გადავწყვიტოთ ბევრი რამ, მაგალითად, გვჭირდება თუ არა მუნიციპალური კინოთეატრები ან აქვს თუ არა ძველებური ძალა ერთად ნანახ ფილმს, პრობლემის კიდევ ერთხელ მხატვრული ფორმით გააზრებას.
ქეთევან პატარაია