ადგილი, რომელიც იძირება

ადამიანი ყველაზე სასტიკი ცხოველია დედამიწაზე. მხოლოდ მას შეუძლია საკუთარი კეთილდღეობის გამო გარშემო ყველა და ყველაფერი გაანადგუროს. მისი ეგო იმდენად ძლიერია, რომ ზღვის ბობოქარ ტალღებსაც კი მოერევა. ბოლო პერიოდია, რაც საზოგადოებას თანაგრძნობის უნარი გაუქრა. ადამიანები ეგოისტურად აკეთებენ ყველაფერს და მომავალზე არ ფიქრობენ, დაუფიქრებელ ნაბიჯებს კი ხშირად სავალალო შედეგები მოჰყვება ხოლმე. მათ ემოციებზე მაღლა ფული დგას. სწორედ ისაა ყველაფრის მმართველი ძალა. მისი ბრალია, რომ საზოგადოება სოციალურ ფენებად იყოფა. ბუნების კანონის მიხედვით კი სუსტები და უფულოები იჩაგრებიან, მდიდრები ყველაფერს მართავენ. ნელნელა ადამიანები, ვენეციის მსგავსად, საკუთარ მატერიალურ სამყაროში იძირებიან. 

რუსუდან ჭყონიას ფილმი, „ვენეცია“ (2024) თანამედროვე საზოგადოების სარკეა. ამბავი დაუსრულებელ კორპუსში ვითარდება, სადაც ბინის მფლობელები უკვე შვიდი წელია ელიან მშენებლობის დასრულებას. თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ სწორედ ამ მოლოდინში მჟღავნდება ადამიანების ნამდვილი სახე. ადგილივენეციადაწყევლილია, იძირება და სხვასაც თან ითრევს. იგი ედემის ბაღს ჰგავსადგილს, საიდანაც კაცობრიობის ცოდვები დაიწყო. მთელი კინოსურათის სიუჟეტი, ეგოს თამაშის გარდა, არაფერია. სასოწარკვეთილი მოსახლეები თავისი სახლისთვის იბრძვიან. ერთი მათგანი უნდა ჩავიდეს სარდაფში და იცხოვროს იქ, თუმცა ჩასვლა არავის უნდა. ამ მიზეზის გამო ურთიერთობები ძლივს აშენებული კორპუსის კედლებივით ინგრევა. ნათესავებიც კი არ ინდობენ ერთმანეთს. თითოეული მათგანი საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და სხვაზე არ ფიქრობს. მთავარი კითხვა მაინც ისაა, თუ ვის ერგება მოკლე ჯოხი ქუდიდან, ანუ, ვინ ჩავა სარდაფში საცხოვრებლად და ეს პასუხგაუცემელი კითხვა ატრიალებს ყველაფერს.

პერსონაჟები საინტერესოდ არიან შერჩეული. მათგან მხოლოდ რამდენიმე გამოირჩევა, ვის გარშემოც თითქმის მთელი ფილმი ტრიალებს: ნიკო, იურისტი ქალი ნენე, ციხიდან ახალ გამოსული რაჟიკო, ზურიკო, მღვდელი მამუკა ესაძე (მამა ალექსანდრე) და კოტე, რომელიც ერთერთი ინციდენტის დროს დაინვალიდდა. მათ შორის უნდა აირჩეს, ვინ იცხოვრებს სარდაფში. მამაო, მორალისა და რწმენის წარმომადგენელი, თავადაც იძირება ეგოს ჭაობში. ნიკო პიჯაკში და შარვალში გამოწყობილი დადის და ყველას ზემოდან უყურებს. მამაო მოსახლეების კრებას არ ესწრება, არადა მას უნდა გაუცვალოს ვინმემ სახლი. თან მამაოს კვალობაზე იგი ზედმეტად ამაყი კაცია, ბევრი ფულიც აქვს, ოთხმოცდაათ კვადრატულზე ნაკლები ბინა არ უნდა, ვერ იკადრებს. არც წყალში ჩაძირულ სარდაფში უნდა ცხოვრება. ფსიქოლოგიური ძალადობა თავიდან კოტეზე იწყება. ახსენებენ, რომ ეტლით მაღალ სართულზე ვერ ავა და სხვა გამოსავალი არ აქვს. საინტერესოა ისიც, რომ კორპუსს ლიფტიც არ აქვს. იდეაში, სარდაფი კოტესთვის ხელსაყრელი უნდა იყოს, თუმცა ასეთ მდგომარეობაში არა. ბიჭის შეუვალობას რომ ვერაფერს უხერხებენ, მას ცოტა ხნით ეშვებიან მოსახლეები და ახალ მსხვერპლს ირჩევენ. მომდევნო რაჟიკოა. ამჯერად ცდილობენ მასში დანაშაულის შეგრძნება გააღვიძონ და ისე დაითანხმონ სარდაფში ცხოვრებაზე. რაჟიკო თავიდან ხისტია, უხეში, ეჩხუბება კიდეც სამშებელო კომპანიის წარმომადგენელს, მაგრამ ბოლოს ნებდება და თანახმაა კამათის დასასრულებლად ყველაფერზე წავიდეს. ახლა მას აღარ უშვებენ ქვემოთ. მცხოვრებლები თავის აზრს ასჯერ ცვლიან (სიტუაცია მერყევია და მწყობრიდან ასჯერ გამოდის). ისინი ხან ქარბორბალასავით ამოვარდებიან და ჩხუბს იწყებენ, ხან ნიავივით არიან. ერთად სხედან და ერთმანეთს ეფერებიან. ყველაფერიაიწონადაიწონასთამაშს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე გავიდა, გამოსავალი მაინც არ ჩანსსარდაფი ისევ ცარიელია და არც ხელშეკრულებაზეა ხელი მოწერილი. ალექსი ყველაფერს აკეთებს შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ყველა მისი მცდელობა ამაოა. 

კორპუსივენეციისნახევრად აშენებული კედლები სენტიმენტალურ ამბებს ინახავს: დაშორებას, სიყვარულს, კამათს და სიკვდილსაც კი. ერთი მოსახლე მიშო ბოლო სართულიდან გადმოხტა. რაჟიკო დაიჭირეს და როცა ციხიდან გამოვიდა, მისი ადგილი არსად იყო. სიმბოლურიცაა სარდაფში ის გადავიდეს, განდეგილივით იცხოვროს. ყველა მათი უბედურების მიზეზი ეს კორპუსია. რაჟიკოს შემდეგ ჯერი ზურაზე დადგა. ახლა ის ამოიღეს მიზანში და ფსიქოლოგიურად შეავიწროვეს. მის სექსუალურ ორიენტაციაზეც კი გააკეთეს აქცენტი. გაუგებარია, რეჟისორს მისი სექსუალური ორიენტაციაზე აპელირება რაში დასჭირდა. ეს კონკრეტული ფრაგმენტი არაფერს აძლევდა სიუჟეტს. ზედმეტი წანაზარდივითაა. ფილმში გაბნეული თემები ერთმანეთის თანხვედრაში არ არის, ამიტომაცაა გაუგებარი, რა უნდოდა ეთქვა რუსუდან ჭყონიას. ზედაპირულია სინოფსისში მიწერილი შავი კომედიაც. რაღაცით მას ბუნიუელის ფილმის, „გამანადგურებელი ანგელოზის“ (1962) გავლენა აქვს. თითქოს რეჟისორმა სიუჟეტი გადმოაქართულა და აქაურ რეალობას უნიჭოდ მოარგო. პერსონაჟებს შორის დიალოგები სუსტია. არც რეალობას ასახავს და არც რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მაყურებელს. ისედაც ყველამ იცის, როგორი პრობლემაა ხოლმე სამშენებლო კომპანიები და არაფერია ახალი ამაში. ერთადერთი ნათელი წერტილი ის კაცია, რომელიც ყოველ ერთ საათში თავისი ბინის შესახებ ამბავს კითხულობს. არც კოტესა და ნენეს ინტიმური ურთიერთობაა სიუჟეტის მნიშვნელოვანი ელემენტი. მსგავსი მონაკვეთების გამო გაუგებარია, რაზეა ფილმი, რატომ არის ის შავი კომედია? მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ამსახველი ელემენტები ადგილადგილ გაიელვებს ხოლმე?

კინოსურათი ღირებულია მაშინ, როცა დასრულებისას რამეზე ჩაგაფიქრებს, დაგასევდიანებს ან გაგახალისებს, ან რამე მინიშნებას მოგცემს ყოფაზე. რა დარჩა ამ ფილმის დასრულების შემდეგ? არაფერი. 

ვენეციისმცხოვრებლები შეთანხმდნენ და კონტრაქტსაც მოაწერეს ხელი. ყველაფერი დასრულდა, დალაგდნენ, ერთი მაგიდის გარშემო დასხდნენ და მაშინ, როცა წერტილი უნდა დასმულიყო სცენარის ბოლოს, სიმშვიდეში ნიკოს ტელეფონის ზარი გაისმა. ხმა ტელეფონიდან ახალ ადგილს სთავაზობდა მათ საცხოვრებლად, ახალმა ამბავმა წრეზე წაიყვანა სიუჟეტი. 

რეჟისორი ამ კინოსურათით ცდილობს, აჩვენოს საზოგადოების აბსურდი, მაგრამ ბოლოს თვითონვე იკარგება მის შიგნით. ფილმი საკუთარივე იდეის მძევლად იქცევა, ხოლო მაყურებელი დარბაზიდან გამოდის ისე, თითქოს ვენეციის წყალი ეკრანს მიღმაც გადმოიღვარადა ყველაფერი ისევ იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო.

ბარბარე კალაიჯიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *