თინათინ და ხვიჩა ემირიძეების დოკუმენტური ფილმი, ,,რესპუბლიკა“ 2021 წელსაა გადაღებული, მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიის სრულ იზოლაციასა და ახალი კატაკლიზმების მოლოდინში იყო… თუმცა, როგორც ყოველთვის და არა მხოლოდ მაშინ, კატასტროფის მოლოდინი, ჩვეული რამაა, ჩვეული დამძიმებული გარემოსთვის. და მაინც, ,,რესპუბლიკის“ მთავარი გმირი, ამ ჩვეული სამყაროს არაჩვეულებრივად მოფიქრალი შვილია, ალბათ, ერთ-ერთი იმ სადღაც შემორჩენილი ადამიანთაგანი, ვისაც ახსოვდა თაობების მანძილზე, რომ ,,პასუხს ვაგებთ ჩვენი პატარა ძმების წინაშე“, ან ,,მათ გამო“, ან მათი ,,სიცოცხლეზე ვაგებთ პასუხს“ და ასე დაუსრულებლად…
თვითტკბობითა და სოცქსელისათვის ადვილად შექმნილი ხიბლის ნაწილში ჩაძირული საზოგადოებისთვის (მხოლოდ ნაწილისთვის), რთულია თავად მიიღოს მონაწილეობა იმაში, რასაც ქადაგებს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ასე მარტივია – ზნეობაზე მეტყველი, მენტორად გადაქცეული ადამიანისათვის არაფერია, მოწოდებათა მთელი კასკადი დაატეხოს თავს კაცობრიობას თემაზე: ,,გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი ჩვენს ირგვლივ“. და ერთეულებს შეუძლიათ ეს ცხოვრების წესად გაიხადონ. ისეთ ერთეულებს, ვისთვისაც არ მოიძებნა მადლობის მთქმელიც კი, ნარცისის კომპლექსით შეპყრობილ დედამიწაზე. თუმცა თუ არსებობენ ამ ფილმის მთავარი გმირის მსგავსი ადამიანები, ე. ი. არსებობენ მისი პიროვნებით დაინტერესებული ადამიანებიც და, შესაბამისად, მანერული, პოზიორული სამყარო, შესაძლებელია, არც ისე მრავალრიცხოვანია, ჩვენდა საბედნიეროდ.
ამბავი ნაგავსაყრელზე მცხოვრები კაცისა, რომელიც ბათუმში, უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობითაა დაკავებული, რაღაც იგავური სიუჟეტის დაუჯერებელ პერსონაჟს უფრო მოგვაგონებს. დავით ბასილაძე ოცნებობს სამოთხის სიკეთეში ჩაძირული რესპუბლიკის – პატარა სივრცის აშენებაზე, სადაც ყველა სულიერს, ცხოველს, ფრინველს, ადამიანებსაც საკუთარი თავის გადარჩენისა და მშვიდი ცხოვრების შანსი ექნება. ამისთვის იღწვის იგი ზამთარ-ზაფხულს, ნაგავსაყრელზე შრომობს, აგროვებს, აბარებს, აშენებს, ყრის და ეძებს, თან უვლის – უვლის დაუღალავად. ამ გამხდარი, მოძრავი თვალების მქონე სილუეტის მზისქვეშ და თოვლიან გზაზე დანახვა, ადევნებული ძაღლებით, თხებითა და ციკნებით, უფრო მეტად მაგონებს ბიბლიურ სიუჟეტებს, ვიდრე ამ თემაზე შექმნილი ბევრი ესსე. რამდენადაც სევდისმომგვრელია ეს პორტრეტი, იმდენად ნათელია მისი ცხოვრებისა და რეჟისორების მიერ ამ ცხოვრების ხედვის მთავარი საწყისი, მიზანი, სურვილი – რაც შეიძლება, ნათლად გამოჩნდეს, გამოიკვეთოს არსებული სინამდვილის ფონზე მოღვაწე ეს პატარა ფიგურა, რომელიც, შესაძლებელია, უამრავი ადამიანისაგან განსხვავებით, პირდაპირ და უშურველად გრძნობს იმას, თუ რისთვის მოვიდა ამქვეყნად და ისე ხვდება ობიექტივში, ისე აგრძელებს საკუთარ ყოველდღიურ საქმიანობას, თითქოს არც არაფერი ახალი და უცხო არ შემატებია მის ყოფას ამ დღეებში. სავარაუდოდ, მთავარი საწყისის, ნაგავსაყრელის, როგორც ფაქტურისა და მასზე მოძრავი გამოსახულების ეს უცნაური ესთეტიკა, შეიძლება, არღვევდეს კიდევაც (და ასეც უნდა იყოს) ჩვენს წარმოდგენას რაღაც მარადიულად არსებული, მომხიბლავი სამყაროს სტანდარტებზე, მაგრამ ჩნდება ბუნებრივი კითხვაც: ხომ არსებობს ეს სამყაროც? და არა მხოლოდ ბათუმში, ის სხვა სახით არსებობს, სუნთქავს და განიცდის ისევე, როგორც ყველგან. და ისევე, როგორც ყველგან, ამ სამყაროსაც ჰყავს თავისი გმირებიც და ანტიგმირებიც, სუსტი ადამიანებიც და ნამდვილი სიკეთისთვის დაბადებული ჯარისკაცებიც – ყოფის მეომრები, ის ჯარისკაცები, ვისაც შეუძლია მაწანწალა ცუგას ტკივილი და პრობლემები ყოველგვარი წინასწარი სჯა-ბაასის გარეშე მოუგვაროს. დაე, ჰქონდეს ამ ადამიანს თავისი ჩვევების ნაკლებად იოლად გამოსაცნობი ნაწილიც – სწორედ მისი ეს უცნაური ბუნებრიობა და მარტივად გასაგები ლოგიკა იწვევს პატივისცემას იქ, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელი – ნაგავსაყრელზე, ადგილზე, რომელიც ჩვენი არსებობის ყველაზე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულ, უსახურ ნაწილს წარმოადგენს და აჩენს თვალნათლივ.
ვიზუალური ხელოვნების დარგები ხშირად ესწრაფვიან იმგვარი სინამდვილის აღმოჩენა-წარმოჩენას, რომელიც თავად, საკუთარი შინაარსის წყალობით იქნება მრავლისმეტყველი. თინათინ და ხვიჩა ემირიძეების დოკუმენტურ ფილმში ამდენად მეტყველი სივრცის, თოლიების გამაყრუებელ ყივილში ჩაფლული ნაგავსაყრელის ყველა ეპიზოდის მეტყველი ფაქტურის მიუხედავად, მაინც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია დავით ბასილაძის, ამ უცნაური კინოგმირის მუდმივად მოქმედი და მოძრავი სხეულის, მისი უშუალო რეპლიკების მოსმენა და დანახვა.
ამ გმირმა იცის, რომ პასუხს ვაგებთ ჩვენი პატარა ძმების კეთილდღეობაზე. კი არ გვიყვება ამის შესახებ, არამედ იცის, რომ ასეა, ყველა თავისი ქმედებით, ნაბიჯით… შესაძლებელია, რიგ ეპიზოდებში თხრობის რიტმი მდორედ, ნელა წარიმართება და ნებისმიერი დეტალისა და უსასოოდ, წვიმაში დარჩენილი შენობის შეკეთება აღდგენა-აშენების პროცესი, ნამდვილად შეუსაბამოდ ადინამიურია, მაგრამ, საბოლოოდ, თავად ეს ამბავი, თუნდაც თავისი ფარული, არანაძალადევი მორალური სახით, მაინც გაიძულებს ამ ყოფის ნაწილი გახდე.
არა ფარისევლური, არამედ ნამდვილად ჰუმანური მორალი დოკუმენტურ მასალაში არ წარმოითქმის – ის ჩანს თუ გვაინტერესებს, მისი ამოკითხვა ძალზე იოლია და ხელისგულზე დევს. კიდევ რამდენი ხანი დასჭირდება მთავარი გმირის რესპუბლიკის შენებას, არც არავინ იცის და არც არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ რაც უფრო დიდხანს ვუყურებთ ამ ფილმს, ნათელი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებითაა გარემოცული, იგი, ასეთი გმირი, ამგვარი უშურველი სიყვარულით მარტოა და ვერც ვერავინ გაეჯიბრება მას იდეალისტურ სიკეთეში. არც არის საჭირო. ფილმის ავტორებს ყველაზე მნიშვნელოვანი მისი თვისების აქცენტირება არც უწევს: ეს ადამიანი თამამად მოქმედებს, ყველა გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია და მაინც მორცხვია, რაც რამდენჯერმე იკვეთება ამ ფილმის კონკრეტულ ეპიზოდებში. განსაკუთრებით უხერხულად და ბუნებრივი ემოციით ამოხედავს ის კინოკამერას, როდესაც თხას უწამლებს და, ბოლოს, როდესაც დარწმუნდება, რომ იგი კარგად იქნება – უბრალოდ, ბუნებრივად, ოდნავ უხერხულად გაუღიმებს იქვე მყოფ ავტორებს. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ხასიათი ვიცნოთ, მარადიული ხასიათი გმირისა, რომელსაც ერიდება ჩვენი… და რომ არ საჭიროებდეს ძიებას და დახმარებას, არც ამდენს ისაუბრებდა საოცნებო რესპუბლიკის შექმნის თაობაზე არსად…
რამდენჯერ უნდა დაინგრეს სამყაროს იდეალები ისე, რომ ვერ მიხვდეს, რატომ დგას ხოლმე სიკეთე უჩვეულო პერსონების მხრებზე, ჩვენ არ ვიცით. სამაგიეროდ ვიცით, რომ ეს აუცილებელია, აუცილებელია ვხედავდეთ მათ, ამ ადამიანებს. ბოლოს და ბოლოს, კინო ის ხელოვნებაა, რომელსაც შეუძლია დაინახოს და იგრძნოს…
ქეთევან ტრაპაიძე