თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე, საკმაოდ კარგი დოკუმენტური ფილმი გავიდა. ჟიურის გადაწყვეტილებით სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა გიორგი ფარქოსაძის კინოსურათი, „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ (2023). არ დავმალავ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დავრჩი. ამ კინოსურათის ხანგრძლივობა 74 წუთია, თუმცა მისმა რეჟისორმა არ დაიშურა ნიჭი და ძალისხმევა, რომ ეს დრო ჯოჯოხეთურად გრძელი და უინტერესო ყოფილიყო.
ფილმი ახალგაზრდა ბიჭის, გურისა და დედამისის შესახებ მოგვითხრობს. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი მთიან რეგიონში. გური ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდაა, რომელიც სასოფლო საქმიანობაშია ჩართული. მას აქვს მიზნები და გეგმები, მაგრამ ჯერჯერობით სოფელს ვერ სწყდება, უვლის თავის მიწას და ცდილობს, ისიამოვნოს ამით.
მას ეწვევიან ბელგიელი სტუმრები, რომლებიც მსოფლიოში მოგზაურობენ, რათა სხვადასხვა ფერმერის გამოცდილება შეისწავლონ. ქართველები უცხოელებს აჩვენებენ ყველის ამოყვანის ტექნიკას და ყოველდღიურ სოფლურ რუტინას. სტუმრებს მთავარი პერსონაჟი უზიარებს საკუთარ სამომავლო გეგმებს, საიდანაც ჩანს გურის, როგორც ახალგაზრდის კაცის, სულისკვეთება და სწრაფვა უკეთესი მომავლისკენ.
ზაფხულს ზამთარი მოჰყვება. მიმდინარეობს ცივი სეზონისათვის სამზადისი: ბოსლის რეაბილიტაცია, გადახურვა, ყველის კონსერვაცია… სარემონტო სამუშაოების დროს ნელ-ნელა ვიგებთ ოჯახის წევრებისა და სამეზობლოს შესახებ. ოღონდ ყოველივე მხოლოდ ზედაპირულად, მწირი ინფორმაციის ხარჯზე ხდება. მთავარი ფილმში არა ადამიანები, არამედ თავად მთებია და მათი ცვალებადობა სეზონების მიხედვით. ბოლოს ვხედავთ იმ ხეს, რომლითაც ფილმი იწყება, ოღონდ არა გამწვანებულს, არამედ დათოვლილს და ქარში მოქანავეს. ხეს სიცოცხლისა და ხეს სიკვდილისას.
ესაა ყოველივე ის, რაც შეიძლება ფილმის „შინაარსად“ ჩავთვალოთ, რადგანაც აშკარაა, რომ რეჟისორს უნდოდა კინოსურათი ყოფილიყო მეტად მედიტაციური. როდესაც მაყურებელი ხედავს საკუთარ თავს იმ გარემოში, რომელიც ეკრანზეა წარმოჩენილი, პარალელურად, ალბათ, ფიქრობს, თუ როგორ მოიქცეოდა მის ადგილას. ავტორის მისწრაფება იყო არა ამბის თხრობით გართული აუდიტორიის დაინტერესება, არამედ დაფიქრება. თუმცა საქმე იმაშია, რომ ხშირად რაღაცა გვინდა, მაგრამ არ გამოგვდის ან ვაჯერებთ თავს, რომ ეს ისაა, რაც გვინდოდა, თუმცა რეალურად შედეგი ჩვენი სურვილების ტრაგიკომიკური ილუზიაა. ასე მოხდა ამ ფილმის შემთხვევაშიც.
74 წუთი დოკუმენტური ფილმისთვის საუკეთესო ქრონომეტრაჟია. მითუმეტეს, ისეთი სიუჟეტისთვის, როგორიც ამ ნამუშევარს აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კინოსურათი კარგი გამოვიდეს. მას სჭირდება მკვეთრად გამოხატული იდეა, რათა აუდიტორიისთვის გასაგები გახდეს ყველაფერი და არ მოუხდეს თავის მტვრევა, როგორ განეწყონ მის მიმართ – უყუროს და ელოდოს საინტერესო ნარატივს თუ, უბრალოდ, ისიამოვნოს იმ ლამაზი კადრებით, რომელსაც უჩვენებს რეჟისორი. ამაში ვგულისხმობ პანორამულ კადრებს, რომლებიც აღწერენ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს. და რა ვქნათ, რომ ჩვენი ქვეყანა ლამაზია?! ერთი ოჯახი და გურიის მთები საკმარისია იმისთვის, რომ საინტერესო დოკუმენტური ფილმი შეიქმნას? რა თქმა უნდა, არა.
დოკუმენტური კინო მხატვრულისაგან იმით განსხვავდება, რომ რეჟისორს არ უწევს სიუჟეტის მოფიქრება, არამედ მან უნდა აღმოაჩინოს ის, უნდა იპოვოს საინტერესო თემა ან ამბავი, რომლითაც შექმნის ფილმს. ბევრისთვის ეს მხოლოდ კადრების გადაღება, შემდგომ ჭრა-კერვის პრინციპით დამონტაჟება და ქრონოლოგიურად დალაგებაა. არადა, ეს ასე არაა. მასში უნდა იყოს რაიმე იდეა, სათქმელი და, რაც მთავარია, რეჟისორის პოზიცია. ფილმის ნახვისას მაყურებელი უნდა ხვდებოდეს, თუ რატომ გადაიღო ეს კონკრეტული სიუჟეტი ავტორმა. ამ ფილმში გიორგი ფარქოსაძე არ ჩანს, არც ერთ დეტალში. ის ყველანაირად განყენებულია ამ ნამუშევრისგან (არ ვგულისხმობ განყენებას, როდესაც ავტორი არ ერევა პერსონაჟებისა და სიუჟეტის განვითარებაში, აძლევს მათ თავისუფლებას, რათა არ დაირღვეს ავთენტურობა). იმდენად არ იკითხება ავტორისეული ხელწერა, რომ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გადაიღო ფილმი. ნახვის შემდეგ, ტიტრების წაკითხვამდე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რეჟისორი არც იმყოფებოდა გადასაღებ მოედანზე და მხოლოდ გადამღებ ჯგუფს უწევდა იქ მუშაობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თავად რეჟისორი ყოფილა ამ ფილმის ოპერატორი.
ამ ასპექტს რაც შეეხება, ფილმს დასაწუნი თითქოს არაფერი აქვს. ავტორმა კარგად შეძლო პერსონაჟებთან კინოკამერით დაახლოება და მათთვის შინაური გახდა. პანორამული ხედებიც ლამაზია, მაგრამ არაფრისმომცემი. კინოსურათში ჩანს, რომ იგი აშკარად დაძაბულია. ფარქოსაძე ვერ ახერხებს იყოს, ერთდროულად, რეჟისორიცა და კინოოპერატორიც, რადგანაც ფილმს აკლია თხრობა. ყველაფერი თითქოს თავის რიგზეა, თუმცა აკლია ადამიანი, რომელიც იტყვის: „ამაზეა ფილმი და ამიტომ გადავიღე“. ვიღაცისთვის ეს მისაღები კინოა, თუმცა ეს კინოს გარდა ყველაფერია.
გიორგი ფარქოსაძე, სხვა ყველაფერთან ერთად, ფილმის მემონტაჟეც არის, ფერნანდო მარტინ რესტელისთან ერთად. ფილმის დასრულებისთანავე პირველი, რაც მომივიდა თავში, იყო ის, რომ ვნახე გაწელილი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური კინოსურათი. ყურებისას ძალიან ბევრჯერ გამიჩნდა აზრი, თუ რა საჭირო იყო ესა თუ ის კადრი ან ამდენ ხანს რატომ მიდიოდა პანორამა, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ ჰქონდა. კინოსეანსის მერე ვფიქრობდი, ნუთუ ასე დაენანა რამდენიმე კადრის ამოღება ან დაჭრა, რომ შემდეგ მთლიანი ფილმი გააფუჭა. ვერ ვიტყვი მოკლემეტრაჟიანი ვერსია როგორი იქნებოდა, ყველა ძირითადი კომპონენტის გათვალისწინებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნაკლებად შეგვაწყენდა თავს მაინც, იმდენად რომ ამ რეცენზიის დაწერასაც არ მოვისურვებდი.
ფრანსუა ტრუფო ერთ-ერთ სტატიაში ამბობს, რომ მისი აზრით, კინოკრიტიკოსი ყოველთვის უნდა ამართლებდეს რეჟისორს და მის მხარეს იდგეს. ერთი შეხედვით, რომანტიკული და კეთილი ჟესტია კინოს სფეროში მომუშავე თანამშრომლებისთვის, თუმცა ეს ის შემთხვევაა არ არის. იგივეს ნამდვილად ვერ ვიზამ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართული დოკუმენტური კინო ბოლო ათწლეულში ხარისხობრივად ბევრად აღემატება მხატრულ კინოს და ვთვლი, რომ იგი არის ევროპაში მოწინავე თავისი სტილით, ნარატივითა და ხედვით. ამ დროს დათვურ საქმედ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ასეთი ფილმი შერბილებულად შევაფასო.
გიორგი ფარქოსაძის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი შექმნის პროცესში ზედმეტად ჩაერთო. მხოლოდ გამოცდილ კინორეჟისორებს შეუძლიათ, ერთდროულად, სამ პოზიციაზე იმუშაონ ამა თუ იმ კინოსურათზე, მას კი ამ გახლეჩის მომენტში თავისი მთავარი პოზიცია – რეჟისურა დაავიწყდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კინორეჟისურაც, კინოსაოპერატორო მიმართულებაც და მონტაჟიც სუსტია.
როჯერ ებერტმა, ცნობილმა ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა, ერთხელ განაცხადა: „არც ერთი კარგი ფილმი არ არის ძალიან გრძელი და არც ერთი ცუდი ფილმი არ არის საკმარისად მოკლე“. ეტყობა ჩემი სურვილიცა და შეგრძნებაც იმის თაობაზე, რომ „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ მოკლემეტრაჟიანი უნდა ყოფილიყო, ამით ყველაფერს ამბობს.
საბა მახარაშვილი