სკოლის პერიოდი ყველაზე რთული ასაკია მოზარდისთვის. ეს არის დრო, როცა მან ბევრი რამ უნდა გადააფასოს და ცხოვრების აშენება დაიწყოს. არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ყველაფერი ჩამოანგრიოს და გამოსავალი არსაიდან აღარ იყოს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ მოზარდი როგორ სამეგობრო წრეს აირჩევს, ვინ ეყოლება მისაბაძ მაგალითად, ვინ იქნება მისი კერპი. თუ ცუდ ადამიანად გაიზრდება, ეს არც სკოლის და არც მშობლების ბრალი იქნება. მხოლოდ თვითონ იქნება დამნაშავე, რადგან ადამიანს მეგობრების არჩევა შეუძლია და ყველაფერი გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ის თვითონ ირჩევს, რომელი გზით წავიდეს.
ერთი სკოლიდან სამი მოსწავლე გამოვიდა. ერთმა ეკლესიის გზა აირჩია და მღვდელი გახდა, მეორე მინისტრი, მესამე კი ნარკომანი. სამივე ერთნაირად სწავლობდა, თუმცა არ ცხოვრობდა ერთნაირ პირობებში. როგორც ჩანს, ერთ–ერთ გმირს, ჩეკის საშუალება არასდროს ჰქონია, თორემ სკოლის დირექტორს ბრილიანტის ბეჭედს მიუტანდა. მას შეეძლო შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა აეწყო, მაგრამ ნარკოტიკი გასინჯა და ყველაფერი თავზე ჩამოენგრა. ლევან კოღუაშვილის ფილმის, „ქუჩის დღეები“ (2010) გმირები ის ადამიანები არიან, რომლებმაც მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე იარეს. ზოგი გადარჩა, ზოგიც ვერა.
ჩეკი ნარკოტიკსა და ღირსებას შორის იბრძვის. ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე. ყველაფერი რეალურად იკას, მინისტრის შვილის, გარშემო ტრიალებს. ამ ბიჭს ჰგონია, რომ ნარკოტიკი მოდაა და კაცმა ყველაფერი უნდა გასინჯოს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მარწუხები და მახინჯი აზროვნება არცერთ თაობას არ ანებებს თავს. ყველაფერი წრეზე ტრიალებს. ისევ ქუჩა, ისევ ნარკოტიკები, ისევ უფულობა და პრობლემები, რომლებიც არასდროს მთავრდება.
ვინ არის ჩეკი? სუსტი მენტალობის მქონე 45 წლის კაცი, ადამიანი, რომელზეც უამრავი ჭორი დადის. შვილიც კი არ არის მისთვის საკმარისი, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს. მასზე ამბობენ, რომ წამლის გამო ყველაფერზე არის წამსვლელი, ალბათ, საკუთარ ცოლსაც გაყიდისო. არადა, ფილმის განმავლობაში მაყურებელი ხვდება, რომ ადამიანები იტყუებიან და ეს კაცი სულაც არ არის ისეთი, როგორც მასზე ლაპარაკობენ.
სად არის ღირსება? ნარკომანებს ღირსება არ აქვთ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ წამლისთვის. ყველას გაყიდიან, გააფუჭებენ, ოღონდ დოზა მიიღონ. ისინი მწვანე, ჭუჭყიან ჭაობში იძირებიან და იქ აგრძელებენ ცხოვრებას. მათ არავინ და არაფერი აინტერესებთ, აღარც საკუთარი თავი. ეს თემა, რასაკვირველია, მტკივნეულია ყველასთვის. დრომ ამ მდგომარეობას ვერაფერი მოუხერხა და დღესაც იგივე პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება. გამოსავალი არ ჩანს. ერთადერთი შანსი, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს მდგომარეობს იმაში, რომ პოლიციამ დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს და ნარკოვაჭრები დაიჭიროს. ამ კინოსურათში პოლიცია ამის გარდა ყველაფერს აკეთებს. მასაც არ გააჩნია არანაირი მორალი. მთავარია მინისტრის შვილი დაიჭირონ ნარკოტიკით ხელში და მერე მამამისი დააშანტაჟონ. ყველაფერი თავდაყირაა და გამოსავალი, რასაც ჩეკი პოულობს, გასროლაა.
ნარკოტიკი ამ ფილმში არა მხოლოდ ფიზიკური ნივთიერებაა, არამედ მორალური სუსტი წერტილი, ნგრევის სიმბოლო. კოღუაშვილის სამყაროში ნარკომანია არ იწყება ნემსით – ის იწყება არჩევანით. ესაა სისტემისგან მიტოვებული ადამიანების გზაა – რომელშიც ქუჩა მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი კი არ არის, არამედ ფსიქოლოგიური მდგომარეობაცაა.
ფილმი ამ თემაზე გადაღებულ სხვა ბანალურ კინოსურათებს არ ჰგავს. მთავარი თემა მხოლოდ ნარკოტიკები არ არის. უბრალოდ, ეს პრობლემა ზედაპირზე ჩანს. საკვანძო საკითხებია – არჩევანი და ღირსება, ის, თუ სადამდე შეუძლია ადამიანს წასვლა, სად არის ზღვარი გამოფხიზლებასა და ბოლომდე ჩაძირვას შორის, როგორია ნარკომანი ადამიანის თავისუფლება და არის თუ არა გამოსავალი პატიმრობა. თუ მისი გადარჩენა გინდა, იგი სპეციალურ დაწესებულებაში უნდა მოათავსო. თუ ძალიან გაუჭირდა, ციხეშიც შეძლებს წამლის პოვნას. პოლიციელებს არ აინტერესებთ, რა ხდება ქუჩებში. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, უბრალოდ არაფერს აკეთებენ მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ლევან კოღუაშვილი ოსტატურად იყენებს ვიზუალურ ენას, რათა გადმოსცეს ფილმის სიმძიმე და უიმედობა. კადრები ხშირად ბნელი, ნაცრისფერი ტონებითაა გაჯერებული, რაც ქუჩის უიმედობასა და სიღარიბეს უსვამს ხაზს. ხელის კამერით გადაღებული, დინამიკური კადრები მაყურებელს მოვლენების ეპიცენტრში ათავსებს, რაც რეალიზმის განცდას ზრდის. ქალაქის გაუბედურებული, ნაცრისფერი პეიზაჟები პერსონაჟების შინაგან მდგომარეობასა და მათ გარშემო გამეფებულ უიმედობას ასახავს. ეს ესთეტიკა კიდევ უფრო ამძაფრებს ფილმის გზავნილს, რომ პრობლემა არა მხოლოდ ინდივიდების, არამედ მთელი საზოგადოების ჭრილში უნდა განვიხილოთ.
კინოსურათი ერთი მდინარის ორ ნაპირს ჰგავს. ერთ მხარეს ჩეკი და მისი „მეგობრები” დგანან, მეორე მხარეს კი – სკოლის მოსწავლეები, მოზარდები, რომლებსაც ბოლომდე არ აქვთ გააზრებული კარგისა და ცუდის მნიშვნელობა. ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში ყველა ხერხი გამართლებულია. დაუსჯელობის სინდრომი აქვს თითოეულს. გივის უშიშრად მიაქვს სკოლაში მამამისის ტყვიებით სავსე იარაღი. იცის, რომ ამის გამო არავინ დაიჭერს. იკა და ჩეკი ბავშვის გატაცებას 8000 დოლარის გამო გეგმავენ ისე, რომ არც მათ ეშინიათ პოლიციისა. ნაკოვაჭრების თანდასწრებით იცვლება წამალი ფულში. ყველამ იცის, ვინ არის ნარკოვაჭარი, მაგრამ ხელს არავინ ჰკიდებს. რეალურად, არავის უნდა პრობლემების მოგვარება. საზოგადოება ისე აგრძელებს ცხოვრებას, თითქოს წამალი, ჩხუბი, ნარკოვაჭრები და ადამიანის გატაცება ჩვეულებრივი ამბავი იყოს. წლების განმავლობაში ეს ყველა პრობლემა შესისხლხორცდა არსებობასთან.
„ქუჩის დღეები“ არ არის მხოლოდ ფილმი ნარკომანიაზე. ეს არის კინოსურათი მიტოვებულ ადამიანებზე, ჩამოშლილ სისტემასა და ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც თავად უნდა გაუმკლავდეს არჩევანის სიმძიმეს. რეჟისორი მაყურებელს არ აძლევს გამოსავლის ილუზიას. პირიქით, რეალისტურად და გულწრფელად აჩვენებს საზოგადოების მორალურ კრიზისს, სადაც ღირსება და პასუხისმგებლობა ყველაზე იშვიათ ფასეულობებად იქცა. ფილმი გვახსენებს, რომ ყოველი პატარა გადაწყვეტილება ადამიანის ბიოგრაფიის შემადგენელი ნაწილია და სწორედ ამიტომ, არჩევანი – თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოდ ჩანდეს – მორალური პოზიციაა, რომელიც ან ანგრევს ცხოვრებას, ან აშენებს. „ქუჩის დღეები“ გვაიძულებს, ვიფიქროთ, სად გადის ზღვარი ინდივიდუალურსა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას შორის და ყველაზე მტკივნეულ კითხვას გვიტოვებს: ჩეკის ადგილას მყოფნი რას ავირჩევდით?
ბარბარე კალაიჯიშვილი