ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობა

„კინოს საფუძველში ფიზიკური რეალობა დევს და კინოს მასალა ფირზე აღბეჭდილი რეალობაა.“ (ზიგფრიდ კრაკაუერი). ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტური რეალობის ასახვა დოკუმენტურ კინოში. ის უნდა იყოს აღმწერი, ეძიოს მნიშვნელოვანი, ნამდვილი პრობლემა, აჩვენოს და გააერთიანოს ფაქტები და მაყურებლამდე „რეალური რეალობა“ მიიტანოს.

თანამედროვე ქართული დოკუმენტური კინო აშკარა პროგრესს განიცდის, რადგან ბოლო წლების ნამუშევრები მნიშვნელოვნად ღირებულია ისტორიისთვის, რასაც თან ახლავს ის ვიზუალური სინთეზი, დოკუმენტური კინო რომ განიცდის. გამოსახულება მეტად პოეტური გახდა, მთავარ თემასთან ერთად დიდი ადგილი დაიკავა ესთეტიკურმა მხარემ, გაჩნდა მეტყველი კადრები, რომლებიც ფილმში ასახულ თემას ესადაგება.

დოკუმენტალისტებისთვის, სხვა ბევრ თემასთან ერთად, საყვარელ საკვლევ მასალას წარმოადგენს ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობა, მათი ჰარმონიული ან დისჰარმონიული ცხოვრება, მშვიდი საუბარი მასთან, გაერთიანება და გაყოფა. ტექნოლოგიურმა რევოლუციამ, ადამიანების სურვილების ზრდამ მოცემულობა სავალალოდ დაამძიმა. პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას, კატასტროფული მდგომარეობის ასახვას, ბუნების დაკარგული სახის ჩვენებასა და ადამიანური ქმედების უარყოფით შედეგებს რეჟისორები აქტიურად იკვლევენ.

ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ჭრილში მნიშვნელოვან ფილმს წარმოადგენს სალომე ჯაშის ნამუშევარი, „მოთვინიერება“ (2021). მისი ფაბულა ყოფილი პრემიერ-მინისტრის „სურვილზე“ მოგვითხრობს – მან 2018-2019 წლებში საქართველოს სხვადასხვა დასახლებული პუნქტიდან 200-მდე ასწლოვანი ხე ფესვებიანად ამოთხარა და ერთ ტერიტორიაზე გადარგო. ეს სურვილი დაუჯერებლადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს. ნუთუ ვინმეს ამ სამყაროში შესწევს ძალა ფესვებგადგმული ხეების აქეთ-იქით გადაიტანოს? ეს შეუძლებელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, შესაძლებლობებს სურვილი აღემატება. ფილმის მთავარ იდეას ხეების იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული ბუნებრივი კატაკლიზმები წარმოადგენს. ყველა ხე განსხვავებულია და, შესაბამისად, სხვადასხვაგვარი გარემოებები სჭირდება არსებობისთვის, ისევე როგორც კონკრეტულ ადგილებს სჭირდებათ ეს ხეები.

ფილმში დიდი დრო ეთმობა ამ პროცესის ტექნიკურ მხარეს. მსოფლიოში ამგვარი საკითხისადმი არარსებული გამოცდილების გამო ინჟინერთა ჯგუფმა ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა, რომელიც რელიეფის დაზიანების ხარჯზე მიიღწევა – ხის გარშემო უნდა ამოიჭრას მიწა, ფესვებში უნდა გატარდეს მილები, შეიფუთოს და ამოითხაროს.

რეჟისორი არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ხის მოგზაურობაზე ამახვილებს ყურადღებას, არამედ იმ დაზიანებებზე, რასაც ტრანსპორტირება ტოვებს. იმისათვის რომ ერთი, უზარმაზარი ხე გადაადგილონ, სხვა ასობით ხე ნადგურდება, იჩეხება ტყე, გაუკვალავ ადგილებში სპეციალურად იგება გზა. ფილმის ერთ-ერთ კადრში ვხედავთ დაჩეხილ მცენარეებს, რომლებიც იმ „მნიშვნელოვანის“ გადატანას ემსხვერპლნენ. აქ ავტორი საინტერესო იდეას აყალიბებს – როგორ ბალანსდება ერთის გამო განადგურებული ასობით მცენარე? როგორღა შეიძლება სურვილი იყოს ჭეშმარიტი, თუ მის განხორციელებას უზარმაზარი მსხვერპლი მოყვება.

„მოთვინიერების“ ინტერესის ობიექტს ხეების გარდა მოსახლეობა, ადამიანები წარმოადგენენ, რომლებმაც ფულის სანაცვლოდ ბუნებრივი ფაქტორები უარყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ოჯახი ამ მოვლენას იუმორით უყურებს, ფილმი სიმსუბუქის შეგრძნებას არ ტოვებს. პირიქით, ეს იუმორიც ისეთივე მძიმეა, რამდენადაც ხეების გაუთავებელი სრიალით გამოწვეული შედეგი. ადამიანები ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ხეს შეიძლება მათთვის ფინანსური სარგებელი მოეტანა. რეჟისორი არ განსჯის მათ, ვინც ხე გაყიდეს, რადგან, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ამჯერადაც, საკუთარი კეთილდღეობისთვის ბუნებაში უხეშად ჩარევას არ მოერიდნენ. საკუთარი თავისა და კეთილდღეობის მიღმა არსებობს ბუნებრივი პარადოქსების გამოწვევის ნოყიერი ნიადაგი. ხე ერთგვარი მემკვიდრეობაა, რომელიც შთამომავლობით გადაეცემა სხვადასხვა თაობებს.

უკიდეგანო სილურჯეში ზანტად მოცურავე ხე, ესთეტიკურად სასიამოვნო და ამავდროულად ავის მომასწავებელია. მოცურავე ხეები? კიდევ რა დაუჯერებელი სანახაობა უნდა იხილოს ადამიანმა? სად შეიძლება გადიოდეს ზღვარი შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის? რისი გაკეთება აღარ შეუძლია ადამიანს? უფრო სწორად, რა აღარ უნდა გააკეთოს ადამიანმა? საუკუნეებმა გვიჩვენეს, რომ რასაც მოუტან ბუნებას, იგივენაირად გაგცემს პასუხს და ჩვენ მაინც არ ვეშვებით ველური ბუნების დამორჩილებას და მარწუხებში მოქცევას.

ფილმის მსვლელობა არ ასახავს ისტორიის მხოლოდ ერთ მხარეს. ამ შემთხვევაში სალომე ჯაში მხოლოდ დამკვირვებელია და დასკვნების გამოტანას არ ცდილობს, მაყურებელს არ მოუწოდებს რაიმე კონკრეტულისკენ და მათ აღქმებს რაიმე ერთისაკენ არ მიმართავს.

კინოსურათის ერთ-ერთი კადრში ჩანს, თუ როგორი რუდუნებით, ნელა მიაქვთ მანქანებს ხე და როგორ მიყვება მას უკან მოსახლეობა. ადამიანები შერეული ემოციებით ემშვიდობებიან ხეს, რომელიც მათ სოფელში უხსოვარი დროიდან იდგა. ხის ნელი მსვლელობა და მას ადევნებული ადამიანები მიცვალებულის გამოსვენების რიტუალს მოგვაგონებს, უკანასკნელ გზაზე გაცილების პროცესს.

ფინალში ჩანს დენდროლოგიურ პარკში თავმოყრილი ხეები, ჯერ კიდევ უცხოდ რომ გრძნობენ თავს. სპეციალური ბერკეტებით შემაგრებული, მიწაში იძულებით ჩარგული უკვე იქ არიან, სადაც „უნდა ყოფილიყვნენ“. იდეა, შესაძლოა, მართლაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ პროცესის სიმძიმე ყველანაირ შედეგს აუფასურებს.

დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოცემულობა არის ის, რომ შინაარსი განყენებული არ უნდა იყოს, რეჟისორი ისტორიის უბრალო გამომსახველად არ უნდა მოგვევლინოს. მას, როგორც ავტორს უნდა აწუხებდეს ის კონკრეტული მოვლენა, რისი გადაღებაც აქვს განზრახული. სალომე ჯაშის კინოსურათში, მიუხედავად იმისა, რომ იგი დამკვირვებლურ ხასიათს ატარებს, ავტორსა და თემას შორის დაშორება არ არის. ჩანს მისი შეხედულებები თემისადმი და მისი შინაგანი აღქმები, სადაც საინტერესო, პირველ რიგში, გარემოა და შემდეგ ადამიანი ამ გარემოში.

თანამედროვე ქართულ დოკუმენტურ კინოში სასიამოვნო ცვლილებები შეინიშნება როგორც გამომსახველობითი, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით. დოკუმენტურ კინოს შესწევს ძალა, სასიამოვნო სინთეზი განიცადოს მხატვრულთან ვიზუალური და სიუჟეტური კუთხეებით, „მოთვინიერება“ კი, ამ თვალსაზრისით, ქართული დოკუმენტური კინოს გამოცოცხლების ელფერს ქმნის.

ევა გვრიტიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *