გაცრეცილი სიყვარული

სიყვარული მარადიული გრძნობა არ არის. ის დროთა განმავლობაში იცრიცება და ოჯახური პრობლემების ჭაობში იკარგება. ცდილობენ ხოლმე ადამიანები ურთიერთობის გადარჩენას, მაგრამ, ხანდახან, ყველა მცდელობა კრახით მთავრდება. საერთოდ, რა არის ან როგორია სიყვარული? ალბათ, ელდარ შენგელაიას ფილმის, „შერეკილები“ პერსონაჟი, ქრისტეფორე მგალობლიშვილი მის დასაცავად იტყოდა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, მაგრამ, ზოგჯერ, ასე საერთოდ არც არის. ის მარადიული მონატრება ან ერთი დიდი იმედგაცრუებაა. ხანაც ფაიფურს ჰგავს, ადვილად იმსხვრევა. იგი გადარჩება მხოლოდ მაშინ, როცა წყვილიდან ორივეს სურს ეს. საკითხავია, როგორ გადაარჩენს სიყვარული ადამიანებს მაშინ, როცა თვითონ სიყვარულს სჭირდება ეს.

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის, „ჰორიზონტი“ (2018) სიუჟეტი თავგანწირულ სიყვარულს ასახავს. კინოსურათი ნაცრისფერია. მასში ყველა დეტალი ცხოვრების ამაოებაზე ჩააფიქრებს ადამიანს. რა აზრი აქვს ცხოვრებას მაშინ, თუ ის უეცრად უნდა დამთავრდეს? არანაირი.

მთავარი გმირების, გიორგისა და ანას წყვილი დაიშალა. კაცმა სცადა ურთიერთობის აღდგენა შვილების ან საკუთარი თავის გამო, მაგრამ მეორე მხრიდან უარი მიიღო. უფრო მეტიც, ის ჩაანაცვლეს. მისი ადგილი ნიკომ, ანას ახალმა შეყვარებულმა დაიკავა. ფილმში არ ჩანს ოჯახის დანგრევის მიზეზი. მხოლოდ შედეგი განიხილება, ახალი მაგალითებით. უცნობია, ვინ იყო დამნაშავე ან საერთოდ რა მოხდა. სიუჟეტს მთავარი კონფლიქტი არ აქვს, პირდაპირ კვანძი იშლება და რთული გასაგებია, სად იწყება ფილმი.

გიორგი დგება და ქალაქიდან მიდის. რამდენჯერმე ცდილობს უკან დაბრუნებას, მაგრამ არ ან ვერ ბრუნდება. იცის, რომ იქ აღარ არის მისი ადგილი. ანა ბედნიერია, მალე ხელს მოაწერს ნიკოსთან. აქ გიორგი ხვდება, რომ მართლა დასრულდა მათი „სიყვარულის“ ამბავი. აღარ ცდილობს მასთან დაკავშირებას, იმედებიც უქრება. ირონიაა, როცა იღვიძებს და ცდილობს ყოფილ ცოლზე არ იფიქროს, ის მაინც ურეკავს და თავს ახსენებს სხვადასხვა მიზეზით. საინტერესოა, ვინ ვერ აგრძელებს ცხოვრებას – გიორგი, რომელიც ქალაქიდან მიდის სხვაგან საცხოვრებლად და ცდილობს ყოფილი ცოლისგან შორს იყოს თუ ანა, რომელიც ბედნიერ ცხოვრებას ამოფარებული ყოველთვის ტელეფონზე რეკავს, ჩადის გიორგის სანახავად, ახალ ქუდსაც ყიდულობს მისთვის, შემდეგ მასთან ერთად რჩება სასტუმროში.

კინოსურათს სიკვდილისა და მარტოობის სუნი ასდის. მიუხედავად სეზონისა, გარშემო ყველაფერი ცივი და ნაცრისფერია. ოჯახი არცერთს არ ჰყავს: არც ჯანოს, არც ვალიკოს, არც ლარისას, მარიკას არც არავინ ჰყავს და არც სახლი აქვს, აღარც გიორგის. როცა ჯანო ეკითხება, ჰყავს თუ არა ოჯახი, გიორგი ჩუმდება, სევდანარევად ეღიმება, თითქოს პატარავდება და პასუხობს, რომ აღარ იცის.

არცერთი ბედნიერი მომენტი არ აქვს სიუჟეტს. არსად არავინ არ არის ბედნიერი. ყველას თავისი სევდა აქვს თან. ვალიკოს ცოლი არ ჰყავს, ლარისას ქმარი გარდაეცვალა და მისგან მხოლოდ ფოტოსურათი დარჩა. ჯანოს ცოლი გაშორდა და ბავშვებიც თან წაიყვანა. გიორგი ნიკომ ჩაანაცვლა და ახლა მას დაჰყავს ბავშვები დასასვენებლად. იგი ეხუტება ანას და ცდილობს, ოჯახური იდილია შექმნას. ის გიორგისთანაც ცდილობს ურთიერთობას, ფეხბურთის საყურებლად თხოვს დარჩენას, მაგრამ ფორმალურად, ანას თვალში, რომ კარგი კაცი გამოჩენილიყო მხოლოდ იმისთვის. ნიკომ კარგად იცოდა, როგორი უხერხული აურა დაჰყვებოდათ თან და სწორედ ამ მიზეზით, გიორგი არ დარჩებოდა.

ისედაც მძიმე ფილმისთვის ლარისას გარდაცვალება ზედმეტი ტვირთი იყო. რეჟისორმა კიდევ ერთხელ გაახსენა მაყურებელს სიკვდილის არსებობა. ქორწილში წასვლის მაგივრად ქალი, ქმრის ფოტოზე ჩახუტებული, საწოლში გარდაიცვალა.

ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა, სეზონები შეიცვალა, დრო გავიდა, თითქოს ახალი ურთიერთობის იმედი გაჩნდა, რაც შედარებით დაადნობს ფილმისგან შექმნილ ყინულს, მაგრამ უეცრად გიორგიც გარდაიცვალა. ზამთრის ერთ ცივ, თოვლიან დღეს კაცი წყლის პირას, თოვლში გარდაიცვალა. მეხის გავარდნასავით იყო მისი სიკვდილი. ახლა ყველანაირი ბედნიერი დასასრულის იმედი გაქრა. აღარც ლარისა იყო ცოცხალი და უკვე აღარც გიორგი. ვალიკო, ალბათ, ფიქრობდა, რომ პირველი თვითონ მოკვდებოდა, ამბობდა, რომ გაზაფხულამდეც ვერ მიაღწევდა, მაგრამ ორი ადამიანის დამარხვა მოუწია. სახლი ისევ დასევდიანდა. არავის აღარ უხაროდა არაფერი. არც შეშის ტკაცუნი ისმოდა და აღარც ბუშტებს ბერავდა ვინმე.

გიორგის გულმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. რა უფრო ტკიოდა მას? ის, რომ ანას აღარ უყვარდა თუ ის, რომ ჩაანაცვლეს. თითქოს არც ბავშვებისთვის შეცვლილა არაფერი. დედაც აღარ ურეკავდა კაცს. ქალაქიდან ყველამ დაივიწყა. სანდრო ერთხელაც არ ჩასულა მასთან. გაჩნდა შეგრძნება, რომ მისთვის ძველი ცხოვრება დასრულდა და ახალი დაიწყო. რა დარჩათ ბავშვებს და ანას მისი გარდაცვალების შემდეგ? გიორგი ქალაქში არ დაასაფლავეს. ის ლარისას გვერდით ზღვის პირას ოცნებებისა და სიყვარულის სასაფლაოზე დამარხეს. მისგან მხოლოდ საათი, ძველი ნივთები, ნახატი და ბევრი მოგონება შემორჩა.

მძიმე აურითა და ცრემლებით გაჟღენთილ ოთახში, რომელშიც კაცის დასამარხი ადგილი წყდება, თითქმის ჩურჩულით ისმის სიტყვები, რომელიც სიუჟეტთან არაფერ შუაშია და იმწამს მოფიქრებულს ჰგავს. „ხელის მოწერას ვაპირებდით“ – ამბობს სახეშეყინული, შავებში ჩაცმული მარიკა და ანას უყურებს. თურმე გიორგიც ფიქრობდა ცხოვრების გაგრძელებას ახალ ადამიანთან ერთად და ამის მინიშნება სიუჟეტის არცერთ ნაწილში არ იყო. მხოლოდ ბოლოს გაირკვა კაცის მომავალი გეგმების შესახებ. მას სურდა, სახლი აეშენებინა და სხვა ცხოვრება ჰქონოდა, მაგრამ მაყურებელს ამის ამსახველი არცერთი კადრი არ უნახავს. საინტერესოა ისიც, რატომ არ დააცადა რეჟისორმა გიორგის ბედნიერი ყოფილიყო და, ანას მსგავსად, ცხოვრება გაეგრძელებინა? რატომ მოკვდა გიორგი და არა ანა? ან საერთოდ, რა საჭირო იყო რომელიმეს გარდაცვალება? კინოსურათში სიუჟეტს აკლია გაშლა. თითქოს ის მხოლოდ ანასა და გიორგის გარშემო ტრიალებდა ბოლო მომენტამდე. მხოლოდ დასასრულს აღმოჩნდა, რომ კაცსაც შეუყვარდა სხვა. არადა, ისე ჩანდა, რომ ანაზე დარდმა და მისმა უარყოფამ გადაიყოლა.

რთული სათქმელია, კარგია თუ ცუდია ფილმი. ის ემოციებისგან დაცლილი, სიკვდილშერეული სიყვარულის მანიფესტია, კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ მარადიული არაფერია და ყველაფერი ოდესღაც აუცილებლად სრულდება.

ფილმი „ჰორიზონტი“ ჩაკეტილ წრეს ჰგავს, სადაც ყველა უბედურია. წრიდან გაღწევას ან არავინ ცდილობს ან ეს არცერთს არ გამოსდის. ერთადერთი ვინც ამ წრისაგან თავის დაღწევა შეძლო და გაფრინდა, ლარისას გაზრდილი იხვები არიან. სადღაც ვრცელ ჰორიზონტს მიღმა ისინი მაინც არიან თავისუფლები და, ალბათ, შედარებით ბედნიერებიც.

შეიძლება კინოსურათს ჰოლივუდური ბედნიერი დასასრული არ ჰქონოდა, მაგრამ საჭირო არ იყო ისედაც ნაცრისფერი სიუჟეტის ასე დამძიმება. სიყვარულიც თითქოს სადღაც კუთხეში მიიმალა და ადამიანებისკენ აღარც გამოიხედა.

ბარბარე კალაიჯიშვილი

 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *