და კვლავ სიყვარულის შესახებ

1952 წლის შემოდგომის თბილისი. სოლოლაკი. დავითაშვილის (ახლა ამაღლების) ქუჩა. ძველისძველი ფირფიტა ტრიალებს და მუსიკის ხმა ისმის საიდანღაც, შორიდან. ბიჭები ქუჩაში ფეხბურთს თამაშობენ. მანქანა აქაიქ თუ გაივლის. ესაა ან გადატვირთული საბარგო, ან ახალთახალი კრიალაპობედა“, ან ნაომარი ამერიკულისტუდებეკერი“. გაიგონებენ თუ არა ბავშვები რომელიმე მანქანის ძრავის ხმაურს, თავს ანებებენ ბურთს და ჟრიამულით გამოეკიდებიან მას. აი, მოუხვია მანქანამ კუთხეში და კედელზე გამოჩნდა დიდი პლაკატი. პლაკატზე გამოსახულია ქერათმიანი მოწინავე მუშა. ის მუშტის დარტყმით სცემს ამერიკელ ღიპიან ძიას, რომელსაც ხელიდან უვარდება ნაძარცვი დოლარების დასტა. პლაკატს წარწერა აქვს: „დალოი ამერიკანსკი იმპერიალიზმ!“ („ძირს ამერიკული იმპერიალიზმი!“). 

ამგვარი თბილისური ამარკორდის სცენით იწყება რამაზ (ბუბა) ხოტივარის კინომოთხრობა. ბუბა ხოტივარი რეჟისორი იყო ფილმებისა, რომელიც შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა: „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დემეტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (ლევან ხოტივართან ერთად) და სხვ. მას უნდოდა ამ კინომოთხრობის გადაღება, მაგრამ არ დასცალდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი კინორეჟისორმა ლევან თუთბერიძემ ეს მოთხრობა მოკლემეტრაჟიან (45 წთ.) ფილმად, „ამბავი დუმბაძეებისა“, აქცია.

როგორც ავტორი გვეუბნება, კინომოთხრობას სამი პირობითი სათაური აქვს, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს იქ განვითარებულ მოვლენებზე: „ამბავი დუმბაძეებისა“, ანუპროფესიონალი მუსიკოსები“, ანუდაპატიმრება ქართულად“ .

ეს არ არის 1930-იანი წლების ამბავი, რომელიც შეიძლება სიტყვადაპატიმრებაზეგაგვახსენდეს. ეს 1950-იანი წლებია, როდესაც დიდი ტერორის პერიოდი ჩავლილია, თუმცა ადამიანებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ ის. ასევე ჩავლილია მეორე მსოფლიო ომი, რომელსაც საბჭოთა კავშირში სამამულო ომს უწოდებდნენ. ქვეყანამ თითქმის მოიშუშა ომის შედეგად დატოვებული ჭრილობები, გამოიგლოვა დაღუპულები, მიიღო ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცები, აღადგინა ან ააშენა დანგრეული და განაგრძო ცხოვრება, თუმცა საბჭოთა რეჟიმი კვლავ ძლიერია და მოსკოვში, კრემლში ჯერ კიდევ სხედან სტალინი და ბერია. ამასთან, კვლავ მუშაობს ანტიამერიკული აგიტაცია, იმის მიუხედავად, რომ სულ რაღაც შვიდიოდე წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირის მოკავშირე იყო ომში.

თუმცა ომი არ დამთავრებულა მათთვის, ვისი ოჯახის წევრიც უგზოუკვლოდ დაკარგულად ჩაითვალა. მათ შორისაა დუმბაძეების ოჯახიშუახნის ცოლქმარი, რომელმაც არაფერი იცის ომში წასული ერთადერთი ვაჟიშვილის შესახებ.

ფილმში მათ როლებს ასრულებენ თეატრისა და კინოს შესანიშნავი მსახიობებიგია აბესალაშვილი (მამია) და ქეთი ჩხეიძე (დალი). ამ ცოლქმარს საზოგადოება კარგად იცნობს. დუმბაძეების დუეტის სიმღერებს და იუმორისტულ კუპლეტებს ბევრი სიამოვნება მოუგვრიათ მაყურებლისა თუ მსმენელისთვის (მათ შორის, უშიშროების იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მათ დასაჭერად მიდიან). თითქოს ძალიან ხნიერებიც არ არიან, მაგრამ შვილის დაბრუნების თითქმის 10 წლიანმა ლოდინმა ორივე მოტეხა. დედა ლოგინად ჩაწვა და მამა მას უვლის. ცოლქმრის შემოსავალი მუსიკასა და ცეკვაში ის კერძო გაკვეთილებია, რომელზეც მეზობლის ბიჭი (ფილმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი) დადის. 

ფილმში განვითარებულ მოვლენებს მაყურებელი ამ ბავშვის თვალით უყურებს. ეს ის ბიჭია, რომელიც ეზოში, სხვებთან ერთად, ფეხბურთს თამაშობს, ქალბატონ დალისთან შუბერტის პიესის შესრულებას სწავლობს, ბატონ მამიასთან ქართული ცეკვის ილეთები გამოჰყავს, მერე კი ღამით აფორიაქებული უსმენს რკინის ხვეულ კიბეებზე ჩექმების ბრახუნს, გარბის თავისი ბავშვური საიდუმლო გზებით და მეზობელი სახლის სახურავიდან სუნთქვაშეკრული ადევნებს თვალს დუმბაძეების ოჯახში დატრიალებულ დრამას.

დრამა იმაში მდგომარეობს, რომ დუმბაძეებს ღამით ჩეკისტების ჯგუფი მიადგება დასაპატიმრებლად. ცოლქმარი, რომელიც დიდი ხანია საზოგადოებაში არ ჩნდება, ვერც კი ხვდება, რა შეიძლება იყოს მათი დაპატიმრების მიზეზი. „თბილი ტანსაცმელი წამოიღეთ, ციმბირში ძალიან ცივაო“ – რჩევას და მოსამზადებლად თხუთმეტ წუთს აძლევენ დაუპატიჟებელი სტუმრები. თავზარდაცებული ცოლქმარი უარს აცხადებს წაყოლაზე. დალი ამბობს, რომ ფეხები არ ემორჩილება და სიარული არ შეუძლია, თუმცა ირკვევა, რომ ჩეკისტებმა კარგად იციან, რომ თუ ძალიან სჭირდება, დალის შეუძლია თავს ძალა დაატანოს და ფეხზე დადგეს. ცოლს ქმარიც აუბამს მხარს და გადაწყვეტენ, რომ სჯობს ორივე იქვე, თავიანთ სახლში გამოასალმონ სიცოცხლეს, ვიდრე ჩეკისტებს გაყვნენ. აქ იწყება ფსიქოლოგიური დუელი მამიასა და ჩეკისტების უფროსს შორის. მამია ყველა ხერხით ცდილობს თავი მოაკვლევინოს მას. მხოლოდ იმას თხოვსმე თავში მესროლე, ჩემს ცოლს კი გულში, სახეს ნუ დაუმახინჯებ, ქალია მაინცო. ავტორს ოსტატობით აქვს დაწერილი ეს მონაკვეთი, სადაც ჩანს, რამდენი გრძნობა გადაივლის ჩეკისტის თავს. ეს ის ადამიანია, რომელიც გულწრფელად ემსახურება რეჟიმს და მიაჩნია, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. რამდენჯერ მოუნდება მას მამიას მოკვლა, მაგრამ ყოველ ჯერზე მოვალეობა ახსენდებამან ორივე პატიმარი ცოცხალი უნდა ჩასვას შუშებდაბურულ შავ სპეცმანქანაში, „ჩორნი ვორონში“, რომლის გამოჩენამაც ასეთი შიშის ზარი დასცა ყველას. 

სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც უფროსის მხრიდან გაიჟღერებს სიტყვაჩესირი“. ეს რუსული აბრევიატურაა და იშიფრება როგორცსამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრი“. აქ დუმბაძეები ხვდებიან, რომ სამშობლოს მოღალატედ მათი შვილია მიჩნეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არაა უგზოუკვლოდ დაკარგული, არც დაღუპული, არამედ ტყვედ იყო ჩავარდნილი, რაც საბჭოთა რეჟიმის მიერ სამშობლოს ღალატად აღიქმებოდა. 

აქ ამბის თხრობა კვლავ იცვლება და ვხედავთ ბედნიერ დედმამას, რომელსაც შვილის კარგად ყოფნის ამბავი მოუტანეს. თურმე ის არ დაღუპულა და რადგანაც ომის მერე სამშობლოში არ ჩამოესვლებოდა, ამერიკაში გაქცეულა. ახლა იქ ცხოვრობს დაბიზმესმენია“- ასე თქვა ჩეკისტმა. 

ფილმის მუქი ფერების დომინირებით გამორჩეული გამოსახულება (მხატვარი ანკა კალატოზიშვილი, ოპერატორი სანდრო ვისოცკი) შუქჩრდილების გარდამავალ ნაირსახეობას გვთავაზობს. ამგვარი გამოსახულებით რეჟისორი არ გვახვევს თავს ერთნიშვნელოვან დამოკიდებულებას, ისევე როგორც სიუჟეტში ნაჩვენებ ამბავშიაის, რასაც დიდი განსაცდელი და ტანჯვა უნდა მოეტანა, დიდი სიხარულისა და ბედნიერების წყაროდ იქცა. 

 არავის, არასოდეს არ მოუტანია ჩვენთან ასეთი კარგი ამბავი“- უბედნიერესია მამია. გახარებულ დალისაც ავიწყდება ფეხების ტკივილი და კარგი ამბის მახარობლებისთვის სუფრის გაშლას ლამობს. მასპინძელი მაგიდაზე საუკეთესო ღვინით სავსე ბოცას დგამს

და მაინც რაზეა ფილმი? საბჭოთა ტერორზე? რეპრესიებზე? უსამართლობაზე? ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ჩანს ფილმში, მაგრამ ის მაინც სხვა რამეზეა და ეს სხვა რამ სიყვარულია. ამ შემთხვევაში, შვილის სიყვარული ახდენს საოცრებებს. ამ გრძნობას მტრის პატიება და გაგებაც შეუძლია. ბედნიერი ცოლქმარი სიმღერით მიყვებაჩორნი ვორონსიქ, სადაც დაკითხვები, წამება, ციმბირში გადასახლება ელის, მაგრამ შიში უკვე დამარცხებულია. მოლოდინი იმისა, რომ, შესაძლოა, ოდესმე შეხვდნენ შვილს, ორივე მშობელს დიდ ძალას ანიჭებს. 

უსამართლობა, რეპრესიები, ძლიერთა მხრიდან ძალმომრეობა ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. ძველებურმაჩორნი ვორონმაფორმა იცვალა, თუმცა ის მაინც დადის. ძალაც აღმართს ხნავს, მაგრამ ის ვერასოდეს ერევა სიყვარულსახლობლების, ქვეყნის, ღვთის, თავისუფლების სიყვარულს. სიყვარულმა გადააღებინა ეს ფილმი ლევან თუთბერიძესაც (კინომოთხრობის ავტორი მისი პედაგოგი და ბიძა იყო). ალბათ, იგი განსაკუთრებულად ცდილობდა, გადაეღო ფილმი ისე, როგორც ეს ბუბა ხოტივარს ჰქონდა ჩაფიქრებული და ამიტომაც განსხვავდებაამბავი დუმბაძეებისარეჟისორის სხვა ფილმებისგან. 

ქეთევან პატარაია

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *