დროში დაკარგული გმირი

„გამარჯობა ქალბატონო, რამე ვაკანსია ხომ არ გაქვთ?“ – ისმის კადრსმიღმა ხმა ჯერ კიდევ შავი ეკრანისა და ტიტრების ფონზე – ასე იწყებს რეჟისორი კეკო ჭელიძე თავისი ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირის გაცნობას მაყურებლისთვის. სადღაც მეოთხე წუთზე შემოდის მუსიკა და უკვე გარკვევით ჩანს თავად გმირიც – გზაჯვარედინზე მდგომი პატარა გამხდარი კაცი, დიდი გიტარით ხელში, რომელსაც ეკუთვნის კიდეც გაჟღერებული მელოდია. საკუთარი თავს იგი ასე წარადგენს: “მე ლევანი ვარ, სვანიძე, მუსიკოსი, 44 წლის, ვცხოვრობ დედასთან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სადღაც დიდი დიღმის ბოლოში და ვცდილობ, რომ რაღაც გამოვიდეს რა…“
1990-იანი წლები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამეორებადი თემაა თანამედროვე ქართულ კინოში და ეს არ არის შემთხვევითი. მეტისმეტად რთული, მტკივნეული და განსაკუთრებული დრო იყო – უამრავი ცვლილების, ბევრი რამის გადაფასებისა და კიდევ უფრო მეტის გაუფასურების წლები. სამხედრო კონფლიქტები, სამოქალაქო დაპირისპირება, დანაშაულებრივი სამყაროს გააქტიურება, შეიარაღებული ხალხი ქუჩაში და ამ ყველაფრის ფონზე განადგურებული ეკონომიკა, საყოველთაო გაჭირვება, სიბნელე და უიმედობა. ამ მოვლენების გამოძახილი დღემდე იგრძნობა ქართულ სინამდვილეში და ბუნებრივია, რომ რეფლექსია ამ თემაზე არ წყდება.
მაგრამ ყველა ამ გარემოების მიუხედავად, 90-იან წლებში ასევე ხდებოდა ქართული ანდეგრაუნდული მუსიკის სუბკულტურის ჩამოყალიბება, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა როკ თუ პანკ-ჯგუფები, სხვადასხვა სახის არტგაერთიანებები და კლუბები, ტარდებოდა კონცერტები და ფესტივალები, სადაც მღეროდნენ გარშემო არსებული სიბნელის, უიმედობისა და, ამავე დროს, სამყაროს შეცვლის აუცილებლობაზე.
სწორედ ამ პერიოდის ერთგვარი გამოძახილია კეკო ჭელიძის ფილმის მთავარი გმირი ლევანი, რომელიც თავად ჰგავს აღნიშნულ ეპოქას, რომელმაც თითქმის უკვალოდ ჩაიარა. იმ პერიოდიდან დარჩა მხოლოდ რამდენიმე სიმღერა და უკვე ასაკშეპარებული ყოფილი გმირები, რომლებსაც იშვიათად თუ გაიხსენებენ 90-იანი წლებისადმი მიძღვნილ გადაცემებში.
ფილმის შექმნის იდეაც 90-იან წლებთან და იმ პერიოდის გმირებთან არის დაკავშირებული. თავის დროზე ლევანი, როგორც ბას-გიტარისტი თანამშრომლობდა თითქმის ყველა იმდროინდელ პოპულარულ მუსიკოსთან თუ ჯგუფთან, მერე კი დაიწყო მივიწყების და უჩინარობის ხანგრძლივი პერიოდი. სწორედ ამ დროს გაიცნო ის კეკო ჭელიძემ, გაიცნო უბრალოდ, როგორც ფილმის პროდიუსერისა და ოპერატორის კოტე კალანდაძის მეგობარი და მერე, სრულიად შემთხვევით, აღმოაჩინა ლევანის მუსიკა.
ფილმის გადაღების იდეაც მსუბუქად, საუბრებიდან და ძველი დროის გახსენებიდან მოვიდა, უფრო სწორედ, ლევანის სურვილიდან, ხელახლა შეეკრიბა ჯგუფი და ძველი, „კეთილი დრო“ გაეხსენებინათ. როგორც თავად ფილმის რეჟისორი ამბობს, მათ გადაწყვიტეს დამგზავრებოდნენ ლევანის ამ სურვილს.
მაგრამ გადიოდა დრო, ლევანი გეგმებს აწყობდა, ვიღაცეებს ხვდებოდა, საბოლოო ჯამში კი საქმე წინ არ მიიწევდა, როგორც რეჟისორი იხსენებს, გავიდოდნენ თუ არა სახლიდან გადაღებაზე, ლევანს დედა ურეკავდა და ისიც სხვადასხვა მიზეზის გამო იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო. ამ გაურკვევლობაში გადიოდა დრო და მაშინ, როდესაც უკვე აპირებდნენ უარი ეთქვათ ჩანაფიქრზე, გააცნობიერეს, რომ თუ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებდნენ და რეალობის ასახვა სურდათ, ლევანის რეალობა სწორედ ერთ პატარა ოთახში გამოკეტილ დედასთან ერთად ცხოვრება იყო.
კეკო ჭელიძის ფილმი შეიძლება დაკვირვების ჟანრს მივაკუთვნოთ, როდესაც კინოკამერა, როგორც გარე, უხილავი და მიუკერძოებელი დამკვირვებელი აფიქსირებს გმირის ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს და ამ გზით აცნობს მას მაყურებელს, შეჰყავს მის ემოციურ სამყაროში ისე, რომ საბოლოოდ მისადმი თანაგრძნობა გამოიწვიოს.
პატარა სივრცეში თავმოყრილი ძველი ნივთები, ყუთები, საოჯახო სურათები, ლევანის დედის, ქალბატონი ლამარას ახალგაზრდობის ფოტოები ქმნის ფონს, რომელიც უკვე თავისებურად იძლევა მთავარი გმირების გაცნობის საშუალებას, ყვება მათ, ალბათ, ოდესღაც დიდ ოჯახზეც და ერთფეროვან ყოველდღიურობაზეც წარსულის გამოძახილით გადატვირთულ ოთახში.
საოცარია, როგორ მიაღწიეს ფილმის შემქმნელებმა უშუალობისა და გულწრფელობის იმ ხარიხხს, როდესაც არც ლევანი და არც დედამისი ერთი წამითაც არ თამაშობენ კინოკამერის წინ. აი, ისინი დაობენ, თუ რომელმა ნათესავმა დაამკვიდრა რაღაც სახასიათო სიტყვა მათ ლექსიკონში; ქალბატონი ლამარა ცდილობს საკუთარი ოჯახი უფრო მომგებიანად წარმოაჩინოს და იხსენებს, რომ მამამისი აჭარის მწერალთა კავშირის წევრი იყო და სტალინზე ლექსიც კი დაუწერია, თან პერიოდულად იმუქრება, რომ, როგორც კი უკეთესად იქნება, კულტურის სამინისტროში წავა და ლევანის საკითხს დააყენებს ვისთანაც საჭიროა და ა.შ. ჩვეულებრივი, ყოველდღიური არაფრისმომცემი დიალოგები, წინასწარ განსაზღვრული თემებისა და თავის მოწონების გარეშე.
თითქმის მთელი ფილმის მანძილზე კინოკამერა რჩება გარე დამკვირვებლად და იშვიათად უახლოვდება გმირს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ის თავისი ოთახიდან გადის სამსახურისა და მომავლის უიმედო ძიებისთვის – მიაქვს თავისი ჩანაწერი ხმის ჩამწერ სტუდიაში, მაგრამ შუა საუბრის დროს დედა ურეკავს და სახლში დაბრუნებას სთხოვს, გოგონასთან ურთიერთობის აწყობას ცდილობს, თითქოს რაღაც პაემანივით დაგეგმა, მაგრამ კვლავ დედის ზარი და წყენით ნათქვამი: „ეხლა მოგინდა შენ გოგო, ძლივს, რომ ვარ მე!“ და, რა თქმა უნდა, ყველა გეგმა იშლება. დედა-შვილის ურთიერთობა კიდევ ცალკე თემაა. ორივე მათგანი თითქოს გარემოებების მსხვერპლია. ლევანი ცდილობს იზრუნოს დედაზე, აკეთებს საჭმელს, უღებავს თმას და, პერიოდულად, ამ საძაგელი, ერთფეროვანი ყოფისაგან გაქცევას ცდილობს.
ქუჩის კადრები გადაღებულია შორიდან, რაც გარემოს კარგად დანახვისა და აღქმის საშუალებას იძლევა, იმ გარემოსი, სადაც ფილმის მთავარ გმირს უწევს არსებობა. ლევანი ელაპარაკება უსახლკაროს და თავისი უმუშევრობის ამბავს უყვება, მერე ქუჩაში ყიდულობს იაფფასიან არაყს და იქვე სვამს. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა გარემოებაში ფილმის გმირი ინარჩუნებს თითქოს უკვე მივიწყებულ კეთილშობილებასა და ღირსების გრძნობას. სამსახურის ძიების პროცესში, მაშინაც კი, როდესაც ეს ძალიან სჭირდება, ლევანი ყველაფერზე არ თანხმდება, არ კადრულობს დაუკრას იქ, სადაც მას ვერ გაუგებენ და მისი მუსიკა არ აინტერესებთ. იგი არასოდეს კარგავს იუმორისა და თვითირონიის გრძნობას და, რაც მთავარია, იმედს, რომ ერთ დღესაც შეძლებს ამ წარუმატებელი წრის გარღვევას, საკუთარ შიშებსა და დარდებს იშვიათად, მხოლოდ მეზობელ ქალთან საუბრებში თუ გამოხატავს ხოლმე.
გმირის შინაგანი მარტოობისა და უსასოობის განცდის გადმოცემას ფილმში არსებული ერთგვარი გარინდების მომენტებიც უწყობს ხელს, როდესაც ლევანის ბინის ფანჯრებიდან გარეუბნის მოხრიოკებული, ცარიელი პეიზაჟი ჩანს და დედა-შვილის სიმღერა ან ლევანის მუსიკა ისმის.
ფილმის ავტორები ახერხებენ მაყურებელს შეაყვარონ ლევანი, საკუთარ დროს ჩამორჩენილი ერთგვარი რომანტიკული გმირი, რომელიც არარსებული იმედებითა და იდეებით ცხოვრობს, მაშინ როდესაც საქართველოში მეამბოხე მუსიკოსების დრო დიდი ხანია გავიდა. სადღაც ფილმის შუა ნაწილში მაყურებელი აცნობიერებს, რომ ეს დედაზე ჩამოკიდება და მუდმივად მასზე ზრუნვა ლევანისთვის სინამდვილიდან ერთგვარი გაქცევა, თავშესაფარი და საკუთარი თავის გამართლებაც არის, პირველ რიგში, ისევ საკუთარ თავთან. ეს კარგად ჩანს ეპიზოდში, როდესაც უშედეგო ძიებების შემდეგ, ლევანს მართლა დაუკავშირდებიან მისი ძველი ჯგუფის, „წერილის“ წევრები და თითქოს კონცერტიც დაიგეგმება. ისიც ელოდება ამ საღამოს, რეპეტიციებს გადის, ემზადება, მაყურებელსაც უჩნდება განცდა, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს, მაგრამ … ლევანი კონცერტზე არ მიდის!
მაგრამ როდესაც ქალბატონ ლამარას ინფარქტი ემართება და ის საავადმყოფოში გადაყავთ, მათი პატარა, გამოტენილი ბინა უცბად საოცრად ცარიელი ხდება ლევანისთვის და სწორედ მაშინ განიცდის იგი ყველაზე მეტად მარტოობას. ფილმის ბოლოს ლევანი ისევ გზაზეა, მიდის და თავისთვის ლოცვასავით იმეორებს: „არ შემიძლია უმისოდ, ვკოცნი ყოველთვის, ის რომ არ იყოს, მეც არ ვიქნები, ცოტა ხანი იყოს, კიდევ ცოტა ხანი მაინც…“
ფილმის შექმნიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ ლევანი გარდაიცვალა, 47 წლის ასაკში. წავიდა სწორედ ისე, როგორც ის ეპოქა, რომელსაც თავად ჰგავდა – ჩუმად, მოუწყობელი ყოფით, დაუფასებელი და დაუნახავი. წავიდა ან შეიძლება, უბრალოდ, დაიღალა და დანებდა. მით უფრო მტკივნეულია ფილმის ბოლოს, უკვე საფინალო ტიტრების ფონზე ძველი ჩანაწერის ნახვა, სადაც ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ლევანი ღიმილით იძლევა ინტერვიუს, იმედითა და საკუთარი მუსიკისა და მომავლის რწმენით სავსე.
უკვე რამდენიმე წელია რაც ქართულ კინოში საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა – სულ უფრო აქტიურდება დოკუმენტური კინო, რომელიც ქმნის ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანების დამაჯერებელ პორტრეტებს და გაცილებით უფრო საინტერესოდ და სიღრმისეულად ასახავს რეალობას თუ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს, ვიდრე ამას მხატვრული კინო ახერხებს. კეკო ჭელიძის „მკვდარი სულების არდადეგებიც“ ამის ნათელი დასტურია.

თამთა თურმანიძე,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
ასისტენტ-პროფესორი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *