იგავი ლიტერატურასა და კინოში მეტყველი, გამომსახველი და მრავალშრიანი ფორმაა, რომელიც გამორიცხავს მკითხველზე/მაყურებელზე იდეურ-კონცეპტუალურ თუ მიზანმიმართულ ძალადობას და სტანდარტული ჩარჩოების, მკაცრად დადგენილი ნორმების გარეშე იწყობა. იგი არღვევს სტერეოტიპებს, მათგან სრულიად დისტანცირებულია და საკუთარი, შინაგანი წესებით იმართება.
თანამედროვე იგავის ფორმა კიდევ უფრო თავისუფალი და გახსნილია. შეიძლება ნებისმიერ ჟანრს მოერგოს და მაინც დარჩეს თავისუფალი. ამავე დროს, არ დაკარგოს არც სიმძაფრე და არც პირველადი მნიშვნელობა. სიუჟეტი, პერსონაჟები ტიპური და განზოგადებულია, ზედროული და თანადროული თვისებები, ხასიათები აქვთ. შესაბამისად, შექმნილ ატმოსფეროში გამსაზღვრელია პირობითობა, ქვეტექსტები და ფარული კოდების სისტემა. ახასიათებს მაყურებლისკენ მიმართული გზავნილები და ავტორის მყარი პოზიცია, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს ფარული, კოდირებულ სიმბოლოთა რიგით, მეტაფორების ნაკრებით გადმოცემული არსი, აზრი და საზრისი.
ბოლო პერიოდში, მსოფლიო და ქართულ კინოშიც, იგავის ხელახალი და თანამედროვე ფორმების დამკვიდრების პროცესი დაიწყო. ერთ-ერთი თავისებურებაა, რომ დიდაქტიკა აღარ ახასიათებს და თანამედროვე სოციუმის, საზოგადოების შინაგანი სამყაროს, ცხოვრების არსის, ღირებულებებისა და ფასეულებების (შენარჩუნებული თუ დაკარგული) „ფილოსოფიური“ განსჯისკენაა მიმართული.
ამ ტენდენციისა და ზოგადად, ახალი ქართული კინოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად შეიძლება განვიხილოთ ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმი, „ლოტო“ (2020-2023). ეს კინოსურათი თანამედროვე იგავია. იგავებია ზაზა ხალვაშის ყველა წინამორბედი ფილმიც – „იქ ჩემთან“, „მიზერერე“, „სოლომონი“ და „ნამე“, რომლებშიც ავტორის – არაორდინარული, თავისთავადი ხელწერის, მოაზროვნე, ინტელექტუალი რეჟისორის – იდუმალი, მისტიკური და შინაგანი ხედვა და სამყარო ჩანს.
„ლოტოში“ მოქმედება ბათუმში, ძველ, ტიპურ, ბევრმოსახლიან ეზოში (საქართველოში „იტალიურს“ რომ ვუწოდებთ და რომელსაც ბათუმში განსაკუთრებული და თავისთავადი მიკროსამყარო აქვს) და მის ფარგლებს გარეთ იშლება – ზღვისპირა ქალაქის ძველ ქუჩებსა (ასევე, თავისთავად, განუმეორებელი ატმოსფეროთი) და ბუნებაში, ზღვის სანაპიროზე, სხვადასხვა სივრცეში, სხვადასხვა ინტერიერსა და ნატურაზე და აჩვენებს სამყაროსა და ადამიანების, მათი ცხოვრების მრავალფეროვნებას, რომელსაც ზღვიდან წამოსული ნიავი და შეუდარებელი სურნელი გასდევს. ამ ეზოს ისევე, როგორც ქალაქს, როგორც ზღვასა და გარშემოჯარულ მთებს, ჯერ კიდევ შერჩენიათ ძველი იერი, ცხოვრების ძველი წესისა და ურთიერთობების დაუწერელი კანონების კვალი, რომელიც ცათამბჯენებსა და მიჯრით მიწყობილ და სივრცის ჩამკეტავ მაღლივ კორპუსებს შორის თანდათან იკარგება.
ეს სურნელი და რაღაც უხილავი და ხელშეუხები შინაგანი ავთენტური სიმყარე და მიმზიდველობა გასდევს მთელ ფილმს, რომელიც ამ ქალაქში რეჟისორის პირად თავგადასავალს, ბავშვობის მოგონებებს, თანადროულ შეგრძნებებსა და დამოკიდებულებებს აერთიანებს; რომელიც წარმოადგენს ბათუმის პორტრეტს, ეზოს მიკროსამყაროში რომ ეტევა და ბევრი ადამიანის „ავტობიოგრაფიად“ აღიქმება, მაგიური რეალიზმის ნიშნებით.
ფილმის სტრუქტურა ლოტოს მუყაოს ციფრებიანი უჯრების კონსტრუქციაშია მოქცეული. მისი „კოჭები“ ამ არეზე, თამაშის წესების მიხედვით, ლაგდებიან. ჯერ ერთი უჯრედი ივსება, შემდეგ მეორე, მესამე და ასე შემდეგ და ასე ამგვარად, სანამ ეს ველი მთლიანად არ დაიფარება ადამიანებითა და მათი პირადი ამბებით, სანამ ყველასა და ყველაფერს ერთი ამბავი არ შეკრავს და გააერთიანებს.
„თამაშის“ წამყვანი თვითონ რეჟისორია, რომელიც, თითქოს, პატარა ტომსიკიდან ამოღებული კოჭებით, „იძახებს“ მოთამაშეებს. მათით, უჯრების შევსების თანმიმდევრობას განსაზღვრავს. ვის როგორ და როდის „უწევს“ გამოჩენა, საკუთარი ციფრით ანუ – ამბით.
ამ ეზოში, ერთ-ერთ მშვენიერ „გადარჩენილ კუნძულზე“ (რომელიც სინამდვილეშიც ისეთია, როგორიც ფილმში) რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. სხვადასხვა ტიპის, კატეგორიის, სოციალური ფენისა და წეს-ჩვეულებების მიმდევარ, სხვადასხვა მორალურ-ზნეობრივი თვისებებით რადიკალურად განსხვავებულებს, საერთო სახლ-კარის გარდა, ბევრი სხვა მოცემულობა და პირობა აერთიანებთ. აერთიანებთ ყველაფერი, რისგანაც ცხოვრება ზოგადად შედგება – რაც თითოეული ადამიანის ცხოვრებას სდევს თან – სიყვარული, შუღლი, უთანასწორობა, ერთობა, ბრაზი, ტკივილი და სიყვარულითა და ერთიანობით გამოწვეული სიხარულიც.
„ლოტო“ იგავია ადამიანებზე, პირველი სიყვარულის იმედგაცრუებაზე და სხვა სიყვარულის ბედნიერ დასასრულზე, დანაკარგებზე, დანაკარგების საშიშროებაზე, ღალატზე, ეჭვიანობაზე, გულგრილობასა და განცდებზე, დიდი და მცირე მასშტაბით. ნაჩვენები ფაქიზი, ნატიფი ხერხებით, მსუბუქი იუმორითა და თვითირონიით, ნოსტალგიითა და სიცოცხლის სიხარულითა და სიყვარულით.
ფილმის სტრუქტურა, ლოტოს პრინციპით, ფრაგმენტულად, ცხოვრების ნაკადიდან თითქოს შემთხვევით ამოგლეჯილი, შემთხვევით თვალმოკრული, დასრულებული, დაუსრულებელი ამბებისგან შედგება, „უფინალო“ დასარულით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შენც თითქოს მოხვდი ერთი ან რამდენიმე დღით ამ ეზოში. ან შენც ერთ-ერთი მეზობელი ხარ.
ფილმში მონაწილეთაგან ზოგი პროფესიონალი მსახიობია და უმეტესობა – არაპროფესიონალი, მაგრამ ნამდვილი ბათუმელი, ცნობილი და არაცნობილი. ადამიანები, რომელიც წარმოადგენენ თავიანთ ქალაქს, მისი სახის „ანარეკლები“ არიან. საკუთარ თავებს კი არ თამაშობენ, არამედ ბათუმელების კრებით სახეს ქმნიან, მოზაიკური წყობით, კალეიდოსკოპში მოქცეული ნამსხვრევების სხვადასხვაგვარობით, მრავალწახნაგოვნებითა და მრავალფეროვნებით. თითოეულს გარკვეული ნიშნები, თვისებები აქვს და მას გამოხატავს და წარმოადგენს. მათი ერთობა საზოგადოების პანორამულ სურათს ქმნის და სხვა დატვირთვას იძენს, სხვა ენაზე მეტყველდება.
ამ ეზოში მდებარე სახლების დერეფნების, სხვენისა თუ სხვა სათავსოების, ოთახების შელახული კედლები და ფუფუნებას, სიმდიდრეს მოკლებული აღჭურვილობა ზუსტ და ორგანულ გარემოს ქმნის. ზედხედში და ქვედა წერტილიდან ზეაღმართული კამერით გადაღებული კადრები, ხედების „უსწორმასწორო“ და ბუნებრივი მონაცვლეობა აჩვენებს იმას, რაც ხდება დაკეტილ კარს მიღმა, რაც ხდება ეზოში და ეზოს გარეთ.
შავ-თეთრი გამოსახულება და გადაღების სხვადასხვა ხერხი ავსებენ გამოსახულების, პლასტიკური და სახვითი გადაწყვეტის გამომსახველობას. ოპერატორ გიორგი შველიძის კინოკამერის უსაზღვრო შესაძლებლობები, შუქ-ჩრდილების, მკვეთრი და სუსტი განათების, გადანათებებისა და ჩაბნელების კონტრასტები და ადამიანების შინაგანი და ფაქტურული კონტრასტები ამდიდრებენ და ამრავალფეროვნებენ „ლოტოს“ სამყაროს.
ხედვის წერტილების, რაკურსების, ხედების ცვალებადობა, ბუნებრივ გარემოში – რეალურ ინტერიერებში, ჩაკეტილ თუ ღია, გაშლილ სივრცეებში, დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში, ადრიანი დილიდან მეორე დილამდე, სხვადასხვა – ბუნებრივ თუ ლამპიონებით – განათებაზე გადაღება, ერთი მხრივ, ბუნებრივს, ორგანულს ხდის ყველაფერს და მეორე მხრივ, ცხოვრების მეტაფორად აქცევს.
მშვენიერი სცენები, კომპოზიციები, ხედები და პეიზაჟებია, მაგრამ არა კადრის სილამაზისა და ხელობით კეკლუცობისთვის, არამედ სამყაროსა და ადამიანის მშვენიერებისა და სამყაროსთან ერთობის, მისგან განუყოფლობის საჩვენებლად. ყოფიერების მარადიულობის ხაზგასასმელად. სამყაროს უწყვეტი წრებრუნვის, არსებობის მარადიულობის კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დასამტკიცებლად.
ზაზა ხალვაშმა ფილმის დასრულება ვერ მოასწრო. გარდაიცვალა მისი მეგობარი და თანამოაზრე, ფილმში ერთ-ერთი როლის შემსრულებელი მსახიობი, ზურაბ ქავთარაძეც. „ლოტოს“ მონტაჟი რეჟისორის ოჯახმა – მეუღლე ნინო პაპუნიძემ, ქალიშვილებმა – თამთა, სალომე და ქეთუთა ხალვაშებმა, პროდუსერმა თეკლა მაჭავარიანმა, სიძემ, გიორგი შველიძემ და მემონტაჟე ლევან კუხაშვილმა დაასრულეს, ზაზა ხალვაშის ჩანაწერების, დღიურების, ჩანაფიქრის, გადაღებებისა და მონტაჟის საწყის ეტაპზე გაზიარებული მოსაზრებების, კონცეფციისა და სარეჟისორო გეგმის მიხედვით.
ბათუმი, ისევე, როგორც ცხოვრება, როგორც გარემომცველი სამყარო, სახეს იცვლის, მაგრამ არ იკარგებიან და არსად ქრებიან ნამდვილი ბათუმელები, მათი ცხოვრების წესი, ხასიათები, ურთიერთობები და შეუდარებელი ბათუმური მეტყველების თავისებურება. არაფერი ჩრდილავს მათ გახსნილ, ცოცხალ, ლაღსა და ლამაზ სამყაროს. განსხვავებული, ერთნაირი, მრავალფეროვანი საზოგადოება, რომლის სისავსეც სწორედ ამ არაერთგვაროვნებითა და სიჭრელით იქმნება. სწორედ ამ ყველაფერს აფიქსირებს, ინახავს და ავრცელებს „ლოტო“. არც ხსოვნა იკარგება.
„ლოტოთი“ ზაზა ხალვაშმა ბათუმსა და ბათუმელებს სიყვარული უკანასკნელად აუხსნა და ჩვენც, თითქოს, ანდერძად დაგვიტოვა, რაც სიცოცხლის მიზანიცაა და რწმენაც – რომ, ვინც და სადაც უნდა იყო – პატარა, თუნდაც გასაქრობად განწირულ ეზოში, მშვენიერ ზღვისპირა ქალაქში, თუ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში – მხოლოდ ერთობა, ერთიანობა, სიყვარული და თანადგომაა, რაც გვაცოცხლებს, გვამხნევებს, აზრს სძენს და ამართლებს ცხოვრებას.
ლელა ოჩიაური