რამდენადაც საინტერესო და განსხვავებულად რთულია ყოფის ასახვა კინოს რეალისტურ საწყისზე აქცენტისას, იმდენად განსხვავებულია ნებისმიერი რეჟისორისათვის ყოფითი დეტალების არსი. შესაძლებელია, ეს ტკბობის ეფექტში ან სულაც ახალი სამყაროს შეცნობის სურვილში გადაიზარდოს – ყოველ შემთხვევაში, ასე გამოჩნდეს სარეჟისორო პოზიციიდან… თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. საკუთარი თავის შეცნობის სურვილში გათავისებული სიუჟეტური მოტივები, რომლებიც ყველა თაობის კინემატოგრაფისტთა საფიქრალია, ხშირად ყოფითი დეტალების სწორედ ასეთ დეტალიზებაში აისახება და, არც თუ იშვიათად, მრავალ სხვადასხვა განწყობას ციტირებს.
„ზამთრის დეპრესია“ (2021) თაზო ნარიმანიძის (სცენარის ავტორი და რეჟისორი) სარეჟისორო ნამუშევარია, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი – გულწრფელი ემოციის მაყურებლამდე მიტანა, ნაწილობრივ, თავად ამ დრამის შემადგენელი და ბუნებრივი შედეგი უნდა იყოს თითქოს. ფილმის მთავარი გმირი (ან გმირები, ვინაიდან მაინც, ამ დრამას რამდენიმე დრამატული პერსონაჟის გარეშე, მთავარი სათქმელით ვერ განვიხილავთ), ახალგაზრდა მწერალია, რომელიც დეპრესიისა და ოჯახურ ურთიერთობაში აშკარა კრიზისული მდგომარეობის დასაძლევად, მშობლიურ სოფელში ბრუნდება, სადაც შემთხვევით დაწყებული რომანი მისი დრამის გადამწყვეტ ხსნად გადაიქცევა: ამ ურთიერთობაში ღრმად შესული გმირის ტრაგედიის ამბავი მაყურებლისთვის ცხადდება – მას და მის მეუღლეს მცირეწლოვანი გოგონა დაეღუპათ. აი, სწორედ ამის ამოთქმა და ცოლთან ახალ, პატარა სიცოცხლესთან გმირის დაბრუნება ხდება ფილმის დრამატული კითხვის პასუხი – საკუთარ საწყისთან დაბრუნება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამის სურვილსა და აუცილებლობას გააცნობიერებ.
ზამთრის დეპრესია, რომელიც ოდნავი ირონიული ალეგორიით ზაფხულში იწყება და მთავრდება, გაშლილი, ვრცელი მდიდარი პეიზაჟების ფონზე, მცირედ დატვირთულ, უბრალო ინტერიერებსა და ტაფობში ჩაკარგულ მწვანე ლანდშაფტებში იდგამს ფეხს. ამ ახალი ურთიერთობის (ანასტასია ჭანტურაია და გიგა დათიაშვილი) მთელი დრამატურგიული ჩარჩო, ერთი შეხედვით, ემოციისაგან ოდნავ დაცლილ ინტონაციაზეა აგებული – ზანტად მოძრავი და, დროდადრო, სასიამოვნოდ გარინდებული ორი ახალგაზრდა ადამიანი, თან ნაცნობი (ქართული კინოს ოდნავ ,,დაღლილი“, დაფიქრებული გმირების მსგავსი) და თან საკუთარ თავთან დარჩენილი მარტოსული ადამიანების სახედ უფრო ყალიბდებიან, ვიდრე კონკრეტული დრამის ორ მონაწილედ. შესაძლებელია, ეს მდორე, ზანტად მიმავალი მოქმედების ადეკვატური, შესატყვისი ხასიათები სწორედ ისაა, რისი წარმოჩენაც სურდა თაზო ნარიმანიძეს. მითუმეტეს, რომ ყველაფერი, რაც მცირებიუჯეტიან კინოს უკავშირდება, როგორც წესი, მაინც ქმნის რაღაც კონკრეტული ფორმის წინაპირობას – ნაკლებად მიმართულს ტემპო-რიტმისაკენ ან, უფრო სწორად, იშვიათად მიმართულს რიტმისა და დინამიკის იმ ფორმისაკენ, რაც კიდევ დამატებით სხვა სახსრებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. ამის მიუხედავად, ეს მხატვრული ნამუშევრის მნიშვნელობაზე ვერც დადებითად იმოქმედებს და ვერც უარყოფითად. უბრალოდ, ჩნდება ასოციაციები ოდნავ ჩაკეტილი, გმირების ღრმა ცნობიერში მოთავსებული ემოციების შესახებ, რაც ასე დამახასიათებელი იყო ქართული კინოს კრიზისის პერიოდის 1990-იანი წლების გმირების ერთი ნაწილისათვის.
მაგრამ არა ამჯერად – ეს დრამა ძალზე ტრაგიკული და, ამასთანავე, ძალზე რთულად მისაღებია იმისათვის, რომ პერსონაჟების ქცევის ან ინტონაციის ჩარჩოები, სტილი, მანერა კრიტიკულ ხაზად გავიაზროთ. ყველაფერი გასაგებ, მარტივ აღქმად ყალიბდება, როდესაც მთავარი გმირის დანაკარგის შესახებ შევიტყობთ, მაგრამ ეს მაინც დიდხანს და შეფასებათა მთელი თავისი რიგით ერთფეროვანია, სანამ ორი ადამიანის ურთიერთობა რაღაც მოვლენად იკვრება.
პიროვნული რღვევა – ყველაფერი, რაც გამოუთქმელია, მდიდარ პეიზაჟებში იკარგება თითქოს და რაღაც ეტაპზე მხატვრის, კოტე ჯაფარიძისა და ოპერატორის, გური გოლიაძის ნამუშევარი უფრო მეტად იპყრობს ყურადღებას, ვიდრე თავად გარინდებული სევდის მატარებელი, მოცემული ამბავი.
ორი გადასაღები მოედანი, გრძელ, ხანგრძლივ კადრებსა და ნაკლებ მონტაჟურ ჭრაში რომ მოექცა, ზამთრის ზაფხულში მოქცეულ დეპრესიას მსხვერპლს სთხოვს და ეს მსხვერპლი, დრამის ტრადიციული წესის მიხედვით, მთავარ პერსონაჟთაგან, გარკვეულწილად, ყველას შეეხება – ნაკლებად ან მეტად. შესაძლებელია, სწორედ აქ ჩნდება შეუსაბამობის კონკრეტული განცდა, სადაც მთავარი გმირების ტრფობაში გადაწყვეტილება ცხადდება – ახალგაზრდა კაცი ოჯახს უბრუნდება (ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ საკუთარ საწყისს პოულობს), ხოლო გოგონას, განცდის მიუხედავად, ესმის ეს ყველაფერი ან თავიდანვე იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. არაფერია ამაში უცნაური, არც არაბუნებრივი, მხოლოდ ემოციური და თანმიმდევრული ორგანული შეფასებების მთელი რიგი ჩანს, ცოტა არ იყოს, სწრაფად და არასათანადოდ მოთავსებული მხატვრულ ამოცანაში. პერსონაჟები თან ჩქარობენ, თან გადაწყვეტილების გაცხადება ემსგავსება ისევ და ისევ ნიჰილისტური ემოციების სარკეს, რაც ფილმის მხატვრულ ქსოვილს მთლიან თხრობად აღარ კრავს. ორი გმირის დიალოგი მთლიანად დამოკიდებულია ვრცელი, ხანგრძლივი მოლოდინისა და შეუსაბამოდ სწრაფად მოჭრილი რეპლიკების ურთიერთქმედებაზე. ეს კი ძალზე არაბუნებრივად ებმის განწყობას, რომელიც დასაწყისიდან გმირის ტრაგედიის გაცხადებამდე ვითარდება, საკუთარი თავის მაძიებელი პერსონაჟის ხასიათში.
„მაინც მავიწყდება“ – უნებლიეთ წამოცდება შვილის შესახებ მეგობართან (რომელიც ერთ-ერთი განსხვავებული, ბუნებრივად პოზიტიური პერსონაჟი მთელი ამ მდორედ განვითარებადი ამბის მანძილზე, რამდენიმე გამოჩენით შეძლებს ნაჩვევი რიტმის დარღვევას). ეს ძალზე ადამიანური და საშინელი განცდა, რომელიც არა შვილის დავიწყებას, არამედ სოცოცხლესთან დაბრუნების ქვეცნობიერ სურვილს უტოლდება, მხატვრულად სავსე გადაწყვეტას მოითხოვს, ვინაიდან არც თუ ასე იოლია ამ აქცენტის სწორად ამოცნობა. და არა ინტონაციურად, არამედ იმიტომ, რომ მას არ გააჩნია ნათლად, ბუნებრივად წარმოთქმული სიტყვების შესაფერისი, მოქმედების ორგანული განცდა. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი შთაბეჭდილება რჩება. იქ, სადაც ემოცია ჭარბობს, არ ხდება მისი ერთგვარი ბუნებრივი გადასვლა სხვა მოქმედებით არეალში.
უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ერთადერთი გამონაკლისი ფილმის ეპიზოდებს შორის. საკმაოდ ხშირად, თვალისმომჭრელად მომხიბვლელი ლანდშაფტი და მხატვრის დახვეწილი, დეტალიზებული აქცენტები ინტერიერში ბევრად უფრო მეტყველია, ვიდრე ქცევის მოტივაცია, მოკლებული თავდაპირველ უბრალოებას, დაწყებულს ძუნწი სიტყვიერი ეპიზოდებით, მთავარი გმირის საცხოვრებელში. კონფლიქტი საკუთარ თავთან და კონფლიქტი მეორე ადამიანთან, მძიმედ და უღიმღამოდ შევსებულ ოთახებში, უფრო საინტერესო განცდას ტოვებს, ვიდრე ბუნების მშვიდ სივრცეში. კედელზე შემთხვევით დანახული გაუწაფავი ხელით მიხატული სილუეტიც უფრო მნიშვნელოვანი ხდება ფილმის ფინალში, ისევე როგორც არეული საცხოვრისი.
აქვე ჩნდება ეპიზოდი ფსიქოლოგთან – დაუკავშირებლად ცარიელი და ირონიის მხრივაც ნაკლებად საინტერესო, ვინაიდან მანერული ფსიქოლოგი და ჭერზე აღმოჩენილი, სავარაუდოდ, ღამით მანათობელი ხელოვნური ვარსკვლავები არაფრისმთქმელი ჩანართივით ჩნდება ორ სამყაროს – მწერლის სამყოფელსა და მის სოფელს შორის.
პირველ პირში მონათხრობი, ფოტოარქივით გაჯერებული წყვეტილი ამბავიც საინტერესოდ დრამატული და ირონიულია თავისი ადგილითა და ფორმით, რომ არა მისი ზედმიწევნით ფრაგმენტული ხასიათი და ხშირად სწრაფად, კვეცით მოჭრილი, შეწყვეტილი თხრობა.
„როგორც ჰომოსოვიეტიკუსი“ – ცოტა არ იყოს ნაკლებად ირონიული, სასაცილო და უფრო მეტად ყალბად ისმის მამის ფსიქოლოგთან სიარულის ამგვარი შეფასების უტრირება მთავარი გმირის თხრობაში, მითუმეტეს, რომ საერთო ამბავთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს და არც ერთადერთი, ასეთი უფუნქციოდ დარჩენილი, რეპლიკაა სიუჟეტში.
ზამთრის დეპრესია ზაფხულის პეიზაჟში, ანუ უძრავი სევდა საკუთარი თავის საძიებლად წასული გმირის შესახებ – ასე უფრო ნათლად და უფრო დრამატულად შეიძლება აღვიქვათ ის, რის შესახებაც მოგვითხრობს ტრაგიკული ამბის სიცოცხლისაკენ შემობრუნების ამბავი.
ქეთევან ტრაპაიძე