თამაში წესების გარეშე

1990-იანი წლების ცხოვრება ყველასათვის მტკივნეული პერიოდი იყო. ადამიანებს ყოველდღე გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდათ. იმ პერიოდში მათ როგორც ერთმანეთის უარყოფა, ისე დახმარება ისწავლეს. მათ რომ ერთმანეთი არ ჰყოლოდათ და ჯგუფებად არ ყოფილიყვნენ, იმ არეულ სამყაროში, ალბათ, ვერც გადარჩებოდნენ. სწორედ ჯგუფებად და მხარეებად დაყოფამ გამოიწვია ომი, რომელსაც ბევრი ადამიანი შეეწირა. ომის ერთ-ერთი მიზეზი, ყველაფერთან ერთად, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. ადამიანები ერთმანეთში არ საუბრობდნენ. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, არ სხდებოდნენ ერთ მაგიდასთან და არ იცავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას არგუმენტებით. იღებდნენ იარაღს და უბრალოდ ისვრიდნენ. ომი მათთვის თამაშს ჰგავდა და მას წესები სულაც არ ჰქონია. ყველა თვითონ აწესებდა კანონებს და ისე მოქმედებდა.

გიორგი თავართქილაძის ფილმი, „ცუდი ხალხი“ (2018) სამოქალაქო ომის პერიოდს ასახავს. ამბავს, ისევე როგორც მედალს, ორი მხარე აქვს. საინტერესოა, ვინ არის ცუდი მაშინ, როცა ყველას თავისი სიმართლე აქვს. თბილისი იმ პერიოდში ორად იყო გაყოფილი. ორი დაპირისპირებული ჯგუფი ერთმანეთს იდეისა და შეხედულებების გამო ებრძოდა. ისინი ცდილობდნენ წესრიგი ყოფილიყო ქალაქში და ამ წესრიგზეც ყველას თავისი აზრი ჰქონდა. მხარეები ერთმანეთისთვის იყვნენ ცუდები. თანაც არც კი იცოდნენ რატომ. ყველაფერი მათი აღქმის ბრალი იყო. სათაურიც „ცუდი ხალხი” აღქმაზეა დამოკიდებული.

დაპირისპირებული ჯგუფები ერთმანეთისგან თეთრი და შავი სამკლაურებით განსხვავდებოდნენ. სამკლაურის ფერები „ინის და იანის“ ასოციაციას იწვევს. ინი და იანი არის კონცეფცია აზიური, უფრო ზუსტად, ჩინური ფილოსოფიიდან და გამოხატავს იდეას, რომ რაც არ უნდა ურთიერთსაწინააღმდეგო და პოლარული ჩანდნენ სხვადასხვა ძალები, ისინი მაინც ერთმანეთთან დაკავშირებული და დამოკიდებული არიან.

ზუსტად ასეა გიასა და მისი ძველი თანაკლასელის შემთხვევაშიც. შავი სამკლაურის ერთ-ერთი ლიდერი გია ეძებს თავისი სიცხიანი შვილისთვის წამალს. მართალია, ფილმის დასაწყისში ამ წამალს მოუტანენ, მაგრამ ის ერთ-ერთი შეტაკებისას ზიანდება. ამ ძიების პერიოდში იგი გადააწყდება თანაკლასელს, რომელიც, ამავე დროს, მეორე ჯგუფის ლიდერია. ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ადამიანს ერთადერთი, რაც ერთმანეთისთვის იარაღის სროლაში ხელს უშლით, არის ბავშვობისდროინდელი მოგონებები და მასწავლებელი, რომელიც იმ საავადმყოფოს პაციენტია, რომელშიც გია მივიდა. გია მთელი ფილმის განმავლობაში ატარებს მხარზე გადაკიდებულ იარაღს, მაგრამ არასდროს არ ისვრის. ის აგრესიაშეფარულ ადამიანს ჰგავს. თან ომის მონაწილეა, თან არ არის.

ორი დაპირისპირებული ჯგუფის ცხოვრება ჰგავს სასკოლო თამაშს, „დროშობანას“. ამ შემთხვევაში, დროშა წამალია. ლიდერები ივიწყებენ თავიანთ ჯგუფებს და პატარა ბავშვისთვის ერთიანდებიან. ამ სენტიმენტალურ ამბავს მეორე მხარეც აქვს – ისინი ივიწყებენ საკუთარ პრინციპებს და ღალატობენ ჯგუფებს. სამკლაურებს იხსნიან და ერთად მიდიან მეორე საავადმყოფოსკენ. თამაში ქაოსურია. ფილმში არანაირი წინაპირობა არ ჩანს. მხოლოდ მოქმედებები და შედეგისკენ მიმავალი გზაა. არავინ იცის, იპოვეს თუ არა მათ სიცხის წამალი. კინოსურათს ღია ფინალი აქვს და მაყურებელს უტოვებს საშუალებას, ამბავი ისე დაასრულოს, როგორც მას სურს. აქედან გამომდინარე,რეჟისორისთვის მთავარი წერტილი წამალი არ არის. მისთვის არ აქვს მნიშნელობა, რას იტყვის, მთავარია, როგორ იტყვის. მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ხანდახან, შესაძლოა, საკუთარ პრინციპებსაც გადააბიჯოს ადამიანმა. გააჩნია, რა იქნება ამ გადაბიჯების მიზეზი.

იმ პერიოდის თბილისი დანაწევრებული, დანაკუწებული ქალაქია. ვეღარ სუნთქავს და ლაპარაკი რომ შეეძლოს, ალბათ ბოლო ხმაზე იტირებდა. ყველა ქუჩის ბოლოს ადამიანები დგანან იარაღებით და წარბშეუხრელად შეუძლიათ ერთმანეთს ესროლონ. თითქოს ეს ყველაფერი რეალური ცხოვრება არ არის. ისინი ერთმანეთზე ნადირობენ და რომელ ჯგუფსაც უფრო მეტი “ნადავლი” ექნება გარდაცვლილი ადამიანების სახით, სწორედ ის იქნება გამარჯვებული. მათში ადამიანურ ინსტიქტზე მეტი ცხოველური ინსტიქტებია. ისინი ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ არცერთმა მათგანმა რეალურად არ იცის, რატომ ისვრის იარაღიდან. ისინი ბავშვებს არ ესვრიან. თითქოს ამით მათ იცავენ, მაგრამ არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორები გაიზრდებიან ბავშვები, რომლებიც იმ პერიოდში ცხოვრობდნენ, დროში, სადაც, კომუნიკაციის პრობლემასთან ერთად, მთავარი თემა სიყვარულისა და თანაგრძნობისნაკლებობა იყო.

„ცუდი ხალხის” სიუჟეტი დიტო ცინცაძის ფილმის, “ზღვარზე” (1993) სიუჟეტს ჰგავს. „ზღვარზე’’ სამოქალაქო ომის პერიოდს ასახავს. საზოგადოება ორ ნაწილად არის გაყოფილი. ისინი არარსებული იდეით ერთიანდებიან. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ პატრიოტია და სამშობლოს გამო თუ საჭირო გახდა თავის თანამოქალაქესაც კი გაუხვრეტენ შუბლს. თანაც ისე, რომ წარბსაც არ შეიხრიან. ორივე მხარე დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებენ, დანებებას არ აპირებენ. არ ადარდებთ თუ ნათესავის, მეგობრის ან სულაც ნაცნობის სისხლში გაისვრიან ხელებს. კინოსურათის მთავარი გმირი ნიკა გაქცევას ცდილობს,ფიქრობს, რომ ყველაფერი სისულელეა და საჭიროდ არ თვლის რომელიმე მხარეს მიემხროს, მაგრამ მხარის არჩევა მაინც უწევს. დგება ზღვარზე და უმისამართოდ ისვრის.

ორივე ფილმი ამ ამბავს ერთნაირად ასახავს. სწორხაზოვნად მიჰყვება ყველა დეტალს. 1993 წლის შემდეგ 25 წელი გადის და გიორგი თავართქილაძე თითქმის არაფრით განსხვავებულ ფილმს იღებს. უფრო მეტიც, იმ გაყინულ, მტვრიან, სევდიან პერიოდს ნათელი ფერებით ასახავს. არ ჩანს ფილმში მიზეზები, რის გამოც თბილისი ორ ნაწილად გაიხლიჩა. საინტერესოა, ჰქონდათ თუ არა მათ მოლაპარაკების მცდელობა. ვერცერთ ფილმში რეალურად არ ჩანს, რა ხდება, პირველმა ვინ გაისროლა, საიდან დაიწყო ომი და რას ერჩიან ქალაქს, რომელიც ისედაც ნაცრისფერია. სამწუხაროა, რომ 2018 წლის ფილმი, უბრალოდ, ცინცაძის ძველი კინოსურათის გადამღერებაა. კიდევ ერთი შეხსენება იმისა, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები თბილისის სამოქალაქო ომის დროს.

მართალია სიუჟეტი, გარკვეულწილად, ზედაპირულია, მაგრამ მაინც ყველას სათქმელს იტევს. იმ დროს დაწყებული ქაოსი დღემდე არ დამთავრებულა. იმ პერიოდის ომი ტრანსფორმირდა და სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. დღემდე ვერ ისწავლეს ადამიანებმა ერთმანეთის მოსმენა და რომ შეეძლოთ, ისევ დაიწყებდნენ სამოქალაქო ომს.

ბარბარე კალაიჯიშვილი

           

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *