თანამედროვე კინოში დიდი პოპულარობით სარგებლობს დამოუკიდებელი კინო, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართველი კინორეჟისორებიც ცდილობენ, არ ჩამორჩნენ ამ ტენდენციას და ერთმანეთის მიყოლებით ქმნიან ექსტრავაგანტულ ნამუშევრებს. ამის მაგალითად გამოდგება გიგა ლიკლიკაძის ფილმი, „ღორი“ (2019), რომელმაც გამოიწვია დიდი გამოხმაურება. მაყურებლების უმრავლესობამ ის უარყოფითად შეაფასა, თუმცა აღმოჩდნენ ისეთი კინოკრიტიკოსები, რომლებმაც მასში რაღაც ამოუცნობი და ღრმა დაინახეს, რითაც ფილმს ახალი მიმართულების საწყისად მიიჩნევენ.
ეს კინოსურათი სამ ახალგაზრდაზეა (ბაჩანა, რამო და მახო). სამხედრო სამსახურიდან დაწუნებული ბაჩანა სახლში ბრუნდება. გზაში მისი ავტობუსი ფუჭდება. სანამ იგი შეკეთებას ელოდება, უაზროდ დახეტიალობს და აღმოჩნდება რამოს და მახოს ეზოში. ისინი მას აბსურდული ბრალდებით ატყვევებენ და გამოსასყიდად 300 ლარს ითხოვენ, არადა, ბაჩანას ოჯახს სანაცვლოდ მხოლოდ ღორის „გადახდა“ შეუძლია. სიუჟეტის განვითარებაზე დაკვირვება საინტერესო იქნებოდა, მით უფრო მაშინ, როცა კინოსურათი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომ არა მრავალი ფაქტორი, რამაც ფილმს თავის მნიშვნელობა გამოაცალა.
კინორეჟისორი ნამუშევარს ქმნის საზოგადოებისთვის, რათა დააფიქროს ან მიაწოდოს რაღაც გზავნილი. ფილმს ხშირად აქვს სოციალური, პოლიტიკური ან კულტურული კონტექსტი და, ამრიგად, საზოგადოებასთან დიალოგის ფორმა ხდება. ის ასევე არის თვითგამოხატვის საშუალება, რაც თავისუფლებას ანიჭებს. საკუთარი რეჟისორული ხედვის გამოხატვა კარგია და სწორიცაა, თუმცა ყველაფერს თავისი წესები და ნორმები აქვს. კარგად არის გასააზრებელი, სად გადის თავისუფლებისა და თვითგამოხატვის ზღვარი. როცა რაღაცას ქმნი, პასუხისგებლობასაც იღებ შენს შექმნილზე. რეჟისორს უნდა ახსოვდეს, რომ ხელოვნება მხოლოდ გართობა არ არის, ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ინდივიდუალური განცდების გამოხატვა. ავტორი მოვალეა, გააღვიძოს და უკეთესობისაკენ შეცვალოს საზოგადოება, რადგან ის არა მხოლოდ შემოქმედია, არამედ საზოგადოების წევრი, რომელიც პასუხისმგებელია თავის მაყურებელზე.
სამწუხაროდ, „ღორი“ არ ჯდება ამ სტანდარტებში. ავტორს სურდა რაიმე ორიგინალური და ახალი გადაეღო, რაც მასისგან გამოარჩევდა, მაგრამ მიზანი ბოლომდე გაურკვეველია თუ რატომ გადაიღო ეს ფილმი, რა სურდა რეჟისორს ამით ეჩვენებინა? სანამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი თავისი არაჯანსაღი ფსიქიკით თუ იმისთვის, რომ მაყურებელმა მთელი დროის განმავლობაში ეკრანზე ბილწსიტყვაობას უსმინოს და გამოსცადოს საკუთარი ნებისყოფა, რამდენ ხანს შეუძლია ამ ყველაფრის ატანა.
ჩანაფიქრია, აღწერო სიღარიბე და ადამიანური ურთიერთობები, თუმცა ეს ყველაფერი დასაწყისშივე კვდება, რადგან შემქმნელები არ ცდილობენ არცერთი თემის სრულყოფილად წარმოჩენას. ყველაფერი პრიმიტიულია.
ფილმი რბილად, რომ ვთქვათ, აღმაშფოთებლია არა მხოლოდ ეკრანზე მიმდინარე მოვლენების გამო, არამედ იმის გაცნობიერებით, რომ ვიღაცას ამ ამბის გადაღების სურვილი ასეთი სახით მოუვიდა. როდესაც კინოს საზღვრები ფართოვდება და იშლება კრიტერიუმები, ჩნდება კითხვა – ხომ არ იქცა ფილმი საზოგადოების დეგრადაციის ფაქტორად? კინო ხომ მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნებისთვის არ იქმნება, არამედ უნდა დაეხმაროს ადამიანს მაღალზნეობრივ, გონებრივ და სულიერ განვითარებაში, უნდა ემსახურებოდეს გაკეთილშობილებას და ხელი შეუწყოს უკეთესი საზოგადოების ფორმირებას, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება გადაარჩინოს ის, რაც ჩვენში ადამიანურია. „ღორში“ კი რა ხდება? ის აჩვენებს, აგრესიას, ნიჰილიზმსა და აბსურდულობას, რამაც შეიძლება პიროვნების ზნეობრივ ღირებულებაზე უარყოფითად იმოქმედოს. იგი მთლიანად დაცლილია რთული და სიღრმისეული შინაარსისგან, რაც აუდიტორიის აზროვნების გაღარიბებას იწვევს. როგორც ინგმარ ბერგმანი ამბობდა, „კინო ნელა აღწევს გონებაში, მაგრამ ძლიერად“. ამიტომ ყოველი პროვოკაციული კადრის გადაღება ძალიან საშიშია, მით უფრო მაშინ, თუ საზოგადოებას ასე ცოტა არჩევანი აქვს ქართულ თანამედროვე ფილმებში. პროვოკაცია ხომ ყურადღების მისაქცევად კეთდება და არა ღრმა აზრის გადმოსაცემად.
ჩვენი სამყარო იდეალური არ არის და მასში მცხოვრები ადამიანებიც არ არიან ანგელოზები. თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ბნელი მხარე და ფანტაზიები, რომლებიც ზოგჯერ სისასტიკისა და გარყვნილების ზღვარს ცდება, მაგრამ ღირს კი ამ ბნელი რაღაცეების საჯაროდ გამოტანა. „ღორი“ მაყურებელს საშუალებას აძლევს დაფიქრდეს არა თანამედროვე საქართველოს პრობლემებზე, არამედ ქართული კინოს მძიმე ჟამზე.
საინტერესოა, ამდენი ბილწსიტყვაობის გარეშე ვერ იტყოდა ავტორი სათქმელს? უფრო კორექტულად ვერ მივიდოდა მაყურებლამდე მისი ჩანაფიქრი? რა საჭირო იყო ასეთი სიმძაფრით ამის გადმოცემა, ამით ხომ ყველაფერი გაფუჭდა. რთულად წარმოსადგენია ერთ ადამიანში ამდენი უარყოფითი თვისება ერთდროულად იყოს თავმოყრილი და თუ უმცირესობაში მაინც მოიძებნებიან ასეთები, მათი საქვეყნოდ ჩვენება კი არა, რაც შეიძლება ღრმად უნდა დაფლო, რათა არავინ გაიგოს მათი არსებობა.
თუ ეს ფილმი შეიქმნა მსგავსი ადამიანების გამოსასწორებლად, ნაკლებ სავარაუდოა ამან დადებითი შედეგი გამოიღოს. პირიქით, ეს მათთვის ბიძგი და წახალისებაა, რათა იგივენაირად გააგრძელონ ცხოვრება, რადგან ვერ ჩაწვდებიან ღრმა აზრს და ვინც ასეთი ცხოვრების წესისგან შორს დგას, მათთვის ეს უინტერესო, არაფრის მთქმელი და შინაარსისგან დაცლილი კინოსურათია.
ნუთუ ასეთ დონეზეა საქართველოს ინტელექტი დაცემული? იმდენი ბილწი სიტყვა, რაც აქ ჟღერს, შემაშფოთებელია. მითუმეტეს, როცა ფილმი საერთაშორისო ჩვენებებზე გადის, რა უნდა იფიქრონ საქართველოზე? ეს იმდენად ხშირი პრობლემაა, რომ რეჟისორებისთვის მოტივიციის წყარო გახდა, ემუშავათ ამ თემაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ჩვენივე ქვეყნის სახე, რასაც სხვას მივაწვდით, ის წარმოდგენა შეიქმნება ერზე. რა თქმა უნდა, არსებულ პრობლემებზე უნდა ვისაბროთ, მაგრამ ნიჭიერად და ლამაზად ისე, რომ დამაფიქრებელი იყოს და გაჩნდეს სურვილი გამოსწორებისა. ფილმის გადასაღებად მხოლოდ სურვილი არ კმარა.
რაც შეეხება სიღარიბის თემას, ამისთვის „ღორი“ ნაკლებად გამოდგება. ის უფრო ამორალობაზე, გაუმაძღრობასა და სულიერ სიბნელეზე მიუთითებს. მთავარი გმირები ზარმაცები არიან. ორი ახალგაზრდა აბსურდული მიზეზით გადაწყვეტს მუქთა ფულის შოვნას. სიღარიბემ მიიყვანა ისინი აქამდე? სულაც არა, არამედ მათ სულებში არსებულმა სიბნელემ აქცია ისინი ასეთებად. მათ შეეძლოთ ემუშავათ, საინტერესო საქმით დაკავებულიყვნენ, მაგრამ არჩევანი ფუქსავატობაზე გააკეთეს. გაუთიბავი ეზო, მტვრიანი სახლი, საკუჭნაოდ ქცეული ოთახები – ეს სიზარმაცის ბრალია და არა სიღარიბისა. ამ საოჯახო საქმეების გაკეთებას ფული არ სჭირდება.
დეტალებზე ორიენტაცია მნიშვნელოვნია, განსაკუთრებით, თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც საზოგადოება უმნიშვნელო შეცდომასაც მარტივად აღმოაჩენს და არ გპატიობს. ამიტომაც, რეჟისორებს უნდა ჰქონდეთ ღრმა ცოდნა იმ საკითხზე, რის გადაღებასაც აპირებენ, რათა ნამუშევარი ზედაპირული არ გამოვიდეს და ჩანდეს ავტორის თავდაჯერებულობა. როცა კარგად არ არის შემოქმედებთი ჯგუფი გაცნობიერებული საკითხში, ეს ფილმს აუცილებლად ეტყობა.
სამი ადამიანის ვიწრო და პრიმიტიულ სამყაროზე საუბარი ერთი სახლის კედლებში ვითარდება და მისი ერთფეროვნება, გარკვეულწილად, დამღლელია. ბუნებრივსა და დაუმუშავებელ გარემოში გადაღებული კადრები ატმოსფეროს გასაღმავებლად არის გაკეთებული, მაგრამ ყველაფერი ამაოდ, რამეთუ ამან მაინც ვერ შემოიტანა საჭირო ემოცია. არ არსებობს სიუჟეტი, მთელი ფილმი ბილწსიტყვაობაა. მსახიობები კარგები არიან, ვინაიდან რაც დაავალეს, პირნათლად შეასრულეს. ოპერატორის (შალვა სოყურაშვილი) დამსახურებით ვიზუალური მხარე ინტერესს იწვევს. არის კადრები, რომლებიც საკმაოდ მაღალ დონეზეა გადაღებული. მართლია, ფილმს რაღაც პლიუსები აქვს, მაგრამ ყველა მათგანი ზღვაში წვეთია, ფილმის შინაარსთან მიმართებაში.
როდესაც ფილმი მოკლებულია ღირებულებით შინაარსს და ემსახურება მხოლოდ ბაზრის მოთხოვნებს, აუცილებელია კინოს მიმართ კრიტიკული მიდგომა, რათა მაყურებელმა იცოდეს, რას უყუროს და რატომ.
თეონა ვეკუა