იმედის ერთი ქვა

თამთა მელაშვილის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ 2020 წელს ლიტერატურულ წრეებში აღიარებული იყო, როგორც საუკეთესო ქართული რომანი. ამ ფაქტმა კრიტიკასა და საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. საზოგადოების ნაწილი აღფრთოვანებული იყო ნაწარმოებით, მასში მეტწილად აფასებდა ავტორის გამბედაობას და მცდელობას, სააშკარაოზე გამოეტანა საქართველოში ტაბუირებული თემები, ესაუბრა ქალთა პრობლემებზე იმ კუთხით, რომელზედაც მხოლოდ კულუარებში საუბრობენ. ნაწილი კი ავტორს სტერეოტიპულ აზროვნებაში ადანაშაულებდა. მიუხედავად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, ფაქტია, რომ თამთა მელაშვილის ნაწარმოები იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში ელენე ნავერიანმა გააცოცხლა ეთეროს სახე კინოში.

ფილმის, „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (2023) პერსონაჟი მოგვითხრობს თავის ამბავს, ცხოვრების ერთ ეპიზოდს, რომელშიც ჩნდება მისი მარტოობის, ცხოვრების წესის მიმართ საზოგადოების მხრიდან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება, მუდმივი ბულინგი. ავტორი მოგვითხრობს მარტოხელა ეთეროს ყოფის იმ მონაკვეთზე, საიდანაც ერთფეროვანი რუტინიდან გამოღვიძებული, სიკვდილის შიშით გამოფხიზლებული ეთერო ახლიდან შეიგრძნობს სამყაროს მშვენიერებას, ბავშვივით აღფრთოვანებული შეჰყურებს მას და ხელახალი ენერგიით იწყებს ცხოვრების „დაგემოვნებას“, ბრძოლას სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის.

ფილმის ავტორები მიყვებიან თამთა მელაშვილის სიუჟეტურ ხაზს, თუმცა უფრო ამწვავებენ ფემინისტურ ნარატივს. ერთი ენიდან მეორეში გადატანის დროს, სამწუხაროდ, იკარგება ლიტერატურულ პირველწყაროში წამოჭრილი პრობლემების სიღრმე და მრავალფეროვნება. თამთა მელაშვილი რეალობითა და მოგონებებით, ამ ორი სამყაროს მჭიდრო ურთიერთკავშირით აანალიზებს, ახასიათებს პერსონაჟის ცხოვრების სტილს და თავისებურებას, მამის, ძმისა და საზოგადოების დამოკიდებულებას, მათ გავლენას ეთეროს ცხოვრებაზე, შეგნებულ თუ დაუფიქრებელ არჩევანზე.

ფილმში ეთეროს წარსული მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდით ჩნდება და კონკრეტული მესიჯების წაკითხვის შესაძლებლობას აძლევს მაყურებელს. მურმანთან ურთიერთობის შემდეგ გარდაცვლილი მამისა და ძმის, მათი სავარაუდო რეაქციის წარმოსახვით, გააზრებით ჩნდება ოჯახური ბულინგის თემა. ეს მცირე ეპიზოდი გვიჩვენებს გავლენის იმ მასშტაბს, რომელიც წლების მანძილზე ძალადობის სხვადასხვა ფორმის შედეგად აყალიბებს მკაცრ თვითცენზურას. ამ ეპიზოდით ვხვდებით, რომ ცხოვრებაში ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ახლიდან აცოცხლებს პერსონაჟის წარსულ გამოცდილებას, შინაგან განცდებს. ოჯახის მხრიდან მუდმივი კონტროლი, შეზღუდვები, ვალდებულებები და მოვალეობები, დამცირება, დედის გარდაცვალებაში მისი დადანაშაულება და ამის შედეგად ჩამოყალიბებული დაბალი თვითშეფასება ზღუდავდა მისი მოქმედების არეალს, უდგენდა მას „აკრძალულ ზონებს.“

მეზობლებთან წვეულებაზე მისული ეთერო ბავშვობის მეგობრებისგან ფარულ აგრესიას იღებს მხოლოდ იმიტომ, რომ მარტოხელაა. მეზობელი ქალების მხრიდან გამოვლენილი ცინიზმი, ყალბი თანაგრძნობა უფრო მეტად ამწვავებს სიტუაციას. დიალოგში ჩნდება ფარული აგრესია, საკუთარი მდგომარეობის უპირატესობის გრძნობით სხვისი ცხოვრების, ყოფის დაკნინების, პიროვნების დამცირების მცდელობა. საზოგადოებისა და ეთეროს ურთიერთობა რთული და მრავალმხრივია, თანასოფლელები შინაბერას აღიქვამენ, როგორც საზოგადოების არასრულფასოვან წევრს, მათთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ბედნიერი ან თუნდაც კმაყოფილი იყო ადამიანი მარტოობაში. სხვისი ცხოვრების კრიტიკის მიღმა თითოეული მათგანი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად შეძლეს თვითონ ყოფილიყვნენ ბედნიერი ოჯახურ გარემოში. ეთერო უხეშად უპირისპირდება მეგობრების უსამართლო შეფასებას. ერთი მხრივ, იგი ცდილობს ამ ფორმით დაიცვას საკუთარი თავი, ხოლო მეორე მხრივ, სარკეში ჩაახედოს, ამხილოს თანამოსაუბრეები. ეთეროს ამბავი ტიპურია საქართველოსთვის.

დღეს საქართველოში, როდესაც სტატისტიკა გვიჩვენებს ფემიციდის გაზრდილ ციფრებს, როდესაც მუდმივად ხდება განსხვავებული ცხოვრების, აზროვნების, ადამიანების გარიყვა, ბულინგი, რთულია, ისაუბრო საზოგადოების მორალურ სახეზე. რაც უფრო მეტი შინაგანად არარეალიზებული ადამიანია საზოგადოებაში, მით უფრო აგრესიულია ის.. ამ ამორალურ გარემოში მხოლოდ გარეგნულ, სხვისთვის დასანახ კეთილდღეობას აქვს მნიშვნელობა. სტერეოტიპული აზროვნება ხდება დომინანტური და კომფორტული უმრავლესობისთვის, ვინაიდან ასეთ გარემოში უფრო მარტივია ადაპტირება. „შაშვი, შაშვი,მაყვლის“ პერსონაჟებიც ასეთ საზოგადოებაში ცხოვრობენ. კლიშეებით შეზღუდულები ჩუმად ცდილობენ ბედნიერები იყვნენ. არადა, საზოგადოების მორალურ-ზნეობრივი განვითარების დონე განისაზღვრება მისი უნარით, მიიღოს მისგან განსხვავებული, ფიზიკურად ანდა სულიერად სუსტი, დაუცველი ადამიანები, ისინი ვინც ვერ ან/და არ ჯდებიან მიღებულ სტანდარტებში, არ მიყვებიან საზოგადოების მიერ დადგენილ ნორმებს.

ხევიდან ამოტანილი ეთეროს თითქმის უსულო სხეული, ტალახში ამოსვრილი, შარაგზაზე დასვენებული თანასოფლელების ინტერესის საგანი ხდება. კადრში კამერა, თითქოსდა, რამდენიმე წამით ყოვნდება სხეულზე. ეს პაუზა არის ის წუთები, როდესაც „გარდაცვლილი“ ეთეროსგან ახალი ადამიანი იბადება: გამოფხიზლებული, უფრო თამამი, ცოტა აგრესიული, სამყაროზე შეყვარებული.

თამთა მელაშვილის გმირი ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული, ცხოვრებაზე გულდაწყვეტილი, თუმცა ემანსიპირებული ქალია, ელენე ნავერიანის ეთერო კი დამოუკიდებელი, ფემინური იდეებით გაჟღენთილი, ძლიერი შინაგანი კონსტიტუციის მქონე პერსონაჟი, რომელმაც წლების შემდეგ მოახერხა წარსულისგან და საზოგადოების მძიმე წნეხიდან გათავისუფლება.

მურმანი შემთხვევითი პერსონაჟია ეთეროს ცხოვრებაში, რომელიც წამიერად შემოივლის, თავის კვალს დატოვებს და ქრება. სამსახურის გამოცვლის შემდეგ მასთან მისული მორიდებითა და ემოციურად უყვება თავისი ოცნებების, მომავალი გეგმების შესახებ. მის მიერ წინასწარ დაგეგმილი, ზუსტად გაწერილი საერთო მომავალი პროტესტის გრძნობას იწვევს ქალში და სწორედ ამიტომ უარყოფს იგი მურმანს.

ფილმის ფინალურ სცენაში, სასოწარკვეთილი, მარტოდ დარჩენილი, ავადმყოფობით შეშინებული ეთერო მძიმე განაჩენის მოსასმენად მიდის თბილისში, მაგრამ „სასოწარკვეთილების მთიდანაც კი შეიძლება გამოიკვეთოს იმედის ერთი ქვა“ და ეს ერთი ქვა ახალი სიცოცხლეა, რომელიც მის სხეულში იბადება.

კაფეში, თავისი საყვარელი რიტუალის ჩასატარებლად შესული, ყავისა და ნამცხვრის ერთი ნაჭრით შეიარაღებული ეთერო დიდხანს დაჰყურებს ექოსკოპიის პასუხს და თავისი მომავალი შვილის ჯერ კიდევ უფორმო სხეულს. და სწორედ ამ დროს იწყება მისი ჭეშმარიტად ახალი ცხოვრება, ახალი სტატუსითა და ადგილით საზოგადოებაში.

ფილმის ავტორები გვთავაზობენ ღია ფინალს, მაყურებელს უტოვებენ სააზროვნო არეალს. როგორც მიიღებს საზოგადოება ეთეროს და მის შვილს? რა ელის საშუალო ასაკის მარტოხელა დედას?

მაია ლევანიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *