ის სხვა არის

„ნამე“ (2017) თანამედროვე ქართული კინოში ნამდვილი ფურორი აღმოჩნდა. ამ ფილმმა იშვიათი გამოხმაურება და სიყვარული დაიმსახურა მაყურებლის მხრიდან. ის მოულოდნელი გაკვირვების საგნად იქცა ქართველი აუდიტორიისათვის. ეს კინოსურათი ნათელი მაგალითი გახდა იმისა, თუ რა შეუძლია საინტერესო სცენარს, ამ სცენარის სწორ რეჟისურას და გადამღები ჯგუფის გულმოდგინებას.

ზაზა ხალვაში, რომელიც ფილმის რეჟისორობასთან ერთად სცენარისტიცაა, მითიური ამბის თავისუფალ ადაპტაციას გვთავაზობს. ესაა ლეგენდა გოგონაზე ზებუნებრივი ძალებით, რომელსაც სიყვარულის სანაცვლოდ თავისი ნიჭის დათმობა უწევს. თუმცა ფილმში ამბავი მაინც გადასხვაფერებულია. მასში გამართული ბრძოლა უფრო მეტად მოიცავს ძველის დასრულებასა და ახლის დაწყებას, ამ ბრძოლის ეპიცენტრში კი დგას ცისნამე (მარისკა დიასამიძე), გოგონა ტვირთად ქცეული ნიჭით.

ნამე ოჯახში ერთადერთია, ვინც, მამის მსგავსად, წინაპრების გზას აგრძელებს. ტვირთი, რაც ნამეს აწევს მხრებზე, ძალზე მძიმეა და მისი ტარების სირთულეს გარშემო ყველა ხედავს და იაზრებს. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ნამეს მამის, ალისა (ალეკო აბაშიძე) და ძმის, ნურის (რომან ბოლქვაძე) დიალოგში. ალი ვაჟთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბიჭებმა „თავს უშველეს“ და გაექცნენ პასუხისმგებლობას, ამიტომაც ტრადიციის შენარჩუნების ვალდებულება ნამეს კისერზეა, თუმცა ახალგაზრდა გოგონასაც სურს, თავს უშველოს. მას დროთა განმავლობაში უფრო უღვივდება გათავისუფლების აზრი. ეს ფიქრები, ეს აზრები ისე ეპარება ქალწულის გონებას, როგორც კამკამა მდინარეს კაშხლის მშენებლობის ნარჩენები. პირველივე კადრები, ფაქტობრივად, ამით გვიღებს ფილმში ნაჩვენები ამბის კარს – ხმაურითა და უხეში ხმებით, მაგრამ მაინც ნელ-ნელა როგორ ეპარება და ერევა თეთრი ფერის ნალექი მდინარეს და, საბოლოოდ, აფერადებს და მოიცავს სუფთა წყალს.

ვინაიდან ფილმი მითოსურ ამბავს ეფუძნება, მასში საკრალურობა და სიმბოლურ-ალეგორიული ჩანართები მრავლადაა. პირობითობა, რომელსაც ზაზა ხალვაში ირჩევს, იმდენად ორგანულია, რომ განზოგადების საშუალებას, ფაქტობრივად, უსაზღვროს ხდის. რომ არა ქალაქის, ან კაშხლის კადრები, რომელიც შიგადაშიგ შემოდის თხრობაში, ალბათ, ღიას დატოვებდა დროისა და სივრცის სიზუსტესაც.

ამგვარ პირობითობას განსაკუთრებით ორგანულად მოერგო ოჯახის წევრების ოთხი შტოს ჩვენება. ხშირად აღუნიშნავთ, რომ მღვდლის, მოლასა და ათეისტი ძმების ერთ ოჯახში თავმოყრა ბუნებრივია იმ გარემოსთვის, სადაც მოქმედება მიმდინარეობს, ანუ აჭარისთვის. მაგრამ ეს საკითხი ასე მარტივად ასახსნელი ნამდვილად არაა.

ჰარმონია, რომელიც ამ ოჯახში სუფევს, ჩვეულებრივი სამყაროსთვის არაა სახასიათო. შეიძლება სასურველია, მაგრამ არსებული – ნამდვილად არა. ლადო (როინ სურმანიძე) მამის სახლში ძმებთან აღნიშნავს: „ყველას ჩვენ ჩვენი სიმართლე გვაქვს, სათითაოდ, ცალ-ცალკე და ამიტომაც ვართ თითო-თითო და ცალ-ცალკე“.

რელიგიური დაყოფა სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემაა და არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ რელიგიები ომების ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენია, თუმცა „ნამეში“ ის იდეალური, შეიძლება ითქვას, უტოპიური მოცემულობა, სადაც ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და ყველა პატივს სცემს სხვის სიმართლეს, ფილმში ნაჩვენებია საერთო სურათის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი მოცემულობად. ოჯახი გაიყო და ყველამ თავის გზა იპოვა, რის გამოც ერთი სხეული დაიშალა, მაგრამ, ამასთანავე, შენარჩუნდა ჰარმონია, რომელიც თითქოს ნამეზე დგას.

უჩვეულო სამყაროს ბუნებრივს ხდის მინიმალისტური სტილი. ეს მეთოდი განსაკუთრებით თვალსაჩინოდაა გამოყენებული რიტუალებისათვის: წყლით ადამიანის ფეხზე წამოყენება, სულის შებერვით ჩირაღდნის ანთება, ლევიტაცია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა და ა.შ.

ფილმის მინიმალისტურობა განსაკუთრებით გამოიხატა კადრის კომპოზიციაში, ხმოვან რიგში, პერსონაჟთა ფსიქოპორტრეტებსა და დრამატურგიულ სისადავეში. თითოეულ მათგანში „დაცლილობა“, ზედმეტისგან გათავისუფლება არის მიზანი სათქმელის მაქსიმალური სიმკვეთრის წარმოსაჩენად.

კადრის აგების დროს კომპოზიციის სტრუქტურის დაცლა, ერთი შეხედვით, რთულ ამოცანას უქმნის ოპერატორს იმისთვის, რომ ვიზუალით თქვას სათქმელი, თუმცა, როდესაც კამერის უკან გიორგი შველიძე დგას, კადრი მხოლოდ ესთეტიკურად მომხიბვლელი კი არაა, არამედ იგი ცოცხალი და თითქოს ხელშესახები ხდება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მაინც ხმოვანი რიგია. იონას მაქსვიტისისაგან ნამდვილად ოსტატური ნამუშევარი გამოვიდა. თითოეული ბგერა თუ წამიერი სიჩუმე მაყურებლის განწყობას მართავს ძალიან ფაქიზად და, ამავდროულად, მკვეთრად. ზაზა ხალვაშისა და იონას მაქსვიტისის დახვეწილმა ტანდემმა ნამდვილად შექმნა არა მხოლოდ ქართული, არამედ თანამედროვე მსოფლიო კინოში „ჩუმი კინოს“ შესანიშნავი ნიმუში. „ნამეს“ პერსონაჟების სახის ჩამოყალიბებაში ხმას უდიდესი როლი აქვს. ისინი აბსოლუტურად შეესაბამებიან გარემოს, ამიტომაცაა, რომ ასეთი ბუნებრივია მათი მცირე დიალოგიანი საუბარი, ზოგჯერ საერთოდაც უსიტყვო კონტაქტი, მიმიკისა და პლასტიკის თითქმის გამოუყენებლობა და ა.შ.

„ნამე“, როგორც მეტაფორებით სავსე ნამუშევარი, გამორჩეულია თავისი სიმბოლური დასასრულითაც, სადაც ვხედავთ სამ მთავარ სიმბოლოს – ჯადოსნური თევზის ტბაში გაშვებას, ლევიტაციასა და კაშხლის კადრებს. ნამესა და თევზს შორის არსებულ ზებუნებრივ კავშირს ფილმში არაერთხელ ესმება ხაზი. როცა ნამე საბოლოოდ ათავისუფლებს თევზს, იგი თითქოს თავს ითავისუფლებს; ლევიტაცია – მითი, რომელსაც ფილმი ეფუძნება, სრულდება იმით, რომ გოგონა ძალას კარგავს, თუმცა კინოსურათში ნიჭი, რომელიც მას აქვს, არ ტოვებს პატრონს. ის სულიერად კვლავ ამაღლებულია; დასასრულს (კაშხლის კადრები) კი, ჰაეროვანი სიჩუმის შემდგომ (ნისლით მოცულ ტბაზე მდგომი გოგონა), ძახილის ნიშანივით ხმამაღლადაა დასმული მშენებლობის უხეში ხმები. „აი, ეს მოდის!“ – აღნიშნავს ნამე. შესაძლოა, ამ ხმაურის შემოღწევის ეშინოდა მას და ამის გამო წარმოთქვამდა ამ სიტყვებს, თუმცა მან გადალახა ეჭვები, გარისკა და საბოლოოდ ამაღლებული ნისლს შეეთვისა.

ზაზა ხალვაშის ფილმის უდიდესი ღირსება ისაა, რომ მთელ ჯგუფს ძალიან რთული საქმე ჰქონდა და მოახერხა, ეს სირთულე მაყურებლისათვის შეუმჩნეველი დაეტოვებინა. მის მიერ შესრულებული სამუშაო ძალიან იოლად გაკეთებულის შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს მხოლოდ პროფესიონალიზმის მაჩვენებელია. ცისნამე განსაკუთრებული და გამორჩეული ადამიანია და ამიტომ ხშირად ამბობს ფრაზას – „მე სხვა ვარ“. იგივე მიზეზების გამო ფილმიც იმავე განცხადებას აკეთებს – „მე სხვა ვარ“.

გვანცა ნოზაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *