კართან მოდგა შემოდგომა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში მძიმე სოციალურპოლიტიკური სიტუაცია ჩამოყალიბდა. ქვეყანაში გაჩნდა დაკარგული ტერიტორიები, ლტოლვილები, ოჯახისა და საზოგადოებისაგან გარიყული მარგინალები, ემიგრანტები, რომლებმაც სასიცოცხლო მინიმუმის მოსაპოვებლად სხვადასხვა ქვეყანას მიაკითხეს. პრობლემათა ამ მრავალფეროვანი სპექტრის ასახვა ქართული კინოში მისთვის ჩვეული ზედაპირულობით დაიწყო. საზოგადოებისთვის მტკივნეულ და აქტუალურ საკითხებზე ავტორები მხოლოდ გარკვეული აქცენტებით, ინფორმაციის ფიქსაციით შემოიფარგლებოდნენ. ისევე, როგორც წინა პერიოდის (1970-1980) ქართულ დოკუმენტალისტიკაში, აქტუალური დარჩა პრობლემისესთეტიზაციისტენდენცია. ამ ტენდენციისგან განსხვავებულ სტილისტიკაში ქმნის თავის საინტერესო ნამუშევრებს ქართველი კინორეჟისორი, ლევან კოღუაშვილი.

მისი შემოქმედებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ მისივე პირველი ფილმებიდან გაჩნდა, რაც, გარკვეულწილად, განპირობებულია ამ ავტორის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი თხრობის რეალისტური, მსუბუქი სტილით, საინტერესო გარემოს, საერთო ატმოსფეროს შექმნის, რუტინულ ყოფაში სოციუმისთვის აქტუალური ნარატივების წინა რიგში წამოწევის უნარით. რეჟისორი არასოდეს არ გამოხატავს აქტიურად საკუთარ პოზიციას, რითაც მაყურებელს უტოვებს არეალს, თვითონ განსაზღვროს, იფიქროს, შეაფასოს, სათანადო დასკვნა, პოზიცია გამოხატოს არსებული პრობლემების მიმართ. ასეთია მის მიერ შექმნილი კინოსურათები: „შემთხვევითი პაემნები“, „ქალები საქართველოდანდაგოგიტას ახალი ცხოვრება”. სამივე ფილმში ლევან კოღუაშვილი მოგვითხრობს გმირებზე, რომლებსაც ცხოვრებამ, საზოგადოებამ პიროვნულ არჩევანი არ დაუტოვა, დროში დაკარგულ ადამიანებზე, რომლებიც ინერციით, შემთხევითობაზე დამოკიდებულები აგრძელებენ ცხოვრებას.

გოგიტას ახალი ცხოვრება” (2016) მხატვრულდოკუმენტური ფილმია. იგი უფრო მეტად ჩამოგავს ეგრეთ წოდებულ ფსევდოდოკუმენტურ ფილმს, როგორსაც უწოდებენ მოკუმენტურს. ეს არის ამბავი ყოფილ პატიმარზე, რომელიც საზოგადოების დადგენილი ნორმების შესაბამისად ცდილობს ცხოვრებას. ციხეში დაკარგული წლები, არასრულფასოვნების კომპლექსი, ცხოვრებიდან ამოვარდნის მწვავე შეგრძნება გოგიტას აიძულებს, გამოსავალი ოჯახის შექმნაში ეძებოს. ესაა ერთადერთი, რაც მას შეუძლია და რამაც, შესაძლოა, შეცვალოს მისი ცხოვრება. ერთადერთი პერსპექტივა, რაც საშუალებას მისცემს მას საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს არსებულ საზოგადოებაში. მაგრამ აქაც არსებობს შეზღუდვები, დამკვიდრებული სტერეოტიპები, რომლის მიხედვითაცპატარძალიზუსტად უნდა შეეფერებოდეს ზოგად მოთხოვნებს არა მხოლოდ თავისი სტატუსითა და შესაძლებლობებით, არამედ ვიზუალითაც. „გოგიტას ახალი ცხოვრებაარის ბანალური სასიყვარულო თავგადასავალი უარყოფასა და აღიარებაზე.

ფილმის პირველ ეპიზოდში, ციხეში აღებული ინტერვიუს შემდეგ, „თავისუფლებაზე გამოსულიგოგიტა სახლში წასვლამდე აქტიურად ეძებს თავის მამაოს, სულიერ მოძღვარს, რომლის მეშვეობითაც მან შეძლო ციხის რუტინული ერთფეროვნება, უსამართლობით გამოწვეული სევდა გადაელახა. იქ, იმ ჩაკეტილ სივრცეში რელიგია მისთვის გახდა ის საყრდენი, რომელმაც მისცა შინაგანი რესურსები და ძალა, რათა ახლიდან დაეწყო ცხოვრება. პირველივე ეპიზოდით ლევან კოღუაშვილი ხაზს უსვამს ქართული საზოგადოების უმრავლესობის ბრმა მიჯაჭვულობას რწმენისა და ეკლესიის მიმართ. ამ შემთხვევაში, ეკლესია წარმოდგენილია, როგორც საზოგადოებაში ადაპტირებისთვის აუცილებელი ელემენტი. თავისუფალი გოგიტასათვის ეს ელემენტი უკვე აღარაა საჭირო. 

ინტერნეტით დაწყებული ურთიერთობები, მარტივი კომუნიკაციის დამოუკიდებელ სივრცეებში თანამედროვე რეალობის, ადამიანების გაუცხოების ახალი პლასტის მაჩვენებელი ხდება, როდესაც ვირტუალური ყოფა თითქმის შეუძლებელს ხდის იმავე განწყობით უშუალო ურთიერთობის აწყობის პერსპექტივას. ის, რაც შესაძლებელია ვირტუალურად, მიუღებელია რეალურად. ოჯახის ზეგავლენით, გოგიტას სატრფო დაწუნებულია ჭარბი წონის გამო. ვირტუალობაში გოგიტასათვის მნიშვნელოვანი ხდება კეთილგანწყობა, ოცნება, უზრუნველყოფილი მომავლის დანახვის პერსპექტივა, ილუზია, რომელიც სატრფოს გარეგნობასთან არავითარ კავშირში არ არის, ამიტომ ის არ ფიქრობს, რას იტყვიან სხვები, ხოლო რეალობაში საზოგადოების, ოჯახის მოთხოვნის, სტერეოტიპების წინაშე ის უძლური და დამოკიდებული ხდება, თუმცა დროებით. რეალური ურთიერთობები ხომ განსხვავებულ ემოციურ სპექტრთანაა კავშირში.

ბათუმში მარტო წასული გოგიტა ურთიერთობის აწყობას, იდეალური ქალის მოძებნას ბულვარზე ცდილობს. საბჭოთა პერიოდის ასოციაციით შექმნილი გარემო, რუსი ტურისტები და გოგიტას დამოკიდებულება მათ მიმართ მიგვანიშნებს როგორც საზოგადოების დაბალი ფენის მენტალურ მდგომარეობაზე, საბჭოთა ყოფიდან ჩვევად ქცეულ ურთიერთობის ფორმებზე, ასევე მის შინაგან პრობლემებზე, კომპლექსებზე, რომლებიც თავისუფალი ურთიერთობების საშუალებას არ აძლევენ მას.

ცხოვრებისშემთხვევითი პაემნებიუკვალოდ არ ქრება და ფილმის გმირებიც, ნებსით თუ უნებლიე, ისევ აგრძელებენ ურთიერთობებს, ვინაიდან მათი კავშირი ვიზუალზე, საზოგადოების სტერეოტიპებზე მეტია. კინოსურათის თხრობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მუსიკალური ლაიტმოტივი, რომელიც დამატებით ემოციურ სპექტრს და განწყობას ქმნის, რომანტიკულნოსტალგიურს. ბოლო სცენაში, როდესაც ქარბუქსა და  სიცივეში მოსეირნე წყვილი ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე მარტო დარჩენილები, ოცნებობენ მომავალზე, ჩნდება სიმსუბუქის, თანაგრძნობის, სევდის შეგრძნება.

ფილმში რეჟისორი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს გამომსახველობითი სტუქტურას. ამბის დასაწყისში, კადრში დომინირებს ნაცრისფერი, ცივი ტონალობა, რაც უფრო მეტად ამძაფრებს გოგიტას მარტოსულობის შეგრძნებას, ხოლო ოჯახის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კადრში იმატებს  თბილი ტონალობა, რითაც ნელნელა ჩნდება გოგიტასახალი“, განსხვავებული ცხოვრების დაწყების იმედიც.  თხრობა აგებულია როგორც დადგმითი ელემენტებით, ასევე დოკუმენტური კადრებითა და  ინტერვიუებით.

ლევან კოღუაშვილის შემოქმედებისათვის ნიშანდობლივი თხრობის სიმსუბუქე ქართული ხასიათის შტრიხებიდან, „პოეზიისა და პროზის თანაარსებობიდანმოდის. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, საქართველოში პრობლემები არ უყვართ, მათზე ფიქრი კი, მითუმეტეს, სალაღობო, გასართობი ხდება. 

ყველაფერი რომანტიკული არეალით არის შემოსილი, ესაა მუდმივი ტენდენცია რეალობიდან გაქცევისა, რაც ერს ერთ წრეზე სიარულს აიძულებს. ლევან კოღუაშვილის მსუბუქი თხრობის სტილიც ფილმის ნახვისას არ იძლევა დაფიქრების საშუალებას, უბრალოდ მიყვები სიუჟეტს, ემოციურად განიცდი მომხდარს, მაგრამ შემდეგ ჩნდება რაღაც უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც მაინც აიძულებს მაყურებელს, დაფიქრდეს პრობლემებზე. იფიქროს იმაზე, რამდენად ადვილია ადამიანების სტიგმატიზება და რამდენად რთული მისგან გათავისუფლება, როგორ ცდილობს საზოგადოება სტერეოტიპული დამოკიდებულებით არ მისცეს საშუალება ინდივიდს იყოს ბედნიერი და იცხოვროს  თავისი ცხოვრებით. 

მაია ლევანიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *