რეჟისორ და ფოტოგრაფ ანკა გუჯაბიძის ფილმი „თემო რე“ (2025) თბილისისა და, ცოტა უფრო ადრე, ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალებზე მაყურებლისა და კრიტიკოსების ყურადღების ობიექტად იქცა. მისი საერთაშორისო წარმატება როტერდამის 2025 წლის კინოფესტივალზე დაიწყო, როდესაც მოკლემეტრაჟიანი კინოს „თაიგერ შორთსისა“ და ნიდერლანდელი კინოკრიტიკოსების პრიზებით დააჯილდოვეს. და ამ „აღნიშვნებსა“ და პრემიებს აქვს მყარი და უტყუარი საფუძველი – არაორდინალური ხედვის, ახალი კინოენისა და კინოსტილის, ლიტერატურული ტექსტის ეკრანზე განსხვავებული ფორმით მოხვედრის, ახალი მხატვრული რეალობის შექმნის ფაქტიდან გამომდინარე. ანკა გუჯაბიძე არაორდინალურად აერთიანებს თავის ორ პროფესიას და კინემატოგრაფიულად გამომსახველობითი ფილმის სივრცეში უპრობლემოდ იჭრება.
სცენარის ავტორები (და ეს ერთობაც არაა უმნიშვნელო, ვინაიდან პრობლემას, თემასა და საკითხს სხვადასხვა ჭრილში ხედავენ), ანკა გუჯაბიძესთან ერთად, არიან კინომცოდნე და ჟურნალისტი, სალომე ასათიანი და მსახიობი, დრამატურგი და მწერალი, თემო რეხვიაშვილი. „თემო რე“ მისივე რომანის, „კურიერის ამბები“ მიხედვითა და მისივე მონაწილეობითაა გადაღებული. ოპერატორიც, მემონტაჟეც, ფოტოგრაფიც და მხატვარიც – ანკა გუჯაბიძეა. მოკლედ, „თემო რე“ პირდაპირი მნიშვნელობითაც საავტორო კინოა.
თემო რეხვიაშვილი მსახიობია. შემდეგ კურიერი და ანიმატორი გახდა. შემდეგ, ამ გამოცდილებაზე, მან დაწერა ავტობიოგრაფიული მინი–რომანი, „კურიერის ამბები“, რისთვისაც ლიტერატურული პრემია, „საბა“ (2022) დაიმსახურა, საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. მერე იგი ემიგრაციაში წავიდა. დაბრუნდა და, თანამოაზრეებთან ერთად, ყველა მნიშვნელობით თავისუფალი და გამორჩეული თეატრი, „ჰარაკი“ დააფუძნა. დრამატურგიც გახდა. დაწერა პიესა „CO2“, რომელმაც 2024 წელს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის პრემიის კონკურსში გაიმარჯვა. პიესა თეატრში ათონელზე ილია ქორქაშვილმა დადგა და წარმატებითაც.
რომანისა და ფილმის მიხედვით, როგორც მონაყოლიდან ვიგებთ, ერთ დღესაც, როდესაც ის კურიერობას შეუდგა, ახალი ცხოვრება დაიწყო (კურიერობა კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ მსახიობის ანაზღაურება დღეში – 12 ან 20 ლარია, ან 30 – დაქვითვით, რადგან მსახიობი „ღირს 20 ლარი“ – როგორი სტენსილიც გამოჩნდა რამდენიმე წლის წინათ თბილისის ქუჩებში, რასაც თემო რეც იხსენებს). კურიერის ცხოვრება კი მოძრაობა, გადაადგილება, შეხვედრები, დღეში დაფარული 100 კილომეტრი და თითქოს რუტინული და ერთფეროვანი, მაგრამ ჭრელი თავგადასავალია – სხვადასხვა პერსონაჟით, „ღერძულ მარშრუტში“ შემავალი მოკლე ეპიზოდებით, ვიღაცის ცხოვრების ფრაგმენტებით, ინციდენტებით, საზოგადოების საერთო ცხოვრების ორომტრიალის ფონზე თუ ეპიცენტრში.
„თემო რე“ – არა ერთ თანადროულ და დღევანდელობის მწვავე პრობლემას მოიცავს – სოციალური ვითარება, სახელმწიფო კორუფცია, ადგილობრივი მოხელეების საქმიანობის მოჩვენებითობა, მოხელეების „საიმიჯო“ აქტივობები, ფარისევლობა, ემიგრაცია, გაჭირვება და რეალობის ჩიხურობა, რასაც მსახიობი–კურიერი მუშაობის, შეკვეთების დარიგების დროს, ადგილზე თუ გზად, ერთ დღეში ეჩეხება.
ფილმი მთლიანად ფოტოებითაა „გადაღებული“. ფოტოებით, რომლებიც ცოცხლდებიან, მოძრავდებიან და სიუჟეტი მიჰყავთ. თუმცა, სიუჟეტიც არაა სიუჟეტი, კლასიკური გაგებით. ესაა ამბავი, რომელიც ნებისმიერ კურიერს და არა მხოლოდ კურიერს, ერთი უსასრულო დღის განმავლობაში შეიძლება თავს გადახდეს.
ეს ერთი დღე კი, ბევრ სხვა მსგავს დღეს, ბევრ სხვა ამბავს, ბევრ სხვა შეხვედრას, ყოფის ბევრ ფაქტს მოიცავს. დასაწყისი აქვს და დასასრული არ უჩანს. პერსონაჟსა და მონათხრობს ძალაუნებურად აიგივებ, აიგივებ წიგნს – ავტორთან, ფილმს – პერსონაჟთან, პერსონაჟს – მსახიობ/კურიერთან და ამბავს, თუ ყველას არა, ადამიანების დიდი ჯგუფების ცხოვრების პანორამასთან. ასეთი ცხოვრების ასეთ მსვლელობასთან. ასეთი რეალობის ამგვარ აღქმასა და გამოხატულებასთან. ამგვარი პირობითი გამომსახველობის ნამდვილობასთან და პირობითობას დოკუმენტთან. ყოველდღიური ცხოვრების დოკუმენტურ დადასტურებასთან. რეალობის მეტაფორულ სახესთან.
ამ ამბებსა და ამ ერთი დღის მოვლენებს, რომლებიც ყველა სხვა დღესა და სხვა მოვლენებს გვანან და ცხოვრების მსვლელობას ასახავენ – მსახიობები – მიხეილ აბრამიშვილი, ნატალია გაბისონია, გაგა შიშინაშვილი, სანდრო კალანდაძე, აკაკი სიორიძე (რომლებიც საერთო პანორამიდან, სხვადასხვა ეპიზოდში გამოიყოფიან) ირონიით, სარკაზმითა და გროტესკის ფორმით აჩვენებენ, ასრულებენ და ტექსტებს, ხაზგასმული მანერულობით, პაროდირებით წარმოთქვამენ. ოღონდ, კადრს მიღმა „გახმოვანებით“.
ზოგჯერ „ტყუვდები“ და სანამ ეპიზოდი არ გაიშლება და არ დასრულდება, ან მსახიობს არ ამოიცნობ, შეიძლება ჩათვალო, რომ ეს სცენები დადგმული კი არა, რეალური მოცემულობებია და მოქმედი პერსონაჟებიც ისევე „შემთხვევით“ მოხვდნენ კადრში – ობიექტივში, როგორც ნამდვილი გამვლელები ქუჩაში – უცბად დაფიქსირებული და მზერის არედან გამქრალი.
მათ მსგავსად, თემო რეხვიაშვილი, ზუსტად და მძაფრად გრძნობს ფილმის ჟანრსა და სპეციფიკას და იმასაც, თუ რა არის ფოტოგამოსახულება, კინოსაგან განსახვავებით და როგორ უნდა იმოქმედო მაშინ, როდესაც მოქმედების, როლის, პერსონაჟის სახისა და განვითარების გზები და ფორმები ჩვეულებრივისაგან მკვეთრად განსხვავებულია. იგი, ერთი მხრივ, საკუთარი გამონაგონის, საკუთარი ტექსტის „ნარატორია“ და, ამავე დროს, როგორც მსახიობი, რეჟისორის ნებასა და ხედვას ემორჩილება.
თხრობა რომანშიც და ფილმშიც „პირველ პირში“ მიმდინარეობს და ის, რაც ტექსტშია, ეკრანზე მძაფრი სიმკვეთრის გამოსახულებად იქცევა. შავ–თეთრ გამოსახულებად, რომლის სივრცეშია – ცხოვრების ფრაგმენტები – ადამიანების, ქალაქის ქუჩების, ნახევრადდანგრეული საცხოვრებელი, თუ საწარმოების, სიცოცხლისაგან თითქოს და ადამიანებისაგან თითქმის დაცლილი და გაუდაბურებული შენობები. დღისით – მზის გულზე თუ მზისქვეშ ძლიერად გადანათებული და ღამით სრულიად ჩაბნელებული, სიცოცხლის ნიშანწყლის გარეშე. ასეთია ეს ქალაქი, მისი უბნები, სადაც კურიერს მოხვედრა და გადაადგილება უწევს.
რაც, ერთი მხრივ, დოკუმენტურობასა და მეორე მხრივ, დოკუმენტალიზმის მხატვრულ განზოგადებას ქმნის. გამონაგონი და „დადგმული“ ეპიზოდები, სხვადასხვა თემით, ხასიათისა თუ ჟანრისაც კი, სინამდვილედ იქცევა, და პირიქით. რეალური პანორამები, ლანდშაფტები თუ კუთხე–კუნჭულები განზოგადებული და დატვირთული მეტაფორების სახეს იძენენ, გადაღების ხარისხიდან, გამომსახველობიდან, შუქ–ჩრდილის კონტრასტებიდან და ფაქტურებიდან გამომდინარე. როგორც წარმოსახვა და პირიქით.
ამ სამყაროს უძრაობას ხმები, ხმაურები ავსებს და „აცოცხლებს“. როდესაც რაღაც მოქმედება იწყება და იწყება მოძრაობა, ისმის ნამდვილი ხმები, რომლებსაც ეს ობიექტები თუ მოვლენები გამოსცემენ, რაც მაყურებლის წარმოსახვას ააქტიურებს და ის ხედავს, როგორ „ნამდვილად“ მოძრაობს კურიერის „მოპედი“, ან მანქანების ხმაურები, თუ ქალაქის ხმები ცხოვრების დინებას „აჩვენებს“. ასეთ „გახმოვანებას“ ადამიანების ხმები ერევა – ხილული თუ უხილავი დამკვეთებისა და შემხვედრების ტექსტები, კომენტარები, რომლებიც კურიერის ცხოვრების ნაწილები, მისი საქმიანობიდან გამომდინარე ხდებიან, სახელოსნოში, სკვერსა თუ მატარებლის ლიანდაგის გადასასვლელზე.
მთხრობელის ხმაც, ამბების აღწერილობა, მისი მეტყველების სტილი, სხვადასხვა მანერაში წარმოთქმული ფრაზები, ზოგჯერ მკაფიოდ წარმოთქმული სიტყვებით, ზოგჯერ მიზანმიმართულად, გაურკვევლად ნათქვამი, დასრულებული თუ წყვეტილი წინადადებები, ზოგჯერ ბუტბუტი; აქა–იქ ლექსები. ლექსები კადრს მიღმიდან – ერთგვარი ჩანართები, რომლებითაც თემო რე თავის ფიქრებს ახმოვანებს თუ შინაგან მონოლოგებს ხმამაღლა წარმოთქვამს.
ეს ყველაფერი და კადრში შეჭრილი მუსიკა და ტიტრები – კომენტარები, ამა თუ იმ ამბავზე – ქმნიან ნამდვილობის ეფექტს ისე, როგორც ცხოვრებაშია. რაც ჩვეულებრივია ცხოვრებისთვის და რაც, ამ შემთხვევაში, „გაყინული“ კადრების ამოძრავების დამაჯერებელ ილუზიას ბადებს. ასეთივე ილუზიაა, სპექტაკლი, კურიერის მონაწილეობით, ის, თუ როგორ ცვლის ერთი, ფოტოზე დაფიქსირებული სცენა მეორეს და როგორ რეაგირებს მასზე გაბრაზებული პარტნიორი, რომელიც არ უშვებს და არ ეთანხმება იმას, რასაც თემო რეს პერსონაჟი, სპექტაკლში, პიესის მიხედვით, გადაწყვეტს.
და როდესაც დღე მთავრდება და ყველაფერი იცვლება თემო რეს სიზმრით, რომელშიც ცოცხლდებიან განვლილი დღის ფრაგმენტები, თვალმოკრული დეტალები, ჩანს, როგორ ააქტიურებს თემო რეს რეალობა მის ფანტაზიას, ქვეცნობიერს, შფოთვებსა და წარმოდგენებს, გრძნობებსა და ფიქრებს, ტალღებივით, უწესრიგოდ და უკონტროლოდ. სიზმარში გადასული ზმანებაც, კურიერის აბსურდული ცხოვრების მეტყველი მეტაფორაა, რომელსაც თავისი ლოგიკა, წესები და განვითარების სისტემა აქვს.
ამ სიზმარში მსახიობი, მხატვარი და ოპერის მომღერალი, მიხეილ აბრამიშვილი (რომელიც კლოუნის პარიკითა და გრიმით, გადაღების წერტილებისა და ხედებისა თუ რაკურსების ცვალებადობით – თემო რეს მორიგი ზმანებაა) კონტრტენორის პარტიას ასრულებს ნოდარ გაბუნიას სიმღერების ციკლიდან, ვაჟა–ფშაველას ლექსზე „სიმღერა“, რომელშიც ასეთი ტექსტია – „სიკეთისათვის სიკეთეს არავის დავუგვიანებ. ავის თქმით, ავის ქცევითა გულს არვის დავუზიანებ. ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ; ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! – მძინარიც იმას ვდუდუნებ“. და მსახიობს, ამგვარი პირობითობითა და გარდასახვით, ახალი ნაკადი შეაქვს თხრობაში, რომელიც რეალობიდან ირეალურში, ან სიზმრის – ზერეალობაში გარდაისახება.
„თემო რე“ მოქცეულია „სუფთა კინოს“ ფორმულაში – მოძრაობა, ვიზუალური კომპოზიცია და რიტმი. მოძრაობა აქ პირობითია. მაგრამ მოძრაობის ფაზების, ხედებისა და რაკურსების თანმიმდევრობა, კადრებისა თუ საერთო კომპოზიცია და მონტაჟი ქმნიან მოძრაობის სრულ და თავისთავად აღქმას, რომელსაც თავისი დასაწყისი, განვითარება და შესაბამისი ტემპო–რიტმი აქვს.
ესაა კინომონტაჟის, კადრის სისუფთავე და კინოენის ძლიერი გამომსახველობა, მხატვრული მოქმედება და უცნაურად გაცოცხლებული მოძრაობა, მხოლოდ კინოს რომ შეუძლია, იმ უხსოვარი დროიდან, ჯერ კიდევ კადრის ამოძრავებამდე. ესაა „სუფთა კინო“, როგორიც ქართულ კინოში, იყო, მაგალითად, ალექსანდრე რეხვიაშვილი; ფრანგულში – ადრეული რენე კლერი ან, როგორიც იყო, კიდევ უფრო ადრე – ბრიტანელი ედვერდ მაიბრიჯის, 1872 წლის ფოტოექსპერიმენტი – „ცხენი მოძრაობაში“ (რომელიც ერთ–ერთ პირველ „კინოექსპერიმენტადაა“ აღიარებული – მისი არსის, ბუნების – მოძრაობის ფაზების გამომხატველ „თვალსაჩინოებად“). სწორედ ამ უკანასკნელთან არაპირდაპირი „კავშირი“, მაგრამ მის ამოცანასა და შედეგთან „შინაგანი“ სიახლოვეა, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს, ქართულ კინოში სიახლის მაუწყებლად აქცევს ანკა გუჯაბიძის ფილმს.
„თემო რე“ გადაღებულია დაფინანსების გარეშე და საზოგადოების შეწირულობით, რომელთა ჩამონათვალი ძალიან გრძელია, ისევე, როგორც იმ ადამიანების სია, რომლებსაც ავტორები „განსაკუთრებულ“ მადლობას უხდიან და ესეც ტიტრების, კადრს შიდა და საინფორმაციოს, გრაფიკული ფორმის, ფონური მუსიკისა და მხატვრულ/ გამომსახველობითი კონცეფციისა და იმ რეალობის გამომხტველია, რის შესახებაც და როდესაც რომანი და ფილმი შეიქმნა.
„იქნებ, ოდესმე ის ცნობილი ისტორიაც გიამბოთ, ლისის ტბაზე მეგობრებთან ერთად სასეირნოდ გამოსული, რამდენიმე საათში როგორ აღმოვჩნდი ჰამბურგში, და როგორ დავიკარგე მის ბნელ ქუჩებში. მაგრამ, სანამ მე და თქვენ ისე გავიცნობთ ერთმანეთს, რომ საქმე აქამდე მივა, მანამდე ალბათ კიდევ რამდენიმე ათას კილომეტრს დავფარავ ჩემი „მოპედით“, რომელიც ჰამბურგიდან დაბრუნების შემდეგ მეგობრის სახელზე განვადებით გამოვიტანე“ – ამბობს თემო რე – თემო რეხვიაშვილი – და თუ ის ან/და ანკა გუჯაბიძე „იმ“, თუ რომელიმე სხვა ისტორიას ოდესმე გვიამბობენ, ალბათ, ის სულ „სხვა“ ისტორია, სულ სხვა ამბავი და იმედია – უფრო ბედნიერი, „უდარდელი“ და ყოველმხრივ, შედეგიანი იქნება.
ლელა ოჩიაური






